¹935აპ ქ. თბილისი
2 აპრილი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ მ. ბ-ის, ა. კ-სა და ა. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ლ. ე-ის, ნ. რ-სა და ი. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის განაჩენით:
1. მ. ბ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჯგუფურად და არაერთგზის ჩაიდინა ყაჩაღობა;
2. ა. კ-ლი,
3. ა. ლ-ძე, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჯგუფურად ჩაიდინეს ყაჩაღობა.
მ. ბ-ის, ა. კ-სა და ა. ლ-ის მიერ ჩადენილი ქმედება კონკრეტულად გამოიხატა შემდეგში:
მ. ბ-ლს თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, გაუქმდა მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადაცემა.
2005 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 19 საათზე, მ. ბ-ლი, ა. კ-ლი და ა. ლ-ძე დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, თერჯოლის რაიონის სოფელ ---ში მდებარე სასაუზმე „---ში” მიიღეს ალკოჰოლური სასმელი და მოილაპარაკეს, რომ განეხორციელებინათ ყაჩაღური თავდასხმა აღნიშნული სასაუზმის წინ მდგარ, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ. გ-ზე, რომელიც ისვენებდა თავისი მართვის ქვეშ მყოფი „ფორდ-ტრაილერზე” მოთავსებულ მიკროავტობუს „ფორდ-ტრანზიტში”. თავიანთი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად სამივე მივიდა მიკროავტობუსში მჯდარ მ. გ-სთან და სცემეს, ასევე _ ჩანგლის გამოყენებით სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენეს მას, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობისა და მუქარის გამოყენებით გაიტაცეს მ. გ-ის კუთვნილი, გერმანული წარმოების, „---ის” ფირმის აუდიომაგნიტოფონი, მიკროავტობუსის გასაღები და ფული, რითიც დაზარალებულს სულ მიაყენეს 433 აშშ დოლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი და მიიმალნენ.
აღნიშნული დანაშაულისათვის მ. ბ-ის მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; ა. კ-სა და ა. ლ-ეს მიესაჯათ 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებულებს სასჯელის ათვლა დაეწყოთ 2005 წლის 14 თებერვლიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა _ ბ. ჩ-ემ, ი. მ-ემ და ნ. რ-ემ, ასევე _ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ. ო-ემ.
აპელანტები _ მსჯავრდებულები და მათი ადვოკატები ითხოვდნენ მ. ბ-ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებიდან ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „დ” ქვეპუნქტებზე, ხოლო ა. კ-სა და ა. ლ-ის ქმედების გადაკვალიფიცირებას სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „დ” ქვეპუნქტებზე და შესაბამისი სასჯელების განსაზღვრას.
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი თ. ო-ძე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მეტისმეტი სიმსუბუქის მოტივით განაჩენის შეცვლას, მ. ბ-სათვის _ 12 წლითა და 6 თვით, ხოლო ა. ლ-სა და ა. კ-სათვის _ 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ივნისის განაჩენით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ამასთან, ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 აპრილის განაჩენი შეიცვალა: მ. ბ-ლს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილობრივი შეკრებით საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; ა. კ-სა და ა. ლ-ეს _ საქართველოს სსკ-ის ამჟამად მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით _ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმსა და აღკვეთის ღონისძიების თაობაზე.
კასატორები _ მსჯავრდებულების ადვოკატები _ ლ. ე-ლი, ნ. რ-ძე და ი. მ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშავენ, რომ თავად დაზარალებულის ჩვენებით, მას არ შექმნია რაიმე საფრთხე, მის მიმართ მუქარა არ განუხორციელებიათ და არც დანა გამოუყენებიათ; მსჯავრდებულებს არ ჩაუდენიათ ყაჩაღობა და მათ მიერ ჩადენილი ქმედება არ სცილდება ძარცვის შემადგენლობას; დაზარალებულის მიმართ გამოყენებული ძალადობა არ იყო საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, რაც დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც, ამიტომ განაჩენში მოყვანილი დასკვნები აშკარად შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან; სწორად არ არის გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი; მსჯავრდებულები დაისაჯნენ არასწორი კვალიფიკაციით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვდნენ მ. ბ-ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „დ” ქვეპუნქტებზე, ხოლო ა. კ-სა და ა. ლ-ის _ ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „დ” ქვეპუნქტებზე და სასჯელის განსაზღვრისას მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულების ქმედება არასწორადაა დაკვალიფიცირებული და რომ მათ ჩაიდინეს ძარცვა, კერძოდ:
წინასწარი გამოძიებისას დაზარალებულმა მ. გ-იმ განმარტა, რომ იმყოფებოდა მიკროავტობუსში. მოულოდნელად გაიღო ავტომანქანის ორივე კარი და თავს დაესხა სამი პირი. ერთ-ერთი სხეულზე ჩანგალს ურტყამდა. ჯიბიდან ამოუღეს საფულე და ასევე გაიტაცეს მიკროავტობუსში დამონატაჟებული მაგნიტოფონი. თავდასხმის შემდეგ შევიდა იქვე მდებარე სასადილოში, რომლის თანამშრომელმა მოწმინდა სისხლი (ტ. 1, ს.ფ. 8-10).
დაზარალებულის ჩვენება გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე (ტ. 2, ს.ფ. 118).
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ,,მ. გ-ის სხეულზე არსებული დაზიანებები ნაჩხვლეტი ჭრილობების სახით დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთიანობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა არ მოჰყოლია" (ტ. 1, ს.ფ. 189).
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე რ. ც-ემ განმარტა, რომ მუშაობდა სასაუზმეში. 2005 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 20 საათზე სასაუზმეში შევიდა თურქი მძღოლი, რომელსაც სახე სისხლიანი ჰქონდა (ტ. 2, ს.ფ. 70).
პალატა განმარტავს, რომ ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაკვალიფიცირებისას მხედველობაშია მისაღები არა მხოლოდ დაზარალებულის სხეულის დაზიანების ხარისხი, არამედ უშუალოდ თავდასხმისას განხორციელებული ქმედების საშიშროება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს. ცალკეულ შემთხვევაში თავდასხმის შედეგად შესაძლოა დაზარალებულს სხეული არც დაუზიანდეს, თუმცა ეს ყაჩაღობას არ გამორიცხავს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულთა ქმედება (ჩანგლით არაერთი ჭრილობის მიყენება), მისი ჩადენისას აშკარა საფრთხეს უქმნიდა დაზარალებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მით უფრო, რომ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მ. გ-ის ჭრილობები აღენიშნებოდა თავზეც, მათ შორის საფეთქელთან, ყვრიმალთან და კეფის არეში.
ამდენად, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული კასატორთა მითითება იმის შესახებ, რომ დაზარალებულის მიმართ გამოყენებული ძალადობა არ იყო საშიში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წინასწარი და სასამართლო გამოძიება ნაწარმოებია სრულად და ობიექტურად, გასაჩივრებული განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საკმარისია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. ამ მასალების სათანადო გაანალიზებისა და შეფასების შედეგად უდავოდ დასტურდება და სააპელაციო პალატამაც სწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ა. კ-მა და ა. ლ-ემ ჯგუფურად ჩაიდინეს ყაჩაღობა, ხოლო მ. ბ-მა ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად და არაერთგზის. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არ დარღვეულა.
რაც შეეხება მსჯავრდებულებისათვის დანიშნულ სასჯელებს, ისინი არ არის მეტისმეტად მკაცრი და, შესაბამისად, აშკარად უსამართლო, ვინაიდან განსაზღვრულია მ. ბ-ის, ა. კ-სა და ა. ლ-ის მახასიათებელი მტკიცებულებების სათანადო განხილვისა და შეფასების შედეგად და სრულად შეესაბამება მათ მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ასევე _ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ მიზნებს.
მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულების _ ა. კ-სა და ა. ლ-ის ქმედება სააპელაციო პალატამ დააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, მ. ბ-ის ქმედება შესაბამისობაში არ მოიყვანა სსკ-ის დღეს მოქმედ რედაქციასთან, რაც უნდა გასწორდეს, კერძოდ, მ. ბ-ის ქმედება 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცრდეს სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია, ამიტომ გარდა მსჯავრდებულ მ. ბ-ის ქმედების კვალიფიკაციისა, სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულების _ მ. ბ-ის, ა. კ-ის და ა. ლ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ნ. რ-ის, ლ. ე-სა და ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 9 ივნისის განაჩენი შეიცვალოს: მ. ბ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელები, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.