¹938აპ ქ. თბილისი
2 აპრილი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რუსუდან ლელაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 აგვისტოს განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 მარტის განაჩენით ლ. ს-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ასევე _ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2005 წლის 28 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, ლ. ს-ძე იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და პირად საქმეზე ფეხით მოძრაობდა ქ. წყალტუბოში, ---ის ქუჩაზე, რა დროსაც ის დააკავეს შსს --- დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო განყოფილების ოპერატიულმა თანამშრომლებმა. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, ლ. ს-ეს მარჯვენა ფეხის წინდაში აღმოაჩნდა ორ ცალად, ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული, თეთრი ფერის ორი აბის ნატეხი, თითოეული 0,1 გრამი, სულ _ 0,2 გრამის ოდენობით, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს სამედიცინო პრეპარატ „---ს” და მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებათა ჯგუფს.
იმავე დღეს ლ. ს-ის სიმამრის _ ა. დ-ის საცხოვრებელ სახლში, სადაც მუდმივად ცხოვრობდა ლ. ს-ძე, ამ უკანასკნელის საძინებელ ოთახში, კარადის ზედა უჯრიდან ამოიღეს მისი კუთვნილი „მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის ერთი მჭიდი 8 საბრძოლო ვაზნით, რომელიც ლ. ს-ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა.
ზემოაღნიშნული დანაშაულისათვის ლ. სანიკიძეს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 28 ივნისიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. ს-ემ და მისმა ადვოკატმა გ. კ-ამ. მათ ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდების ეპიზოდში, ხოლო სსკ-ის 236-ე 1-ლი ნაწილით _ სასჯელის შემსუბუქება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 აგვისტოს განაჩენით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, წყალტუბოს რაიონული სასამართლოს განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმსა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
კასატორები _ მსჯავრდებული ლ. ს-ძე და მისი ადვოკატი რ. ლ-ძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის მოთხოვნები; საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას; განაჩენი ეყრდნობა კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს; სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა დამცველის შუამდგომლობა მოწმე მ. დ-ის დაკითხვის შესახებ; არ აღმოფხვრა წინააღმდეგობა მტკიცებულებებს შორის და არ შეაფასა ისინი; საქმის განხილვისას არ გაითვალისწინა არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებანი; დაუსაბუთებლად უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება; წარმოქმნილი ეჭვი გადაწყვიტა და განმარტა მსჯავრდებულის საწინააღმდეგოდ და დაადგინა დაუსაბუთებელი, უკანონო და არაობიექტური განაჩენი; არ გაიზიარა იმ მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ასახავდნენ სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებით და უხეშ დარღვევებს; არ დაასაბუთა, რატომ გაიზიარა ლ. ს-ის უკანონო დაკავების მონაწილე პირების _ პოლიციელების ჩვენებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას სსკ-ის 260-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში და სსსკ-ის 504-ე მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განაჩენი, სხვა მასალებთან ერთად, ეყრდნობა საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს: ლ. ს-ის ნარკოლოგიური შემოწმების აქტს, სასამართლო-ქიმიური და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნებს, ლ. ს-ის პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებს (ს.ფ. 481-482).
საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების სხდომებზე საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ წაკითხულა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით სასამართლოს სხდომაზე საჯაროდ ქვეყნდება წინასწარი გამოძიების დროს საქმისათვის დართული წერილობითი მტკიცებულებები და საგამოძიებო მოქმედების ოქმები. ამასთანავე, ირკვევა საკითხი ამ მტკიცებულებათა მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის თაობაზე. სსსკ-ის 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
როგორც აღინიშნა, საქმის ის მასალები, რასაც დაეყრდნო სააპელაციო პალატა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას, სასამართლო სხდომაზე არ გამოქვეყნებულა და, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ განხილულა. ამასთან, არ გარკვეულა ამ წერილობითი მტკიცებულებების მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე იმსჯელა პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმების დასაშვებობის შესახებ (ს.ფ. 342), ეს მასალებიც, როგორც აღინიშნა, სასამართლო სხდომაზე არ გამოქვეყნებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დაუსაბუთებელია, იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის უნდა გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს განჩინებაში მითითებული გარემოებები და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
ლ. ს-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით უნდა შეეფარდოს დაპატიმრება.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ-ნ ლ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 აგვისტოს განაჩენი ლ. ს-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
ლ. ს-ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს დაპატიმრება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.