გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-318-456-03 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, ხელფასისა და სხვა დანამატების სხვაობის ანაზღაურება .
აღწერილობითი ნაწილი:
ზ. მ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და ხელფასისა და სხვა დანამატების ანაზღაურება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1998 წლიდან მუშაობდა საბაჟო დეპარტამენტში საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის .... უფროსის, ხოლო 2000 წლიდან უშიშროების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. საბაჟო დეპარტამენტის 2002წ. 10 სექტემბრის ¹244 კს ბრძანებით გათავისუფლდა საბაჟო დეპარტამენტის უშიშროების სამმართველოს .... თანამდებობიდან და დაინიშნა საბაჟო დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მესამე განყოფილების .... შემსრულებლად. საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მისი სამსახურებრივი გადაადგილების თაობაზე წინასწარ არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია. ბრძანების ტექსტი მისთვის ცნობილი გახდა 23 სექტემბერს, რის გამოც ხელმძღვანელობას განუცხადა პროტესტი და წარადგინა სამსახურებრივი ბარათი, რომელშიც დააფიქსირა თავისი პოზიცია.
მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ საბაჟო დეპარტამენტის 2002წ. 10 სექტემბრის ბრძანება არის უკანონო, რადგან შკკ-ს 26-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სხვა სამუშაოზე გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ მოსამსახურის თანხმობით. კანონის აღნიშნული მოთხოვნა უგულებელყო დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ და ისე წარმოაჩინა საქმის ვითარება, თითქოს იგი დაეყრდნო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” პუნქტს, რაც გაუმართლებლად მიაჩნია, რადგან აღნიშნულ მუხლში საუბარია კონკურსის შედეგების საფუძველზე მოხელის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ.
მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ გასაჩივრებული ბრძანების მიღებისას დარღვეული იქნა კანონის მოთხოვნები. კერძოდ, 1. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ წინასწარ არ იყო გაფრთხილებული რეორგანიზაციის პროცესში შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით.
2. მუშაკთა რიცხვის ან შტატების შემცირებისას გააჩნდა დაკავებულ თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლება.
3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ შეთანხმების გარეშე გააუარესა შრომითი პირობები, ჩამოაქვეითა თანამდებობრივად სამმართველოს უფროსის შტატიდან გადაიყვანა განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.
4. გარდა იმისა, რომ დაეკარგა სამსახურებრივი წინსვლის პერსპექტივა, ყოველთვიური ხელფასი შეუმცირდა 200 ლარით და სხვა შემოსავლებით.
ზ. მ-მ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში, რომელშიც მიუთითა, რომ 2002წ. 5 აგვისტოს გამოქვეყნდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹229 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენეტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით”, რის საფუძველზეც საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები გააფრთხილეს შემცირებასთან დაკავშირებით შესაძლო გათავისუფლების შესახებ. მისთვის ცნობილი იყო, რომ იმ სამმართველოს უფროსის მოადგილის ერთი შტატი, სადაც იგი მუშაობდა, არსებული ორის ნაცვლად მცირდებოდა, მაგრამ შემცირება მას არ უნდა შეხებოდა, რადგან სარგებლობდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლებით. დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით ისე იქნა გადაყვანილი სხვა თანამდებობაზე, რომ მას თანხმობა არ ჰქონდა მიცემული.
ასევე აღნიშნავდა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად იგი სამსახურში მიღებული იყო განუსაზღვრელი ვადით და მოვალეობის შემსრულებელად დანიშვნის შემთხვევაში, იგი დროებით ინიშნებოდა თანამდებობაზე.
ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358-ე ბრძანებულების საფუძველზე საბაჟო დეპარტამენტში განხორციელდა სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია, რის თაობაზეც საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები გაფრთხილებული იყვნენ, მათ შორის მოსარჩელეც. საბაჟო დეპარტამენტის უშიშროების სამმართველო, სადაც უფროსის მოადგილედ მუშაობდა ზ. მ-ე, რეორგანიზებულ იქნა სხვა სამმართველოებთან და სამსახურთან ერთად და მიეცა ფუნქციონალურად სხვა დატვირთვა, ჩამოშორდა გარკვეული ფუნქციები, ასევე დაემატა ისეთი ფუნქციები, რაც ადრე მას არ გააჩნდა. რეორგანიზაციამდე ორ სამმართევლოსა და ერთ სამსახურში განსაზღვრული იყო 8 ხელმძღვანელი თანამდებობა (3 უფროსი და 5 უფროსის მოადგილე), რეორგანიზაციის შედეგად მოხდა შტატების რიცხოვნობის შემცირება და დარჩა 1 უფროსის და 1 უფროსის მოადგილის საშტატო ერთეული, სადაც შესაბამისად დანიშნული იქნა ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, ხოლო მოადგილედ მეორე სამმართველოს უფროსი. ყველა თანამდებობის მოხელეები დაინიშნენ მოვალეობის შემსრულებლად კონკურსის ჩატარებამდე. მოსარჩელის მოსაზრება რომ მას თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლება ჰქონდა, უნდა გადაწყვეტილიყო კონკურსის შემდეგ.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ზ. მ-ე აღდგენილ იქნა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი უშიშროების სამმართველოს ბაზაზე შექმნილ განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე აუნაზღაურდა ფაქტიურად მიუღებელი შემოსავალი და დადგინდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. რაიონული სასამართლოს გადაწყვტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ამასთან, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 25 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა საბაჟო დეპარტამენტის კერძო საჩივარი და შეჩერდა რაიონული სასამართლოს დაუყოვნებლივ აღსრულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ივნისის გადაწყვტილებით დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358 ბრძანებულება, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიების შესახებ”, ფინანსთა მინისტრის 2002წ. 29 აგვისტოს ¹269 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის დებულების” მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი და 2002წ. ¹279 ბრძანება ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ”, რომლებიც ზ. მ-ეს არ გაუსაჩივრებია და სააპელაციო პალატა ვერ იმსჯელებდა აღნიშნული ადმინისტრაციულ- ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც წარმოადგენდა გასაჩივრებულ განჩინების საფუძვლებს, ამასთან არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 5 აგვისტოს ¹358 ბრძანებულება ვრცელდებოდა მხოლოდ ახლად შექმნილი საბაჟო ორგანოების მიმართ და იგი არ ითვალისწინებდა საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის რეორგანიზაციას, რადგან მითითებული ბრძანებულებით განსაზღვრული იქნა მთელი საბაჟო სისტემის სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია და დადგენილად მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტში განხორიციელდა საბაჟო სისტემის სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია, გაუქმდა ძველი საშტატო განრიგი და დამტკიცდა ახალი. არსებული ყველა თანამდებობა გახდა ვაკანტური და საკონკურსო წესით დასაკავებელი. კონკურსის ჩატარებამდე მოხელეები თანამდებობაზე დანიშნენ მოვალეობის შემსრულებლებად. საბაჟო დეპარტამენტის უშიშროების სამმართველოსა და განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის ბაზაზე შეიქმნა ახალი, განსაკურებულ დავალებათა სამმართველო, გაუქმდა ის თანამდებობა, რომელიც მ-ეს ეკავა, რამაც განაპირობა მისი გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საბაჟოს ყველა თანამშრომელი, მათ შორის ზ. მ-ეც გაფრთხილებული იყო რეორგანიზაციის თაობაზე. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002წ. 24 დეკემბრის ¹349 კს ბრძანებით ზ. მ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა საბაჟო დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს მესამე განყოფილების უფროსის შემსრულებლად, ხოლო 2002წ. 24 დეკემბრის ¹349-კს ბრძანებით დაინიშნა საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და დაცვის სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. მითითებული ბრძანება ზ. მ-ეს არ გაუსაჩივრებია, მუშაობდა ამ თანამდებობაზე და იღებდა ხელფასს. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული და ახლანდელი თანამდებობრივი განაკვეთი და ხელფასი იდენტური იყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. მ-ემ რომელიც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც გაუქმდება საბაჟო დეპარტამენტის 2002წ. 10 სექტემბრის ¹244 კს ბრძანება და აღდგენილი იქნება განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს (ყოფილი უშიშროების სამმართველო) უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება.
სსკ-ს 404-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358 ბრძანებულება ვრცელდებოდა მხოლოდ ახლად შექმნილ საბაჟო ორგანოებზე და სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ იგი ვრცელდებოდა მთელი საბაჟო სისტემის სტრუქტურულ და საკადრო რეორგანიზაციაზე.
პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და საქართევლოს პრეზიდენტის 2002წ. 2 აგვისტოს ¹358 ბრძანებულების პირველი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე ,,საბაჟო სისტემის სტრუქტურული და საკადრო რეორგანიზაცია განხორციელდეს საქართველოს 2002წ. სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისათვის და დეპარტამენტს დაქვემდებარებული ორგანოებისათვის გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში” დადგენილად მიიჩნევს, რომ იგი ითვალისწინებდა საბაჟო სისატემის სტრუქტურულ და საკადრო რეორგანიზაციას.
ასევე არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება გააჩნდა. დადგენილია, რომ ზ. მ-ე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უშიშროების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე.
საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე ფინანსთა მინისტრის 2002წ. 29 აგვისტოს ¹279 ბრძანებით დამტკიცდა საბაჟო დეპარტამენტის ახალი საშტატო განრიგი და გაუქმდა მანამდე მოქმედი საშტატო განრიგი. ჩატარდა ცენტრალური აპარატის რეორგანიზაცია, საბაჟო დეპარტამენტის დაცვისა და უშიშროების სამმართველო, საბაჟო წესების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეთა წარმოების სამმართველო და განსაკუთრებულ დავალებათა სამსახური რეორგანიზებულ იქნა საბაჟო დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველოდ. ამდენად, აღარ არსებობდა ის სამმართველო და თანამდებობა რომელზედაც ზ. მ-ე მუშაობდა, რის გამოც უსაფუძვლოა მისი მოსაზრება თანამდებობაზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ, ვინაიდან დარჩენის უპირატესი უფლება შეიძლება განხილული ყოფილიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამმართველო სადაც ის რეორგანიზაციამდე მუშაობდა დარჩებოდა იმავე სახით და უფროსის მოადგილის ორი საშტატო ერთეული შემცირდებოდა ერთი საშტატო ერთეულით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ რეორგანიზაციის შედეგად არსებული ყველა თანამდებობა გახდა ვაკანტური და კონკურსის წესით დასაკავებელი.
უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადმინიტსრაციის მიერ მისი თანხმობის გარეშე სხვა თანამდებობაზე გადაყვანა, გადაყვანის შესახებ ბრძანების არაკანონიერად ცნობის საფუძველს წარმოადგენს.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე. ხოლო 97-ე მუხლის თანახმად მოხელე შეიძლება გაანთავისუფლონ სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. ამდენად, რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირებისას მოხელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ თანხმობის არარსებობა წარმოადგენს მოხელის განთავისუფლების საფუძველს და არა აღარ არსებულ თანამდებობაზე აღდგენის საფუძველს.
საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ უშიშროების სამმართველო, რომეშიც უფროსის მოადგილედ მუშაობდა ზ. მ-ე აღარ არსებობს, დღეს არსებული განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველო შეიქმნა ორი სამმართველოს და ერთი სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად და ფუნქციონალურად სულ სხვა დატვირთვა მიეცა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002წ. 24 დეკემბრის ¹349-კს ბრძანებას, რომლითაც ზ. მ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა საბაჟო გადაზიდვებზე ზედამხედველობისა და დაცვის სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ვინაიდან ზემოაღნიშნული ბრძანებით იგი დანიშნული იქნა ტოლფას თანამდებობაზე (სამმართევლოს უფროსის მოადგილედ). შესაბამისად მოისპო ის საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც ზ. მ-ე ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება.
3. საქართევლოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.