Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-32-234-კ-03 11 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით კასატორს – საიჯარო საწარმო საერთაშორისო ტურისტულ ცენტრ ”მ-ის” შრომით კოლექტივს უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹1250 განკარგულებისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 5 ნოემბრის ¹1-3/795 ბრძანების ბათილად ცნობაზე, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2000წ. 10 ნოემბრის განჩინებით. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ არგუმენტს ის გარემოება წარმოადგენდა, რომ საკავშირო ალკკ ცკ საერთაშორისო ახალგაზრდული ტურიზმის ბიურო ”ს-სა” და საერთაშორისო ტურისტულ ცენტრ ”მ-ს” კოლექტივს შორის 1990წ. 3 იანვარს დადებული იჯარის ხელშეკრულებით და 1990წ. 5 ივნისის ¹1 დამატებითი შეთანხმებით არ იყო განსაზღვრული იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის პირობები, წესი და ვადები. ამიტომ სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით იგი საიჯარო ხელშეკრულება კი არა, საინვესტიციო ხელშეკრულება ან ინვესტიციით ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმება იყო. სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ მოტივად ასევე მითითებული იყო ის გარემოებაც, რომ, რადგან ტურისტული ცენტრი ”მ.” რეგისტრირებული იყო ბორჯომის რაიფინგანის განყოფილებაში, ნაცვლად სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომში რეგისტრაციისა, სასამართლოებმა მიიჩნიეს ”მ-ს” შრომით კოლექტივს საიჯარო საწარმოს სამართლებრივი სტატუსი არ შეუძენია სახელმწიფო რეგისტრაციის იმჟამად დადგენილი წესის დაუცველობის გამო.

საქმის არსებითი განხილვისას მოსარჩელე განმარტავდა, რომ გარდა 1990წ. 3 იანვრისა და 5 ივნისის ხელშეკრულება-დამატებისა მხარეთა შორის კიდევ არსებობდა შეთანხმება, რომელშიც განსაზღვრული იყო საიჯარო საწარმოს მიერ საიჯარო ქონების გამოსყიდვის წესი და პირობები, მაგრამ სასამართლოზე ვერ წარმოადგინა. აღნიშნული მტკიცებულება _ ¹2 დამატება ”მ-ს” წარმომადგენლებმა 2002წ. 24 მაისს მოიპოვეს და იმავეწ. 5 ივნისს განცხადებით მიმართეს თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტისQსაფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს და საქმის წარმოების განახლება, რადგან მიაჩნდათ დამატება ¹2 საქმის განხილვის დროს რომ ყოფილიყო სასამართლოში წარდგენილი, მათთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას გამოიწვევდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 2 ივლისის განჩინებით დაუშვებლობის მოტივით, განუხილველად დარჩა ტურისტული ცენტრი ”მ-ს” განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ, რაც გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 30 ოქტომბრის განჩინებით და განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საკითხის არსებითად განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განმცხადებლის მიერ ამჟამად წარმოდგენილი ¹2 დამატებით შეთანხმებაში სწორედ ქონების იჯარა-გამოსყიდვის პირობებია რეგლამენტირებული, ამიტომ შესაძლოა სამართლებრივად იგი წარმოადგენდეს სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუქტით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომლის სამართლებრივი შეფასება და ანალიზი თუ, რამდენად წარმოადგენდა საქმის წარმოების განახლების საფუძველს, ამავე კოდექსის 430-ე მუხლის თანახმად, უნდა მოეხდინა საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 აპრილის განჩინებით საიჯარო საწარმო, საერთაშორისო ტურისტული ცენტრი ”მ-ს” შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2000წ. 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე უარი ეთქვათ შემდეგი მოტივით:

სასამართლოს შეფასებით, განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებად წარმოდგენილ ¹2 დამატებით შეთანხმებაში სწორედ იჯარა-გამოსყიდვის პირობებია რეგლამენტირებული და ფორმალურად იგი, რა თქმა უნდა, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, მაგრამ კოლეგიის აზრით, შეთანხმება ადრე რომც ყოფილიყო წარმოდგენილი საქმის არსებითი განხილვის დროს, მაინც არ გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, რადგან თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 17 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, განმცხადებელთა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთი მოტივი გახდა ის გარემოება, რომ ტურისტული ცენტრი ”მ-ს” შრომითი კოლექტივს საიჯარო საწარმოს სამართლებრივი სტატუსი არ შეუძენია სახელმწიფო რეგისტრაციის იმჟამად დადგენილი წესის დაუცველობის გამო, რაც უცვლელი დარჩა უზენაესი სასამართლოს განჩინებით. აღნიშნული გარემოება, საოლქო სასამართლოს კოლეგიის აზრით, სარჩელზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია, რადგან სადავო ქონების პრივატიზების უფლება მოსარჩელის კანონით დაცული უფლება იქნებოდა მხოლოდ საიჯარო საწარმოს სტატუსით სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში. ამ მოტივით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლომ საქმის თავდაპირველად არსებითი განხილვისას სარჩელი დაუშვებლობის მოტივით არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინება გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ, სსკ-ს 430-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო წესით გასაჩივრდა საიჯარო საწარმო, საერთაშორისო ტურისტული ცენტრი ”მ-ს” შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელთა მიერ, რომლებიც შემდეგი საფუძვლით ითხოვენ აღნიშნული განჩინებისა და თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 17 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას:

კასატორის აზრით, საიჯარო საწარმოს რეგისტრაციასთან დაკავშირებით საოლქო სასამართლომ ისე გაიმეორე აღნიშნულ საკითხზე მის მიერ ადრე გამოთქმული მოსაზრება, რომ შეფასება არ მისცა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადებაზე დართულ მასალებს. კერძოდ, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს 1989წ. 7 აპრილის ბრძანებულებით დაწესდა საიჯარო ურთიერთობები. ბრძანებულების შესაბამისად, სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1989წ. 7 აპრილის ¹294 დადგენილებით დამტკიცდა დებულება ”სსრ კავშირში საიჯარო ურთიერთობათა ეკონომიკური და ორგანიზაციული საფუძვლების შესახებ”, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, საიჯარო საწარმოს წესდება შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მეიჯარესთან და რეგისტრირდებოდა სსრ კავშირის ფინანსთა სამინისტროს ორგანოებში. 1989წ. 2 აგვისტოს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ მიიღო დადგენილება ¹389 ”საქართველოს რესპუბლიკაში საიჯარო ურთიერთობების ეკონომიკური და ორგანიზაციული საფუძვლების შესახებ”, რომლის I მუხლის თანახმად, საქართველოში სავალდებულო სახელმძღვანელოდ და შესასრულებლად მიღებული იქნა სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 1989წ. 7 აპრილის ¹294 დადგენილება და შესაბამისი დებულება. 1989წ. 23 ნოემბერს სსრ კავშირის მიერ მიღებული იქნა კანონი ”სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების საიჯარო კანონმდებლობის საფუძვლების შესახებ”, რომლის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენდა საიჯარო საწარმოს რეგისტრაციას სახალხო დეპუტატთა ადგილობრივი საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში. ”საფუძვლების” ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1990წ. 7 მარტის ¹90 დადგენილებით გაუქმდა ¹389 დადგენილება ”საქართველოს რესპუბლიკაში საარენდო ურთიერთობების ეკონომიკური და ორგანიზაციული საფუძვლების შესახებ”, რომელიც საიჯარო საწარმოს რეგისტრაციას ითვალისწინებდა ფინანსთა სამინისტროს რაიონულ განყოფილებებში, მაგრამ საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1990წ. ¹90 დადგენილება არ გამოქვეყნებულა გაზეთ ”კ-სა” და ”ზ-ში”, არამედ საქართველოს სსრ მთავრობის დადგენილებათა ¹2 კრებულის სახით გამოიცა 1990წ. ივლისის შემდეგ (გამოცემაზე ხელმოწერილია 1990წ. 26 ივლისს). საიჯარო საწარმო ტურისტული ცენტრი ”მ-ს” რეგისტრაცია ბაკურიანის რაიფინგანის განყოფილებაში კი განხორციელდა მანამდე, 1990წ. 3 აპრილს. ამიტომ 1990წ. ივლისი-აგვისტოს თვემდე არც კასატორისათვის და არც ბორჯომის რაისაბჭოს აღმასკომისათვის არ იყო და არც შეიძლება ცნობილი ყოფილიყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1989წ. ¹389 დადგენილების გაუქმების შესახებ, რის გამოც კასატორის აზრით, საიჯარო საწარმო ”მ-ს” რეგისტრაცია ბორჯომის რაიფინგანის განყოფილებაში უნდა ჩაითვალოს კანონშესაბამისად, საწარმოს კი უნდა მიენიჭოს საიჯარო პირის სტატუსი.

მოწინააღმდეგე მხარეთა და მესამე პირის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საოლქო სასამართლოს კოლეგიის განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საიჯარო საწარმო, საერთაშორისო ტურისტული ცენტრი ”მ-ს” შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 აპრილის განჩინება, ამავე კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2000წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება, განახლდეს საქმის წარმოება და საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო წესით გასაჩივრებული თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 16 აპრილის განჩინებით კასატორებს უარი ეთქვათ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2000წ. 17 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებაზე. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა კასატორის – საიჯარო საწარმო საერთაშორისო ტურისტული ცენტრი ”მ-ს” შრომითი კოლექტივის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 12 ოქტომბრის ¹1250 განკარგულებისა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999წ. 5 ნოემბრის ¹1-3/795 ბრძანების ბათილად ცნობაზე. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის უმთავრეს მოტივს ის გარემოება წარმოადგენდა, რომ საკავშირო ალკკ ცკ საერთაშორისო ახალგაზრდული ტურიზმის ბიურო ”ს-სა” და საერთაშორისო ტურისტულ ცენტრ ”მ-ს” კოლექტივს შორის 1990წ. 3 იანვარს დადებული იჯარის ხელშეკრულებითა და 5 ივნისის დამატებითი შეთანხმებით არ იყო განსაზღვრული კოლექტივის მიერ იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის პირობები, წესი, ვადები და სამართლებრივად იგი საინვესტიციო ხელშეკრულებას ან ინვესტიციით ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმებას წარმოადგენდა.

2002წ. 24 მაისს კასატორებმა მოიპოვეს 1991წ. 27 აგვისტოს ტურისტულ ცენტრ ”მ-ს” შრომით კოლექტივსა და საკავშირო ალკკ ცკ საერთაშორისო ახალგაზრდული ტურიზმის ბიურო ”ს-ს” შორის დადებული ¹2 დამატებითი შეთანხმება და სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვეს სასამართლოს 2000წ. 17 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. აღნიშნული ნორმის თანახმად: ”კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას”.

საოლქო სასამართლო კოლეგიის აზრით, ¹2 შეთანხმება ფორმალურად, რათქმა უნდა, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, ვინაიდან შეთანხმებაში სწორედ ქონების იჯარა-გამოსყიდვის წესი და პირობებია რეგლამენტირებული, მაგრამ კოლეგიამ 2003წ. 16 აპრილის განჩინებით კასატორს უარი უთხრა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებაზე, რაც უსწოროა და უნდა გაუქმდეს, რადგან განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, სასამართლოს დასკვნა წინააღმდეგობაშია განჩინების სამოტივაციო ნაწილთან ანუ სასამართლოს მიერ ¹2 დამატებით შეთანხმებაზე მიცემულ სამართლებრივ შეფასებასთან. ვინაიდან კოლეგიას მიაჩნია, რომ დამატებით შეთანხმებაში სწორედ ქონების იჯარა-გამოსყიდვის პირობებია განსაზღვრული და ამდენად, იგი იჯარა-გამოსყიდვის შესახებ შეთანხმებას წარმოადგენს, ხოლო კანონიერ ძალაში შესული 2000წ. 17 ივლისის გადაწყვეტილებით კი საიჯარო საწარმოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ძირითად მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ქონების იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, ამიტომ კოლეგიამ მისცა რა სწორი სამართლებრივი შეფასება ¹2 დამატებით შეთანხმებას, პროცესუალურად ვალდებული იყო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, გაეუქმებინა კანონიერ ძალაში შესული 2000წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება და განეახლებინა საქმის წარმოება;.

2. სასამართლო კოლეგიამ ¹2 დამატებითი შეთანხმება ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნია, მაგრამ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებაზე განცხადება არ დააკმაყოფილა, ვინაიდან ჩათვალა, რომ ეს შეთანხმება ადრე რომც ყოფილიყო სასამართლოში წარდგენილი, მაინც არ გამოიწვევდა კასატორისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას, რადგან ტურისტულ ცენტრ ”მ-ს” შრომით კოლექტივს საიჯარო საწარმოს სამართლებრივი სტატუსი არ შეუძენია სახელმწიფო რეგისტრაციის იმხანად დადგენილი წესის დაუცველობის გამო, რაც გაზიარებული იქნა უზენაესი სასამართლოს განჩინებითაც. მართალია, შრომითი კოლექტივის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ (მაგრამ არა უმთავრეს) არგუმენტს ეს გარემოებაც წარმოადგენდა, მაგრამ აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორის მიერ წარმოდგენილია მთელი რიგი მტკიცებულებები, რაზეც სასამართლო კოლეგიას სამართლებრივი შეფასება საერთოდ არ მიუცია და რომლებიც, საკასაციო პალატის აზრით, წარმოადგენენ ახლად აღმოჩენილ გარემოებას. მაგრამ ამ მტკიცებულებათა სათანადო გამოკვლევა და სამართლებრივი ანალიზი ისევე, როგორც ¹2 დამატებითი შეთანხმებისა, სასამართლო კოლეგიამ უნდა მოახდინოს საქმის ხელახალი განხილვის სტადიაზე.

3. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაში კოლეგიამ აღნიშნა, რადგან სადავო ქონების პრივატიზების უფლება მოსარჩელის _ ”მ-ს” შრომითი კოლექტივის კანონით დაცული უფლება იქნებოდა მხოლოდ საიჯარო საწარმოს სტატუსით სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში, რაც ”მ-ს” კოლექტივს დადგენილი წესით არ განუხორციელებია. ამიტომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელი დაუშვებლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა საქმის თავდაპირველად განხილვისას და ამჯერადაც აღნიშნული გარემოება სარჩელზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტული დავის განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენება უმართებულოა, რადგან აღნიშნული ნორმა ეხება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე სარჩელს, ხოლო განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გარიგება და სამართლებრივად საქართველოს პრეზიდენტის ¹1250 განკარგულება და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ¹1-3/795 ბრძანება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით რეგლამენტირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს კი არ წარმოადგენენ, არამედ ადმინისტრაციული გარიგების – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის ”მ-ს” კომპლექსის უზუფრუქტით გადაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ ორგანოთა ნების წერილობითი გამოხატვა, რაც არაერთგზის იქნა განმარტებული უზენაესი სასამართლოს გააწყვეტილებებში. ამიტომ ადმინისტრაციულ გარიგებასთან დაკავშირებულ დავებზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის გამოყენება არასწორია.

ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს ტურისტული ცენტრი ”მ-ს” საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 აგვისტოს განჩინება, სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ასევე უდა გაუქმდეს ამავე სასამართლოს 2000წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება, უნდა განახლდეს საქმის წარმოება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 423-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საიჯარო საწარმო, ტურისტული ცენტრი ”მ-ს” შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 აპრილის განჩინება;

3. ”მ-ს” განცხადება დაკმაყოფილდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000წ. 17 ივლისის გადაწყვეტილება, განახლდეს საქმის წარმოება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.