გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-329-463-კ-03 6 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: საქართველოს შს მინისტრის ბრძანების არაკანონიერად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
უ. ჯ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს შს სამინისტროს მიმართ და მოითხოვა შს მინისტრის 2002წ. 8 ოქტომბრის ¹508 ბრძანების არაკანონიერად აღიარება და სამუშაოზე აღდგენა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1993 წლიდან მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში. კერძოდ, თბილისის გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების უფროს ინსპექტორად. მუშაობის პერიოდში მიღებული ჰქონდა ჯილდოები და მადლობები. არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ომის მონაწილე. 2002წ. ოქტომბრის თვეში შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსის მიერ ეცნობა წერილობით, რომ მინისტრის 2002წ. 8 ოქტომბრის ბრძანებით დათხოვნილი იყო შს ორგანოებიდან. 2003წ. 22 იანვარს განცხადებით მიმართა სამინისტროს სამსახურში აღდგენის თაობაზე. ასევე წარადგინა შს სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს შუამდომლობა შს ორგანოებში მისი ხელახლა მიღების შესახებ, მაგრამ სამსახურში მიღებაზე უარი ეთქვა. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მას არ ჩაბარებია შს მინიტსრის ბრძანება მისი შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ და არ იცის რა საფუძვლებით არის დათხოვილი. მოსარჩელე ითხოვდა ,,საჯარო სამსახურის” შესახებ კანონის 127-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტის საფუძველზე სასამართლოს უკანონო ცნო შს მინისტრის ბრძანება მისი შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ და აღედგინა სამსახურში.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა უ. ჯ-ის სარჩელი. არაკანონიერად იქნა ცნობილი შს მინისტრის 2002წ. 1 ოქტომბრის ¹508 ბრძანება და უ. ჯ-ე აღდგენილ იქნა სამუშაოზე. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შს საქმეთა სამინისტროს წარომადგენელმა, რომელმაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით შს სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც უ. ჯ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონსტიტუციით, სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ,,პოლიციის შესახებ” სპეციალური კანონით სასამართლოსათვის მიმართვის ვადა დადგენილი არ არის. შესაბამისად, პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართევლოს კანონის 127-ე მუხლი, რომლის თანახმად მოხელეს უფლება აქვს კანომდებლობით დადგენილი წესით, ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალებით დადასტურებული იყო, რომ უ. ჯ-ისათვის ცნობილი იყო გასაჩივრებული ბრძანების შესახებ 2002წ. ოქტომბერში, მიუხედავად ამისა, მან სარჩელი აღძრა 2003წ. მარტში და მიიჩნია, რომ გაშვებული ჰქონდა სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა უ. ჯ-ემ, რომელიც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს.
კასატორი აღნიშნავს, რომ 2002წ. ოქტომბრის თვეში მისთვის ცნობილი გახდა, რომ შს მინისტრის 2002წ. 8 ოქტომბრის ბრძანებით დათხოვნილი იყო შს ორგანოებიდან. ამის შემდეგ წერილით მიმართა შს სამინისტროს, რომ განემარტათ თუ რა საფუძვლით იყო გათავისუფლებული და გადაეცათ მინისტრის ბრძანება. აღნიშნულ წერილზე სამინისტრომ აცნობა რომ უახლოეს პერიოდში აღდგენილი იქნებოდა სამსახურში. მიუხედავად ამისა იგი სამსახურში არ იქნა აღდგენილი.
2003წ. 22 იანვარს კვლავ მიმართა განცხადებით სამინისტროს სამსახურში აღდგენის თაობაზე. რის შემდეგაც 2003წ. 28 თებერვალს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურის უფროსმა აცნობა, რომ ამ ეტაპზე უარი ეთქვა სამსახურში ხელახლა მიღებაზე.
კასატორს მიაჩნია, რომ ვინაიდან შს სამინისტროს არ ჩაუბარებია მისი სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, ამიტომ მას სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა არ გაუშვია და სააპელაციო სასამართლოს მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძველოა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: უ. ჯ-ე მუშაობდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების უფროს ინსპექტორად. 2002წ. 8 სექტემბერს უ. ჯ-ემ ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრა ამავე ქვეგანყოფილების ინსპექტორი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი თენგიზ დუნდუა, რომელიც გადაყვანილი იქნა ქალაქის ¹.... საავადმყოფოში. მომხდარ ფაქტზე მოკვლევა ჩაატარა შს სამინისტროს გენერალურმა ინსპეციამ. დასკვნის თანახმად პოლიციის უფროსი ლეიტენანტი – უ. ჯ-ის მიერ დარღვეული იყო ,,პოლიციის შესახებ” კანონის 30-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტები, შს ორგანოების დისციპლინური წესდების მე-3 თავის მე-19 მუხლის ,,ა” პუნქტის მე-3 და მე-8 პუნქტები და მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიციის ლეიტენანტის უ. ჯ-ის შს ორგანოებიდან დათხოვნა. შინაგან საქმეთა მინისტრთა 2002წ. 8 ოქტომბრის ¹508 ბრძანებით თბილისის გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების ...., პოლიციის .... უ. ჯ-ე დათხოვნილი იქნა შს ორგანოებიდან.
კასატორი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს არ ჩაუბარებია გათავისუფლების შესახებ ბრძანება, მისთვის ცნობილი არ იყო გათავისუფლების საფუძველი და ამიტომ მას გასაჩივრების ერთთვიანი ვადა არ დაურღვევია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სწორი მსჯელობა იქონია სააპელაციო პალატამ და სწორად მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გასვლის შესახებ, რადგან საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ გათავისუფლების შესახებ კასატორს წერილობით ეცნობა 2002წ. 9 ოქტომბერს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარადგინა მხოლოდ 2003წ. მარტში.
საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანების არსებობა კასატორისათვის ცნობილი რომ იყო უდავოდ დადგენილია და არც კასატორი არ უარყოფს. სკ-ს 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად კასატორისათვის რომ ცნობილი იყო შს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ დადგენილია საქმის მასალებით. ასევე დადგენილია, რომ მისთვის ცნობილი იყო გათავისუფლების საფუძველი, რადგან შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2002წ. 5 ოქტომბრის დასკვნით ირკვევა, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოში 2002წ. 8 სექტემბერს მომხდარი შემთხვევის გამო, სამმართველოს სხვა თანამშრომლებთან ერთად ახსნა-განმარტება ჩამოერთვა უ. ჯ-ესაც, ხოლო შემდეგ 28 ოქტომბერს შეხვედრა შედგა შს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობასთან. მიუხედავად ამისა, კასატორს სარჩელით არ მიუმართავს სასამართლოსათვის, შს ორგანოდან მისი დათხოვნის ბრძანების არაკანონიერად ცნობის მოთხოვნით. უ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შს გენერალური ინსპექციის მიერ უარი ეთქვა შს ორგანოებში ხელახლა მიღებაზე.
აღნიშნულიდან საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. უ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოა და არ საჩივრდება.