გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-334-467-კ-03 26 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 8 თებერვალს ნ. ე-ემ თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა და საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1998წ. 16 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და მორალური ზიანის, სულ 20000 აშშ დოლარის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1994წ. 2 თებერვლიდან მუშაობა დაიწყო ქუთაისის საბაჟო სამსახურის კონტრაბანდისა და მოკვლევის განყოფილების ... თანამდებობაზე. 1997წ. 28 თებერვალს დაინიშნა ჯგუფის უფროსად. მის მიერ 1996წ. 19 ივნისს გამოვლენილ იქნა თურქეთის რესპუბლიკიდან ქ. ზესტაფონში საბაჟო სამსახურის გვერდის ავლით ხორბლის ფქვილის შემოტანის ფაქტი. მან მოკვლეული მასალები უშიშროების სამსახურს გადასცა. მოსარჩელის განმარტებით, იგი იმერეთის მხარის რწმუნებულის მხრიდან ზეწოლას განიცდიდა. ზემოაღნიშნული ფაქტის გამოვლენის შემდეგ მის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, ხოლო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1998 წ. 16 იანვრის ¹107 ბრძანებით იგი უკანონოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. იმავდროულად მასალები მის მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადასაწყვეტად იმერეთის მხარის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს განჩინებით საქმის განხილვა სისხლის სამართლის საქმის დამთავრებამდე შეჩერდა. 2000წ.D 27 იანვარს ნ. ე-ემ თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს კვლავ მიმართა სარჩელით. სასამართლოს მიერ გამოთხოვილ იქნა სისხლის სამართლის საქმე და მიღებულ იქნა პასუხი, რომ ნ. ე-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის შემთხვევის არ არსებობის გამო წარმოებით შეწყდა.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 1998წ. 16 იანვრის ¹107-კს ბრძანება ნ. ე-ის გათავისუფლების შესახებ. ნ. ე-ე აღდგენილ იქნა თავდაპირველ თანამდებობაზე. საბაჟო დეპარტამენტს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის 2220 ლარისა და გაწეული სატრანსპორტო ხარჯების 756 ლარის გადახდა დაეკისრა. სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საბაჟო დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც ნ. ე-ის საჩელი არ დაკმაყოფილდებოდა.
აპელანტი მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლი, რომლის თანახმად მოხელეს ერთი თვის ვადაში შეუძლია გაასაჩივროს სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება და არასწორად მიიჩნია, რომ ბრძანების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის ათვლა რაიონულმა სასამართლომ 1998წ. 21 იანვრიდან დაიწყო, ანუ მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ 1998წ. 16 იანვრის ბრძანების თაობაზე შეიტყო. აპელანტის განმარტებით, სარჩელი რაიონული სასამართლოს მიერ ორჯერ, 1999წ. 16 აპრილს და 2000წ. 4 ივლისს, განუხილველად იქნა დატოვებული. მოსარჩელემ პირველ შემთხვევაში ხელახლა შეიტანა სარჩელი 2000წ. 27 იანვარს, ხოლო მეორე შემთხვევაში 2002წ. 29 იანვარს და მას არც ერთ შემთხვევაში არ გაუსაჩივრებია განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება. ამასთან, სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ წყდება.
აპელანტი არასწორად მიიჩნევდა აგრეთვე სასამართლო გადაწყვეტილებას მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურისა და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 7 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა საიმინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ ნ. ე-ემ სასამართლოს სარჩელით სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის დაცვით მიმართა, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილი და დადასტურებული იყო, რომ ნ. ე-ისათვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 1998წ. 16 იანვრის ბრძანება 1998წ. 21 იანვარს გახდა ცნობილი, ხოლო დარღვეული უფლების აღსადგენად მან სასამართლოს სარჩელით 1998წ. 20 თებერვალს ანუ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე 1 დღით ადრე მიმართა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ ნ. ე-ე სამსახურიდან გათავისუფლებულია უკანონოდ და რომ მისი გათავისუფლებისას “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის “ა”, 79-ე მუხლის “ვ” და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტებზე მითითება უსაფუძვლოა, ვინაიდან დადენილია, რომ ნ. ე-ის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო წარმოებით შეწყდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 7 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი შემდეგი სახის ფაქტობრივი გარემოებები:
ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 1998წ. 16 იანვრის ბრძანებით ნ. ე-ე საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს მეშვიდე ოპერატიული ჯგუფის უფროსის თანამდებობიდან სამსახურებრივ მოვალეობათა უხეში ბრალეული შეუსრულებლობისა და სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის გათავისუფლდა. აღნიშნულ ბრძანებას საფუძვლად განსაკუთრებული ინსპექციის დასკვნა დაედო, რომლის თანახმადაც საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე დაისვა ნ. ე-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად იმერეთის სამხარეო პროკურატურას გადაეგზავნა.
საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 1998წ. 16 იანვრის ბრძანება ნ. ე-ისათვის 21 იანვარს გახდა ცნობილი, ხოლო დარღვეული უფლების აღსადგენად მან სასამართლოს 1998წ. 20 თებერვალს, ე.ი. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე მიმართა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მართალია მოსარჩელეს თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1999წ. 16 აპრილისა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 4 ივლისის განჩინებები სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ არ გაუსაჩივრებია, მაგრამ როგორც საქმეში წარმოდგენილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 იანვრისა და 2002წ. 12 სექტემბრის განჩინებებით დასტურდება, გაუქმებულ იქნა თბილისის სამგორის რაიონული სასამართლოს 1999წ. 16 აპრილისა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონული 2002წ. 4 სექტემბრის განჩინებები, რომლითაც ნ. ე-ის სარჩელი ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული, მასვე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვება საპატიოდ ჩაეთვალა.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნ. ე-ის სამსახურიდან გათავისუფლებისას ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა არასწორად იხელმძღვანელა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის “ა”, 79-ე მუხლის “ვ” და 99-ე მუხლის მე-3 პუნქტებით, ვინაიდან მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც აღნიშნულ ბრძანებას დაედო საფუძვლად წარმოებით შეწყდა დანაშაულის შემთხვევის არ არსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლში არ არის რაიმე სპეციალური მითითება ვადის ათვლის დაწყების თაობაზე, ე.ი. ამ ნორმით დაწყებული ვადა დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ბრძანების გამოცემის დღიდან უნდა აითვალოს. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია ზემოთ მითითებული მუხლი არ შეიცავს მითითებას ვადის ათვლის დაწყების თაობაზე, მაგრამ აღნიშნული რეგულირდება შკკ-ს 204-ე მუხლით, კერძოდ ამ მუხლის თანახმად, მუშებსა და მოსამსახურეებს შეუძლიათ მიმართონ დათხოვნის საქმეთა გამო რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის ვადაში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას შკკ-ს 207-ე მუხლის საფუძველზე კასატორისათვის ნესტორ ე-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის 2220 ლარისა და სატრანსპორტო ხარჯების 756 ლარის დაკისრების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და შესაბამისად იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 7 მაისის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.