Facebook Twitter

955აპ ქ. თბილისი

10 აპრილი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ რ. კ-სა და ლ. ხ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე რ. კ-სა და ლ. ხ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის განაჩენით: ლ. ხ-ლი, და რ. კ-ლი, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული რუსული წარმოების თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2005 წლის 8 ოქტომბერს ლ. ხ-მა, გორის რაიონის სოფელ ---ში დაუდგენელი პირისაგან შეიძინა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული რუსული წარმოების თამბაქოს ნაწარმი, კერძოდ, 5000 კოლოფი „---” და 470 კოლოფი „---”, ქართული აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდების გარეშე. მან აღნიშნული სიგარეტები მოათავსა დაქირავებულ, „მერსედეს-ბენც-200-ის” მარკის ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა რ. კ-ლი. ახდენდნენ რა მათ გადაზიდვას თბილისის მიმართულებით, რ. კ-ლი და ლ. ხ-ლი შეაჩერეს შიდა ქართლის სამმართველოს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, კასპის რაიონის სოფელ ---თან და წარადგინეს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ---ის სამმართველოში.

2005 წლის 9 ოქტომბერს ჩატარდა რ. კ-ის ავტომანქანის ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოიღეს რუსული წარმოების თამბაქოს ნაწარმი ქართული აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდების გარეშე, რომლის საბაზრო ღირებულება, 2005 წლის 9 ოქტომბრის ექსპერტიზის ¹-- დასკვნით, შეადგენს 8252 ლარს.

აღნიშნული დანაშაულისათვის ლ. ხ-ლს განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო რ. კ-ლს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ასევე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. დამატებითი სასჯელების სახით ლ. ხ-ლს დაენიშნა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო რ. კ-ლს _ 2 500 ლარის ოდენობით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სახელმწიფო ბრალმდებელმა ფ. ჩ-მა, მსჯავრდებულებმა _ ლ. ხ-მა და რ. კ-მა.

პროკურორმა საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულებისათვის 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებულმა რ. კ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა კასპის რაიონული სასამართლოს განაჩენის შეცვლა მისთვის დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების ნაწილში, კერძოდ, ჯარიმის შემცირება 1000 ლარამდე, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით.

მსჯავრდებულმა ლ. ხ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა დანიშნული სასჯელისა და გამოსაცდელი ვადის შემცირება 3 წლამდე, ხოლო ჯარიმის _ 1000 ლარამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო პროკურორის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასპის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: ლ. ხ-ის მიმართ გაუქმდა პირობითი მსჯავრი და დამატებითი სასჯელი. მას სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა _ 2005 წლის 9 ოქტომბრიდან 2005 წლის 7 დეკემბრამდე და მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის, 10 თვისა და 2 დღის ვადით, ხოლო სასჯელის მოხდის ვადა უნდა აეთვალოს დაპატიმრების მომენტიდან.

ამავე განაჩენით გაუქმდა რ. კ-ის მიმართ კასპის რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული პირობითი მსჯავრი, ასევე _ დამატებითი სასჯელი და სსკ-ის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კასატორი _ მსჯავრდებული რ. კ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და უსაფუძვლოა, რადგან დანიშნული სასჯელი აშკარად არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას და მეტისმეტად მკაცრია, ამიტომ იგი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ საქმე არ შეისწავლა სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას მხედველობიდან არ გამორჩებოდა ის გარემოება, რომ რ. კ-ლი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 2005 წლის 9 ოქტომბრიდან 2005 წლის 7 დეკემბრამდე; ეს ვადა არ გამოკლებია დანიშნული სასჯელის ვადას; მსჯავრდებულმა ყველა ინსტანციაში თავი დამნაშავედ ცნო, გულწრფელად აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო გამოძიებას; ხასიათდება დადებითად; კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი; არის აფხაზეთის ომის მონაწილე, სადაც უამრავი ჭრილობა აქვს მიღებული; დანაშაული ჩაიდინა უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვების გამო, რასაც ძალიან ნანობს და ითხოვს პატიებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული რ. კ-ლი ითხოვს განაჩენში ცვლილებების შეტანას; მისთვის დანიშნული რეალური სასჯელის პირობითად შეცვლას და დამატებითი სასჯელის სახით 200 ლარის დაკისრებას, ასევე იმის გათვალისწინებას, რომ დანაშაულის ჩადენისათვის კანონი არ ზღუდავდა სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებას.

კასატორი _ მსჯავრდებული ლ. ხ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია და უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

მისთვის განსაზღვრული სასჯელი მკაცრია, არ შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი ქმედების ხასიათს; საქმის წარმოების ყველა ეტაპზე თავს ცნობს დამნაშავედ და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, რომელიც ჩაიდინა უმძიმესი ოჯახური მდგომარეობის გამო, კერძოდ, ხანძარმა შთანთქა მისი უძრავ-მოძრავი ქონება; ორი არასრულწლოვანი შვილით დარჩა ღია ცის ქვეშ; ცხოვრობდა ქირით; დაავადებულია ტუბერკულოზის მძიმე ფორმით; ვერ იშოვა სამსახური და სწორედ ამ უკიდურესმა გაჭირვებამ გადაადგმევინა მცდარი ნაბიჯი, რასაც ძალიან ნანობს; სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ასეთი მდგომარეობა და საუარესოდ შეუბრუნა სასჯელი, რითიც დაარღვია სსკ-ის მე-3 მუხლის მოთხოვნა, რადგან დანაშაულის ჩადენის დროს კანონი არ ზღუდავდა პირობითი სასჯელის გამოყენებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ლ. ხ-ლი ითხოვს მისთვის დანიშნული სასჯელის შეცვლას პირობითი მსჯავრით, დამატებით სასჯელად კი 2 000 ლარის დაკისრებას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის თავად მსჯავრდებულების _ ლ. ხ-სა და რ. კ-ის ჩვენებებით, ასევე _ ავტომანქანის ჩხრეკის ოქმითა და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარადაა დადასტურებული, რომ ლ. ხ-მა და რ. კ-მა ჩაიდინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით საქონლის _ თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა.

გარდა ამისა, ლ. ხ-სა და რ. კ-ლს დანიშნული აქვთ ჩადენილი ქმედებისათვის იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული სასჯელის ზომის მინიმუმი, რომლის შემსუბუქების, მათ შორის სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს. ამდენად, ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ ლ. ხ-ლი და რ. კ-ლი დააკავეს 2005 წლის 8 ოქტომბერს (ს.ფ. 8; 12), ამიტომ მათ სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოთ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2005 წლის 8 ოქტომბრიდან იმავე წლის 7 დეკემბრამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენი დასაბუთებული და სამართლიანია, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, გარდა ხსენებული შემთხვევისა, არ დარღვეულა, ხოლო მატერიალური კანონი სწორადაა გამოყენებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ ლ. ხ-სა და რ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს: ლ. ხ-სა და რ. კ-ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოთ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2005 წლის 8 ოქტომბრიდან 2005 წლის 7 დეკემბრამდე.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელები, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.