956აპ ქ. თბილისი
10 აპრილი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის განაჩენით: 1. ლ. კ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „ე” ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ არაერთგზის და ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
2. გ. ბ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,გ" ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით; მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
3. გ. ფ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,გ" ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღობა.
ლ. კ-ის, გ. ბ-სა და გ. ფ-ის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
ლ. კ-ლი 2004 წლის 26 ნოემბერს, დაახლოებით 2 საათზე, ქ. მ-სა და დაუდგენელ პირთან ერთად, თელავის ბაზართან ჩასხდნენ ტაქსში, შავი „გაზ-24” მარკის ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა მ. ს-ლი. მათ მოტყუებით წაიყვანეს მძღოლი თავისივე მანქანით თელავის ---ის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ლ. კ-ლი, უცნობ თანამგზავრთან ერთად, ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დაესხა მძღოლს, რომელსაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და დანით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცეს მობილური ტელეფონი „მოტოროლა”, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ფული, რის შემდეგაც მიიმალნენ.
2004 წლის 29 ნოემბერს ლ. კ-ლი, თავის ნათესავ გ. ბ-თან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში. დაახლოებით 23 საათზე ისინი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფნი, ფეხით მივიდნენ მეტროს სადგურ „---თან”, ტაქსების გაჩერებაზე და ჩასხდნენ ა. ქ-ის კუთვნილ ავტომანქანა „გოლფ-2”-ში. მათ მძღოლი მოტყუებით მიიყვანეს ,,---ის" დასახლებასთან, სკვერთან, სადაც ა. ქ-ლს მოსთხოვეს კახეთში წაყვანა. მიიღეს რა უარი, ლ. კ-მა და გ. ბ-მა ამოიღეს საკეცი დანები, რა დროსაც ა. ქ-ლს ხელის მტევნის არეში დანით მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება. იგი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, ხოლო ლ. კ-მა და გ. ბ-მა განზრახ ჩაამსხვრიეს ავტომანქანის წინა საქარე და წინა, მარცხენა კარის მინები, რითიც ა. ქ-ლს მიაყენეს 180 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი. იმავე საღამოს თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მოშორებით დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა.
2005 წლის 6 თებერვალს, 2 საათზე, ნასვამმა გ. ბ-მა და გ. ფ-მა, შეიარაღებულებმა დანით, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს თელავის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ვ. ს-ის ბინაში და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით ყაჩაღურად თავს დაესხნენ მას. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფმა ვ. ს-მა დანითვე მოიგერია ისინი და მიაყენა სხეულის დაზიანებები, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის, სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, ლ. კ-ლს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით, გ. ბ-სა და გ. ფ-ლს _ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ლ. კ-ლს სასჯელის ათვლა დაეწყო 2004 წლის 30 ნოემბრიდან, გ. ბ-ლს _ 2005 წლის 10 თებერვლიდან, ხოლო გ. ფ-ლს _ 2005 წლის 6 თებერვლიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა _ გ. ბ-მა, ლევან კ-მა და მისმა ადვოკატმა ლ. გ-მა, ასევე _ მსჯავრდებულ გ. ფ-ის ადვოკატმა თ. ვ-მა.
მსჯავრდებულმა გ. ბ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება და გამართლება.
მსჯავრდებულმა ლ. კ-მა და მისმა ადვოკატმა ლ. გ-მა ითხოვეს განაჩენის გაუქმება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში და ამ ნაწილში ლ. კ-ის გამართლება.
ადვოკატმა თ. ვ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გ. ფ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება, გამამართლებელი განაჩენის დადგენა და მისი პატიმრობიდან განთავისუფლება.
თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზ. ჯ-მა შესაგებლით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მსჯავრდებულებმა _ გ. ბ-მა და გ. ფ-მა შეცვალეს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები, ითხოვეს თავიანთი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა და დანიშნული სასჯელების შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ლ. კ-სა და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულების _ გ. ბ-სა და გ. ფ-ის ადვოკატ თ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გ. ბ-სა და გ. ფ-ლს საბოლოოდ მიესაჯათ 6-6 წლით თავისუფლებსი აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ლ. კ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ ჰყავს სამი შვილი, ავადმყოფი მშობლები, რომლებიც საჭიროებენ მკურნალობას, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
საქმეშია მსჯავრდებულების _ გ. ბ-სა და გ. ფ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ა-ის საკასაციო საჩივარი, რომელსაც პალატა ვერ განიხილავს, რადგან დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 518-ე მუხლის მე-4 ნაწილითა და 546-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა _ დამცველს საჩივარი არ შეუტანია გ. ბ-სა და გ. -ის თანხმობით.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
წინასწარი გამოძიებისას აწ გარდაცვლილმა დაზარალებულმა მ. ს-მა განმარტა, რომ 2004 წლის 26 ნოემბერს, დაახლოებით 1-2 საათზე თავის ,,გაზ-24" მარკის ავტომანქანაში, თელავის --- ბაზართან ჩაჯდა სამი პირი. ---ის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მას გააჩერებინეს ავტომანქანა, რა დროსაც უკანა სავარძელზე მჯდომმა პირმა დანა მიადო ყელზე და მოსთხოვეს ფული. ამავდროულად თავდამსხმელები მ. ს-ლს თავში ურტყამდნენ მუშტებს. დაზარალებულმა მათ გადასცა 24 ლარი, მას გახადეს ფეხსაცმელები, შავი ტყავის ქურთუკი და ასევე გაიტაცეს 200 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი. მ. ს-მა მოგვიანებით დაკითხვისას მიუთითა, რომ უყურებდა სატელევიზიო გადაცემა ,,პატრულს", რა დროსაც ამოიცნო მასზე განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე _ ლ. კ-ლი. მანვე განმარტა, რომ ასევე ამოიცნო ყავისფერ ტარიანი დანა, რომელიც დაკავებულ პირებთან ერთად იხილა. დაზარალებულმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მასზე განხროციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა ლ. კ-ლი (ტ. 1, ს.ფ. 11-12; 36).
აწ გარდაცვლილ მ. ს-ის ჩვენებები გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე (ტ. 1, ს.ფ. 572).
ამავე სასამართლოში მ. ს-მა განმარტა, რომ 2004 წლის 26 ნოემბერს მამამისი _ მ. ს-ლი სახლში გვიან დაბრუნდა. მას სისხლის სდიოდა, არ ეცვა ქურთუკი და ფეხსაცმელები. ავტომანქანა დაზიანებული იყო. მამამ უამბო მომხდარის შესახებ და აღწერა თავდამსხმელთა გარეგნობა. მ. ს-მა ასევე მიუთითა, რომ მ. ს-მა ამოიცნო ერთ-ერთი თავდამსხმელი სატელევიზიო გადაცემა ,,პატრულის" ყურებისას (ს.ფ. 448-450).
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ვ. ს-მა განმარტა, რომ 2005 წლის 6 თებერვალს მეუღლესთან _ ჯ. ს-თან ერთად იმყოფებოდა თავის სახლში, თელავის რაიონის სოფელ ---ში. დაახლოებით 2 საათზე სახლში შეიჭრა დანებით შეიარაღებული ორი პირი, რომლებმაც დაუწყეს ცემა და მოსთხოვეს ფული. თავდამსხმელებმა დანით მიაყენეს ჭრილობები და აწამებდნენ. ვ. ს-მა აიღო დანა და ორივე ბოროტმოქმედს დაარტყა, რის შემდეგაც ისინი გაიქცნენ. დაზარალებულმა კატეგორიულად მიუთითა, რომ იცნო გ. ბ-ლი და გ. ფ-ლი, რომელთაგან გ. ბ-ლი მისი ბიძაშვილის შვილია, ხოლო გ. ფ-ლი _ ნათლულის შვილი (ტ.1, ს.ფ. 452-454).
ამავე სასამართლოში მოწმე მ. ბ-მა განმარტა, რომ 2005 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით 3 საათზე გააღვიძა მეუღლემ და უთხრა, რომ ქუჩიდან ისმოდა ყვრილის ხმა. მან გაიხედა და დაინახა გ. ბ-ლი და გ. ფ-ლი, რომლებიც დაჭრილები იყვნენ და უთხრეს _ გვიშველე, მანქანა გვჭირდებაო. მ. ბ-მა მეზობლის ავტომანქანით ისინი გადაიყვანა საავადმყოფოში (ტ. 1, ს.ფ. 457).
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ვ. ს-ლს კისრისა და სახის მარჯვენა, გვერდით ზედაპირზე აღენიშნებოდა ,,წამახვილებული წვერის მქონე საგნით" მიყენებული ხაზოვანი ნაჭდევები, ასევე _ ნაჭდევი ბლაგვი საგნით, თხემ-კეფის მიდამოში (ტ. 1, ს.ფ. 223-225).
წინასწარი გამოძიებისას დაზარალებულმა ა. ქ-მა განმარტა, რომ 2004 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათზე ,,გოლფ-2" მარკის ავტომანქანით იდგა ქ. თბილისში, მეტროს სადგურ ,,---თან". მასთან მივიდა ორი, ახალგაზრდა ნასვამი მამაკაცი და სთხოვეს ,,---ის" დასახლებაში მიყვანა. იქ მისვლისას მგზავრები არ გადავიდნენ ავტომანქანიდან და ამჯერად კახეთში წაყვანა მოსთხოვეს, რაზეც უარი უთხრა. ამ დროს ორივემ ამოიღეს დანები და ა. ქ-ლი მათ შეეჭიდა. ამ უკანასკნელმა ხელზე ტკივილი იგრძნო, გააღო მანქანის კარი და გაიქცა. დაზარალებულს შეხვდნენ სამხედრო ფორმიანი პირები, რომლებსაც უამბო მომხდარის შესახებ. ა. ქ-ლი სიძესთან ერთად დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, სადაც იდგა მისი ავტომანქანა. მას ჩამტვრეული ჰქონდა სულ 180 ლარად ღირებული წინა საქარე და კარის მინები. ამ ქმედებით მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ამ დროს იქვე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც დაეკავებინათ ბოროტმოქმედები (ტ. 1, ს.ფ. ს.ფ. 120-122).
აღნიშნული ჩვენება, ა. ქ-ის შუამდგომლობით გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე (ტ. 1, ს.ფ.491; 566).
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებისას მოპოვებული, ზემოხსენებული და საქმეში არსებული სხვა მასალებით, მათ შორის _ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, მოწმე ც. ს-სა და სხვათა ჩვენებებით უტყუარადაა დადასტურებული, რომ გ. ბ-მა ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ყაჩაღობა, ასევე _ სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; გ. ფ-მა ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა, ბინაში უკანონო შეღწევით, ხოლო ლ. კ-მა, იყო რა ორჯერ ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ჯგუფურად ჩაიდინა ყაჩაღობა და სხვისი ნივთის განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლ. კ-ლი 1997 წლის 21 მარტს გაასამართლა თელავის რეგიონალურმა სამხედრო სასამართლომ და საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 262-ე მუხლის ,,ა" პუნქტით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის მიუსაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2002 წლის 30 დეკემბერს ლ. კ-ლი გაასამართლა ყვარლის რაიონულმა სასამართლომ და სისხლის სამართლის კოდექსის იმ დროს მოქმედი რედაქციის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ", ,,გ" და მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულის შემდეგ ლ. კ-მა ჩაიდინა სსკ-ის 179-ე და 187-ე მუხლების გათვალისწინებული დანაშაულები და რამდენადაც მისი ქმედება დაკვალიფიცირებულია სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტითაც, გასაჩივრებული განაჩენიდან ლ. კ-ის მიმართ უნდა ამოირიცხოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრი.
გარდა ამისა, გ. ბ-ლი საქმის წინასწარი გამოძიებისას დააკავეს 2004 წლის 30 თებერვალს (ტ.1,ს.ფ. 100). ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 დეკემბრის ბრძანებით, არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების გამოყენების შესახებ და გ. ბ-ლს შეეფარდა პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გადაცემა (ტ. 1, ს.ფ. 161). ამდენად, გ. ბ-ლს სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2004 წლის 30 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელებს, პალატა აღნიშნავს, რომ ისინი განსაზღვრულია მსჯავრდებულთა მახასიათებელი მტკიცებულებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, შეესაბამებიან ლ. კ-ის, გ. ფ-სა და გ. ბ-ის პიროვნებებსა და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, ასევე _ სისხლის სამართლის კანონით დადგენილ მიზნებს, ამიტომ გასაჩივრებული განაჩენი, როგორც სამართლიანი, დანიშნული სასჯელების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, მსჯავრდებულთა ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 6-დან 15 წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 9 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ ლ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის განაჩენი შეიცვალოს: ლ. კ-ის, გ. ბ-სა და გ. ფ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
გასაჩივრებული განაჩენიდან ლ. კ-ის მიმართ ამოირიცხოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული მსჯავრი.
გ. ბ-ლს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს წინასწარი გამოძიებისას პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2004 წლის 30 ნოემბრიდან 2004 წლის 2 დეკემბრამდე _ 3 (სამი) დღე.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.