Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-354-460-კ-03 26 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: პირველი საჯარო აუქციონის ხელმეორედ ჩატარება, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 25 თებერვალს თ. ბ-ამ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის დ. ზ-ის მიმართ სარჩელი აღძრა და მის ბინაზე 2003წ. 17 თებერვალს ჩატარებული აუქციონის ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2003წ. 17 თებერვალს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, კრედიტორის დ. მ-ის სასარგებლოდ, მისი კუთვნილი ბინის რეალიზაციის მიზნით აუქციონი დაინიშნა და ჩატარდა.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ზემოაღნიშნული ¹11 ბინა ქ. თბილისში, ..., ოთხსართულიანი სახლის მე-4 სართულზე მდებარეობდა, ხოლო შპს “. ა.” ექსპერტ-აუდიტორმა სულ სხვა ბინა შეაფასა, რომელიც ... ქუჩა ¹8-ში, ხუთსართულიანი სახლის მე-5 სართულზე მდებარეობდა. ასეთივე ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ “ს. და ს.” და აუქციონზე საჯარო ვაჭრობის წესით გავიდა არა თ. ბ-ას ბინა, არამედ ხუთსართულიანი სახლის მე-5 სართულზე მდებარე ბინა.

მოსარჩელის მოსაზრებით, პირველი აუქციონი კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით ჩატარდა. კერძოდ, დარღვეულ იქნა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 71-ე მუხლი და საჯარო ვაჭრობა შედგა არა თენგიზ ბოკუჩავას ბინის რეალიზაციისათვის, არამედ სხვა ბინისათვის.

მოსარჩელე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თვლიდა, რომ დარღვეულ იქნა სკ-ს 300-308-ე მუხლების მოთხოვნები, აგრეთვე, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 70-77-ე მუხლები.

2003წ. 7 მარტს თ. ბ-ამ რაიონულ სასამართლოში დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა და მის კუთვნილ ბინაზე პირველი აუქციონის ხელახალი ჩატარება მოითხოვა.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომAმასთან ხუთსართულიანი მრავალბინიანი სახლები “ხრუშოვკის” სტილის იყო, ხოლო მისი ბინა ოთხსართულიანი მრავალბინიანი სახლის მე-4 სართულზე მდებარე მაღალჭერიანი, დიდი ფართის ინდივიდუალური პროექტის იყო. მოსარჩელის მოსაზრებით, პირველ აუქციონზე მყიდველი სწორედ ზემოაღნიშნულის გამო არ გამოცხადდა.

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მარტის განჩინებით თ. ბოკუჩავას განცხადება, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე სასამართლო აღმასრულებლისათვის სააღსრულებო წარმოების აკრძალვის შესახებ, დაკმაყოფილდა.

მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და განმარტა, რომ პირველი აუქციონის გამოცხადებისას გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადებაში მექანიკური შეცდომა იყო დაშვებული, რის გამოც, პირველი აუქციონის ხელახლა ჩატარების ვალდებულებას კისრულობდა.

2003წ. 17 მარტს თ. ბ-ამ რაიონულ სასამართლოში დავის საგანი გაზარდა და სააღსრულებო წარმოების მთლიანად შეწყვეტა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ კრედიტორსა და მოვალეს შორის მორიგება მოხდა და დ. მ-ემ სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ბიუროდან გაიტანა.

მოპასუხემ მიუთითა, რომ სარჩელს მხოლოდ ხელახალი აუქციონის დანიშვნის ნაწილში ცნობდა, ხოლო აღსრულების შეწყვეტის ნაწილში არ ეთანხმებოდა, რადგან მორიგების შემთხვევაში აქტი უნდა შეედგინა და სასამართლოს მიერ დაემტკიცებინა, რასაც მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით თ. ბ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს პირველი საჯარო აუქციონის ხელახალი ჩატარება დაევალა. თ. ბ-ას აღსრულების შეწყვეტის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა.

რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მარტის სარჩელის უზრუნველყოფის განჩინებაზე დაინტერესებულმა პირმა დ. მ-ემ კერძო საჩივარი შეიტანა და მიუთითა, რომ აუქციონის ჩატარების აკრძალვას მისთვის შეიძლება მატერიალური ზიანი მიეყენებინა, ვინაიდან იგი საქმეში დაინტერესებული პირი იყო და დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნის უფლება ჰქონდა. აქედან გამომდინარე, მან რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მარტის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინების გაუქმება და კანონიერ ძალაში შესული თავდაპირველი გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.

თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 მარტის განჩინებით დ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამავე სასამართლოს 2003წ. 7 მარტის განჩინება, რომლითაც სააღსრულებო ბიუროს განმეორებითი აუქციონის ჩატარება აეკრძალა.

აღნიშნულ განჩინებაზე თ. ბ-ამ კერძო საჩივარი შეიტანა, მისი გაუქმება და 2003წ. 7 მარტის განჩინების ძალაში დატოვება მოითხოვა.

რაიონული სასამართლოს 2003წ. 16 აპრილის განჩინებით თ. ბ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს გადაეგზავნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 28 მაისის განჩინებით თ. ბ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 მარტის განჩინება და ამავე სასამართლოს 2003წ. 7 მარტის განჩინების მოქმედება აღდგა.

თ. ბ-ამ საოლქო სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა და თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მარტის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც მას სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის სასარჩელო მოთხოვნაზე უარი ეთქვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 8 ივლისის საოქმო განჩინებით დ. მ-ე საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 8 ივლისის განჩინებით თ. ბ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მარტის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით რაიონულ სასამართლოს 2003წ. 7 მარტის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება არ გაუუქმებია.

სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააღსრულებო ბიურომ სააღსრულებო მოქმედება კრედიტორის დ. მ-ის 2003წ. 10 იანვრის წერილობითი განცხადებისა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 8 ნოემბრის ¹2/1728-00 სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე დაიწყო.

სასამართლოს მოსაზრებით “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად აღსრულების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა, რადგან მხარეები კანონით დადგენილი წესით არ მორიგებულან და სასამართლოს მიერ მათი მორიგება არ დამტკიცებულა.

აღნიშნული განჩინება თ. ბ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. მან გასაჩივრებული განჩინებისა და თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მას კრედიტორ დ. მ-ის სასარგებლოდ 9000 აშშ დოლარის და 220 ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება 2001წ. 27 სექტემბერს შევიდა ძალაში.

2002წ. 10 ივნისს კი დ. მ-ემ განცხადებით მიმართა სააღსრულებო ბიუროს, აღსრულების შეჩერება მოითხოვა და გაიტანა სააღსრულებო ფურცელი.

2003წ. 14 ნოემბერს დ. მ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და თ. ბ-ას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების ძალაში დატოვება, ასევე თბილისის კრწანისი _ მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მარტის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქება და თბილისის ვაკე – საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 8 ნოემბრის ¹2/1728-00 სააღსრულებო ფურცლის ამოქმედება მოითხოვა. მისი განმარტებით, მან 2002წ. 10 ივნისის განცხადებით “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების შეჩერება მოითხოვა, ვინაიდან მოვალე თ. ბ-ა ვალის დაბრუნებას შეპირდა. ამავე კანონის 26-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ბიურომ, მისი 2003წ. 10 იანვრის განცხადების საფუძველზე, 2000წ. 8 ნოემბრის სააღსრულებო ფურცლის წარმოება ისევ განაახლა, რადგან ზემოაღნიშნული კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული აღსრულების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა, ამასთან, თ. ბ-ას მისთვის ვალი არ დაუბრუნებია.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის სამეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ თ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 8 ივლისის განჩინება. ამასთან უნდა დაკმაყოფილდეს დ. მ-ის შუამდგომლობა, უნდა გაუქმდეს თ. ბ-ას სარჩელის უზრუნველსაყოფად თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მარტის განჩინება და უნდა აღდგეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 8 ნოემბრის ¹2/1728-00 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლი და სწორად მიუთითა, რომ კასატორის მიერ წამოყენებული საფუძვლით Aაღნიშნული კანონი სააღსრულებო წარმოების შეწყვეტას არ ითვალისწინებდა. მითუმეტეს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილი იყო, რომ კრედიტორს ვალის მიღებაზე უარი არ უთქვამს, ასევე მოვალეს კრედიტორისათვის ვალი არ გადაუხდია, კრედიტორი და მოვალე კანონით დადგენილი წესით არ მორიგებულან და ეს მორიგება სასამართლოს განჩინებით არ დამტკიცებულა.

სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააღსრულებო წარმოება მხოლოდ იმიტომ უნდა შეწყდეს, რომ კრედიტორმა სააღსრულებო ფურცლის მოქმედების დროებით შეჩერება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცლის შეჩერება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად მოხდა, რადგან მოვალე თ. ბ-ა კრედიტორ დ. მ-ეს ვალის დაბრუნებას შეპირდა, ამავე კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მოვალემ დანაპირები არ შეასრულა, კრედიტორის განცხადების საფუძველზე განახლდა სააღსრულებო ფურცლის მოქმედება, რადგან ზემოაღნიშნული კანონის 34-ე მუხლით გათვალისწინებული აღსრულების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მარტის გადაწყვეტლებით მართალია სააღსრულებო ბიუროს თ. ბ-ას კუთვნილი ბინის რეალიზაციის მიზნით პირველი საჯარო აუქციონის ხელახალი ჩატარება დაევალა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებაში არაფერი იყო ნათქვამი ამავე სასამართლოს 2003წ. 7 მარტის აღსრულების შეჩერების შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე.

ზემოაღნიშნული არც სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა და ამდენად, კვლავ ძალაში დარჩა რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მარტის განჩინება აღსრულების შეჩერების შესახებ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დ. მ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მარტის განჩინება და უნდა აღდგეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 8 ნოემბრის ¹2/1728-00 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. ბ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 8 ივლისის განჩინება.

3. დ. მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

4. გაუქმდეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 მარტის განჩინება და აღდგეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 8 ნოემბრის ¹2/1728-00 სააღსრულებო ფურცლის მოქმედება.

5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.