გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-368-498-კ-03 3 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 27 ნოემბერს ლ. ღ-მა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სოფ. ... საბავშვო ბაღის გამგის მიმართ სარჩელი აღძრა და სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 1976 წელს ... საბავშვო ბაღში აღმზრდელად დაიწყო მუშაობა. 1999 წელს ჯგუფების შემცირების შედეგად ორის ნაცვლად ერთი ჯგუფი დარჩა, რის შემდეგაც ბაღის გამგე, ც. მ-ე დაპირდა, რომ მეორე აღმზრდელს ნ. ჩ-ეს შტატების შემცირების გამო გაათავისუფლებდა სამუშაოდან, მას კი სამსახურში იმ პირობით დატოვებდა, რომ ორივე მათგანი დღეგამოშვებით იმუშავებდნენ და ხელფასს შუაზე გაიყოფდნენ. ამ პირობაზე მოსარჩელემ თანხმობა განაცხადა, რის შედეგადაც მათ მუშაობა განაგრძეს და ხელფასსაც შუაზე იყოფდნენ. მაგრამ, აღნიშნულ პერიოდში სოფ. ... გამგეობა ხელფასებს ვერ გასცემდა და ორი წლის ხელფასი ერთდროულად 2001წ. აგვისტოში მიიღეს.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ხელფასების დარიგებისას გაარკვია, რომ უწყისი გამოწერილი იყო არა ლ. ღ-ის, არამედ ნ. ჩ-ის სახელზე, თუმცა მიუხედავად ამისა, ბაღის გამგემ ხელფასი ორივე აღმზრდელს შუაზე გაუყო და ისინი ამის შემდეგაც ერთად განაგრძნობდნენ მუშაობას 2002წ. ოქტომბრამდე. 2002წ. ოქტომბერში კი მას იმ მოტივით, რომ უწყისში არ იყო შეყვანილი ხელფასი აღარ მისცეს.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მან ბაღის გამგისგან შეიტყო, რომ მას ჯერ კიდევ 2000წ. სექტემბერში ბრძანება დაუწერია შტატების შემცირების გამო ლ. ღ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, რომლის თაობაზეც მოსარჩელემ არაფერი იცოდა, ხოლო 2002წ. 1 ნოემბრიდან იგი სამუშაოზე საერთოდ აღარ დაუშვეს.
მოასარჩელე მიუთითებდა, რომ მიუხედავად თელავის რაიონის განათლების განყოფილების გამგის და განათლების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის წერილობითი მოთხოვნისა, ც. მ-ემ უარი განაცხადა მის სამუშაოზე აღდგენაზე, რის შედეგადაც ლ. ღ-მა მას გათავისუფლების შესახებ ბრძანების ამონაწერი მოსთხოვა და 2002წ. 18 ნოემბერს მიიღო.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მისი სამუშაოდან დათხოვნა კანონმდებლობის უხეში დარღვევით მოხდა, რაზეც განათლების განყოფილების წერილშიც იყო მითითებული. ამასთან, იგი პროფორგანიზატორად იყო არჩეული და მის გათავისუფლებაზე პროფკავშირის რაიონული საბჭოს თანხმობა იყო აუცილებელი.
მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებით, დარღვეული იყო შკკ-ს 41-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნა, ვინაიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში გათავისუფლების საფუძველი _ შკკ-ს შესაბამისი მუხლი და პუნქტი, მითითებული არ ყოფილა. ზემოაღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ლ. ღ-ს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ამონაწერი, შრომის წიგნაკი და საბოლოო ანგარიში უნდა გადასცემოდა, მაგრამ რეალურად, მას ბრძანების ამონაწერი მხოლოდ 2002წ. 18 ნოემბერს ჩააბარეს, ხოლო შრომის წიგნაკი კი დღემდე არ მიუღია.
მოსარჩელის წარმომადგენელმა ჩათვალა, რომ შკკ-ს 36-ე მუხლში მითითებული გარემოებები ლ. ღ-ის გათავისუფლებისას გათვალისწინებული არ ყოფილა.
თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ღ-ის სარჩელი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლისა და უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. ღ-ის წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტლების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტი მიიჩნევდა, რომ რაიონული სასამართლოს მითითება “საჯარო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლზე არასწორი იყო, ვინაიდან ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში იმ სახელმწიფო დაწესებულებების ამომწურავი ჩამონათვალი იყო მოცემული, რომელთა საქმიანობაც საჯარო სამსახურად ითვლება და ამ ჩამონათვალში საბავშვო ბაღი ნახსენები არ იყო. ამასთან, საბავშვო ბაღის აღმზრდელი რომ საჯარო მოსამსახურე იყოს, მასზე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის გარდა სხვა მუხლებიც უნდა ვრცელდებოდეს, კერძოდ, მე-9, მე-15, მე-18, 25-ე, 28-ე, 37-ე, 42-ე, 48-ე, 49-ე, მე-60 და ა.შ., რაც ასე არ არის.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 21 მაისის განჩინებით ლ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თელავის რაიონული სასამართლოს 2003წ. 5 თებერვლის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძვნა:
სასამართლომ საქმის მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ. ღ-მა თავისი უფლების დარღვევის შესახებ იმთავითვე შეიტყო, მაგრამ გათავისუფლების შესახებ ბრძანება მხოლოდ 2002წ. 27 ნოემბერს გაასაჩივრა, როცა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილი შრომითი დავებისათვის სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიან ვადას ითვალისწინებდა.
აღნიშნული განჩინება ლ. ღ-ის წარმომადგენელმა საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საოლქო სასამართლოსათვის საქმის ხელმეორედ განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, ლ. ღ-ი ჩვეულებრივი მოსამსახურეა და არა სახელმწიფო მოხელე, შესაბამისად, მისი სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი შკკ-ს შესაბამისად უნდა გადაწყდეს და არა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის საფუძველზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ლ. ღ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 21 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემული დავის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია. კერძოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, ნაცვლად შკკ-სა, რადგან მასწავლებელი არ არის საჯარო მოსამსახურე. იგი არ აკმაყოფილებს ამ კანონის პირველ, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მუხლის მოთხოვნებს და შეყვანლი არ არის საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ “საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში”.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამრთლოს მოცემული დავის გადასაწყვეტად შკკ უნდა გამოყენებინა. ამ კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილი კი იმპერატიულად მოითხოვს ხანდაზმულობის ვადის ათვლას ბრძანების ჩაბარებიდან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, ჩაბარდა თუ არა კასატორს სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება კანონით დადგენილი წესით. ასევე, სსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად უნდა იმსჯელოს საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარის თანახმად, “შრომითი დავები თავისი იურიდიული ბუნებით კერძო სამართლებრივი ხასიათისაა. ამიტომ ისინი არ შეიძლება მივაკუთვნოთ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებს და განხილულ უნდა იქნეს არა ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.” საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს (საჯარო სამართლის იურიდიული პირის) მიერ მუშაკის სამუშაოზე მიღება და სამუშაოდან გათავისუფლება ადმინისტრაციულ გარიგებას წარმოადგენს, რის გამოც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა იქნეს განხილული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე პალატას უნდა დაუბრუნდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ღ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 21 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.