გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-378-506-კ-03 27 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 18 სექტემბერს მ. გ-ემ სარჩელი აღძრა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1992 წლიდან მუშაობდა ნაძალადევის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში დეკლარირებისა და დოკუმენტების კომპიუტერული დამუშავების განყოფილების საგადასახადო ... თანამდებობაზე. იგი 1998წ. 28 ოქტომბრიდან იმყოფებოდა დეკრეტულ შევებულებაში, 1999წ. 5 აპრილიდან მეორე შვილის შეძენის გამო კვლავ მიეცა დეკრეტული შვებულება, ხოლო 2000წ. 26 ივნისიდან გავიდა 3-წლიან დეკრეტულ შვებულებაში მესამე შვილის შეძენის გამო.
საქართველოსა და ამერიკის მთავრობებს შორის დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების, ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 30 ივნისის ¹281 ბრძანებულების შესაბამისად, რაიონული საგადასახადო ინსპექციების გაუქმებით შეიქმნა საოლქო საგადასახადო ინსპექციები. შესაბამისად განხორციელდა საგადასახადო ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება, ხოლო ახლად შექმნილ საოლქო საგადასახადო ინსპექციებში მათი თანამდებობაზე დანიშვნა მოხდა კონკურსის შედეგების გათვალისწინებით. გლდანის რაიონის საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 2000წ. 18 აგვისტოს ¹584 ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის თანახმად, მ. გ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი სამუშაოდან გათავისუფლება მოხდა კანონის დარღვევით, რადგან იგი იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში, ამასთან არის მარტოხელა დედა, მის კმაყოფაზე იმყოფება სამი შვილი და ავადმყოფი დედამთილი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2001წ. 2 ივნისს გაიარა საკვალიფიკაციო ტესტირება, დააგროვა გამსვლელი 37 ქულა, თუმცა შტატში ჩასმის ნაცვლად, იგი ჩაირიცხა რეზერვში.
მ. გ-ის სარჩელი არ ცნო საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და განმარტა, რომ მოხელეთა და მათ შორის მ. გ-ის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაწესებულების ლიკვიდაციის გამო. რაიონული საგადასახადო ინსპექციების ლიკვიდაციის შემდეგ შექმნილ საოლქო საგადასახადო ინსპექციებში ვაკანტურ საშტატო ერთეულებზე მოხელეთა დანიშვნა მოხდა შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდებისა და კონკურსის გავლის შემდეგ.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს უარი ეთქვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმებაზე, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დაეკისრა მ. გ-ის სასარგებლოდ მიუღებელი დეკრეტული შვებულების თანხის ანაზღაურება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ემ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და განაცდურის სახით 6000 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 ივნისის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 18 აგვისტოს ¹კ-84 ბრძანება და მ. გ-ე აღდგენილ იქნა გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორის თანამდებობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 130-ე მუხლის შესაბამისად, არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება მ. გ-ის სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, რადგან მიიჩნია, რომ მოსარჩელეს არ შეეძლო სცოდნოდა შრომითი უფლების დარღვევის შესახებ 2000წ. 18 აგვისტოს, ვინაიდან იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში, ხოლო შემოსავლების სამინისტროს 2001წ. 4 სექტემბერს ¹715.02 წერილის მიღების შემდეგ, მოსარჩელემ ერთთვიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით მიმართა სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მ. გ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ შეესაბამება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლს, რომლის მიხედვით დაუშვებელია პირის სამუშაოდან გათავისუფლება ორსულობის ან ბავშვის 3 წლამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე ატესტაციის შედეგების გამო. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მ. გ-ე მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ დადგენილი წესით არ იყო გაფრთხილებული.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციამ და შემდეგი მოტივით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების გამოტანა:
კასატორის განმარტებით, რაიონული საგადასახადო ინსპექციების ლიკვიდაციის შემდეგ შექმნილ საოლქო საგადასახადო ინსპექციებში ვაკანტურ საშტატო ერთეულებზე “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, გამოცხადდა კონკურსი და ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნენ პირები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს მოხელეთა საკვალიფიკაციო გამოცდა. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ მ. გ-ე გაფრთხილებული იყო საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რაც დასტურდება 2000წ. 20 ივლისის კომისიის ¹1 ოქმით. ამასთან, მ. გ-ე გათავისუფლებულ იქნა გლდანის რაიონის საგადასახადო ინსპექციის შეგროვების განყოფილების საგადასახადო ინსპექტორის თანამდებობიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით კი მ. გ-ე აღდგენილი იქნა გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში ინსპექტორის თანამდებობაზე, თუმცა სასამართლომ არ განსაზღვრა, თუ რომელ განყოფილებაში ან რომელ საშტატო ერთეულზე უნდა აღდგეს მ. გ-ე.
გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ ცნო მ. გ-ემ, უსაფუძვლობის მოტივით და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. შესაგებელის ავტორმა განმარტა, რომ განხორციელდა არა საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაცია, არამედ რეორგანიზაცია, ორი რაიონული სამსახურის შერწყმა, საგადასახადო სამსახურის გარდაქმნა და საგადასახადო სისტემის დებულების შესაბამისად, მისი ფუნქციები არ შეცვლილა. მოწინააღმდეგე მხარემ ასევე მიუთითა, რომ მან მონაწილეობა მიიღო ინსპექციაში გამოცხადებულ კონკურსში და დააგროვა გამსვლელი ქულები, თუმცა იმის გამო, რომ იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში, მას კონკურსის გავლის ვალდებულება არ ეკისრებოდა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენლი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე მ. გ-ე 1998წ. სექტემბრიდან გადაყვანილ იქნა თბილისის გლდანის რაიონის საგადასახადო ინსპექციის შეგროვების განყოფილებაში საგადასახადო ... თანამდებობაზე. გლდანის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 28 ივნისის ¹6 ბრძანებით დეკლარაციებისა და დოკუმენტების კომპიუტერული დამუშავების განყოფილების საგადასახადო ინსპექტორს გ. გ-ეს მიეცა კუთვნილი დეკრეტული შვებულება მესამე შვილის შეძენის გამო. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2000წ. 18 აგვისტოს ¹კ-84 ბრძანებით გლდანის რაიონის საგადასახადო ინსპექციის შეგროვების განყოფილების საგადასახადო ... მ. გ-ე 2000წ. 21 აგვისტოდან განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე, 108-ე მუხლების საფუძველზე. ამდენად, სამუშაოდან დათხოვნის მომენტისათვის მ. გ-ე იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში.
თბილისის საგადასახადო ინსპექციის სადავო ბრძანებაში მ. გ-ის სამუშაოდან დათხოვნის მოტივად მითითებულია გლდანის რაიონის საგადასახადო ინსპექციის ლიკვიდაცია, კერძოდ საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 30 ივნისის ¹281 და 30 ივლისის ¹301 ბრძანებულებები. “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს შექმნისა და მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ¹281 ბრძანებულების პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად შეიქმნა თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექცია და ამავე ბრძანებულების მე-4 პუნქტით გაუქმდა ქ. თბილისისა და თბილისის რაიონების სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები. ამრიგად, ზემოაღნიშნული ბრძანებულებებით საგადასახადო ინსპექციები საერთოდ კი არ გაუქმებულა, არამედ თბილისის რაიონების სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციების, კერძოდ თბილისის გლდანისა და ნაძალადევის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის გაუქმებით, იმავე ფუნქციებითა და კომპეტენციით შეიქმნა გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექცია, ე.ი. განხორციელდა რეორგანიზაცია. რეოგრანიზაცია კი, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოხელის გათავისუფლების საფუძველს არ ქმნის, ხოლო თუ დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, ასეთ შემთხვევაში დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ქალის შრომითი უფლება ასევე დაცულია და ამავე კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შტატების შემცირების გამო დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ქალის გათავისუფლებაც დაუშვებელია. ამიტომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. გ-ის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 111-ე მუხლის მე-2 პუნქტი და სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება მ. გ-ის ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციაში ... თანამდებობაზე აღდგენას, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საკასაციო საჩივარს ვერ გაიზიარებს, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 31-ე მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 2701-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მ. გ-ეს გავლილი აქვს ტესტირება (კონკურსი), მიღებული აქვს დამაკმაყოფილებელი ქულა _ 36,65 და იგი აკმაყოფილებს საგადასახადო სისტემაში მოხელეთა დანიშვნის საკანონმდებლო მოთხოვნებს.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდე, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 ივნისის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი დადგენითა და კანონის მართებული გამოყენებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება მ. გ-ის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვენელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის საოლქო საგადასახადო ინსპექციის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 ივნისის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.