გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-40-240-კ-03 29 ოქტომბერი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: პრივატიზაციისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, საცხოვრებელ ბინაში რეგისტრაციის პირვანდელი სახით აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 1 ნოემბერს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ლ. კ-მა და ე. ს-ომ მოპასუხეების: ო. კ-ის, მ. ლ-ის, სერვისულ ცენტრ «ო.” მიმართ, მესამე პირის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის შსს პირველი განყოფილების საპასპორტო სამსახურის მონაწილეობით და ბინის პრივატიზაციისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს:
ლ. კ-ი 1984 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ა. კ-თან და ამ დროიდან ცხოვრება დაიწყო ქ.თბილისში, ... მდებარე, მოპასუხე ო. კ-ის (რომელიც მისი მეუღლის დედაა) რიცხულ კომუნალური ფონდის ორ ოთახიან ბინაში, სადაც 1986 წელს ჩაეწერა. სადავო ბინაში ცხოვრების პერიოდში მას ორი შვილი ჩაეწერა. მოსარჩელეთა თანხმობის გარეშე, გაურკვეველ ვითარებაში ისინი სადავო ბინიდან ამოწერეს. 1998წ. თებერვალში ო. კ-სა და სერვისული მომსახურების ცენტრ «ორთაჭალას” შორის ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ო. კ-ი აღნიშნული ბინის მესაკუთრე გახდა, მაშინ როდესაც მოსარჩელეები თანამესაკუთრეებად უნდა ყოფილიყვნენ ცნობილნი. 2001 წელს ო. კ-მა ზემოთ მითითებული ბინა მ. ლ-ს მიყიდა, რომელმაც იცოდა, რომ იქ მოსარჩელეებიც ცხოვრობდნენ. 2002წ. 31 იანვარს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოსარჩელეებმა კრწანისი-მთაწმინდის რაიონის შსს პირველი განყოფილების საპასპორტო სამსახურისგან სადავო ბინაში რეგისტრაციის პირვანდელი სახით აღდგენა მოითხოვეს.
ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ. კ-ისა და ე. ს-ოს სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეების მიერ იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ლ. კ-ის და ე. ს-ოს სარჩელზე მოპასუხედ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობა იქნა ჩაბმული, მესამე პირებად _ ნოტარიუსები: ე. ფ-ა და ნ. მ-ა. ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის და ე. ს-ოს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. კ-ის და ე. ს-ოს სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამრთლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების პირველი პუნქტის შესაბამისად, «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული სახლის (ბინის) ნებაყოფლობით შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას”. ამასთან, საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობის, ფორმა ¹1-ის თანახმად, ბინაში 1998წ. 11 თებერვლისათვის მხოლოდ მოპასუხე ო. კ-ლი და მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი იყვნენ რეგისტრირებულნი. ამდენად, ბინის პრივატიზების დროს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
სასამართლოს მოსაზრებით, ასევე კანონმდებლობის დაცვითაა განხორციელებული 2001წ. 31 აგვისტოს ო. კ-სა და მ. ლ-ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც საჯარო რეესტრში იქნა რეგისტრირებული. ამდენად, სკ-ს 210-ე მუხლის თანახმად, რომლის მიხედვითაც: «ბინაზე ინდივიდუალური საკუთრების უფლების შეძენის ან შეწყვეტისათვის აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული გარიგება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ქ.თბილისის ... მდებარე ¹8 ბინის მესაკუთრე მ. ლ-ი გახდა. ამასთან, ვინაიდან სკ-ს 185-ე მუხლის მიხედვით, «შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე”, სადავო ბინის უდავო მესაკუთრედ მ. ლ-ი ითვლება. «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” 1996წ. 27 ივნისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად კი, სადავო ბინაში მოსარჩელეთა რეგისტრაციისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. რადგანაც, მ. ლ-ი წინააღმდეგია აღნიშნულზე, ლ. კ-ი და ე. ს-ო აღნიშნულ ბინაში რეგისტრაციაში ვერ გატარდებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება ლ. კ-ის და ე. ს-ოს მიერ საკასაციო წესით იქნა გასაჩივრებული. მათ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვეს.
კასატორები თვლიან, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი. კერძოდ, სკ-ს 185-ე მუხლი, რომლის საფუძველზე ბინის უდავო მესაკუთრედ მ. ლ-ი ჩათვალა, მაშინ, როცა მოპასუხე მათ მეზობლად ცხოვრობდა და მისთვის ცნობილი იყო, რომ ისინი ო. კ-მა ბინიდან უკანონოდ ამოწერა, შემდეგ კი ბინის პრვატიზაცია და გასხვისება მოახდინა.
კასატორი თვლის, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, მან ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” 1996წ. 27 ივნისის კანონის მე-3 მუხლზე არასწორად მიუთითა, ვინაიდან, ისინი პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებას და საკუთარ ბინაში რეგისტრაციას ითხოვდნენ.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ლ. კ-ის და ე. ს-ოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის არამართებული გამოყენებითა და საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის გარეშე საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 1998წ. 17 თებერვალს ოლღა კ-ის მიერ განხორციელებულ ბინის პრივატიზაციას საფუძვლად ფორმა ¹1 დაედო. სააპელაციო სასამართლომ კი აღნიშნული ისე მიიჩნია კანონიერად, რომ არ გაურკვევია რამდენად სწორი მონაცემები იყო მასში შეტანილი და რის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს შეეძლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება, დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვა და სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა და შეფასება. კერძოდ, თუ სააპელაციო სასამართლო პრივატიზაციის და ნასყიდობის ხელშეკრულებაში ეჭვს შეიტანდა, მას სრული უფლება ჰქონდა გამოეთხოვა კასატორების სადავო ბინიდან ამოწერის დოკუმენტაცია, რომელიც საფუძვლად დაედო ფორმა ¹1-ს, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ პრივატიზაციის განხორციელების საფუძველი გახდა, ან კიდევ მოეხდინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებათა გამოთხოვა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მ. ლ-ი ისე ჩათვალა კეთილსინდისიერ შემძენად, რომ საერთოდ არ უმსჯელია აღნიშნულზე, მით უფრო, რომ სკ-ს 185-ე მუხლის შესაბამისად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად შესაძლებელია მ. ლ-ი კეთილსინდისიერ შემძენად იქნეს მიჩნეული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. კ-ის და ე. ს-ოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 26 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის გადახდის საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.