Facebook Twitter

¹77აპ ქ. თბილისი

18 აპრილი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

ზაზა მეიშვილი, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 16 აგვისტოს განაჩენით: შ. ღ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე რედაქცია) და დაჯარიმდა 2500 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა _ 2500 ლარი უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან თ. ღ-ეს ჯარიმის ნაწილში განაჩენის აღსრულების შემდეგ;

ზ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე რედაქცია) და დაჯარიმდა 2500 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გირაოს თანხა _ 2500 ლარი უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტან ნ. გ-ეს ჯარიმის ნაწილში განაჩენის აღსრულების შემდეგ;

ე. ტ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე რედაქცია) და დაჯარიმდა 2500 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; მის მიმართ გაუქმდა პატიმრობა და იგი გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან.

განაჩენით შ. ღ-ეს, ზ. გ-სა და ე. ტ-ეს მსჯავრი დაედოთ იმაში, რომ ჩაიდინეს ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ხოლო ე. ტ-ეს მსჯავრი დაედო ასევე ქურდობის არაერთგზის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

შ. ღ-ძე, ზ. გ-ძე და ე. ტ-ძე მუშაობდნენ რა შპს ,,---ის” ფილიალის ხაშურის უღელტეხილის სალიანდაგო სამმართველოში, განიზრახეს აღნიშნული სამმართველოს ეზოში განთავსებული მათი დაცვის ქვეშ არსებული ტექნიკის ავზებიდან ფარულად დაუფლებოდნენ დიზელის საწვავს. მათ აღნიშნული თოვლსაწმენდი ტექნიკიდან 200 ლიტრიან ორ კასრში გადმოიღეს 400 ლიტრი დიზელის საწვავი, საერთო ღირებულებით 444 ლარი და ზ. გ-ის მიერ მიყვანილი მოტორელით შეეცადნენ მის გატანას სამმართველოს ტერიტორიიდან, მაგრამ ისინი დააკავეს პოლიციის მუშაკებმა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ე. ტ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით მან დანიშნული სასჯელიდან _ 1 წელი და 4 თვე უნდა მოიხადოს თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დარჩენილი 8 თვე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ჯარიმის სახით გადახდილი თანხა 2500 ლარის ოდენობით. ე. ტ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2006 წლის 21 თებერვლიდან 2006 წლის 16 აგვისტომდე _ სულ 5 თვე და 26 დღე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2006 წლის 16 ნოემბრიდან;

შ. ღ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 1 ივნისამდე რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 2500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

ზ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 2500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი დაზუსტდა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ე. ტ-ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლის თარიღად ნაცვლად ,,2006 წლის 16 ნოემბრისა” მიეთითა 2006 წლის 22 ნოემბერი.

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ. ტ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო, მსჯავრდებულების _ ე. ტ-ის, შ. ღ-სა და ზ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის ზომა არ შეესაბამება მათ მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით სავსებით დადგენილია მსჯავრდებულების _ ე. ტ-ის, შ. ღ-სა და ზ. გ-ის ბრალეულობა მათზე შერაცხულ დანაშაულში. წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო ნორმების დაცვით.

რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების _ ე. ტ-ის, შ. ღ-სა და ზ. გ-სათვის განსაზღვრული სასჯელები აშკარად მსუბუქია, საკასაციო პალატა არ იზიარებს.

სააპელაციო სასამართლომ, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მათი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით, ე. ტ-ეს, შ. ღ-სა და ზ. გ-ეს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგი მიმართებით:

მსჯავრდებულების _ ე. ტ-ის, შ. ღ-სა და ზ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

აღნიშნული გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ხსენებული დანაშაულის ჩადენისათვის შემცირდა სასჯელის ზედა ზღვარი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, წარმოადგენს მსჯავრდებულების _ ე. ტ-ის, შ. ღ-სა და ზ. გ-ის მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის შეცვლის საფუძველს, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ ე. ტ-ის, შ. ღ-სა და ზ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტთან, ხოლო სხვა ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა”, “დ” ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულების _ ე. ტ-ის, შ. ღ-სა და ზ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე.

განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულების _ ე. ტ-ის, შ. ღ-სა და ზ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.