Facebook Twitter

¹979აპ ქ. თბილისი

16 მაისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

დ. სულაქველიძე, მ. ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის განაჩენით თ. კ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში.

ამავე სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით დ. გ-ძე, ცნობილ იქნა დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიურად დაავადებულ პირად და მის მიმართ გამოყენებულ იქნა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება _ ფსიქიატრიულ (ბედიანის) საავადმყოფოში მოთავსება ჩვეულებრივი მეთვალყურეობით.

თ. კ-ლს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა ყალბი პირადობის მოწმობებისა და ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2002 წლის აგვისტოში თ. კ-მა დაიქირავა გარდაბნის რაიონის სოფელ ---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. ჰქონდა რა განზრახვა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მიეთვისებინა დიდი ოდენობით სხვისი ფულადი თანხები, იგი გაეცნო ს. კ-სა და მის მეგობარ ბ. მ-ეს, როგორც საქართველოში გერმანიის ---ის დეპარტამენტის თანამშრომელი, მოიპოვა მათი ნდობა და აღნიშნულ დეპარტამენტში მაღალი ანაზღაურებით შესთავაზა სამუშაო ადგილი; მათვე განუმარტა, რომ თითოეული ადგილისათვის საჭირო იყო 3 000 აშშ დოლარი, რომელსაც გადარიცხავდა ---ის დეპარტამენტის ფონდში, აგრეთვე _ თითების ანაბეჭდები, ფოტოსურათები და ცნობა ნასამართლობის შესახებ. თ. კ-ის თქმითვე, იმ დროისათვის დეპარტამენტის ოფისში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და ისინი გარკვეულ პერიოდში ყოველთვიურ ანაზღაურებას _ 600 აშშ დოლარს მიიღებდნენ სამუშაოზე გაუსვლელად.

შეთავაზებული წინადადება მიიღეს ს. კ-ემ და ბ. მ-ემ, რომლებმაც იმავე წლის დეკემბერში თ. კ-ლს საქართველოში ---ის დეპარტამენტში დასაქმებისათვის გადასცეს 6 000 აშშ დოლარი.

გარდა ამ თანხისა, ბ. მ-ემ თ. კ-ლს მისცა 9 000 აშშ დოლარი თავისი და-ძმის _ ნ. და ო. მ-სა და ბიძაშვილის _ რ. ქ-ის დასაქმებისათვის.

2003 წლის იანვრის ბოლო რიცხვებში თითოეულმა მათგანმა თ. კ-საგან ე.წ. „ხელფასის” სახით მიიღეს 500-500 აშშ დოლარი, რის შესახებაც ბ. მ-ემ უამბო მეგობარ მ. წ-ეს, ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, მოუთხრო ნაცნობებს _ ზ. კ-სა და გ. ჩ-ეს. თითოეულმა მათგანმა გამოთქვა სურვილი, საქართველოში გერმანიის ---ის დეპარტამენტში დაესაქმებინათ ახლო ნათესავები.

მ. წ-ძე, ზ. კ-ძე და გ. ჩ-ძე ბ. მ-ის მეშვეობით შეხვდნენ თ. კ-ლს გარდაბნის რაიონის სოფელ წ-ში. თ. კ-მა ისინი დაარწმუნა, რომ ნამდვილად არსებობდა ასეთი სამსახური და მათ შორის შედგა სიტყვიერი მოლაპარაკება. ამის შემდეგ გ. ჩ-ემ იპოთეკით დატვირთა საკუთარი ბინა და ბანკ „---”-სთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად მიიღო 6500 აშშ დოლარი. ამ თანხიდან გ. ჩ-ემ 6000 აშშ დოლარი გადასცა თ. კ-ლს თავისი ვაჟის _ ნ. ჩ-სა და მ. წ-ის საქართველოში გერმანიის ---ის დეპარტამენტში დასაქმებისათვის. თავის მხრივ, თ. კ-მა გადასცა მათ სახელზე გაფორმებული და ბეჭდით დამოწმებული ყალბი შრომის ხელშეკრულება, ---ის თანამშრომლის დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად.

2003 წლის იანვარშივე ნ. ჩ-ემ და მ. წ-ემ ერთი თვის ე.წ. „ხელფასის” სახით თ. კ-საგან ხელზე მიიღეს 500-500 აშშ დოლარი.

ზემოაღნიშნული სამსახურის რეალობაში დარწმუნდა ზ. კ-ეც და ქალიშვილის _ ნ. კ-ის ---ის დეპარტამენტში დასაქმებისათვის 2003 წლის თებერვალში თ. კ-ლს გადასცა 3 ათასი აშშ დოლარი, სანაცვლოდ კი თ. კ-მა ზ. კ-ეს მისცა ნ. კ-ის სახელზე გაფორმებული, ბეჭდით დამოწმებული შრომის ყალბი ხელშეკრულება და ---ის თანამშრომლის დამადასტურებელი მოწმობა.

მომდევნო სამი თვის მანძილზე ზ. კ-ძე მ. წ-ის მეშვეობით ე.წ. „ხელფასის” სახით ხელზე იღებდა ყოველთვიურად 600 აშშ დოლარს.

2002 წლის დეკემბერში ნ. მ-მა ნათესავის _ ე. მ-საგან შეიტყო საქართველოში გერმანიის ---ის დეპარტამენტის ფუნქციონირების შესახებ, სადაც მუშაობდა მისი სიძე _ მ. წ-ძე და ჰქონდა მაღალი ანაზღაურება.

2003 წლის აპრილში ნ. მ-ლი დაუკავშირდა მ. წ-ეს, რომელმაც იგი შეახვედრა თ. კ-ლს. მათ შორის შედგა სიტყვიერი გარიგება, რომლის საფუძველზეც თ. კ-ლი 6 000 აშშ დოლარის საფასურად საქართველოში გერმანიის ---ის დეპარტამენტში ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე მოაწყობდა ნ. მ-ის ვაჟს _ გ. მ-ლს, ყოველთვიური 1200 აშშ დოლარის ანაზღაურებით.

2003 წლის 29 მაისს ნ. მ-მა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა ლ. დ-სთან და მთლიანი თანხის 2%-ის დარიცხვით მიიღო 8 050 აშშ დოლარი, საიდანაც 6 000 აშშ დოლარი გადასცა თ. კ-ლს. ამის შემდგომ, თაღლითური გზით, უკანონოდ მიითვისა რა დიდი ოდენობით თანხები, სულ _ 30 000 აშშ დოლარის ოდენობით, თ. კ-ლი დაემალა ნ. მე-ლს, ზ. კ-ეს, გ. ჩ-ეს, ბ. მ-ეს და ს. კ-ეს, რომელთაც მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

2003 წლის მაისში თ. კ-მა გაიცნო ბ. ხ-ძე, მოიპოვა მისი ნდობა და განიზრახა, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, ---ის ქ. ¹31-ში, მოტყუებით მიეღო გამორჩენა. თ. კ-მა ბ. ხ-ეს სთხოვა, მისთვის ესესხებინა 10 000 აშშ დოლარი, რომელიც სჭირდებოდა დის _ ე. კ-ის ნათლულის ოპერაციის გასაკეთებლად. თანხის დაბრუნებამდე გარანტად საკუთრებაში არსებულ ავტომანქანა „ჯიპ გრანდ ჩეროკს” გაუფორმებდა. თ. კ-ლს კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული, რომ მოქმედებდა დანაშაულებრივად, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო და მოტყუებით მისაკუთრების მიზნით, რადგანაც იმ პერიოდისათვის, 2003 წლის 11 აპრილიდან, აღნიშნული ავტომანქანა დაყადაღებული იყო ,,---" ბანკის („---ის”) მიერ. მან ბ. ხ-საგან უარი მიიღო, მაგრამ განმეორებით თხოვნაზე დაითანხმა. ბ. ხ-ემ ისესხა 4 000 აშშ დოლარი, დაამატა თავისი 2 000 დოლარი და 2003 წლის 24 მაისს ქ. თბილისში, ---ის ქ. ¹--ში მდებარე სანოტარო ბიუროში, გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ბ. ხ-ემ ერთი თვის ვადით, სარგებლის გარეშე, 6 000 აშშ დოლარი ასესხა თ. კ-ლს. ვინაიდან 24 მაისი იყო არასამუშაო დღე _ შაბათი, ხოლო 25-26 მაისი _ დასვენების დღეები, თ. კ-ლი დაჰპირდა ბ. ხ-ეს, რომ პირველსავე სამუშაო დღეს _ 27 მაისს გაუფორმებდა ავტომანქანას, მაგრამ პირობა არ შეასრულა და მიიმალა.

თ. კ-მა გააგრძელა თაღლითური საქმიანობა. 2004 წლის მარტში იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა მ. ი-ას და დიდი ხნის ნაცნობ დ. გ-ეს. სამივემ მოილაპარაკა, რომ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ დიდი ოდენობით სხვის ნივთს. აღნიშნულისათვის მათ დააარსეს ტურისტული სააგენტო, შპს „---”, რომელიც რეგისტრირებულ იქნა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს დადგენილებით და აღირიცხა ამავე რაიონის საგადასახადო ინსპექციაში. საზოგადოების ---ი იყო დ. გ-ძე, რიგითი თანამშრომელი _ მ. ი-ვა. ტურისტული სააგენტო მდებარეობდა და ფუნქციონირებდა ქ. თბილისში, ---ის ქ. ¹38-ში. თ. კ-ლს შრომითი ხელშეკრულება ამ სააგენტოსთან არ ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ ის წარმოადგენდა პიროვნებას, რომელსაც თითქოსდა ურთიერთობა ჰქონდა გავლენიან და ამ საქმისათვის საჭირო ხალხთან.

თ. კ-მა, მ. ი-ამ და დ. გ-ემ დაუდგენელი პირების დახმარებით მოიზიდეს ტურისტები, დაარწმუნეს, რომ 1600-2500 აშშ დოლარად გაამგზავრებდნენ ესპანეთში. ამისათვის მათ მიატანინეს საზღვარგარეთის პასპორტები, ფოტოსურათები და გადაახდევინეს წინასწარ მორიგებული თანხის ნაწილი ისე, რომ არანაირი შემოსავლის ორდერები არ გამოუწერიათ. თ. კ-ლი ქმნიდა ვიზების გაფორმების ყოველმხრივი მცდელობის შთაბეჭდილებას და თაღლითურად არწმუნებდა ტურისტებს, რომ საქართველოში ესპანეთის საელჩოს არარსებობის მიუხედავად, იგი ---ის საელჩოდან მიიღებდა ესპანეთის ვიზებს. იმ მოტივით, რომ თითქოსდა ---ის საელჩოდან მიღებული წერილის თანახმად, ვიზების გაფორმებისათვის აუცილებელი იყო ქ. მოსკოვში არსებული ესპანეთის საელჩოს თანხმობა, თ. კ-მა მოჩვენებითი საქმიანი ურთიერთობა დაამყარა მოსკოვის ტურისტული ფირმის წარმომადგენელ მ. ბ-სთან, რის შემდეგაც 2004 წლის 24 ივნისს გაემგზავრა ქ. მოსკოვში.

სამი დღის შემდეგ ქ. თბილისიდან ქ. მოსკოვის მიმართულებით გაემგზავრა 15-კაციანი ტურისტული ჯგუფი, მათ შორის _ ჯ. ო-ვა, ვ. და დ. ო-ები, რომლებმაც საერთო ჯამში გადაიხადეს 4 800 აშშ დოლარი, ასევე _ ნ. ა-ლი, რომელმაც გადაიხადა 1 900 აშშ დოლარი. ტურისტულ ჯგუფს მოსკოვში დახვდა თ. კ-ლი და ისინი განათავსა სასტუმროში.

თ. კ-მა თაღლითობის განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ტურისტული ჯგუფის წევრებს გამოართვა საზღვარგარეთის პასპორტები, თითქოსდა ესპანეთის საელჩოში შესაგზავნად და ვიზების გასაფორმებლად. მან ტურისტებისაგან მიიღო წინასწარ შეთანხმებული დარჩენილი თანხის ნაწილიც. პარალელურად იგი დაუკავშირდა დ. გ-ეს, რომელმაც, შეთანხმებისამებრ, კიდევ 5 ტურისტისაგან, მათ შორის _ თ. დ-სა და გ. კ-საგან _ აიღო 500-500 აშშ დოლარი ესპანეთის ვიზების გაფორმების დაპირებით. ეს თანხა დ. გ-ემ ქ. მოსკოვში გაუგზავნა თ. კ-ლს, რომელიც მ. ბ-სთან ერთად სხვადასხვა თაღლითური ხერხით არწმუნებდა ტურისტებს, რომ შექმნილი პრობლემები დროებითი იყო და აუცილებლად მოგვარდებოდა.

2004 წლის 23 ივლისს თ. კ-მა, განაწყენებული ტურისტებისაგან მოსალოდნელი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტა მიმალვა. ამისათვის რუსი ეროვნების დაუდგენელ ორ პირთან ერთად მოახდინა თავისი დაკავების ინსცენირება, თითქოსდა ქ. მოსკოვის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების თანხლებით გავიდა სასტუმროდან.

ქ. თბილისში დაბრუნების შემდეგ თ. კ-მა, დ. გ-სა და მ. ი-სთან ერთად, ტურისტული ჯგუფის წევრებს წარუდგინა კომპიუტერის საშუალებით მიღებული ესპანეთის ვიზა და დაარწმუნა ისინი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ნამდვილად მიეცემოდათ შენგენის ქვეყნებში გამგზავრების უფლება.

მოგვიანებით თ. კ-მა დაამზადა საფრანგეთის ყალბი ვიზა ¹--, რომელიც მოათავსა თ. დ-ის სახელზე გაცემულ, საქართველოს მოქალაქის ¹-- პასპორტში. გარდა ამისა, დაუდგენელ ვითარებაში კვლავ დაამზადა საფრანგეთის ყალბი ვიზა ¹--, რომელიც მოათავსა გ. კ-ის სახელზე გაცემულ, საქართველოს მოქალაქის ¹-- პასპორტში. აღნიშნული პასპორტები თ. კ-მა, მ. ი-სა და დ. გ-სთან ერთად, 2004 წლის 20 აგვისტოს ტურისტული სააგენტო „---ის” ოფისში გადასცა თ. დ-სა და გ. კ-ნს, რისთვისაც მათ დამატებით გამოართვა 2 000-2 000 აშშ დოლარი.

2004 წლის 28 აგვისტოს გ. კ-ნი, თ. კ-ის, დ. გ-სა და მ. ი-საგან მოტყუებით შეძენილი ვიზით, ისე, რომ მისთვის არ იყო ცნობილი ვიზის სიყალბე, თბილისის აეროპორტიდან გაემგზავრა ამსტერდამში, სადაც ის დააკავეს და დეპორტირებულ იქნა საქართველოში.

ამდენად, თ. კ-მა პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩაიდინა სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, არაერთგზის და დიდი ოდენობით, კერძოდ, 11 700 აშშ დოლარის ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

იმის გამო, რომ დანაშაულის ერთ-ერთი თანამონაწილე დ. გ-ძე ფსიქიურად დაავადდა, წინასწარმა გამოძიებამ დადგენილებით სასამართლოს წინაშე დააყენა საკითხი მის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის თ. კ-ლს, სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით; მასვე დაეკისრა დაზარალებულების სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურება, კერძოდ: ზ. კ-ის სასარგებლოდ _ 1 900 აშშ დოლარის, ნ. მ-ის _ 5 400 აშშ დ-ის, ბ. ხ-ის _ 6 000 აშშ დოლარის, თ. დ-ის _ 2 500 აშშ დოლარის, ჯ. ო-ას _ 4 800 აშშ დოლარის, გ. კ-ის _ 2400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტის გადახდა, აღსრულების დროისათვის არსებული კურსის მიხედვით.

თ. კ-ლს სასჯელის ათვლა დაეწყო 2004 წლის 3 სექტემბრიდან.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. კ-მა. მან სააპელაციო საჩივრით ითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის შემცირება და პირობითი მსჯავრის განსაზღვრა.

ადვოკატმა ა. ქ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის დადგენილების შეცვლა და დ. გ-სათვის იძულებითი მკურნალობის დანიშვნა ბინაზე, ნაცვლად ---ში გაგზავნისა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენით გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის განაჩენი შეიცვალა: თ. კ-ლს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ამავე სასამართლოს 2006 წლის 4 სექტემბრის დადგენილებით უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის დადგენილება დ. გ-ის მიმართ.

კასატორი _ მსჯავრდებული თ. კ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი ზედმეტად მკაცრია, რადგან მთლიანად გააცნობიერა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და არსი და გულწრფელად ინანიებს; არ არის ნასამართლევი; ცნობილი ოჯახიდანაა; დაავადებულია მთელი რიგი დაავადებით, არის ონკოლოგიური ავადმყოფი; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ აქვს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული თ. კ-ლი ითხოვს მისთვის განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის დაზარალებულების _ ბ. მ-ის, ზ. კ-ის, ნ. მ-ის, ბ. ხ-ის, თ. დ-ის, გ. კ-ის, ჯ. ო-ას, მოწმე დ. ა-ის ჩვენებებით, კრიმინალიტიკური ექსპერტიზის ¹--/---. დასკვნით უტყუარადაა დადასტურებული, რომ თ. კ-მა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად და არაერთგზის ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე _ ყალბი პირადობის მოწმობისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, არაერთგზის. საგულისხმოა, რომ თ. კ-მა სააპელაციო სასამართლოში სრულად აღიარა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა და მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება (ტ. 6, ს.ფ. 318).

პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულს შეუმსუბუქა სასჯელი და დაუნიშნა კანონით გათვალისწინებული ზომის მინიმუმი, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი, როგორც დასაბუთებული და სამართლიანი, ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ამასთან, მსჯავრდებულ თ. კ-ლს საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაეკისრა დაზარალებულების _ ზ. კ-ის, ნ. მ-ის, ბ. ხ-ის, ჯ. ო-სა და გ. კ-ის სასარგებლოდ თანხის გადახდა, რადგან არც ხსენებული დაზარალებულები და არც მსჯავრდებული, შესაბამისად, სამოქალაქო მოსარჩელეებად და მოპასუხედ ცნობილი არ ყოფილან.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 35-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ გამომძიებელი, პროკურორი ან სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ სარჩელს აქვს საკმარისი საფუძველი, გამოაქვს გადაწყვეტილება პირის სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობის შესახებ, რის შემდეგაც, ამავე კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო მოპასუხედ ცნობს ბრალდებულს. ამდენად, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა მსჯავრდებულს ისე დააკისრეს ზემოაღნიშნული დაზარალებულების სასარგებლოდ თანხის გადახდა, რომ საქმეზე არ დაწყებულა სამოქალაქო სამართალწარმოება.

აღსანიშნავია, რომ წინასწარი გამოძიებისას სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილ იქნა მხოლოდ თ. დ-ძე, ხოლო მოპასუხედ თ. კ-ლი, რის შესახებაც მითითებულია საბრალდებო დასკვნას დართულ, სასამართლოში გამოსაძახებელ პირთა სიაშიც (ტ. 5, ს.ფ. 218). ამასთან, წინასწარი გამოძიების დასრულების დროს, საქმის მასალების გაცნობისას ზ. კ-ემ, ნ. მ-მა, ბ. ხ-ემ, ჯ. ო-ამ და გ. კ-მა მიუთითეს, რომ სამოქალაქო სარჩელი არ ჰქონდათ და მისი წარდგენის საკითხს თავად გადაწყვეტდნენ სასამართლოში (ტ. 5, ს.ფ. 172-174; 177-179; 182-183).

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი თ. კ-სათვის დაზარალებულების _ ზ. კ-ის, ნ. მ-ის, ბ. ხ-ის, ჯ. ო-სა და გ. კ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს.

იმის გამო, რომ საქმეზე სამოქალაქო სამართალწარმოება არ დაწყებულა, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, სსსკ-ის 561-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქმე სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ხელახლა განსახილველად გადასცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ უკარგავს უფლებას ხსენებულ დაზარალებულებს, წარადგინონ სარჩელი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ თ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ: გასაჩივრებული განაჩენი გაუქმდეს თ. კ-სათვის დაზარალებულების _ ზ. კ-ის, ნ. მ-ის, ბ. ხ-ის, ჯ. ო-სა და გ. კ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში.

განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.