გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ბს-411-532-კ-03 28 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე ო. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე განათლების სამინისტროს მიმართ. სარჩელში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1999წ. 25 იანვარს დაინიშნა საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის დირექტორად. იმჟამინდელი დირექტორი გათავისუფლდა დირექტორის თანამდებობიდან პირადი განცხადებით რაიონის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით.
საგარეჯოს რაიონის საკრებულოს 2002წ. 1 მაისის ¹139 დადგენილებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ვლ. მ-ს შეუჩერდა უფლებამოსილება.
ვლ. მ-მა არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, რის შემდეგაც მან მიმართა რაიონის გამგებელს, რათა მას ეშუამდგომლა განათლების მინისტრის წინაშე და იგი აღედგინათ საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე.
განათლების მინისტრის 2002წ. 18 სექტემბრის ¹95/კ ბრძანებით ო. G-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და კოლეჯის დირექტორად დაინიშნა ვლ. მ-ი.
მოსარჩელის აზრით, მინისტრის ბრძანება იყო უკანონო, რის გამოც იგი ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგანაც ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული იყო ვლ. მ-ის განცხადების გარეშე. დაინტერესებულ მხარეს, ო. გ-ის სახით, არ ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, განთავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის დროისათვის, იგი იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში და ინფორმირებული არ ყოფილა გათავისუფლების თაობაზე. ვლ. მ-ს ახალი საკრებულოს პირველი სხდომის დროს შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება. ამდენად, მის თანამდებობაზე დაბრუნებას საფუძვლად არ უნდა დადებოდა “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის 23-ე პუნქტი, ამასთან, ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მისი გათავისუფლება შეთანხმებული უნდა ყოფილიყო საკრებულოსთან, ვინაიდან იგი არჩეული იყო საკრებულოს წევრად.
რაიონულმა სასამართლომ საქმეში მესამე პირებად ჩააბა ფიზიკური პირი ვლ. მ-ი და საგარეჯოს რაიონის საკრებულო.
სარჩელი არ ცნეს განათლების სამინისტროსა და ფიზიკური პირი ვლ. მ-ის წარმომადგენლებმა, რომელთა მოსაზრებით, მოსარჩელის მტკიცება არასწორი იყო, სამინისტრო მიერ ბრძანება გამოსცა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და იგი ძალაში უნდა ყოფილიყო დატოვებული.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 იანვრის გადაწყვეტილებით ო. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი განათლების მინისტრის 2002წ. 18 სექტემბრის ¹95/კ ბრძანება, იმავდროულად განათლების სამინისტროს დაევალა ერთი თვის ვადაში ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ განათლების მინისტრის ბრძანება გამოცემული იყო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებისა და გამოკვლევის გარეშე, რის გამოც განათლების სამინისტროს უნდა გამოეცა ახალი ადმინისტრაციული აქტი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა ო. გ-ემ. აპელანტმა მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, იმ ნაწილში, რომლითაც განათლების სამინისტროს დაევალა ერთთვიან ვადაში ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
აღნიშნულ მოთხოვნას აპელანტი აფუძნებდა იმ გარემოებაზე, რომ მისი აზრით, რაიონული სასამართლო გაცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ამასთან, არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლი.
სააპელაციო სასამართლოში მესამე პირის ვლ. მ-ის წარმომადგენლმა მ. მ-მა შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სადავო ბრძანების ძალაში დატოვება. იმ საფუძვლით, რომ რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის მიერ დასახელებული არც ერთი არგუმენტი არ გაიზიარა, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა ჩათვალა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა _ ადმინისტრაციული წარმოებისას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის აუცილებლობის თაობაზე. ამასთან, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რადგან გასაჩივრებული ბრძანება არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ აქტს, არამედ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ გარიგებას, რაიონულმა სასამართლომ შეფასება არ მისცა “ადგილობრივი წარმომადგენლობითი _ ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმად, “საკრებულოს წევრის საკრებულოში იმ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, რომელზეც უფლებამოსილება ხორციელდება საწარმოს ან სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოწყვეტით, უფლებამოსილების დამთავრების შემდეგ ეძლევა წინანდელი სამუშაო (თანამდებობა)”.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს, არ დაეთანხმნენ შეგებებული სააპელაციო საჩივრის არგუმენტებს და იმაზე მითითებით, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მეორე პუნქტი იყო უსაფუძვლო, მოითხოვეს მისი გაუქმება, რადგან მათი აზრით, საქმეზე ყველა გარემოება დადგენილი იყო და არ იყო დამატებითი გამოკვლევის აუცილებლობა. ამასთან, ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რადგან ო. გ-ე არჩეული იყო საკრებულოს წევრად, მისი გათავისუფლებაც შეთანხმებული უნდა ყოფილიყო საკრებულოსთან, რაც არ მომხდარა. ამდენად, სადავო ბრძანება რაიონულმა სასამართლომ მართებულად ცნო უკანონოდ.
შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორმა მხარი დაუჭირა შეგებებულ სააპელაციო საჩივარს და მასში მოყვანილი საფუძვლებით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
განათლების სამინისტროს წარმომადგენელი დაეთანხმა შეგეგებულ სააპელაციო საჩივარს იმაზე მითითებით, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნებულიყო, ვინაიდან სასამართლომ მოსარჩელის ყველა არგუმენტი სადავო ბრძანებასთან დაკავშირებით გააბათილა და ამასთან, გააუქმა ბრძანება და სამინისტროს დაავალა რიგი გარემოებების გამოკვლევა, რაც ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ამდენად საქმეზე მიღებული უნდა ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და უცვლელად დარჩენილიყო განათლების სამინისტროს გასაჩივრებული ბრძანება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ივლისის გადაწყვეტლებით ო. გ-ის სააპლაციო საჩივარი და ვლ. მ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე ო. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ძირითადად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ვლ. მ-ს უფლებამოსილება დაუმთავრდა 2002წ. 15 ივლისს, ახლადარჩეული საკრებულოს სხდომაზე და მის მიერ არჩევნებში მონაწილეობის გამო უფლებამოსილების დროებითი შეჩერება არ შეიძლება განხილულ იქნეს იმგვარად, რომ ვლ. მ-ს არ დაუმთავრებია უფლებამოსილება არჩეულ თანამდებობაზე. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვლ. მ-ი უფლებამოსილი იყო დაბრუნებოდა პირვანდელ თანამდებობას.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. გ-ემ, რომელმაც საკასაციო საჩივრის საფუძველზე მოითხოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
კასაციის საფუძვლად კასატორი ძირითადად უთითებდა შემდეგ გარემოებებზე:
კასატორს მიაჩნდა, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსზარისით არ იყო სწორი და არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამასთან, გადაწყვეტილება არ იყო იურიდიულად დასაბუთებული და ექვემდებარებოდა გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ო. გ-ე განათლების მინისტრის 1999წ. 25 იანვარს ¹05/კ ბრძანებით გადაყვანილ იქნა საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის დირექტორად ვლ. მ-ის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, მისი საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის გამო. ამ ბრძანებაში მითითებული არ არის, რომ ო. გ-ე ინიშნებოდა დროებით, განსაზღვრული ვადით. მინისტრის ეს ბრძანება მიუთითებს, რომ ო. გ-ე დირექტორად დაინიშნა განუსაზღვრელი ვადით, ასეთ შემთხვევაში შრომის კანონმდებლობა, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ზღუდავს მუშაკის გათავისუფლებას წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ვლ. მ-ის საგარეჯოს პოლიტექნიკური კოლეჯის დირექტორად დანიშვნა და ო. გ-ის ამ თანამდებობიდან გათავისუფლება, როცა ამ ბრძანებაში ო. გ-ის შრომით მოწყობაზე არაფერია ნათქვამი, აყენებს მას ზიანს და ტოვებს უმუშევრად, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დანიშვნის თაობაზე ეცნობებინა ო. გ-ისათვის, რაც განათლების სამინისტროს არ გაუკეთებია.
2. სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ სადავო ბრძანების გამოცემისას ვ. მ-ს შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება და გამოხატული იყო მისი სურვილი დაბრუნებოდა წინანდელ თანამდებობას.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით ბრძანებას საფუძვლად დაედო მხოლოდ საგარეჯოს რაიონის გამგეობის მიმართვა და არა ვ. მ-ის განცხადება. აქედან გამომდინარე. პალატის ეს მოსაზრება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სარჩელის უარყოფის საფუძვლად.
3. არასწორია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ ვ. მ-ის შეწყვეტილი ჰქონდა უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მ-ის მიერ წარმოდგენილ ქსეროასლებს ისე, რომ არ შეამოწმა დედნები.
4. საქმეში წარმოდგენილი ცნობით დადასტურებულია, რომ ო. გ-ე ქ. საგარეჯოს საკრებულოს წევრია. “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით, საკრებულოს წევრი არ შეიძლება ადმინისტრაციის ინიციატივით დაითხოვონ სამუშაოდან საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე”. ო. გ-ე კი ისე გათავისუფლდა სამსახურიდან, რომ არავითარი შეთანხმება არ მომხდარა საგარეჯოს საკრებულოსთან ან მის თავმჯდომარესთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას განათლების მინისტრის 2002წ. 18 სექტემბრის ¹85/კ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობას, გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები და შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისას ადგილი არა აქვს კანონის არასწორ გამოყენებას, შესაბამისად, არ არსებობს მითითებული მოტივით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, კერძოდ, საკასაციო სასმართლო იზიარებს სოლქო სასამართლოს მსჯელობას და ადასტურებს, რომ მინისტრის ბრძანება მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნასა თუ გათავისუფლებაზე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რის გამოც აღნიშნულთან მიმართებაში, გამოყენებული არ უნდა იყოს ადმინისტრაციული წარმოება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სადავო ბრძანების კანონიერებაზე.
რაც შეეხება ვლ. მ-ის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს საოლქო სასამართლოს განმარტებას და აღნიშნავს, რომ “ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, “საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადა იწყება საკრებულოს მიერ მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახლადარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას”.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება იმ გარემოებას, ვლ. მ-ის მითითებული პერიოდისათვის დროებით ჰქონდა, თუ არა შეჩერებული უფლებამოსილება. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ვლ. მ-ი მონაწილეობას იღებდა საგარეჯოს გამგებლის არჩევნებში. საარჩევნო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკრებულოს წევრობის, გამგებლის, მერობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში, სამსახურებრივი უფლებამოსილება უჩერდებათ ამ კანონის 94-ე მუხლში მითითებულ თანამდებობის პირებს. ხოლო ზემოაღნიშნული 94-ე მუხლის “თ” პუნქტის შესაბამისად კი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები. ამდენად, გამგებლის არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, თანამდებობიდან გადადგომა წარმოადგენა ვლ. მ-ის ვალდებულებას, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ვლ. მ-ს არჩეულ თანამდებობაზე უფლებამოსილება არ დაუმთავრებია.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ საგარეჯოს რაიონის საკრებულოს 2002წ. 15 ივლისის სხდომის ¹1 დადგენილების საფუძველზე, რომლითაც ცნობილ იქნა ახალი საკრებულოს უფლებამოსილება, შეწყდა წინა მოწვევის საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება, შესაბამისად, შეწყდა ვლ. მ-ის უფლებამოსილებაც.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი თანამდებობაზე დანიშნული იყო განუსაზღვრელი ვადით და მოქმედი შრომის კანონმდებლობა ზღუდავს დაკავებული თანამდებობიდან მისი შესაბამისი ვადების დაცვის გარეშე გათავისულფლების შესაძლებლობას.
“ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს _ საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლი წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომელიც თავის მხრივ, ადგენს გამონაკლისს იმ ზოგადი ნორმებისაგან რომელიც შრომის კანონმდებლობაში გამოიყენება. კერძოდ, აღნიშნული მუხლი საკრებულოს წევრისათვის ქმნის სპეციალურ შრომით გარანტიებს და ითვალისწინებს ამ უკანასკნელის თავდაპირველ თანამდებობაზე უპირობო აღდგენის სავალდებულობას, რითაც კანონმდებელი იმთავითვე ზღუდავს და შრომის კანონმდებლობისაგან განსხვავებულ რეჟიმში აქცევს იმ პირის უფლებებს, რომელიც დანიშნული იყო თანამდებობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს კასატორის უფლებების კანონინსმიერ შეზღუდვას, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დამაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.