გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-41-241-კ-03 11 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე ხ. თ-ე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ..., ბარაკული ტიპის სახლში, რომელიც მოყვა ათვისებაში და მის სანაცვლოდ უზრუნველყოფილი იქნა ბინით ...ის ქუჩაზე. ... ქ. ¹33-ში დარჩა ავტო-ფარეხი, რომლის ბაზაზე ქ. ბათუმის მერიის არქიტექტორთან შეთანხმებით 1992 წელს 24 კვ.მ კაპიტალურ ნაგებობაში ხ.თ-ის ქმრის – გ.თ-ის მიერ მოწყობილი იქნა ელექტრო-შემდუღებელი და სამჭედლო საამქრო. რამდენიმე წლის შემდეგ საამქრო გადაკეთდა სავაჭრო ობიექტად. შემდგომ კი აღნიშნულ ადგილას მოეწყო პირუტყვის სასაკლაო. სათანადო ნებართვისა და გაფორმების მიზნით, გ. თ-ემ მიმართა ქ. ბათუმის მერიას, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 1999წ. თებერვალში, წინასწარი გაფრთხილებისა და ადმინისტრაციული ზომების მიღების გარეშე, მეზობლების მოთხოვნისა და გამოწვეული ანტისანიტარიის მოტივით, ქ. ბათუმის მერიის მიერ პირუტყვის სასაკლაო ლიკვიდირებული იქნა.
გ. თ-ის გარდაცვალების შემდეგ, 2002წ. 15 აგვისტოს მისმა მეუღლემ – ხ.თ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა დანგრეული 24 კვ. მ ფართის ნაგებობის კომპენსაციის სახით 1000 აშშ დოლარის, ასევე მორალური ზიანის მიყენებისათვის 1000 აშშ დოლარის ანაზღაურება:
მოსარჩელის მითითებით, ნაგებობის ლიკვიდაციით ხელყოფილი იქნა მისი ოჯახის უფლებები, რის გამოც მან მიმართა ბათუმის მერიას კომპენსაციის მისაღებად, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის აზრით, სათანადო ნებართვით აშენებული ნაგებობის ლიკვიდაციაზე მერიის მიერ გამოცემული უნდა ყოფილიყო მოტივირებული დადგენილება, იგი უნდა გადასცემოდა სასამართლოს და ეს უკანასკნელი გადაწყვეტდა ობიექტის ლიკვიდაციის საკითხს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 24 იანვრის გადაწყვეტილებით ხ.თ-ეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხ.თ-ემ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილებით ხ.თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 24 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ხ.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათუმის მერიას ხ.თ-ის სასარგებლოდ შემდეგი მოტივით დაეკისრა მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1330 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით:
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეები არ უარყოფენ, რომ გ. თ-ე ... ფლობდა ბარაკული ტიპის სახლს, საიდანაც ბინის მიღების შემდეგ გადავიდნენ ...ის ქუჩაზე, მაგრამ ძველი ბინა დაიტოვეს ავტოფარეხის სახით, რომელიც ბათუმის მერიის არქიტექტორთან შეთანხმებით, 1992 წლიდან გადაკეთდა ელ. შემდუღებელ და სამჭედლო საამქროდ, მოგვიანებით ბათუმის მერიის თანხმობით _ სავაჭრო ჯიხურად, შემდეგ კი _ პირუტყვის სასაკლაოდ. თ-ე აღნიშნული ობიექტს ფლობდა და სარგებლობდა, რაზეც მერიას პრეტენზია არ გამოუთქვამს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. თ-ე ნაგებობაზე ახორციელებდა ფაქტობრივ ბატონობას, კეთილსინდისიერად და მართლზომიერად ფლობდა მას. გარდა ამისა, აღნიშნული ობიექტი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის არც მერიის და არც თ-ის სახელზე.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მერიამ ნაგებობის დანგრევით ხელყო მოსარჩელის, როგორც მართლზომიერი მფლობელის, უფლებები და სკ-ს 163-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ მერიის მიერ მთლიანად უნდა იქნეს ანაზღაურებული ნაგებობაზე თ-ის მიერ გაწეული ხარჯები, რაც ექსპერტის დასკვნის მიხედვით შეადგენს 1330 აშშ დოლარს, რადგან ნაგებობა მერიის მიერ დანგრეული იქნა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის, რაიმე დასაბუთების გარეშე, ამასთან მფლობელი არ ყოფილა გაფრთხილებული, რათა მას შენობიდან გაეტანა ვარგისი და საჭირო ინსტრუმენტები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქალაქ ბათუმის მერიამ და მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. კერძოდ: კასატორის განმარტებით, ... მდებარე ბარაკული ტიპის სახლი მოყვა ათვისებაში და იქ მცხოვრები გ. თ-ის ოჯახი უზრუნველყოფილი იქნა ბინით. ... დარჩა ავტოფარეხი, რომლის ბაზაზე თ-ემ მერიის არქიტექტურასთან შეთანხმებით განათავსა ელექტრო-შემდუღებელი საამქრო და სამჭედლო. შემდეგ ობიექტი თ-ემ თავისი ინიციატივით გადააკეთა ჯერ სავაჭრო ობიექტად, შემდეგ _ პირუტყვის სასაკლაოდ. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ სამჭედლოს გადაკეთება მოხდა მერიასთან შეთანხმებით და მიუხედავად იმისა, რომ მერიას შენობის მფლობელობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამს, ნაგებობის გადაკეთება სხვადასხვა საქმიანობისათვის შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მასთან. კასატორმა ასევე არ გაიზიარა სააპელაიცო პალატის მითითება, რომ თ-ემ ობიექტის მოწყობის ხარჯები გასწია კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და აღნიშნა, რომ ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობა შეწყდა, როდესაც მერიის შესაბამის სამსახურთან შეუთანხმებლად მოხდა ობიექტის გარდაქმნა ჯერ სავაჭრო, შემდეგ კი პირუტყვის სასაკლაო ობიექტად. ამასთან, კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული სკ-ს 415-ე მუხლი, რითაც დაირღვა სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტი. კასატორი თვლის, რომ სკ-ს 415-ე მუხლის თანახმად, იგი არ არის ვალდებული ნაგებობის დანგრევით ხ. თ-ისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, რადგან ზიანი გამოწვეულია თავად მოსარჩელის მიერ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რასაც არც კასატორი უარყოფს, რომ მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მეუღლე გ. თ-ე ფლობდა ბათუმში, ... მდებარე ბარაკული ტიპის სახლს. ბინის მიღების შემდეგ, მოსარჩელის ოჯახმა ბარაკული ტიპის ძველი ბინა დაიტოვა ავტოფარეხად, ხოლო 1992 წლიდან ბათუმის მერიის არქიტექტორთან შეთანხმებით 24 კვ.მ ავტოფარეხი გადაკეთდა ელ. შემდუღებელ და სამჭედლო საამქროდ, რაც დასტურდება წარმოდგენილი სიტუაციური გეგმა-პროექტით. სააპელაციო პალატის მიერ ასევე დადგენილია, რომ 1992 წლიდან ნაგებობის, როგორც პირუტყვის სასაკლაოს დანგრევამდე, ქ. ბათუმის მერიას რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია ნაგებობის თ-ეთა მიერ ფლობის თაობაზე. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას ... მდებარე 24 კვ.მ ნაგებობის თ-ეთა მიერ კეთილსინდისიერი მფლობელობის შესახებ.
2. საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ თ-ის კეთილსინდისიერი მფლობელობა დანგრეულ 24 კვ.მ ნაგებობაზე შეწყდა მერიის თანხმობის გარეშე პირუტყვის სასაკლაოდ შენობის გადაკეთების მომენტიდან და რადგან პირუტყვის სასაკლაო ფუნქციონირებდა ბათუმის მერიასთან შეუთანხმებლად, მისი ნებართვის გარეშე, ამიტომ მერიის მიერ ნაგებობის დანგრევა მართლზომიერია და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ზიანის ანაზღაურებაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, კერძოდ ქ. ბათუმის სასამართლოს 1997წ. 25 აგვისტოს დადგენილებით აღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულია ინდივიდუალური საწარმო ”გურამ თ-ე”, რომლის საქმიანობის საგანია პირუტყვის მცირე სასაკლაოს მოწყობა. წარმოდგენილია ასევე საგადასახადო ინსპექციის მიერ გ. თ-ეზე გაცემული გადასახადის გადამხდელის მოწმობა, სადაც საქმიანობის საგნად პირუტყვის სასაკლაოა მითითებული. საკასაციო პალატა თვლის, რომ ... განთავსებული პირუტყვის სასაკლაოს მოწყობისათვის ქ. ბათუმის მერიის თანხმობის (ნებართვის) არარსებობა არ წარმოადგენდა ამ ნაგებობის დანგრევის სამართლებრივ საფუძველს, არამედ მერიას შეეძლო დროებით, ნებართვის მიღებამდე მეწარმისათვის აეკრძალა პირუტყვის სასაკლაოს ფუნქციონირება. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ნაგებობის დანგრევის შესახებ წინასწარ არ იქნა გაფრთხილებული თ-ე, ამასთან ნაგებობის ლიკვიდაციის შესახებ არანაირი სამართლებრივი აქტი კასატორის მიერ არ არის მიღებული და დანგრევა თვითნებურად მოხდა. ამიტომ საკასაციო პალატა მთლიანად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქ. ბათუმის მერიისათვის ხ. თ-ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის 1330 აშშ დოლარის ეკვივალენტის, ასევე ექსპერტიზის ხარჯების _ 110 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ, რადგან სკ-ს 992-ე მუხლის თანახმად, ქ. ბათუმის მერია ვალდებულია აანაზღაუროს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით (პირუტყვის სასაკლაო შენობის უკანონო და დაუსაბუთებელი დანგრევით) თ-ისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, მერიისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
3. საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის დარღვევაზე, რადგან სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ქ. ბათუმის მერიისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას მართებულად არ გამოიყენა სკ-ს 415-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც: ”თუ ზიანის წარმოქმნას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული”. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოშობილი ზიანის დადგომაში დაზარალებულ თ-ეებს ხელი არ შეუწყვიათ, დაზარალებულთა მიერ ზიანის დადგომაში ხელშეწყობის ფაქტი ვერც კასატორის მიერ იქნა დასახელებული და დადასტურებული. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული თ-ე არც კი იქნა წინასწარ გაფრთხილებული მოსალოდნელი ზიანის (შენობის დანგრევის) შესახებ, მას შენობაში არსებული ინვენტარის გამოტანის საშუალებაც არ მიეცა, ამიტომ კასატორის მითითება სკ-ს 415-ე მუხლის პირველ ნაწილზე უმართებულოა და სააპელაციო პალატამ სწორად არ გამოიყენა იგი.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ კანონის სწორი გამოყენება-განმარტებითა და ფაქტობრივ გარემოებათა მართებული შეფასებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება;
3. კასატორ ქ. ბათუმის მერიას საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 106 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.