გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-417-536-კ-03 3 დეკემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 22 აგვისტოს ჭ. ჯ-ემ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შსს-ს მიმართ სარჩელი აღძრა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
შსს-ს 2002წ. 5 აპრილის ¹188 ბრძანებით “საქართველოს შსს-ს საორგანიზაციო-საშტატო საკითხების შესახებ” დამტკიცებულ იქნა შსს-ს ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოსა და მისდამი დაქვემდებარებული დანაყოფების შტატები და გაუქმებულ იქნა აღნიშნული სამსახურის ყველა საშტატო თანამდებობა, მათ შორის ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის საგზაო პოლიციის სამსახურის გაცილების, ესკორტისა და მაღალი რანგის სტუმრების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის ლეგიონის ის საშტატო თანამდებობა, რომელზედაც იგი მუშაობდა, მაგრამ აღნიშნული ბრძანება მისთვის არ გაუცვნიათ. აპრილის თვეში, მის სამუშაო კაბინეტში გამოცხადდა გ. ვ-ე, რომელმაც მას აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ აცნობა. ამის შემდეგ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ადინისტრაციას, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ თბილისის შს სამმართველოს 2002წ. 7 აგვისტოს წერილით ეცნობა მას, რომ შსს-ს 2002წ. 5 აპრილის ბრძანებით იგი შტატგარეშე იყო დარჩენილი. “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შს მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომლები კადრების განკარგულებაში ირიცხებიან არაუმეტეს 4 თვის ვადით და ამ ვადაში უნდა გადაწყდეს მათი შრომითი მოწყობის საკითხი. ვინაიდან 2002წ. 5 აპრილის ბრძანების გამოცემიდან ოთხი თვის გასვლის შემდეგაც იგი თანამდებობაზე არ დანიშნულა, აქედან გამომდინარე, მან სასამართლოში სარჩელი აღძრა და სამუშაოზე აღდგენა მოითხოვა. მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მეათე თავის მუხლების მოთხოვნათა დარღვევით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ადრინდელ თანამდებობაზე აღდგენა მოითხოვა.
შსს-მ სარჩელი არ ცნო და თავის შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულ იქნა “პოლიციის შესახებ” კანონის 26-ე მუხლი და “შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 73-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან სასამართლოში საჩივრდება მხოლოდ პოლიციიდან დათხოვნის ბრძანება. დარღვეულ იქნა ასევე “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაინული სასამართლოს 2002წ. 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჭ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე აღდგენილ იქნა სამუშაოზე ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის საგზაო პოლიციის სამსახურის გაცილების, ესკორტისა და მაღალი რანგის სტუმრების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის ათასეულის (ყოფილი ლეგიონის) მეთაურის თანამდებობაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შსს-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
აპელანტის განმარტებით, შსს-ს 2002წ. 5 აპრილის ¹188 საორგანიზაციო-საშტატო ბრძანების საფუძველზე ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის მთელი პირადი შემადგენლობა გადაყვანილ იქნა შსს-ს კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში. თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნისას საგზაო პოლიციის სამსახურის გაცილების, ესკორტისა და მაღალი რანგის სტუმრების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის ლეგიონის (ათასეულის) მეთაური ჭ. ჯ-ე შტატგარეშე დარჩა.
აპელანტის მითითებით, მოსარჩელემ დაარღვია “პოლიციის შესახებ” კანონის 26-ე მუხლის და “საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 73-ე მუხლი. მოცემულ შემთხვევაში იგი სამსახურიდან დათხოვნილი არ ყოფილა, გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. საორგანიზაციო-საშტატო ბრძანებით, მას მიეცა დაპირება, რომ ტოლფას თანამდებობაზე დაინიშნებოდა. მოსარჩელე მხარემ დაარღვია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ გაასაჩივრა სასამართლოში თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება, ვინაიდან გათავისუფლდა 2002წ. 5 აპრილს და სასამართლოს მიმართა 2002წ. 22 აგვისტოს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 6 ივნისის გადაწყვეტილებით შსს-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარეოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ჭ. ჯ-ისათვის 2002წ. აპრილის თვეში უკვე ცნობილი იყო შსს-ს ხელძღვანელობის მიერ განხორციელებული მოქმედების, საორგანიზაციო-საშტატო ცვლილებების და სადავო თანამდებობაზე გ. ვ-ის დანიშვნის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ვინაიდან მოსარჩელე მხარისათვის 2002წ. აპრილის თვეში გახდა ცნობილი სადავო თანამდებობაზე სხვა პირის დინიშვნის შესახებ, იგი უფლებამოსილი იყო ამ მომენტიდან ერთი თვის განმავლობაში მიემართა სასამართლოსათვის სამუშაოზე აღდგენის თაობაზე. ამასთან, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი არ ითვალისწინებდა მოხელის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის გაშვებული ერთთვიანი ვადის საპატიოდ ჩათვლას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ გაშვებული იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვის ერთთვიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტლება ჭ. ჯ-ემ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, გ. ვ-ის განცხადება არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო იმის მტკიცებად, რომ მისთვის თითქოს 2002წ. აპრილიდან იყო ცნობილი დარღვეული უფლების შესახებ, რადგან ჯერ ერთი მისთვის აღნიშნული ბრძანების შინაარსი ცნობილი არ ყოფილა და მეორეც, იგი არც 2002წ. 5 აპრილის ბრძანების გამოცემისას და არც სარჩელის აღძვრამდე სამუშაოდან გათავისუფლებული არ ყოფილა, შესაბამისად მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ მის მიერ დაკავებულ ადგილზე სხვა პირი იყო დანიშნული.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ჭ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 6 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი შემდეგი სახის ფაქტობრივი გარემოებები:
შსს-ს 2002წ. 5 აპრილის ¹188 ბრძანებით “საქართველოს შსს-ს საორგანიზაციო-საშტატო საკითხების შესახებ” დამტკიცებულ იქნა შსს-ს ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოსა და მისდამი დაქვემდებარებული დანაყოფების შტატები და გაუქმებულ იქნა აღნიშნული სამსახურის ყველა საშტატო თანამდებობა, მათ შორის ქ. თბილისის შს მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის საგზაო პოლიციის სამსახურის გაცილების, ესკორტისა და მაღალი რანგის სტუმრების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის ლეგიონის მეთაურის ის საშტატო თანამდებობა, რომელზეც ჭ. ჯ-ე მუშაობდა.
“საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შსს-ს საორგანიზაციო-საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას, შსს-ს ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომლები კადრების განკარგულებაში ირიცხებიან არაუმეტეს 4 თვის ვადით, ორი თვის ხელფასის შენარჩუნებით, ხოლო მომდევნო ორი თვის განმავლობაში მათ მიეცემა სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის კომპენსაცია. აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა გადაწყდეს თანამშრომლის შრომითი საკითხი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ კასატორისათვის 2002წ. აპრილის თვეში იყო ცნობილი სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული მოქმედების (საშტატო ცვლილებების) და სადავო თანამდებობაზე გ. ვ-ის დანიშვნის შესახებ, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე ჭ. ჯ-ისათვის ოფიციალურად არავის უცნობებია, არც ბრძანება გაუცვნიათ. მხოლოდ გ. ვ-ის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ იგი ჭ. ჯ-ის თანამდებობაზე იქნა დანიშნული, არ შეიძლება გამოდგეს იმის მტკიცებად, რომ ამ დროისათვის კასატორმა თავისი დარღვეული უფლების შესახებ იცოდა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ჭ. ჯ-ემ არაერთხელ მიმართა ადმინისტრაციას, რათა მისთვის ეცნობებინათ მისი სამსახურებრივი მდგომარეობის შესახებ, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ თბილისის შს მთავარი სამმართველოს 2002წ. 7 აგვისტოს წერილით ეცნობა მას, რომ იგი 2002წ. 5 აპრილის ბრძანებით შტატგარეშე იყო დარჩენილი, რის შემდეგაც მან 2002წ. 22 აგვისტოს სასამართლოში სარჩელი აღძრა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჭ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 6 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.