985აპ. 5 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
ზაზა მეიშვილი, მაია ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ბ-ის დამცველების, ადვოკატების _ დ. ბ-სა და ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 22 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნით ა. ბ-ვს, და კოლა ლუცუფიძეს, ბრალი დაედოთ იმაში, რომ მათ ჩაიდინეს განზრახ მკვლელობის მცდელობა, დამამძიმებელ გარემოებებში _ ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, ხულიგნური ქვენაგრძნობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 18.00 საათზე, თელავის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ კ. ლ-ის ოჯახში იქეიფეს ა. ბ-მა, გ. ბ-მა, გ. მ-მა და ნ. ჭ-ემ, რა დროსაც დალიეს ალკოჰოლური სასმელი, დათვრნენ და დაახლოებით 23 საათზე წამოვიდნენ სოფლის ცენტრისაკენ. ამ დროს ცალკე წამოსულებმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა, ა. ბ-მა და კ. ლ-ემ ქუჩაში სიგარეტი სთხოვეს სოფ. ---ში მცხოვრებ მ. მ-ლს და მის ძმისშვილს _ გ. ი-ის ძე მ-ლს, რაზეც გ. მ-მა გაუწოდა მათ სიგარეტი. ა. ბ-მა, აგრესიულად მიმართა მას, თუ რა სიგარეტს ეწეოდა და თან უცენზურო სიტყვებით შეაგინა. ა. ბ-მა ყოველგვარი მოტივის გარეშე, ხულიგნური ქვენაგრძნობით, განიზრახა გ. მ-ის მოკვლა. ამ მიზნით გ. მ-ლს გულ-მკერდის არეში დაარტყა დანა და მიაყენა მას სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, კერძოდ, გულ-მკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა ფილტვის დაზიანებით, რის გამოც გ. მ-ლი დაეცა, ხოლო ა. ბ-ვი ფეხით სცემდა მას და ცდილობდა მისთვის ხელახლა დაერტყა დანა. გ. მ-ლი დაუსხლტა ხელიდან ა. ბ-ვს და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, რის გამოც ა. ბ-მა ვერ შეძლო თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამ დროს, გ. მ-ის ბიძა _ მ. მ-იც გაიქცა და შევარდა იქვე მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც კ. ლ-ძე და გ. ბ-ვი ერთად მიჰყვნენ მ. მ-ლს უკან, განზრახ მოკვლის მიზნით. ხმაურზე სახლიდან გამოვიდნენ მ. მ-ის მეუღლე _ ე. მ-ლი და მამა _ გ. ი-ის ძე მ-ლი. ე. მ-ლი შეეცადა, დაეკეტა ეზოს კარი, მაგრამ ა. ბ-მა და კ. ლ-ემ ძალის გამოყენებით გააღეს კარი, შეცვივდნენ საცხოვრებელი სახლის ეზოში და მისცვივდნენ იქვე მყოფ მ. მ-ლს, რა დროსაც გ. ბ-მა და კ. ლ-ემ ჯგუფურად, ყოველგვარი მოტივის გარეშე, ხულიგნური ქვენაგრძნობით, განიზრახეს მ. მ-ის, მისი მეუღლის – ე. მ-სა და მამის _ გ. ი-ის ძე მ-ის მკვლელობა. ა. ბ-მა მოკვლის მიზნით მ. მ-ლს დანა დაარტყა მუცლის არეში, რითაც მას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, კერძოდ, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, კუჭისა და ღვიძლის დაზიანებით, ხოლო კ. ლ-ემ, ასევე ხულიგნური ქვენაგრძნობით, იქ მყოფ ორ პირს _ ე. მ-სა და მ. მ-ის მამას _ გ. მ-ლს განზრახ მკვლელობის მიზნით დაარტყა დანა: გ. მ-ლს _ მარცხენა საზარდულის მიდამოში, რითაც მას მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით; ე. მ-ლი შეეცადა მათ გაშველებას, მაგრამ კ. ლ-ემ, თავისი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ე. მ-ლს დაარტყა დანა ოთხჯერ მუცლის არეში და ერთხელ _ მარცხენა მხრის მიდამოში, რითაც მას მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. კ. ლ-სა და ა. ბ-ის ამ ქმედებების გამო დაზარალებულებმა დაიწყეს ყვირილი და ხალხის საშველად მოხმობა. კ. ლ-სა და ა. ბ-ვს შეექმნათ მხილების საფრთხე, ისინი იძულებული გახდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, რის გამოც მათ ვერ შეძლეს თავიანთი განზრახვის სისრულეში მოყვანა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. დაჭრილი დაზარალებულები გადაიყვანეს თელავის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც მათ გაუწიეს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით, ა. ბ-ვი და კ. ლ-ძე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.
წინასწარი გამოძიების სტადიაზე ა. ბ-სა და კ. ლ-ის ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლითა და 109-ე მუხლის „ა“, „თ“, „კ“ ქვეპუნქტებით (2003 წლის 20 ივნისის რედაქცია). თელავის რაიონულ სასამართლოში სასამართლო გამოძიებისას სხდომაში მონაწილე პროკურორმა ი. ო-მა ა. ბ-სა და კ. ლ-ის სასარგებლოდ მოხსნა მათ მიმართ წინასწარი გამოძიებისას წარდგენილი ბრალდება და მათ ბრალი დასდო საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებულ ისეთ ქმედებაში, როგორიცაა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით.
თელავის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის განაჩენით ა. ბ-ვი და კ. ლ-ძე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) საფუძველზე და თითოეულს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულების _ ა. ბ-სა და კ. ლ-ის დამცველმა ადვოკატებმა _ ვ. კ-ემ და დ. ბ-ემ, რომლებიც, შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით, თავიანთი საჩივრებით ითხოვდნენ მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებასა და ამ სასჯელის პირობით ჩათვლას, რაც მოტივირებული აქვთ შემდეგ გარემოებებზე მითითებით: განაჩენის გამოტანის დროს სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებულებს დაზარალებულთა ოჯახთან ჩამოუყალიბდათ ნორმალური დამოკიდებულება, დაზარალებულებმა აღნიშნული პოზიცია დააფიქსირეს სასამართლოშიც, ამასთან, მსჯავრდებულები აღიარებენ და ინანიებენ თავიანთ მიერ დანაშაულის ჩადენას; სასამართლომ არ გაიზიარა დაზარალებულების პოზიცია, რომ მსჯავრდებულებს შეეფარდოთ ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან; მსჯავრდებულები პირველად არიან სამართალში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ა. ბ-ის დამცველმა ადვოკატებმა _ დ. ბ-ემ და ვ. კ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლებიც იმავე მოტივის საფუძველზე, რაც წინათ მითითებული ჰქონდათ ამავე საქმეზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში, ითხოვენ ა. ბ-სათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასა და ამ სასჯელის პირობით ჩათვლას.
მსჯავრდებულ კ. ლ-ეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ გაუსაჩივრებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, შეამოწმა აღნიშნული საქმე და გასაჩივრებული განაჩენის კანონიერება სრული მოცულობით, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
განხილულ საქმის მასალებში მოიპოვება საკმარისზე მეტი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ ადასტურებენ მსჯავრდებულ ა. ბ-ის მიერ იმ ქმედების ჩადენას, რაც მას ბრალად შეერაცხა სასამართლოს განაჩენით. ამ გარემოებას არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლომ მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა ყველა შემამსუბუქებელი გარემოება, რომლებიც მსჯავრდებულს გააჩნდა, რის შედეგადაც მას დაუნიშნა ისეთი სასჯელი, რომელიც ვერ ჩაითვლება ზედმეტად მკაცრად. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულ ა. ბ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.
ამავე დროს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის ძალითაც შემცირდა ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა, კერძოდ, საქარველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია). აღნიშნული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე, ხოლო საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე. აღნიშნული გარემოება გათალისწინებულ უნდა იქნეს მსჯავრდებულ ა. ბ-ის მიერ ჩადენილ ქმედებასთან მიმართებით, რომლის კვალიფიკაციაზეც იგი გავლენას ახდენს, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ ა. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში ა. ბ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატამ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი სარევიზიო წესით შეამოწმა მსჯავრდებულ კ. ლ-ის მიმართ, რომელსაც ბრალი დაედო ხულიგნური ქვენაგრძნობით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რაც მართებულად ვერ იქნება მიჩნეული, რადგან მის ქმედებას შედეგის სახით არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო. ამასთან ერთად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კ. ლ-ის ქმედება, რომელმაც დაზარალებულ ე. მ-ლს დანა ოთხჯერ დაარტყა მუცლის არეში, აშკარად მეტყველებს მის განზრახვასა და მიზანზე _ მისთვის მიეყენებინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. იგივე უნდა ითქვას კ. ლ-ის მიერ დაზარალებულ გ. მ-ის მიმართ ჩადენილი ქმედების თაობაზეც. ამიტომ მისი ქმედება უნდა შეფასდეს როგორც ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა, რის გამოც, აღნიშნული ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლსა და 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
რაც შეეხება მსჯავრდებულ კ. ლ-ის მიმართ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ზომას, უნდა აღინიშნოს, რომ იგი განსაზღვრულია სისხლის სამართლის კანონის მოთხოვნათა დაცვით, სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელად.
საბოლოოდ, ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულების _ ა. ბ-სა და კ. ლ-ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 567-568-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა. ბ-ის დამცველების, ადვოკატების _ დ. ბ-სა და კ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 აგვისტოს განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: მსჯავრდებულ ა. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტიდან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
იმავე განაჩენში მსჯავრდებულ კ. ლ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის მე-19 მუხლსა და 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების _ ა. ბ-სა და კ. ლ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.