Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-4-214-კ-03 19 ნოემბერი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: იმპორტზე გადასახადის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საურავის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 8 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში სს “ს. გ. თ. კ.” მიმართ სარჩელი აღძრა და მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ საბაჟო გადასახადების სახით წარმოქმნილი დავალიანების 282609,88 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოგვიანებით მოსარჩელემ თბილისის საოლქო სასამართლოში დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა და საბაჟო კოდექსის 71-73 მუხლების, ასევე “საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 და საგადასახადო კოდქსის მე-100 და 109-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხისათვის საბაჟო გადასახდელების სახით წარმოქმნილი დავალიანების 964038,18 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და საურავის 2135,681 ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ 2000წ. დეკემბრიდან _ 2002წ. სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 9792463,59 აშშ დოლარის საბაჟო ღირებულების 177559,889 ათ.მ3 მოცულობის გაზის იმპორტი განახორციელა. იმპორტირებულ საქონელზე დარიცხული საბაჟო გადასახდელების ოდენობამ 1804,942 აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული საქონლის იმპორტზე საბაჟო გადასახდელების სახით წარმოქმნილი დავალიანება მოპასუხეს რეგიონალურ საბაჟო “ე. შ.” შედგენილი შედარების აქტებით აქვს აღიარებული. მოპასუხესთან 2002წ. 12 მარტს ხელმოწერილი მორიგების აქტის თანახმად მოხდა 2000წ. დეკემბრიდან 2001წ. იანვრის პერიოდში იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე დარიცხული საბაჟო გადასახდელების გაწილვადება.

კონტროლის პალატის მიერ 2002წ. 20 სექტემბერს შედგენილი აქტით, მოპასუხე ორგანიზაციას განხორციელებული ბუნებრივი აირის იმპორტზე დღგ-ეს დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საურავის სახით 2135,681 ლარი დაერიცხა.

მოპასუხე, სს “ს. გ. თ. კ.” წარმომადგენელი დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნას ნაწილობრივ დაეთანხმა. კერძოდ, საბაჟო გადასახადის 964038,18 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ნაწილში სარჩელი ცნო, ხოლო საურავის 2135,681 ლარის გადახდას იმ მოტივით არ დაეთანხმა, რომ კონტროლის პალატის 2002წ. 20 სექტემბრის შემოწმების აქტს სს “ს. გ. თ. კ.” ხელმძღვანელობა ხელს არ აწერდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა. სს “ს. გ. თ. კ.” საბაჟო გადასახდელების სახით წარმოქმნილი დავალიანების 964038,18 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და საურავის 2135,681 ლარის გადახდა მოსარჩელის ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა.

სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

კონტროლის პალატის მიერ 2002წ. 20 სექტემბერს შედგენილი აქტით საურავი დარიცხულია ბუნებრივი აირის იმპორტზე. 2002წ. 1 მაისის შემდეგ შემოტანილ ბუნებრივ აირზე გადასახადის დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დარიცხული საურავის ოდენობამ 97300,18 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი შეადგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის ზემოთ მითითებული მუხლისა და საბაჟო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, სარჩელი საფუძვლიანი იყო და იგი დააკმაყოფილა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სს “ს. გ. თ. კ.” გენერალურმა დირექტორმა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

კასატორის მითითებით, საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლით დამატებული ღირებულების გადასახადი განსაზღვრულია როგორც საბაჟო გადასახადი. აქედან გამომდინარე, საბაჟოზე დღგ-ს გადახდასთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხი საბაჟო კოდექსით უნდა იქნეს გადაწყვეტილი და მოცემულ შემთხვევაში არამართებულია საურავების დარიცხვა საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლოში კასატორმა განაცხადა, რომ სს “ს. გ. თ. კ.” ძირითადი დავალიანება 964038,18 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი უკვე გადაიხადა და ამ ნაწილში დავის საგანი აღარ არსებობს. მოწინააღმდეგე მხარე ძირითადი თანხის გადახდის ნაწილში დაეთანხმა კასატორს და ამ ნაწილში სარჩელზე უარი თქვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ სს “ს. გ. თ. კ.” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილება სს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის საურავის 2135681 ლარის ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში, ხოლო ძირითადი თანხის 964038, 18 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება და ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი შემდეგი სახის ფაქტობრივი გარემოებები:

სს “ს. გ. თ. კ.” 2000წ. დეკემბერ _ 2003წ. სექტემბრის პერიოდში საქართველოში 9792463,9 აშშ დოლარის საბაჟო ღირებულების 177559,889 ათ. მ3 მოცულობის ბუნებრივი გაზის იმპორტი განახორციელა.

აღნიშნული საქონლის იმპორტზე საბაჟო გადასახდელების სახით წარმოქმნილი დავალიანება მოპასუხეს რეგიონალურ საბაჟო “ე. შ.” შედგენილი შედარების აქტებით აქვს აღიარებული.

კონტროლის პალატის მიერ 2002წ. 20 სექტემბერს შედგენილი აქტით, მოპასუხე ორგანიზაციას განხორციელებული ბუნებრივი აირის იმპორტზე დღგ-ს დადგენილ ვადაში გადაუხდელობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საურავის სახით 2135,681 ლარი დაერიცხა. მოპასუხემ არ მიიღო საქართველოს კონტროლის პალატის წინადადება მონაწილეობა მიეღო აქტის შედგენაში, მან ასევე უარი განაცხადა აქტის ხელმოწერაზე.

ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლიდან მოხსნისას და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში გადაიხდევინება საბაჟო გადასახდელები: გადასახადები და მოსაკრებლები. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი გადასახადებია: საბაჟო, დამატებული ღირებულებისა და აქციზი. საბაჟო კონტროლიდან მოხსნისას და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში საქონელი ექვემდებარება საბაჟო, დამატებული ღირებულებისა და აქციზის გადასახადებით დაბეგვრას საგადასახადო კოდექსისა და საბაჟო კოდექსის მიხედვით (საგადასახადო კოდექსის 116-ე მუხლის მე-4 ნაწილი). აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ვინაიდან მილსადენი ტრანსპორტით გამავალი გაზი აქციზურ საქონელს არ წარმოადგენს და ამასთან, საბაჟო გადასახადებზე საბაჟო კოდექსი საურავს არ ითვალისწინებს, საურავის დაკისრების ნაწილში სარჩელი მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადს ეხება.

საკასაციო სასამართლო ასევე მოიხმობს საბაჟო კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, თუ საბაჟო გადასახდელის გადამხდელმა განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა დადგენილი საბაჟო გადასახდელი, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი და მისი შესაბამისი საბაჟო ორგანო აღნიშნული გადასახდელის იძულებით გადახდევინებას საგადასახადო კოდექსის 42-ე თავით საგადასახადო ორგანოებისათვის დადგენილი წესით ახორციელებს.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკითხი მილსადენი ტრანსპორტით გამავალი ბუნებრივი აირის განბაჟებას ეხება, საბაჟო დეპარტამენტი მოკლებულია თავისი პრინციპის განხორციელების შესაძლებლობას გამოიყენოს საგადასახდო კოდექსის 42-ე თავით გათვალისწინებული გადასახადის იძულებითი გადახდევინების რომელიმე საშუალება. იგი მილსადენი ტრანსპორტით გამავალ ბუნებრივ აირს ვერ დააყადაღებს და მასზე ვერც გირავნობის უფლებას გამოიყენებს.Aამდენად, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდევინებისა და სურავის დაკისრების ნაწილში მოქმედებს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1998წ. 6 იანვრის ბრძანება, “საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენი ტრანსპორტის საშუალებით გადაადგილებული გაზის ფაქტიურ რაოდენობაზე კონტროლის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” და საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან დღგ საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადია, რომელსაც საბაჟო ორგანოები ამოიღებენ.

ზემოთ მითითებული ინსტრუქციის მე-3 თავის 3.1 პარაგრაფის მიხედვით, საბაჟო საზღვარზე მილსადენი ტრანსპორტით გადაადგილებული გაზის ფაქტიურ რაოდენობაზე საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო კოდექსის მე-5 თავის შესაბამისად, რომლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოტანისას საბაჟო კონტროლი იწყება მათ მიერ საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის მომენტიდან. საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენი ტრანსპორტის საშუალებებით გადაადგილებული გაზის ფაქტიურ რაოდენობაზე კონტროლი წარმოებს ინსტრუქციის 5.2 პუნქტის თანახმად, ყოველთვიურად, მაგრამ არაუგვიანეს საანგარიშგებო თვის 10 რიცხვისა. საქართველოს საბაჟო ორგანო, რომელიც ახორციელებს კონტროლს გადატანილი გაზის ფაქტიურ რაოდენობაზე, აგზავნის საბაჟო დეპარტამენტის ენერგეტიკის სამმართველოში ცნობას, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ერთი თვის განმავლობაში გადაადგილებული გაზის ფაქტიური რაოდენობის შესახებ მიმწოდებელსა და მიმღებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით.

ზემოთქმული ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მილსადენი ტრანსპორტით გამავალი გაზის განბაჟება განსხვავდება სხვა იმპორტირებული საქონლის განბაჟებისგან და ამ დროს გაზის შემომტანს გადახდის ვალდებულება ზემოთ მითითებული ინსტრუქციით გათვალისწინებულ დროს წარმოეშობა. Aამასთან, გაზის შემომტანს მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადზე დაერიცხება საურავები. Aაქვე ნიშანდობლივია ისიც, რომსაბაჟო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბაჟო სატვირთო დეკლარაციის წარდგენა ხდება საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადგენილ ვადებში. Eეს ვადები არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს საქონლისა და მისი გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო ორგანოებისათვის წარდგენის დღიდან.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ვინაიდან ძირითადი თანხის 964038,18 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში დავის საგნის არ არსებობის გამო მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, რაც სასამართლომ მხარეთა წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით გადაამოწმა, ამ ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს და ძირითადი თანხის 964038,18 აშშ დოლარის ნაწილში უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს “ს. გ. თ. კ.” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს “ს. გ. თ. კ.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილება სს “ს. გ. თ. კ.” საურავის 2135681 ლარის ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში.

3. ძირითადი თანხის 96403818 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება და ამ ნაწილში გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

4. მხარეებს განემარტოთ, რომ ამ ნაწილში იმავე საგანზე, იმავე საფუძვლით მიმართვა სამმართველოსათვის არ დაიშვება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩვრდება.