Facebook Twitter

¹990აპ ქ. თბილისი

14 მარტი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),

ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე

სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის,

პროკურორ _ გ. ქ-ის,

ადვოკატ _ დ. ხ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულების _ ი., რ., ფ., მ., ა. და ტ. მ-ების ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 თებერვლის განაჩენით:

1. ი. მ-ძე,

2. რ. მ-ძე,

3. ფ. მ-ძე,

4. მ. მ-ძე,

5. ა. მ-ძე,

6. ტ. მ-ძე, ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩაიდინეს თვითნებობა ძალადობის გამოყენებით და სხვისი მოძრავი ნივთების განზრახ განადგურება და დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

2002 წლის 31 მაისს, საღამოს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ---ში, თ. ნ-სა და ა. ხ-ის ორგანიზებით, ნ. -ის კუთვნილი ნაკვეთიდან გაძევების მიზნით, ი. მ-ძე წინასწარ შეუთანხმდა თავის ნათესავებს _ ნ., ა., მ., რ. მ-ებს, ჟ. დ-ეს, გ. ს-ძე_მ-სა და სხვებს, რომ ღამით მისულიყვნენ ნ. გ-ის საკარმიდამო ნაკვეთში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, დაენგრიათ და გაენადგურებინათ ის, ასევე _ საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები, ნარგავები და ნაკვეთიდან გაეძევებინათ ნ. გ-ძე ოჯახით. მეორე დღეს, დაახლოებით 5 საათზე, თ. ნ-სა და ა. ხ-ის ორგანიზებით, ხსენებული პირთა ჯგუფი მივიდა ნ. გ-ის კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთში მდებარე საცხოვრებელ შენობასთან და იმ მოტივით, რომ ეს ნაკვეთი მიაჩნდათ თავიანთი გვარის კუთვნილებად, ძალადობის გამოყენებით ნ. გ-ძე იძულებით გამოიყვანეს საცხოვრებელი სახლიდან, ძალის გამოყენებით გააკავეს იგი, არ მისცეს წინააღმდეგობის გაწევის საშუალება და განახორციელეს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ თავისად დაგულვებული უფლება, კერძოდ, პირთა ჯგუფმა დაანგრია ნ. გ-ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი _ შენობის კედლები, იატაკი, ჭერი, კარ-ფანჯარა, ასევე გაანადგურეს და დააზიანეს ტანსაცმელი, პროდუქტი და სხვა ნივთები; ამავე დროს ზემოჩამოთვლილმა პირებმა, ასევე ძალადობის გამოყენებით, საკარმიდამო ნაკვეთში გაანადგურეს სულ _ 100 ლარისა და 80 თეთრის ღირებულების ნარგავები. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულს მთლიანად მიადგა 7 400 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის ი. და ფ. მ-ებს მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით, ტ. მ-ეს განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 2 წლით, ხოლო ა., მ. და ს. მ-ებს 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა _ ი., ფ., რ., ა., მ. და ტ. მ-ებმა. მათ მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამართლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და 2006 წლის 7 ივნისის განაჩენით იგი არ დააკმაყოფილა. ამასთან, გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: განაჩენიდან ამოირიცხა მითითება სასჯელის მოხდის რეჟიმზე შესახებ; განაჩენიდან ასევე ამოირიცხა მითითება ს. მ-ის დამნაშავედ ცნობისა და სასჯელის ზომის განსაზღვრის შესახებ, როგორც ტექნიკური უზუსტობა და მის ნაცვლად ჩაიწერა „რ. მ-ძე”; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულთა ადვოკატმა დ. ხ-ემ. იგი ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულთა მიმართ საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს არსებითად დაირღვა სამართლებრივი პროცედურები; სასამართლომ გამოიყენა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულთა ქმედების ხასიათსა და პიროვნებებს.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 529-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნები, რადგან საქმე განიხილა არა ორი კვირის ვადაში, არამედ წელიწადზე მეტი დროის გასვლის შემდეგ და მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რაც, სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველს წარმოადგენს; განაჩენის მიხედვით, არ არის დადგენილი, თუ რაში გამოიხატა თითოეული მსჯავრდებულის ქმედება; სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი; სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები საერთოდ არ ჩანს მსჯავრდებულთა მიმართ წარდგენილი ბრალის ფორმულირებაში; ხოლო სასამართლო თუ დაეთანხმება ბრალდების მხარის მიერ ჩამოყალიბებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, მაშინ შესაძლებელია, მსჯელობა იყოს მხოლოდ სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებზე; სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა მსჯავრდებულთა პიროვნებები, ის, რომ ისინი არ არიან ნასამართლევი; ყველა მათგანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია; რ. მ-ის გარდა, ყველას ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები.

საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა დ. ხ-ემ დააზუსტა საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა თავისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ დანიშნული სასჯელების პირობით ჩათვლა და პატიმრობიდან განთავისუფლება იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულებმა დაზარალებულს აუნაზღაურეს მიყენებული ზიანი, ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, თვითოეული მსჯავრდებული არის თავისი ოჯახის წევრთა ერთადერთი მარჩენალი.

ადვოკატ დ. ხ-ის მოთხოვნას თავიანთი წერილობითი განცხადებებით მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულებმა.

სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელების შემსუბუქება იმის გათვალისწინებით, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და დაზარალებულს ზიანი ანაზღაურებული აქვს. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ მსჯავრდებულებს _ ი. მ-ეს, ა. მ-ეს, მ. მ-სა და რ. მ-ეს დანიშნული სასჯელები ჩაეთვალოთ პირობით, ფ. მ-ეს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 წლამდე, ხოლო ტ. მ-ეს დანიშნული 2 წლით თავისუფლების აღკვეთიდან ერთი წელი ჩაეთვალოს პირობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრება, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულების მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა სრულადაა დადასტურებული საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის დაზარალებულ ნ. გ-ის (ს.ფ. 353-357), მოწმეების _ ნ. ბ-ის (ს.ფ. 372-374), ნ. ბ-ის (ს.ფ. 376-377), ნ. მ-ის (ს.ფ. 379-380), რ. პ-ის (ს.ფ. 382-383), რ. ც-ის (ს.ფ. 393-394) ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ს.ფ. 7). აღნიშნული მტკიცებულებები სათანადოდაა გამოკვლეული სასამართლო სხდომაზე და მსჯავრდებულების ქმედებები სწორადაა დააკვალიფიცირებული.

რაც შეეხება დანიშნულ სასჯელებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლოა, რის გამოც უნდა შემსუბუქდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის _ ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენი უნდა იყოს სამართლიანიც, რაც იმას გულისხმობს, რომ დანიშნული სასჯელი უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის 565-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის გამო აშკარად უსამართლოა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებულებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ, ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი და მას პრეტენზია არ აქვს, მ. მ-ეს, ი. მ-სა და ა. მ-ეს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები (ს.ფ. 102-106). პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ ი., რ., ფ., მ., ა. და ტ. მ-ების მიერ ჩადენილი ქმედებები განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულების _ ი., რ., ფ., მ., ა. და ტ. მ-ების ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 ივნისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ:

ი. მ-ეს დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 64-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

ა. მ-ეს დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 64-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

მ. მ-ეს დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 64-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

რ. მ.ეს დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 64-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით;

ფ. მ-ეს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 6 (ექვსი) თვით და განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ამავე კოდექსის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 6 (ექვსი) თვით და განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და ფ. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

ტ. მ-ეს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი _ 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 5 (ხუთი) თვით და განესაზღვროს 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელმა, საქართველოს 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქას 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული, ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ტ. მ-ეს მიესაჯოს 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 (ერთი) წელი და ტ. მ-ეს საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულები _ ი. მ-ძე, ა. მ-ძე, მ. მ-ძე და რ. მ-ძე დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.