Facebook Twitter

¹998აპ ქ. თბილისი

14 მაისი, 2007 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლ. მურუსიძე (თავმჯდომარე),

ი. ტყეშელაშვილი, ზ. მეიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების პროკურორ თ. ა-ას და მსჯავრდებულ ბ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ს-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 4 მაისის განაჩენით ბ. გ-ის ძე კ-ძე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 262-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, იმაში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა, რაც გამოიხატა შემდეგში:

ბ. კ-ემ 2005 წელს, თურქეთის რესპუბლიკაში, წინასწარი გამოძიებით

დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენილი პირისაგან, უკანონოდ შეიძინა 18 ცალ ფირფიტაში მოთავსებული 121 ცალი ---ის აბი, რომელიც შეიცავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,---ს” 0.968 გრამის ოდენობით, რომელიც შეინახა ასევე უკანონოდ. 2005 წლის 26 ოქტომბერს, თავისი კუთვნილი შავი ფერის ,,მერსედესის” მარკის ა/მანქანით, სარეგისტრაციო ¹--, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება გადაზიდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრამდე, რის შემდეგაც იმავე დღეს ---ის საბაჟოს გავლით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,---” 0,968 გრამის ოდენობით, რა დროსაც საბაჟო კონტროლის დროს, იგი გაიქცა შემოწმების ადგილიდან სარფის საბაჟოს გასასვლელი ჭიშკრისაკენ და მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, მან სარეჟიმო ტერიტორიის ღობის გარეთ მოისროლა და გადააგდო ორ ფუთად შეკრული ზემოაღნიშნული განსაკუთრებითი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდგომში გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღებული იქნა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენით, ბ. კ-ეს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. კ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ს-ემ და მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განაჩენით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა, კერძოდ ბ. კ-ეს დანიშნული სასჯელი – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 10 წლამდე. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიჩნეული იქნა, რომ სახეზეა დანაშაულთა იდეალური ერთობლიობა და აღნიშნული მოტივით მის მიერ დანიშნული იქნა ერთი სასჯელი.

პროკურორი თ. ა-ია საკასაციო საჩივრით მოითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი და არ შეესაბამება განსასჯელის ქმედების ხასიათს.

მსჯავრდებულ ბ. კ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ. ს-ძე საკასაციო საჩივრით მოითხოვს მსჯავრდებულის გამართლებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ მსჯავრდებულ ბ. კ-ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის _ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის განყოფილების პროკურორ თ. ა-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განაჩენი ბ. კ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:

პალატას მიაჩნია, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების რ. ფ-ის, ა. ბ-ის, გ. კ-ის ჩვენებებით, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, ამოღების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მასალებით დასტურდება ბ. კ-ის მიერ ჩადენილი ბრალეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება და აღნიშნულიდან გამომდინარე მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არასწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დანაშაულთა იდეალური ერთობლიობა და შესაბამისად არასწორად დანიშნა სასჯელი.

სსკ-ის 16-ე მუხლის თანახმად დანაშაულთა იდეალურ ერთობლიობად ითვლება ისეთი ქმედების ანუ ერთი ქმედების ჩადენა, რომელიც შეიცავს კოდექსის ორი ან მეტი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ნიშნებს.

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ბ. კ-ემ უკანონოდ შეიძინა, შეინახა და გადაზიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “---”. მან აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ასევე შემოიტანა საქართველოში. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბ. კ-ეს ერთი ქმედებით არ განუხორციელებია სსკ-ის ორი მუხლით გათვალისწინებული დანაშაული და ამდენად სახეზეა დანაშაულთა არა იდეალური, არამედ რეალური ერთობლიობა.

ზემოაღნიშნულის გამო, სააპელაციო პალატის განაჩენი ბ. კ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დაადგინა:

მსჯავრდებულ ბ. კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

პროკურორ თ. ა-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განაჩენი ბ. კ-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

ბ. კ-ეს აღკვეთის ღონისძიებად შეერჩეს დაპატიმრება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.