გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-45-244-კ-03 3 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბრძანებისა და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 5 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოს სარჩელით მიმართა დ. გ-ემ და მოითხოვა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 13 ივნისის ¹1-3/396 ბრძანებისა და 2001წ. 23 ოქტომბრის უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
2000წ. 6 მარტს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა სარჩელით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს დ. გ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის ბინიდან გამოსახლება იმ საფუძვლით, რომ ბინა მდებარე ქ. თბილისში ..., იყო სამსახურებრივი დანიშნულების, რომელიც გამოუყვეს დიანა გვეტაძის მეუღლეს, ს. გ-ეს, რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეს, ამჟამად მყოფს სამხედრო სამსახურში ქ. .... აღნიშნული ბინა ირიცხება დეპარტამენტის ბალანსზე.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდა და დ. გ-ე გამოსახლებული იქნა სადავო ბინიდან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-ემ და მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 3 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და აპელანტის ცნობა ძირითად დამქირავებლად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 12 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება დ. გ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 21 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა სააპელაციო პალატის 2000წ. 12 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საოლქო სასამართლოს.
ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 19 ივნისის სხდომაზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი ცნობილი იქნა არასათანადო მოსარჩელედ, მისმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა სათანადო მოსარჩელედ ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის ცნობაზე, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩაბმაზე, რის გამოც საოლქო სასამართლომ 2001წ. 25 სექტემბრის განჩინებით გააუქმა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000წ. 3 მაისის გადაწყვეტილება და შეწყვიტა საქმის წარმოება. აღნიშნულის შემდეგ თბილისის საოლქო სასამართლომ 2002წ. 8 ივნისის განჩინებით სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის კერძო საჩივრის საფუძველზე გააუქმა 2001წ. 25 სექტემბრის განჩინება საქმის შეწყვეტის შესახებ და ეს უკანასკნელი სათანადო მოსარჩელეს წარმოადგენს ზემოაღნიშნულ საქმეზე. განჩინების საფუძველი გახდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2001წ. 13 ივნისის ¹1-3/396 ბრძანება, რომლის თანახმადაც სადავო ბინა უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცა საზღვრის დაცვის დეპარტამენტს. მოსარჩელის აზრით, ბრძანება უკანონოა, რადგან იგი სადავო ბინაში ცხოვრობს საბურთალოს რაიონის აღმასკომის 1993წ. 22 ივნისის ორდერის საფუძველზე და მას ბინაზე კანონიერი სარგებლობის უფლება გააჩნია. შესაბამისად, მოპასუხეს არ ჰქონია უფლება გამოეცა სადავო ბრძანება და გაეფორმებინა მესამე პირთან უზუფრუქტის ხელშეკრულება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილებით დ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლო კოლეგიამ დადგენილად სცნო, რომ:
1. ¹2501 სამხედრო ნაწილის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის გადაწყვეტილებით (ოქმი ¹10) სამხედრო მოსამსახურის ს. გ-ის ოჯახს (მეუღლე _ დ. გ-ე, შვილი _ ვ. გ-ე) გამოეყო ყოფილი სსრკ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ფონდში რიცხული იზოლირებული ბინა მდებარე თბილისში ... _ საცხოვრებელ ფართზე უფლების გარეშე, მხოლოდ ჩაწერის უფლებით და ეთხოვა თბილისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის საბინაო ორდერის გამოწერა.
2. საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომმა 1989 წელს ს. გ-ეზე ¹2051 სამხედრო ნაწილის საბინაო საყოფაცხოვრებო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნულ ბინაზე გასცა ორდერი ¹005347 სერია ¹01, რომელშიც ასევე მიეთითა მხოლოდ ჩაწერის უფლებით, საცხოვრებელ ფართზე უფლების გარეშე
3. იმავე საცხოვრებელ ბინაზე ს. გ-ის სახელზე, 1992წ. 22 ივნისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის მიერ კვლავ გაიცა ორდერი ¹011519 სერია ...., რომელშიც მითითებულია, რომ ორდერის მოქმედება შეზღუდულია თბილისის მერიის 1998წ. 26 ნოემბრის ¹10.10.113 დადგენილებით პრივატიზაციისა და გაცვლის უფლების გარეშე. აღნიშნული ორდერის გაცემის საფუძველი გახდა ამიერკავკასიის სამხედრო სასაზღვრო ჯარების მთავარი სამმართველოს 1993წ. 2 ივნისის ¹105 მიმართვა.
4. მოსარჩელე დ. გ-ე მის მეუღლესთან ს. გ-ესთან განქორწინებულია სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და განქორწინება რეგისტრირებულია მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ორგანოში.
5. მოსარჩელის ყოფილი მეუღლე ს. გ-ე ამჟამად სამხედრო სამსახურს გადის რუსთავის ფედერაციის ტერიტორიაზე.
6. საქართველოს ტერიტორიიდან დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების გასვლის შემდეგ, მასზედ რიცხული უძრავი და მოძრავი ქონება. მ. შ. 42 საცხოვრებელი ბინა, რომელებშიც შესახლებული იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, ორმხრივი კომისიის მიერ სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა საქართველოს სასაზღვრო ჯარებს თანდართული ნუსხის მიხედვით, რომელშიც რიგით 33-ე ნომრად მითითებულია ბინა (მდებარე თბილისში ...), რომელიც გამოეყო ს. გ-ეს და ამჟამად ცხოვრობს მოსარჩელე შვილთან ერთად.
7. ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის 2001 წოლის 24 ივნისის ¹2276/11 მომართვის თანახმად ... კორპუსი ირიცხება ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის ბალანსზე, მაგრამ თავად ბინა ¹114 სამხედრო უწყებისაა და მისი განკარგვის უფლებით მხოლოდ სამხედრო უწყება სარგებლობს.
სასამართლო კოლეგიამ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სადავო ბრძანება მიიჩნია არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ აქტად, არამედ გარიგებაში მონაწილე მხარის წერილობით გამოხატულ ნებად. სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, როგორც ქონების მესაკუთრემ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადო გარიგება სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან, რადგან სკ-ს 24.4 და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლების თანახმად კერძო-სამართლებრივი ურთიერთობებში სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი და ამდენად, არ იქნა გაზიარებული მოსაზრება სადავო ბრძანების მომზადებისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული ადმინისტრაციული აქტის მომზადების პროცედურის დარღვევის შესახებ.
სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება უზუფრუქტის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად სკ-ს 54-ე მუხლზე მითითება, რომლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს. კოლეგიამ მიიჩნია, რომ ამ ხელშეკრულების დადების დროს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო მოქმედებდა როგორც ქონების მესაკუთრე და მან თავისუფლად განკარგა საკუთარი ქონება.
სასამართლო კოლეგიამ დაასკვნა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ დადებული გარიგება სრულიად შესაბამება სკ-ით დადგენილ ნორმებს და არ არსებობს მისი ბათილობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. გ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: 1993წ. 22 ივნისს საბურთალოს სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის მიერ გაიცა ორდერი ¹011519 სერია ....., რომელშიც მითითებულია, რომ ორდერის მოქმედება შეზღუდულია თბილისის მერიის 1998წ. 26 ნოემბრის ¹10.10.113 დადგენილებით პრივატიზაციის და გაცვლის უფლების გარეშე. 1993წ. 22 ივნისიდან სადაო ბინა არ წარმოადგენდა სამსახურებრივ სადგომს, ორდერში გარდა ს. გვეტაძისა შეყვანილნი არიან მოსარჩელე დ. გ-ე და მათი შვილი ვ. გ-ე. კასატორის მითითებით, ვინაიდან ბინა ეკავა მათ ოჯახს და ბინა არ იყო გამოთავისუფლებული, სადავო ბინის მიღება-ჩაბარება არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა.
კასატორის მოსაზრებით, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფზე, ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებებში დასაქმებულ სამხედრო მოსამსახურეებზე და მათი ოჯახის წევრებზე შენარჩუნებული იქნა დაკავებულ საცხოვრებელ ფართზე ცხოვრების უფლება (დამქირავებელი).
დ. გ-ე აღნიშნავს, რომ სადავო ბინაზე უფლება წარმოეშვა სამოქალაქო კოდექსით გაუქმებული საბინაო კოდექსის, აგრეთვე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებითა და ქ. თბილისის მერიის 1998წ. 26 ნოემბრის ¹10.10.113 დადგენილებით.
კასატორი თვლის, რომ ნაწილობრივ ბათილია როგორც მის მიერ გასაჩივრებული ბრძანება, ასევე უზუფრუქტის ხელშეკრულება სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად. ბათილია აგრეთვე ბინების მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც სექტემბრითაა დათარიღებული წლის აღნიშვნის გარეშე. გვეტაძის აზრით სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არ მისცა სათანადო სამართლებრივი შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დიანა გვეტაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო ბინა სამსახურებრივი სარგებლობის ბინას წარმოადგენდა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებებით:
ა) ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის ხელმძღვანელობის 1989წ. 12 ივნისის მიმართვით, რომლითაც ისინი ქ. თბილისის საქალაქო აღმასკომს სთხოვენ ს. გ-ეს ოჯახთან ერთად სსრკ სახელმწიფო უშიშროების კუთვნილი ბინის ფონდიდან გამოუყონ სადავო ბინა საცხოვრებელ ფართზე უფლების გარეშე, მხოლოდ ჩაწერის უფლებით;
ბ) საბურთალოს რაიონის აღმასკომის 1989წ. 12 ივლისს მითითებული მიმართვის საფუძველზე გაცემული ბინის ორდერით, რომელშიც ასევე მიეთითა მხოლოდ ჩაწერის უფლება საცხოვრებელ ფართზე უფლების გარეშე;
გ) საბურთალოს რაიონის აღმასკომის მიერ იმავე ბინაზე ს. გ-ეს სახელზე 1993წ. 22 ივნისს გაცემული ბინის ორდერით, რომელიც გაიცა ამიერკავკასიის სამხედრო სასაზღვრო ჯარების მთავარი სამმართველოს 1993წ. 2 ივნისის მიმართვის საფუძველზე და რომელშიც მითითებულია, რომ ორდერის მოქმედება შეზღუდულია თბილისის მერიის 1992წ. 26 ნოემბრის ¹10.16.113 დადგენილებით პრივატიზებისა და გაცვლის უფლების გარეშე.
დ) 1994წ. იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით, რომლის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ მათზე რიცხული ქონება, მათ შორის სადავო ბინაც, გადაეცა სასაზღვრო ჯარებს თანდართული ნუსხის მიხედვით.;
ე) თბილისის ისანი-სამგორის გამგეობის 2001წ. 27 ივლისის ¹9276/11 მიმართვით, რომლის თანახმადაც სადავო ბინა ირიცხება ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის ბალანსზე, მაგრამ თავად ბინა სამხედრო უწყებისაა და მისი განკარგვის უფლებით მხოლოდ სამხედრო უწყება სარგებლობს.
სადავო ბინის სამსახურებრივ დანიშნულებაზე აშკარად მიუთითებს ის გარემოებაც, რომ საქართველოს რესპუბლიის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. პირველი თებერვლის ¹107 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, პრივატიზებას არ ექვემდებარება სამსახურებრივი დანიშნულების ბინა და ბინა საერთო საცხოვრებელში, ანუ დაშვებული იქნა ყველა სხვა სახის ბინის პრივატიზება, პრივატიზების უფლება კი, როგორც აღინიშნა, 1993წ. 22 ივნისის ორდერით ს. გ-ეს და მისი ოჯახის წევრებს ნებადართული არ ჰქონდათ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებებს, რომ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა ს. გ-ე 1994 წლიდან გადაყვანილი იქნა რუსეთის ტერიტორიაზე, ქ. ... სამხედრო სამსახურის გასავლელად და მოპასუხის განმარტებით, ისინი განქორწინებულნი არიან იმ პერიოდში მოქმედი საბინაო კოდექსის 112-ე და 116-ე მუხლების თანახმად, მუშები და მოსამსახურეები, რომლებმაც შეწყვიტეს შრომითი ურთიერთობა საწარმოსთან, დაწესებულებასთან ან ორგანიზაციასთან, ექვემდებარებიან გამოსახლებას სამსახურებრივი სადგომიდან მათთან ერთად მცხოვრებ ყველა პირთან ერთად სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად. ამავე დროს კასატორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მას სადავო ბინაზე რაიმე უფლება წარმოეშვა, გარდა იმისა, რომ შვილთან ერთად შეყვანილი არის ს. გ-ის სახელზე გაცემულ ბინის ორდერში. აღნიშნული გარემოება კი ვერ იქნება მიჩნეული სადავო ბინაზე დ. გ-ის მხრიდან რაიმე პრეტენზიის გაცხადების საფუძვლად.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას, რომ სადავო ბინა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო უსასყიდლო უზუფრუქტის ხელმშეკრულების დადებისას მოქმედებდა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის «ა” ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გადაცემული ჰქონდა სახელმწიფო ქონების ფლობის, განკარგვისა და მართვის უფლებამოსილება და ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება სადავო ბინასთან დაკავშირებით.
ბინების მიღება-ჩაბარების აქტის ბათილობის მოთხოვნასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საოლქო სასამართლოში ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა აღძრული, ხოლო სსკ-ს 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კასატორის დ. გ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 410- მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 10 მარტის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.