Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-46-245-კ-03 1 ოქტომბერი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, განაცდურისა და პრემიის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 28 მარტს ქ. თ-ემ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ სარჩელი აღძრა და სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

იგი 1996 წლიდან თბილისის საბურთალოს რაიონის საგადასახდო ინსპექციაში ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. 2000წ. 4 ივლისიდან საბურთალოს და ვაკის რაიონების გაერთიანების შედეგად ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექცია შეიქმნა. 2000წ. აგვისტოს თვეში საკვალიფიკაციო გამოცდებზე არ დაუშვეს. მოსარჩელე ბოლოს დეკლარაციებისა და დოკუმენტების კომპიუტერული დამუშავების განყოფილებაში დამატებით, საბანკო-საფინანსო ოპერაციებს ასრულებდა და პრემიებსაც ღებულობდა. რაც შეეხება ხელფასს, პირდებოდნენ, რომ სხვა თანამშრომლებთან ერთად შემდგომში მიიღებდა. რადგან პრემიებს აძლევდნენ და საგადასახადო ინსპექციას ფინანსურად უჭირდა, ხელფასის თაობაზე ხელმძღვანელობას არ აწუხებდა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებდა.

2002წ. მარტის თვეში მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ თანამდებობიდან გაუთავისუფლებიათ, რის შემდეგაც კადრების განყოფილებას მიმართა შრომის წიგნაკის ასაღებად და აღმოჩნდა, რომ ¹42 ბრძანებით იგი 2000წ. 18 აგვისტოდან ყოფილა გათავისუფლებული, რის თაობაზეც მანამდე არაფერი იცოდა. სკ-ს 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა “პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ”. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოსაზრებით, მისი სარჩელი ხანდაზმული არ არის.

შრომის წიგნაკის მიხედვით, ქ. თ-ე სამუშაოდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 96-ე მუხლის თანახმად, ანუ დაწესებულების ლიკვიდაციის გამო გათავისუფლდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა რეორგანიზაციას და არა ლიკვიდაციას. ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დაწესებულების რეორგანიზაცია მოხელის გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს.

სასამართლოში მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა კიდევ ერთხელ დააზუსტა და მისი დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთუითა:

საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 30 ივნისის ბრძანებულების მე-12 მუხლის თანახმად, დათხოვნილი საჯარო მოსამსახურეებისათვის შემოსავლების სამინისტროს კანონით დადგენილი წესით სახელფასო დავალიანებები უნდა გაესტუმრებინა, ხოლო აღნიშნულის უზრუნველყოფა ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა. მაგრამ შემოსავლების სამინისტრომ თვითნებურად, ყოველგვარი ბრძანების გარეშე, სახელფასო და საპრემიო დავალიანებების ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახდო ინსპექციის მიმართ გაცემა შეწყვიტა.

მოსარჩელის მოსაზრებით, 1998წ. 15%-იანი საპრემიო თანხა ივლისიდან-დეკემბრის ჩათვლით და 1999წ. 15%-იანი საპრემიო თანხა მთლიანად გაუცემელი დარჩა. ხოლო 2000 წელს საპრემიო ფონდიდან ანაზღაურება ყოველთვიური გეგმიური შემოსავლის 3%-დან ხდებოდა. საოლქო საგადასახდო ინსპექციის არცერთ განყოფილებაზე თანხის გაცემა არ მომხდარა. პირადად მასზე გასაცემი თანხა კი 1998წ.ა და 2000წ. მდგომარეობით სულ 15105 ლარს შეადგენდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის, განაცდურისა და პრემიის ანაზღაურებაზე უსაფუძვლო იყო, რადგან იგი საგადასახადო ინსპექციაში საშტატო თანამდებობაზე არ მუშაობდა, შტატგარეშე მოსამსახურე იყო, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე გარკვეული ვადით იყო დანიშნული თანამდებობაზე. ხელშეკრულება მას პერიოდულად უგრძელდებოდა. საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 5 მაისის განკარგულებისა და იმავეწ. 30 ივნისის ¹281 ბრძანებულების საფუძველზე, აღნიშნულმა სამსახურმა რეორგანიზაცია განიცადა. ამის გამო ქ. თ-ესთან შრომითი ხელშეკრულება კანონიერად შეწყდა, რის შესახებაც მან კარგად იცოდა.

საქართველოს პრეზიდენტის ამ ბრძანებულების საფუძველზე საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000წ. 7 ივლისის ¹128 ბრძანების შესაბამისად, თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი საოლქო საგადასახადო ინსპექციების ვაკანტურ თანამდებობებზე მხოლოდ საკვალიფიკაციო გამოცდებგავლილი და კონკურსში გამარჯვებული პირები ინიშნებოდნენ. არც სამინისტროს და არც დეპარტამენტის მხრიდან რაიმე შეზღუდვები საკვალიფიკაციო გამოცდებზე გამსვლელი პირებისათვის, მათ შორის არც მოსარჩელისათვის, დაწესებული არ ყოფილა და მასში მონაწილეობის მიღების უფლება ნებისმიერ პირს ჰქონდა, ვინც გამოცხადებულ საკონკურსო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.

მოპასუხის მითითებით, ,,საჯარი სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი ხანდაზმული იყო, რადგან მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ. თ-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფელება მოითხოვა.

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მასალებს ყურადღება არ მიაქცია, არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ იგი ინსპექტორის თანამდებობიდან ოპერატორის თანამდებობაზე ჩამოაქვეითეს, რაც შემდეგ მისი საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაუშვებლობის მიზეზი გახდა, ვინაიდან შრომის წიგნაკის ჩანაწერი და ინსპექციის ბრძანებები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. ხოლო ოპერატორის საკვალიფიკაციო გამოცდაზე იგი როგორც “ინსპექტორი”, ვერ გავიდოდა.

სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. თ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ქ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტის მტკიცება იმის შესახებ, რომ მან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2002წ. მარტის თვეში შეიტყო, უსაფუძლოა. საქმეში წარმოგენილი მისივე განცხადებებით (11.10.01წ.) დასტურდება, რომ რეორგანიზაციის შედეგად იგი უმუშევარი დარჩა და გამონაკლისის სახით საგადასახდო შემოსავლების მინისტრს სამსახურით დაკმაყოფილებას სთხოვდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, ქ. თ-ემ სასამართლოს სარჩელით 2002წ. 28 მარტს მიმართა, ხოლო უფლების დარღვევის შესახებ მან ჯერ კიდევ 2001წ. ბოლოს იცოდა, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქ. თ-ის სარჩელი ხანდაზმული იყო. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ აპელანტს თბილისის საბურთალოს რაიონის საგადასადო ინსპექციასთან, ხოლო შემდეგ თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციასთან დადებული ჰქონდა ვადიანი ხელშეკრულება. რაც ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახდო ინსპექციის 2000წ. 4 ივლისის ¹22 ბრძანებით დასტურდებოდა, რომლის შესაბამისად, ქ. თ-ეს შრომითი ხელშეკრულება 2000წ. 1 ივლისიდან 2000წ. 1 აგვისტომდე გაუგრძელდა, ანუ 2000წ. 18 აგვისტოს ¹42 ბრძანების გამოცემისას აპელანტსა და ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახდო ინსპექციას შორის დადებული ხელშეკრულების ვადა შეწყვეტილი იყო. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ქ. თ-ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის მოტივით არსებითადაც უთხრა უარი.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თ-ემ იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ქ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დაცვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, რადგან კასატორ ქ. თ-ის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე საგადასახადო ინსპექციაში საშტატო თანამდებობაზე არ მუშაობდა, იგი შტატგარეშე მოსამსახურე იყო, რომელთანაც საგადასახადო ინსპექციას ვადიანი შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სახელმწიფო საგადასახდო ინსპექციისა და საბურთალოს რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის ბრძანებები და შრომითი ხელშეკრულებები, ყალბია, რადგან აღნიშნული ბრძანებები ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მიერაა ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, ხოლო ხელშეკრულებებს ხელს თავად კასატორიც აწერს. საგულისხმოა ისიც, რომ კასატორს ამ მტკიცებულებათა სიყალბის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი სასამართლოსათვის არ წარუდგენია, რის გამოც საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორთან საგადასახადო ინსპექციას ვადიანი შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს არა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, არამედ შკკ, რადგან კასატორი არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს. მისი შტატგარეშე თანამდებობა გათვალისწინებული არ არის არც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით და არც საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრით.

საკასაციო სასამართლო შკკ-ს 204-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სარჩელი არის ხანდაზმული, რადგან ამ ნორმის იმპერატიული მოთხოვნაა, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყოს სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მხარისათვის ჩაბარებიდან. მართალია, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორისათვის ცნობილი იყო გათავისუფლების შესახებ, ასევე, იმის შესახებ, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოწურული იყო, მაგრამ მას სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, რის გამოც საკასაციო სასამართლო სარჩელს ხანდაზმულად ვერ მიიჩნევს.

საკასაციო სასამართლო, ამასთან, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ქ. თ-ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან შკკ-ს 30-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეებს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვა ამ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ს 210-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 21 აპრილის გადაწყვეტილება.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.