1005აპ 21 მაისი, 2007 წ.
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების ო. ჩ-ას, ს. კ-ას, ე. ცანავას და მათი ინტერესების დამცველების, აგრეთვე დაზარალებულების ა. ჯ-ას, ე. ჯ-ას, ზ. ჯ-ას, თ. ჯ-ას და გ. ჯ-ას ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. შ-ს ძე ჩ-ია, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ა”, ,,ვ”, ,,ზ”, ,,ი”, ,,ლ” ქვეპუნქტებით, ამავე კოდექსის 109-ე მუხლის ,,ვ”, ,,ზ”, ,,ი”, ,,ლ” ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 25 (ოცდახუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჯიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. (სასჯელის მოხდის ათვლა განაჩენით განესაზღვრა 2004 წლის 16 მარტიდან).
ს. ბ-ს ძე კ-ვა, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 მარტის განაჩენით სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით, ამავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჯიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. (სასჯელის მოხდის ათვლა განაჩენით განესაზღვრა 2004 წლის 05 თებერვლიდან).
ე. ნ-ს ძე ც-ვა, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა”, ,,გ” ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჯიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, (სასჯელის მოხდის ათვლა განესაზღვრა 2005 წლის 17 იანვრიდან).
გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედოთ:
ო. ჩ-ას მასში, რომ მან ჩაიდინა – ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება;
- ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონოდ შეღწევით.
- განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ ორი ან მეტი პირისა, განსაკუთრებული სისასტიკით, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით.
- განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, კერძოდ განსაკუთრებული სისასტიკით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ანგარებით, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენილი გაადვილების მიზნით.
ს. კ-ას – მასში, რომ მან ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
- ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონოდ შეღწევით.
- ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა.
ე. ც-ას მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით.
ზემოაღნიშნული დანაშაული, გასაჩივრებული განაჩენით გამოიხატა მასში, რომ ო. ჩ-ამ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ატარებდა და ინახავდა თავის დროებით საცხოვრებელ ბინაში დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგის 1981 წელს გამოშვებულ ¹-- ავტომატური ცეცხლსასროლ იარაღს, ერთი მჭიდითა და ასევე დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგის 16 ერთეულ საბრძოლო ვაზნას, სანამ 2004 წლის 16 მარტს აღნიშნული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მისი ბინიდან ჩხრეკის შედეგად არ ამოიღეს პოლიციის თანამშრომლები.
გალის რაიონის სოფელ ---დან იძულებით გადაადგილებულმა, დროებით ქალაქ ზუგდიდში ---ის ქუჩა ¹71-ში მცხოვრებმა ს. კ-ამ 2001 წელს (ზუსტი თარიღი დაუდგენელია) დაუდგენელ ვითრებაში და დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ატარებდა დანიშნულებისამებრ გასროლისათვის ვარგის 9,2 მმ კალიბრის ,,მაკაროვი”-ის სისტემის ¹,,--/--” პისტოლეტს და ამავე პისტოლეტისათვის ვარგისს 08 ცალ ვაზნას, რაც მისგან პოლიციის მუშაკების მიერ ამოღებულ იქნა 2003 წლის 17 სექტემბერს.
ს. კ-ამ 2004 წლის 05 თებერვალს, როცა ქ. ---დან გადმოდიოდა ქ. ---ში, ---ის რაიონის ტერიტორიაზე მდინარე ---ის ხიდთან განთავსებული ---ის საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ბუჩქნარის გვერდით იპოვა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში შეხვეული ნარკოტიკული საშუალება ,,---” 45.9 გრამის ოდენობით, რომელსაც უკანონოდ დაეუფლა, შეინახა და გადმოზიდა ქ. ---ში, სადაც პოლიციის თანამშრომლების მიერ იმავე დღეს ჩაუტარდა მას პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა მისგან აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ,,---”.
ო. ჩ-ია, 2004 წლის 23 იანვარს დანაშაულებრივად დაუკავშირდა გ. ც-ას, ს. კ-ას და ე. ც-ას, რომლებთან ერთად განიზრახა მოეხდინათ ყაჩაღური თავდასხმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრები ა. ვ-ს ძე ჯ-ას ოჯახზე და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით დაუფლებოდნენ ამ უკანასკნელის მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ისინი შეიარაღდნენ სხვადასხვა ცეცხლსასაროლი იარაღებით, ო. ჩ-ია შეიარაღდა მის მიერ ადრე, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ¹-- ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და სანადირო დანით, სხვები კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, სანადირო და ლულა და კონდახგადაჭრილი თოფებით, სახეზე აიფარეს ე.წ. ნიღბები და 2004 წლის 23 იანვარს დაახლოებით 21 საათზე ოთხივენი ერთად შეიჭრნენ ა. ჯ-ას საცხოვრებელ სახლში, სადაც იმ მომენტისათვის ამ უკანასკნელის გარდა იმყოფებოდნენ მისი ოჯახის სხვა წევრები: მეუღლე – ზ. კ-ვა, ვაჟიშვილი - თ. ჯ-ია, დები – გ. და ე. ჯ-ები. თავდამსხმელებმა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ა. ჯ-სა და მისი ოჯახის წევრებისგან მოითხოვეს ფულისა და ფასეულობის მათთვის გადაცემა. ა. ჯ-ამ და მისმა დამ ე. ჯ-ამ ბოროტმოქმედებს გადასცეს სახლში არსებული ფული - 1625 ლარის ოდენობით, რის შემდეგ სახლში შემთხვევით მოვიდა ა. ჯ-ას მეორე ვაჟიშვილი – ი. ჯ-ია, რომელსაც თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოსთხოვეს ოჯახის წევრებთან ერთად დაჯდომა და მშვიდად ყოფნა. რამოდენიმე წუთში ი. ჯ-ია წამოხტა ტახტიდან, შეეცადა განეიარაღებინა ო. ჩ-ია და სტაცა ხელი მის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს ლულაზე. ო. ჩ-ამ არ დაანება, მათ შორის ურთიერთჭიდილის დროს ი. ჯ-ას მოსახმარებლად მივიდნენ ოთახში მყოფნი ხელებშეკრული ა., გ. და ე. ჯ-ები. ამ დროს ო. ჩ-ამ მოახდინა ავტომატიდან ჭერის მიმართულებით გასროლა, რის შემდეგ მოახერხა ი. ჯ-ას მოშორება და რადგან იგი იდგა დაკავების და მხილების საშიშროების წინაშე, განსაკუთრებული სისასტიკით, (ოჯახის წევრების თვალწინ) ანგარებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გაადვილებისა და ჩადენილი ყაჩაღობის დაფარვის მიზნით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათაA სოცოცხლესა და ჯანმრთელობას, ორი ან მეტი პირის (ი. ჯ-ას და ამ უკანასკნელის დასახმარებლად მისული მამის ა. ჯ-ას) განზრახ მოკვლის მიზნით პირდაპირი დამიზნებით ამ უკანასკნელების მიმართულებით, რამდენიმეჯერ გაისროლა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შემდეგ, ჩათვალა რა განზრახვა სისრულეში მოყვანილად, მიეცა გაქცევის საშუალება, სხვა ბოროტმოქმედებთან ერთად დატოვა იქაურობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი პირველი სამი ტყვია მოხვდა ი. ჯ-ას, მათ შორის ორი მუცლის არეში, მესამე კი მარცხენა თეძოზე, რამაც გამოიწვია თეძოს არტერიის და ვენის სრული გაგლეჯვით, წვრილი ნაწლავების, დიდი ბადექონის და ჯორჯლის გაგლეჯვით შინაგანი სისხლდენა, რაც, თავის მხრივ, გახდა ი. ჯ-ას სიკვდილის უშუალო მიზეზი, ხოლო მის მიერ შემდგომ გასროლილი ტყვია მოხვდა ა. ჯ-ას, მარჯვენა საჯდომის ბორცვის მიდამოში, მარჯვენა ბარძაყის ზედა მესამედში, რითაც მიაყენა სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელსაც მოყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივად მოშლა და შრომის უნარის დაკარგვა ერთი მესამედზე ნაკლებად, მაგრამ მისი სიკვდილი არ დადგა ო. ჩ-სგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, ა. ჯ-ია მეზობლების მიერ დაუყონებლივ იქნა გადაყვანილი ქ. ---ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა კვალიფიციური სამედიცინო დახმარება და გადაურჩა სიკვდილს.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა, მსჯავრდებულებმა და დაზარალებულებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განაჩენით ცვლილება შევიდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენში, კერძოდ: ო. ჩ-ას სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. სლავიკ კორტავას სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ე. ც-ას სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულები ო. ჩ-ია, ე. ც-ვა და მათი ინტერესების დამცველი მოითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულთა გამართლებას. მსჯავრდებული ს. კ-ვა და მისი დამცველი საკასაციო საჩივრით მოითხოვენ სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულში გამართლებას, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით – დანიშნული სასჯელის შემცირებას. დაზარალებულები ა. ჯ-ია, ე. ჯ-ია, ზ. ჯ-ია, თ. ჯ-ია, გ. ჯ-ია და მათი ინტერესების დამცველი მოითხოვენ ო. ჩ-ას მიმართ სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ დაზარალებულების ა. ჯ-ას, თ. ჯ-ას, ე. ჯ-ას, ზ. ჯ-ას, გ. ჯ-ას, მოწმეების ა. ე-ას, ი. ს-ის, ა. ს-ას ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ქიმიური, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, ო. ჩ-ას, ს. კ-ას და ე. ც-ას მიერ მათზე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა დადასტურებულია და მათ ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულების ო. ჩ-ას, ს. კ-ას და ე. ც-ას შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და მათ სასჯელი განუსაზღვრა იმ ზომით, რაც მეტისმეტი სიმსუბუქის ან სიმკაცრის გამო არ არის აშკარად უსამართლო.
ამასთან, პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი მსჯავრდებულების ო. ჩ-ას, ს. კ-ას და ე. ც-ას სასიკეთოდ, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სასჯელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების ო. ჩ-ას, ს. კ-ას და ე. ც-ას დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, (2000 წლის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე.
პალატას ასევე მიაჩნია, რომ ო. ჩ-ამ, ი. ჯ-ას მკვლელობა და ა. ჯ-ას მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში ჩაიდინა ერთი მოქმედებით, ანუ სახეზეა დანაშაულთა იდეალური ერთობლიობა. ამდენად, პალატა თვლის, რომ სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა”, ,,ვ”, ,,ზ”, ,,ი”, ,,ლ” ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის ,,ვ”, ,,ზ”, ,,ი”, ,,ლ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ო. ჩ-ს უნდა დაენიშნოს ერთი სასჯელი, კერძოდ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საბოლოოდ დანიშნული სასჯელის ზომა – 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების ო. ჩ-ს, ს. კ-ას, ე. ც-ას და მათი ინტერესების დამცველების საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
დაზარალებულების ა. ჯ-ას, ე. ჯ-ას, ზ. ჯ-ას, თ. ჯ-ას და გ. ჯ-ას ინტერესების დამცველის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ივლისის განაჩენი შეიცვალოს მსჯავრდებულთა სასიკეთოდ შემდეგი მიმართებით:
ო. ჩ-ას, ს. კ-ას და ე. ც-ას დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე.
ო. ჩ-ას სსკ-ის 19,109-ე მუხლის ,,ა”, ,,ვ”, ,,ზ”, ,,ი”, ,,ლ” ქვეპუნქტებით და ამავე კოდექსის 109-ე მუხლის ,,ვ”, ,,ზ”, ,,ი”, ,,ლ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაენიშნოს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი, მათ შორის მსჯავრდებულთათვის დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.