გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-48-247-კ-03 5 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
სარჩელის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.
შეგებებული სარჩელის საგანი: ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 7 ნოემბერს მოსარჩელე ასოციაცია “მ.” სარჩელი აღძრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის რეგულარულ საავტობუსო მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის საკონკურსო კომისიის მიმართ, მესამე პირად კი სარჩელში მიუთითა შპს “ე.”.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ ქ. თბილისის საკრებულოს 2001წ. 7 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე ქ. თბილისის რეგულარულ საავტობუსო მარშრუტზე გადამზიდავების შერჩევის საკონკურსო კომისიამ გამოაცხადა ტენდერი, მათ შორის _ ¹47 სამარშრუტო ხაზზე. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად დადგენილ ვადაში _ 2001წ. 3 აგვისტომდე _ კომისიას განაცხადით მიმართეს “მ.”, შპს “ე.” და წარადგინეს ათ-ათი ავტომანქანით მგზავრთა გადაყვანისას მომსახურების სავალდებულო მოთხოვნების შესაბამისობისა და გადამზიდავის სერტიფიკატები.
მოსარჩელის განმარტებით, “მ.” ტენდერი დაენიშნა 2001წ. 14 აგვისტოს, ხოლო შპს “ე.” _ 16 აგვისტოს. “მ.” დადგენილ დროზე გაატარა დათვალიერებაზე ათივე მანქანა, ხოლო მოსარჩელის კონკურენტის შპს “ე.” დირექტორმა ე. ბ-მა ავადმყოფობის მომიზეზებით 15 აგვისტოს მიმართა სატენდერო კომისიას და ავტომანქანების დათვალიერება გადაატანინა 16 აგვისტოს ნაცვლად 12 სექტემბრისთვის, რითაც ე. ბ-ს მიეცა შესაძლებლობა, შეეცვალა მანქანები და გაეყალბებინა მათი გამოშვების წლები. მოსარჩელის მტკიცებით, კომისიის წევრებმა მიკერძოება გამოიჩინეს ე. ბ-ის ფირმის მიმართ, ვინაიდან იგი არის ქ. თბილისის საკრებულოს წევრი.
მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ორ ავტომანქანას _ კ-ის @¹110 561 და საჩალელის ¹LEL 394 ¹47 _ სამარშრუტო ხაზზე ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან ¹394 მუშაობდა ¹128 მარშრუტზე და სათანადო ლიცენზია 2001წ. 21 აგვისტოდან ჰქონდა. კ-ის ¹110 561 ავტომანქანამ კი მონაწილეობა მიიღო ¹186 მარშრუტზე ტენდერში შპს “გ.” შემადგენლობაში და გაიმარჯვა.
ტენდერში ¹47 სამარშრუტო ხაზზე გაიმარჯვა შპს “ე.”, რაც მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია, ვინაიდან, მისი მტკიცებით, საკონკურსო კომისიამ დაარღვია საკონკურსო პირობების მე-3 თავის პირველი, მესამე პუნქტები და მე-4 პუნქტის “ა”, “ბ” და “დ” ქვეპუნქტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა ქ. თბილისის ¹47 რეგულარულ საავტობუსო მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის საკონკურსო კომისიის შედეგების ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების მოქმედებისა და შესაბამისად, მისი საჯაროდ გამოცხადების შეჩერება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ასოციაცია “მ.” განცხადება და ქ. თბილისის რეგულარულ საავტობუსო ¹47 მარშრუტზე გადამზიდავის შესარჩევი კონკურსის შედეგების შეჯამების შესახებ 2001წ. 24 ოქტომბრის ¹11 ოქმის მოქმედება შეჩერდა აღნიშნულ დავაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
მესამე პირმა, შპს “ე.” დირექტორმა ე. ბ-მა, სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ შპს “ე.” კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეასრულა საავტობუსო მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის საკონკურსო პირობების მესამე თავის ყველა მოთხოვნა სერტიფიცირების ჩათვლით და კონკურსში ჩაერთო მონაწილეობისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნების დაცვით. შპს “ე.” კონკურსში გამოიყვანა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც, როგორც გარე იერსახით, ისე მათი წლოვანების მიხედვით მნიშვნელოვნად სჯობდა მისი კონკურენტის, ასოციაცია “მ.”, მიერ წარდგენილ სატრანსპორტო საშუალებებს.
მესამე პირის მტკიცებით, სატრანსპორტო საშუალებების წლოვანება შპს “ე.” არ გაუყალბებია. კონკურსში მონაწილე როგორც ერთი, ისე მეორე მხარის მიერ წარდგენილი სატრანსპორტო საშუალებათა შეფასება მოხდა საკონკურსო პირობების მე-5 თავის პირველი, მეორე, მესამე მუხლებით დადგენილი კრიტერიუმებით. კონკურსის შედეგების შეჯამება მოხდა საკონკურსო პირობების მე-6 თავის მოთხოვნათა დაცვით, რის შედეგადაც შპს “ე.” გაიმარჯვა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 დეკემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაერთო ქ. თბილისის მთავრობა, იმავე დღის საოქმო განჩინებით საქმიდან ამოირიცხა მოპასუხე საკონკურსო კომისია, 14 დეკემბრის განჩინებით კი საქმე განსჯადობის მიხედვით გადაეგზავნა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, სადაც მესამე პირმა შპს “ე.” დამოუკიდებელი მოთხოვნით სასარჩელო განცხადება შეიტანა მოპასუხეების: თბილისის საქალაქო ტრანსპორტის ორგანიზებისა და მართვის სამსახურისა და ქ. თბილისის მთავრობის მიმართ.
მესამე პირის სარჩელში აღნიშნულია, რომ შპს “ე.” მიიღო ქ. თბილისის საქალაქო რეგულარულ მარშრუტებზე გადამზიდავის შერჩევის საქალაქო საკონკურსო კომისიის ოფერტი, წარადგინა განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, გადაიხადა კონკურსში მონაწილეობის საფასური, მონაწილეობა მიიღო გამოცხადებულ კონკურსში, წარადგინა სერტიფიკატები და ავტომანქანები, რის საფუძველზეც კომისიამ ¹47 საავტობუსო მარშრუტზე გამარჯვებულად გამოაცხადა, მაგრამ შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, ოფერტის პირობები სრულად არ შესრულდა, კერძოდ, მათთან, როგორც კონკურსში გამარჯვებულ გადამზიდავთან, ხელშეკრულება არ გაფორმებულა და არც მარშრუტის პასპორტი გადასცემია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელის ავტორმა ითხოვა თბილისის მთავრობისათვის _ თბილისის ვიცე-პრემიერისათვის (როგორც საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე) _ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დაკისრება, რომლითაც დამტკიცდებოდა ქ. თბილისის რეგულარულ საავტობუსო მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის საკონკურსო კომისიის 2001წ. 24 ოქტომბრის ¹11 ოქმით დადგენილი შედეგები ¹47 რეგულარულ საავტობუსო მარშრუტზე გამართულ ტენდერში შპს “ე.” გამარჯვებულად ცნობის შესახებ; ასევე ითხოვდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის საქალაქო ტრანსპორტის ორგანიზებისა და მართვის სამსახურისთვის შპს “ე.”, როგორც თბილისში ¹47 საავტობუსო მარშრუტზე გამართულ კონკურსში გამარჯვებულ გადამზიდავთან, ხელშეკრულების გაფორმებისა და მარშრუტის პასპორტის გაცემის დაკისრებას.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით ასოციაცია “მ.” სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი _ თბილისის რეგულარულ საავტობუსო მარშრუტებზე გადამზიდავის შერჩევის საკონკურსო კომისიის 2001წ. 24 ოქტომბრის ¹11 ოქმით დადგენილი შედეგები ¹47 მარშრუტთან მიმართებაში. მესამე პირის, შპს “ე.”, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “ე.”, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისის მთავრობას არავითარი აქტი არ გამოუცია, შედეგები შეჯამდა არა მთავრობის, არამედ საქალაქო კომისიის მიერ. აპელანტის განმარტებით, თვით მოსარჩელემ აღიარა, რომ კომისია არ იყო ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო სასამართლომ კი გადაწყვეტილება გამოიტანა იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რომელსაც არ გამოუცია ადმინისტრაციული აქტი. აპელანტის მტკიცებით, გადაწყვეტილების მიღებისას დაირღვა სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილი და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტი, ანუ სასამართლომ არ იმსჯელა, იყო თუ არა ქ. თბილისის რეგულარულ საავტობუსო მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის საკონკურსო კომისია ადმინისტრაციული ორგანო და შესაბამისად, იყოEთუ არა მის მიერ 2001წ. 24 ოქტომბერს შედგენილი ¹11 ოქმი ადმინისტრაციული აქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა ითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 2 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა მისი დამოუკიდებელი სარჩელი, ასევე ითხოვა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რიონული სასამართლოს 2001წ. 8 ნოემბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც შეჩერდა სატენდერო კომისიის 2001წ. 24 ოქტომბრის ¹11 ოქმით დადგენილი შედეგები ¹47 მარშრუტთან მიმართებაში.
თბილისის საოლქო სასამართოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მარტის განჩინებით შპს “ე.” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “ე.”, რომელმაც საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სასამართლომ შეაფასა და იმსჯელა კომისიის 2001წ. 24 ოქტომბრის ¹11 ოქმის შესახებ და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ იგი ეწინააღმდეგება კანონს და მისი მომზადებისას არსებითად დაირღვა კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამასთან დაკავშირებით კასატორმა აღნიშნა, რომ ოქმი არ არის ადმინისტრაციული აქტი და გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული თუ რომელი ნორმა დაირღვა ოქმის მომზადებისას.
კასატორმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის კომპეტენცია მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს აქვს, ხოლო თუ საკონკურსო კომისია არ არის ადმინისტრაციული ორგანო, შესაბამისად, მის მიერ შედგენილი ოქმიც არ არის ადმინისტრაციული აქტი, ანუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 “ა” და 2.1 “გ” მუხლების შესაბამისად, სასამართლოს არ შეეძლო გამოეყენებინა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4; მე-8; მე-9; 95-ე; 103-ე; და მე-60 მუხლები, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტის თანახმად, წარმოადგენს კასაციის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 27 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი სასარჩელო მოთხოვნები, ხოლო ასოციაცია “მ.” სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ უხეშად დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 79-ე და 103-ე მუხლების მოთხოვნები, რადგანაც შპს “ე.” დირექტორ ე. ბ-ის 2001წ. 6 აგვისტოსა და 15 აგვისტოს განცხადებები ავტომანქანების სატენდერო დათვალიერების გრაფიკით განსაზღვრული თარიღის 2001წ. 12 სექტემბრისთვის გადატანის თაობაზე არ იყო სათანადო წესით რეგისტრირებული და სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ განიხილა ერთპიროვნულად, სატენდერო კომისიის კოლეგიური გადაწყვეტილების გარეშე, ანუ სატენდერო კომისიის თავმჯდომარის აღნიშნული ქმედებებით მოსარჩელე ასოციაცია “მ.” აღმოჩნდა არათანასწორ პირობებში მის კონკურენტ შპს “ე.” შედარებით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ სატენდერო კომისიამ გადამზიდავის შერჩევის დროს დაარღვია თბილისის საკრებულოს 2001წ. 7 მარტის ¹2-6 გადაწყვეტილებით დამტკიცებული, თბილისში რეგულარულ საავტობუსო მარშრუტზე გადამზიდავის შერჩევის საკონკურსო პირობებისა და ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილების მე-3 თავის მე-2 და მე-3 პუნქტები, რაც იმაში გამოიხატება, რომ შპს “ე.” გრაფიკით გათვალისწინებული დღისთვის არ ჰქონდა შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელიც იმ დროისათვის გაიცა მხოლოდ ოთხ მანქანაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ განჩინების მიღებისას სწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4, მე-8, მე-9 მუხლები, 95-ე მუხლისა და 103-ე მუხლის მე-2 ნაწილები, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავისი უფლებამოსილება მხარის მიმართ უნდა განახორციელოს მიუკერძოებლად და დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უპირატესობის მინიჭება რომელიმე მხარისთვის, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა შპს “ელდორადოსთან” მიმართებაში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” პუნქტი და სწორად აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისთვის უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ სადავო ოქმი წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და მისი გასაჩივრება შეიძლებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ე.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 27 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.