1008აპ. 16 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. მ-ის დამცველის, ადვოკატ მ. უ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. მ-ლი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ”, “დ” ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე, ხოლო მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
განაჩენით ი. მ-ლს მსჯავრი დაედო ყაჩაღობისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2003 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 23 საათზე, ი. მ-მა თავის უბნელ ზ. პ-თან და გამოძიებით დაუდგენელ ნიღბიან პირთა ჯგუფთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქ. თბილისში, ---ის ქ. ¹60-ში მდებარე მოქალაქე მ. ტ-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში, სადაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით ი. მ-ლი ცეცხლსასროლი იარაღით, ხოლო ზ. პ-ლი ხანჯლით, ასევე სხვა შეიარაღებულ პირებთან ერთად თავს დაესხნენ სამზარეულოში მყოფ მ. ტ-ლს, მის შვილს _ გ. ჭ-ეს, მათ მძღოლს _ ზ. გ-ეს, მიაყენეს მათ ფიზიკური შეურაცხყოფა და გაიტაცეს 30000 ლარის ღირებულების ძვირფასეულობა და სხვა ნივთები, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი. მ-მა, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი მოტივებით: საქმეზე როგორც წინასწარი გამოძიება, ასევე სასამართლო გამოძიება ჩატარებულია არასრულად და ცალმხრივად, რომელიც არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო განაჩენი ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდს და უსაფუძვლოდ იზიარებს დაზარალებულთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, ამასთან, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად უარყო მრავალი მოწმის ჩვენება, რომლებიც ადასტურებენ მის უდანაშაულობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრებები და 2006 წლის 29 აგვისტოს განაჩენით უცვლელად დატოვა მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ი. მ-ის დამცველმა, ადვოკატმა მ. უ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი თავისი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, ხოლო თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი მოტივებით: დაზარალებულ მ. ტ-ლს თავის მიერ პოლიციაში შეტანილ განცხადებაში არ აღუნიშნავს, რომ ვინმე იცნო ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეთაგან; დაზარალებული მ. ტ-ლი არ დაიკითხა განცხადების შეტანიდან ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში; მ. ტ-ლი თავის ჩვენებაში, რომელშიც იგი ამხელს ი. მ-ლს, ვერ მიუთითებს, თუ რა ქმედებები ჩაიდინა მან ყაჩაღობისას, რა ეცვა, რა ფერის ნიღაბი ეკეთა და ა.შ.; საქმეზე ჯერ მოწმედ დაკითხული, ხოლო შემდეგ დაზარალებულად ცნობილი ზ. გ-ძე თავის ჩვენებებში აღნიშნავს, რომ მ. ტ-ლს არასდროს უთქვამს მისთვის, იცნო თუ არა ვინმე ყაჩაღური თავდასხმის მონაწილეებისაგან; ი. მ-ლს გააჩნია მრავალი მოწმის მიერ დადასტურებული ალიბი იმის თაობაზე, რომ დანაშაულის შემთხვევის დროს ის იმყოფებოდა თავის სახლში, ახლობლებთან ერთად; აშკარა წინააღმდეგობებია დაზარალებულების _ მ. ტ-სა და გ. ჭ-ის ჩვენებებს შორის, ასევე, მათ ჩვენებებსა და მოწმე ნ. ჭ-ის ჩვენებებს შორის; სასამართლომ შეფასება არ მისცა შემდეგ გარემოებას: წინასწარი გამოძიების სტადიაზე დაზარალებულმა მ. ტ-მა განცხადებით მიმართა პროკურატურას, რომლის საფუძველზეც შემდეგ მან გამოძიებას ჩვენება მისცა და რომლებშიც იგი აცხადებს, რომ მისი ვერსია ყაჩაღურ თავდასხმაში ი. მ-ის მონაწილეობის თაობაზე შეიძლება იყოს მცდარი და არ არის დარწმუნებული მის სისწორეში; დაზარალებულთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების გარდა, არ არსებობს სხვა რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ი. მ-ის მონაწილეობა დანაშაულში; სააპელაციო სასამართლომ არსებითად არ განიხილა საქმე ისე მიიღო საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება; ამასთან, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა, რამაც ხელი შეუშალა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ი. მ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ფაქტობრივად საქმის არსებითი, სრულფასოვანი განხილვა და ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა არ ჩაუტარებია, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაც ემყარება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, არ იყო უტყუარად დადგენილი, რითაც დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ დაზარალებულების _ მ. ტ-ის, გ. ჭ-ის, ზ. გ-ის, აგრეთვე, შემთხვევის შემსწრე მოწმის _ ნ. ჭ-ის ჩვენებებს შორის მნიშვნელოვან დეტალებში არის არსებითი წინააღმდეგობები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არ იქნა გარკვეული. დაზარალებული მ. ტ-ლი პირველი ინსტანციის სასამართლოში რეალურად არ იქნა დაკითხული იმ გარემოებების თაობაზე, რომლებსაც დაცვის მხარე აყენებდა ბრალდებასთან დაკავშირებით. სასამართლოების მიერ შეუფასებელი და გამოურკვეველი დარჩა ის ურთიერთობები, რომლებიც არსებობდა მსჯავრდებულსა და დაზარალებულ მ. ტ-ლს შორის და წინ უსწრებდა განსახილველი დანაშაულის შემთხვევას, რასაც სათანადო მნიშვნელობა აქვს დაზარალებულ მ. ტ-ის ჩვენებების ობიექტური შეფასებისათვის. აღნიშნულმა ხარვეზებმა და საპროცესო კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობამ განაპირობა სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაუსაბუთებელი განაჩენის დადგენა, რაც, საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტისა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენის გაუქმების საფუძველია.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 აგვისტოს განაჩენი ი. მ-ის მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოში საქმის ახალი განხილვისას უნდა ჩატარდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხირვი, სრული და ობიექტური გამოკვლევა, რისთვისაც კრიტიკულად უნდა დაიკითხნენ, როგორც დაზარალებულები, ისე ბრალდებისა და დაცვის მოწმეები, აგრეთვე _ მსჯავრდებული ი. მ-ლი, რათა გაირკვეს და აღმოიფხვრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, რის გარეშეც საქმეზე ვერ იქნება მიღებული კანონიერი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. მ-ის დამცველის, ადვოკატ მ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 29 აგვისტოს განაჩენი ი. მ-ის მსჯავრდების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ ახალი განხილვისათვის გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.