Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-49-248-კ-03 29 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: მიუღებელი თანხის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ. ყ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის და ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის რესპუბლიკური სამსახურის მიმართ და მოითხოვა 5470 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2000წ. 8 დეკემბრიდან მუშაობდა შიდა ქართლის ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურში იურისტის თანამდებობაზე 2001წ. 8 მარტამდე მისი ხელფასის თვიური ოდენობა შეადგენდა 47 ლარს. 2001წ. 16 მარტიდან სამსახურმა მასთან გააფორმა კონტრაქტი, რომლითაც მისი ხელფასის ოდენობა განისაზღვრა ამოღებული თანხის 6%-ის ოდენობით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას სამსახურიდან ხელფასი არ მიუღია, რის გამოც განიცადა მატერიალური და მორალური ზიანი.

მოსარჩელე ითხოვდა 2000წ. 8 დეკემბრიდან 2001წ. 16 მარტამდე მიუღებელ ხელფასს 164 ლარის ოდენობით და 16 მარტიდან 5 სექტემბრამდე ამოღებული თანხის 6%-ს. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სამსახურის ადმინისტრაციამ შკკ-ს 422-ე მუხლის უგულებელყოფით, ერთი თვით ადრე არ გააფრთხილა მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ. მან განიცადა მატერიალური და მორალური ზიანი, რაც მისი გაანგარიშებით შეადგენდა 5770 ლარს და ითხოვდა აღნიშნული თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას. დამატებითი სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მის მიერ გაწეუდი საკანცელარიო ხარჯების 300 ლარის და მბეჭდავ-მემანქანისა და კურიერის მოვალეობის შესრულებისათვის 1080 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.

გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ბ. ყ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000წ. 8 დეკემბრიდან 2001წ. 5 სექტემბრამდე ყოველთვიური ხელფასი 47 ლარის ოდენობით, სულ 423 ლარი, საკანცელარიო საჭიროებისათვის გაწეული 300 ლარი და მიუღებელი გასასვლელი დახმარება 47 ლარის ოდენობით, სულ 770 ლარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. ბ. ყ-ი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. მოპასუხის უფლებამონაცვლე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია სააპელაციო საჩივრით ითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა საკანცელარიო ხარჯები 300 ლარი და ყოველთვიური ხელფასის სახით 423 ლარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბ. ყ-ის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საავტომობილო ტრანსპორტის ადმინიტსრაციის სააპელაციო საჩივრები და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბ. ყ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სსიპ საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000წ. 8 დეკემბრიდან 2001წ. 16 მარტამდე გადაუხდელი ხელფასის სახით 153,53 ლარი. 2001წ. 16 მარტიდან 2001წ. 9 აგვისტომდე საჯარიმო სანქციებიდან ამოღებული თანხის (700,40) 6% რამაც შეადგინა 42,02 ლარი და გასასვლელი დახმარება 47 ლარი, სულ 242,52 ლარი სხვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. ყ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და იურიდიული საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი მორალური ზიანის, კურიერისა და ...ის მოვალეობის შესრულების გამო მიუღებელი ხელფასის და საკუთარი ხარჯებით საკანცელარიო და საფოსტო ხარჯების ანაზღაურებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2003წ. 24 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა კასატორი ბ. ყ-ი, სსიპ საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია არ გამოცხადდა. გამოცხადებულმა მხარემ თანხმობა გამოთქვა საქმის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვაზე. სასამართლომ ადგილზე თათბირით დაადგინა საკასაციო საჩივრის ზეპირის მოსმენის გარეშე განხილვა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გაიემოებები: ბ. ყ-ი 2000წ. 8 დეკემბრიდან 2001წ. 16 მარტამდე შრომითი ხელშეკრულებით მუშაობდა ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის შიდა ქართლის რეგიონალური სამსახურის ...ად, მისი ხელფასის თვიური ოდენობა შეადგენდა 47 ლარს. 2001წ. 16 მარტიდან სამსახურმა მასთან გააფორმა ვადიანი ხელშეკრულება ¹505 2001წ. 1 ივნისამდე. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მონაწილე პირს ყოვეთვიურად მიეცემოდა ხელფასი მის მიერ საჯარიმო სანქციებიდან ამოღებული თანხების 6%-ის ოდენობით. ხოლო ამავე ხელშეკრულების (¹505) მე-5 პუნქტის თანახმად, ვადის გასვლის შემთხვევაში ხელშეკრულება ითვლებოდა შეწყვეტილად, თუ სამსახური არ განაცხადებდა თანხმობას მის გაგრძელებაზე.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კასატორის შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილად უნდა ჩაითვალოს 2001წ. 9 აგვისტოდან, ვინაიდან აღნიშნული ხელშეკრულების შემდგომ ადინისტრაციამ 2001წ. 1 ივნისის ¹41/პ ბრძანებით კიდევ ერთი თვით გააგრძელა მასთან შრომითი ურთიერთობა და ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად იგი ასრულებდა თავის მოვალეობას 9 აგვისტომდე, ვინაიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინიტსრაციას ბრძანება კასატორისათვის არ ჩაუბარებია, ხოლო მის ადგილზე (თანამდებობაზე) სხვა პირის დანიშვნის შესახებ ბ. ყ-ისათვის ცნობილი გახდა 9 აგვისტოს, რა დროსაც მოხდა სამსახურებრივი დოკუმენტების გადაბარება.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორისათვის სწორად იქნა ანაზღაურებული შრომითი გასამრჯელო 2000წ. 8 დეკემბრიდან 2001წ. 16 მარტამდე ყოველთვიური 47 ლარის ოდენობით და 2001წ. 16 მარტიდან 2001წ. 9 აგვისტომდე მის მიერ ამოღებული თანხის 6%-ის ოდენობით (7 აგვისტო 306 ლარი 7 აგვისტო 394,40 ლარი). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ხელფასის ანაზღურება უნდა მოხდეს სამსახურის მიერ ამოღებული თანხის (35451 ლარის) 6%-ის ოდენობით. რადგან 2001წ. 16 მარტის ¹505 ხელშეკრულების მე-6 პუნქტით ბ. ყ-ის ხელფასის ოდენობა განისაზღვრა მის მიერ ამოღებული თანხის 6%-ის ოდენობით, აღნიშნული პუნქტი მას სადავოდ არ გაუხდია და დაეთანხმა. ამასთან კასატორის მიერ მითითებული თანხა 35451 ლარი არ შეესაბამება კასატორის ვადიანი ხელშეკრულებით მუშაობის პერიოდს, ვინაიდან კონტროლის პალატის აქტი მოიცავს 2000წ. 1 აგვისტოდან 31 მაისამდე პერიოდს და არა იმ პერიოდს რა პერიოდშიც მას მოთხოვნის უფლება აქვს.

უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოთხოვნა მდივან-მემანქანის და კურიერის მოვალეობის შესრულების გამო ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც ადმინისტრაციის მიერ მას დავალებული ჰქონდა აღნიშნული მოვალეობების შესრულება, ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება ბ. ყ-ის მიერ საკანცელარიო ნივთების საკუთარი ხარჯებით შეძენის თაობაზე.

სკ-ს მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირს, რომლის ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის ხელყოფა მოხდა, უფლება აქვს მოითხოვოს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. მე-18 მუხლი ადგენს თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ამ მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლად. ასეთია: პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოებების შემლახველი ცნობების გავრცელება ან პირადი ხელშეუხებლობა.

საქმის მასალებით არ დასტურდება და ვერც კასატორი ვერ მიუთითებს თუ აღნიშნული მუხლით (მე-18) გათვალისწინებულ რომელი პირადი არაქონებრივი უფლების დარღვევას ჰქონდა ადგილი მის მიმართ, რის გამოც მისი მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 30 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.