¹1010აპ ქ. თბილისი
16 აპრილი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
ლ. მურუსიძე, მ. ოშხარელი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ. კ-სა და მსჯავრდებულ ზ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 14 თებერვლის განაჩენით ზ. თ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებით, 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ არაერთგზის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩაიდინა ყაჩაღობა, ასვე _ სხვისი ნივთის დაზიანება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
2003 წლის 28 იანვარს ზ. თ-ლი საგარეჯოს რაიონული სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი არ გამოსწორდა და კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, კერძოდ, 2005 წლის 15 იანვარს ზ. თ-მა განიზრახა სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რისთვისაც იმავე დღეს, დაახლოებით 23.30 საათზე, ქ. თბილისში, ---ის გამზირზე არსებულ სასტუმრო „---ის” მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა მ. ჟ-ას კუთვნილი ავტომანქანა „ვაზ-31105” მარკის ტაქსი, რომელსაც მართავდა ბ. მ-ია. ზ. თ-მა მას უთხრა, წაეყვანა ---ის დასახლებაში. მსჯავრდებულმა ბ. მ-ას ავტომანქანა გააჩერებინა ---ის ქუჩაზე, რის შემდეგაც ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა, რომლის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით აიძულა ეს უკანასკნელი, გადმოსულიყო მანქანიდან, თავად მიუჯდა საჭეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა მ. ჟ-ას კუთვნილი, 13 500 ლარად ღირებული ავტომანქანა, რომელსაც იჯარით მართავდა ბ. მ-ია. გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ზ. თ-ლი იმავე დღეს, შემთხვევიდან დაახლოებით 30 წუთში, ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დააკავეს საპატრულო პოლიციის მუშაკებმა. დაკავებისას ზ. თ-ლი ავტომანქანით ცდილობდა მიმალვას, რა დროსაც გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შევარდა ხეებს შორის, რითიც ავტომანქანას დაუზიანა ნაწილები და დაზარალებულს მთლიანობაში მიაყენა 3480 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღნიშნული დანაშაულისათვის ზ. თ-ლს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით; სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, მას ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილის _ 6 წლის მოხდა დაეკისრა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ნაწილი _ 1 წელი და 6 თვე _ ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
ზ. თ-ლს სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 15 იანვრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ზ. რ-მა. მან ითხოვა თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედების კვალიფიცკაციისა და, შესაბამისად, განაჩენის შეცვლა და ზ. თ-ის პატიმრობიდან განთავისუფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს განაჩენით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეიცვალა: ზ. თ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „დ” ქვეპუნქტებიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილზე; მას სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორი _ პროკურორი ლ. კ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი ზ. თ-ის მიმართ არის უკანონო, დაუსაბუთებელი, უსამართლო, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას; დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულს სურდა ყაჩაღური თავდასხმით დაუფლებოდა ავტომანქანას და ამ მიზნის მისაღწევად იყენებდა სიცოცხლისათვის საშიშ ძალადობას; სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს დროებითი გამოყენების შემდეგ ავტომანქანა არ დაუტოვებია ნებაყოფლობით და დაკავებისას მანქანით ცდილობდა მიმალვას, რა დროსაც მნიშვნელოვნად დააზიანა იგი; სასამართლომ ასევე უგულებელყო კანონის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ყაჩაღობა, ჩვეულებრივ, დამთავრებულია ქონების დაუფლების მიზნით თავდასხმის დროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის ან მუქარის მომენტიდან; სასამართლომ არასწორად დააკვალიფიცირა ზ. თ-ის ქმედება სსკ-ის 184-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მას განუსაზღვრა უსამართლო სასჯელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი ლ. კ-ლი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
კასატორი _ მსჯავრდებულის ადვოკატი ზ. რ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი ზ. თ-ის მიმართ მკაცრია და უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ზ. თ-ის განმარტებით, ტაქსით მგზავრობისას მას მომენტალურად მოუვიდა აზრი, დროებითი გამოყენების მიზნით დაუფლებოდა ავტომანქანას, რა დროსაც არ გამოუყენებია არც დანა და არც _ ძალადობა; ზ. თ-ლს, რომელიც იჯდა მძღოლის გვერდითა სავარძელზე, მძღოლისათვის დანა რომ მოექნია, იგი ვერ მოახერხებდა თავის დაცვას და დანას ვერ აიცილებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ზ. თ-ლს ჰყავს ცოლ-შვილი, რომლებიც მის კმაყოფაზე იმყოფებიან, ხასიათდება დადებითად, არის ავადმყოფი (დიაგნოზი დღემდე ვერ დაუსვეს ექიმებმა), ადვოკატი ითხოვს ზ. თ-ის ქმედების დაკვალიფიცირებას სსკ-ის 184-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მოხდილი სასჯელის კმარებასა და პატიმრობიდან განთავისუფლებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ ,,მსჯავრდებულის მიერ დანის გამოყენების ფაქტი დადასტურებულია დაზარალებულის ჩვენებით და ამ ჩვენების უტყუარობაში სასამართლოს ეჭვი არ შეაქვს" (ს.ფ. 143).
საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების სხდომებზე დაზარალებული ბ. მ-ია არ დაკითხულა და მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებაც არ გამოქვეყნებულა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შუამდგომლობით ან სასამართლოს ინიციატივით სასამართლოს სხდომაზე საჯაროდ ქვეყნდება წინასწარი გამოძიების დროს საქმისათვის დართული წერილობითი მტკიცებულებები და საგამოძიებო მოქმედების ოქმები. ამასთანავე, ირკვევა საკითხი ამ მტკიცებულებათა მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის თაობაზე. სსსკ-ის 496-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
როგორც აღინიშნა, დაზარალებულის ჩვენება, რასაც დაეყრდნო სააპელაციო პალატა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას, სასამართლო სხდომაზე არ გამოქვეყნებულა და, შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ განხილულა. ამასთან, არ გარკვეულა ამ საგამოძიებოს მოქმედების ოქმის მიღების ხერხების, სანდოობის, შესახებობისა და დასაშვებობის საკითხი.
ზემოაღნიშნული დარღვევებიდან გამომდინარე, რომლებმაც გავლენა მოახდინეს საქმის შედეგზე კანონიერი და საფუძვლიანი განაჩენის დადგენის თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს საჩივრებში მითითებულ მოტივებზე და მიიღოს გადაწყვეტილება.
საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული გარემოებები, აღმოფხვრას დაშვებული დარღვევები და მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
ზ. თ-ლს აღკვეთის ღონისძიების სახით უნდა შეეფარდოს დაპატიმრება.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, 570-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. რ-სა და პროკურორ ლ. კ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 30 აგვისტოს განაჩენი ზ. თ-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
ზ. თ-ლს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს დაპატიმრება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.