¹1011აპ. 17 აპრილი, 2007 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),
მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. წ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატების ა. ა-სა და თ. ა-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. წ-ლი, დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 2 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლისა და 214-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
განაჩენის მიხედვით თ. წ-ლს მსჯავრი დაედო საბაჟო წესების დარღვევისათვის, კერძოდ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე მომწამლავი ნივთიერების გადატანის მცდელობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს მოქალაქე თ. წ-ლი, წარსულში მუშაობდა საქართველოს რუსეთის ფედერაციის ---ის წარმომადგენლობაში და ჰქონდა ურთიერთობა ---ის რესპუბლიკიდან საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებთან. იგი 2004 წლის 8 დეკემბერს, დილით, ქ. თბილისში შეხვდა ---ის რესპუბლიკიდან საქარვთელოში იძულებით გადაადგილებულ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ. უ-ვს, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზ. ა-სა და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი. ბ-სთან ერთად მივიდა მის საცხოვრებელ ბინასთან ტაქსით. საუბრის დროს ვ. უ-მა სთხოვა მას ზემოხსენებული ქალბატონების “---ის” სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე გაცილება. აღნიშნულზე მან განაცხადა თანხმობა. ამის შემდეგ ვ. უ-მა ტაქსიდან თ. წ-ის მართვის ქვეშ მყოფ “ოპელის” მარკის ავტომანქანაში, სახ. ნომრით “--”, გადააწყო ზ. ა-სა და ი. ბ-ას კუთვნილი ბარგი. გარდა აღნიშნულისა, ვ. უ-მა, მას მიაწოდა ორი ცალი შავი ფერის პოლიეთილენის პარკში გაზხვეული ამანათი და უთხრა, რომ ხსენებული ამანათები გშაეტანებინა ზემოხსენებული ქალბატონებისათვის რუსეთის ფედერაციაში, ამასთან გააფრთხილა, რომ ერთ-ერთ ამანათში მოთავსებული იყო საშიში მომწამლავი ნივთიერება და გადაადგილების დროს ყოფილიყვნენ ფრთხილად. თ. წ-მა მითითებული ამანათები ბარგთან ერთად ჩააწყო თავისი მარვთის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში. განზრახული ჰქონდა რა ვ. უ-ის მიერ მისთვის გადაცემული მომწამლავი ნივთიერების ზ. ა-სა და და ი. ბ-ას მეშვეობით საქართველოს საბაჟო სასაზღვარზე წესის დარღვევით გადატანა. იგი მათთან ერთად გაემგზავრა ყაზბეგის რაიონის მიმართულებით. გზაში მობილური ტელეფონით დაუკავშირლა ყაზბეგის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ თ. ყ-ლს, რომელსაც სთხოვა გარკვეული გასამრჯელოს საფასურად გადაეყვანა ზ. ა-ვა და ი. ბ-ვა სოფელ ---დან ---ის საზღვარზე. თ. წ-მა თ. ყ-ლს შეხვდა სოფელ ---ში და “ნივის” მარკის ავტომანქანაში, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სანომრე ნიშნით “--”, გადააწყო თავისი ავტმოანქანიდან ზ. ა-სა და ი. ბ-ას კუთვნილი ბარგი. ამასთან, მან ზ. ა-ას გადასცა ვ. უ-ის მიერ ქ. თბილისიდან გატანებული ორი ცალი ზემოხსენებული ამანათი და უთხრა, რომ გადაეტანა ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, სადაც დახვდებოდნენ წინასწარ გაფრთხილებული პირები და სთხოვა აღნიშნულის მათთვის გადაცემა. 2004 წლის 8 დეკემბერს, დაახლოებით 16 საათზე, სასაზღვრო საკონტროლო გამშვებ პუნქტ “---ზე”, ზემოხსენებული “ნივის” მარკის ავტომანქანა, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სანომრე ნიშნით _ “--”, შეჩერებულ იქნა საქართველოს ---ის სამინისტროს ქ. ---ის მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მიერ. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ავტმოანქანაში, ვ. უ-ის მიერ ქ. თბილისიდან გამოტანებულ და თ. წ-ის მიერ ზ. ა-ის გადაცემულ ერთ-ერთ ამანათში, აღმოჩენილ იქნა “---ის” ჯგუფის ძლიერ მომწამლავი ნივთიერება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. წ-მა.
აპელანტი აღნიშნავდა, რომ განაჩენი არის უკანონო, უნდა გაუქმდეს და მის მიმართ დადგეს გამამართლებელი განაჩენი მთელი რიგი გარემოებების გამო: კერძოდ, მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება; მისი ბრალი ყოვლად დაუსაბუთებელია; საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ მან ჩაიდინა ინკრიმინირებული ქმედება; გამოძიება მთლიანად აგებულია უსაფუძვლო ბრალდებაზე.
საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მსჯავრდებულმა შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, არ დააკმაყოფილა რა აპელანტის მოთხოვნა, 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენით უცვლელად დატოვა მსჯავრდებულ თ. წ-ის მიმართ დუშეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ თ. წ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ ა. ა-მა და თ. ა-ემ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და თ. წ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია მისთვის შერაცხული ქმედება. კასატორები თავიანთ მოთხოვნას ასაბუთებენ შემდეგი მოტივებით: განაჩენი ეყრდნობა შეთხზულ ბრალდებას: აშკარა წინააღმდეგობები და შეუსაბამობებია იმ მტკიცებულებებს შორის, რომლებიც საფუძვლად დაედო განაჩენს; არც გამოძიებამ და არც სასამართლომ გაარკვია სინამდვილეში ვი ეკუთვნოდა იმ ნივთიერება, რომელიც ბრალდების მოწმეებს აღმოაჩნდათ საბაჟო საზღვარზე; სასამართლო განხილვისას არ მოხდა მტკიცებულებების გამოკვლევა, დაიკითხნენ მოწმეები; არ დაკმაყოფილდა ამასთან მიმართებით დაცვის მხარის მიერ დაყენებული საფუძვლიანი შუამდგომლობები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ თ. წ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპრცოესო კოდექსის მე-18 მუხლით დადგენილი მოთხოვნები, რაც გამოიხატა შემდეგში: მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული თავს არ ცნობდა დამნაშავედ მისთვის შერაცხულ ბრალდებაში, რაც მან მკაფიოდ გამოხატა თავის სიტყვაში როგორც აპელანტმა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობის არსებობისას არ შესრულდა დაცვის მხარის დაყენებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობა ახალი მოწმეების გამოძახებისა და დაკითხვის თაობაზე, სააპელაციო სასამართლოში სასამართლო გამოძიება შემოიფარგლა მხოლოდ აპელანტის სიტყვის მოსმენით, რომლითაც თ. წ-ლი ერთი მხრივ თავს არ ცნობდა დამნაშავედ, ხოლო მეორე მხრივ ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას. ასეთ პირობებში, როდესაც მსჯავრდებულის პოზიციაში არსებობდა აშკარა და არსებითი წინააღმდეგობა, სააპელაციო სასამართლომ არ დაკითხა მსჯავრდებული და არ გაარკვია აღნიშნული წინააღდმეგობა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი თ. წ-ის ბრალეულობასთან მიმართებაში, კერძოდ, განაჩენის სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არაფერია აღნიშნული თ. წ-ლს აქვს თუ არა დანაშაული ჩადენილი ან რა დანაშაულშია იგი ბრალეული, რით არის დადასტურებული მის მიერ დანაშაულის ჩადენა, სწორია და საფუძვლიანია თუ არა რაიონული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც თ. წ-ლი დამნაშავედ იქნა ცნობილი, რატომ არ იზიარებს სააპელაციო სასამართლო დაცვის მხარის მოტივებს მისი უდანაშაულობის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამრათლოში მსჯავრდებულ თ. წ-ის ბრალდების საქმის განხილვისას გარდა საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნათა დარღვევისა, დაშვებულ იქნა, ასევე, საქართველოს სსსკ-ის 562-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტითა და 563-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა, რამაც ხელი შეუშალა საქმის ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად განხილვას, გავლენა მოახდინეს საქმის საბოლოო შედეგზე კანონიერი და საფუძვილანი განაჩენის დადგენის თვალსაზრისით. ასეთ პირობებში საკასაციო პალატა თ. წ-ის ბრალდების საქმის თაობაზე ვერ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
მითითებული გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სიხსლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბერის განაჩენი თ. წ-ის მსჯავრდების თაობაზე უნდა აგუქმდეს, ხოლო საქმე მის მიმართ უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის.
სააპელაციო სასამართლოში აღნიშნული საქმის განხილვისას უნდა ჩატარდეს სრულყოფილი სასამართლო გამოძიება საპროცესო კანონით დადგენილი მოთხოვნების ფარგლებში, რა დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ოიბექტური გამოკვლევა, ხოლო ამ გზით მოპოვებულ უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე გამოტანილ უნდა იქნეს საფუძვლიანი და დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილება თ. წ-ის ბრალეულობისა თუ ადანაშაულობის თაობაზე.
ითვალისწინებს რა იმ დანაშაულის სიმძიმეს და ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება მსჯავრდებულს, საკსაციო პალატა მიზანშეწონილად თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თ. წ-ლს აღკევთის ღონისძიებად შეეფარდოს დაპატიმრება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. წ-ის დამცველი ადვოკატების _ ა. ა-სა და თ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განაჩენი თ. წ-ის მსჯავრდების თაობაზე, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ გადაეგზავნოს იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის.
მსჯავრდებულ თ. წ-ლს აღკვეთის ღონისძიებად შეეფარდოს დაპატიმრება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.