1013აპ ქ. თბილისი
24 იანვარი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
სხდომის მდივან _ გ. შალამბერიძის,
პროკურორ _ ნ. ნ-ის,
ადვოკატ _ ა. ჩ-ის,
მსჯავრდებულ _ ზ. ღ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულების _ დ. და ზ. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ის, მსჯავრდებულ ე. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ-სა და დაზარალებულ ე. დ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე დ. ღ-ის, ზ. ღ-სა და ე. ს-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის შესაბამისად:
1. დ. ღ-რს,
2. ზ. ღ-რს,
3. ე. ს-რს, ბრალი ედებოდათ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, ხოლო დ. ღ-რს _ ასევე სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 19 სექტემბერს, ყაზბეგის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებმა დ. ღ-მა და ზ. ღ-მა, ამავე რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ე. ს-ან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, განიზრახეს სოფელ ---ში მცხოვრები ე. დ-ვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, დ. ღ-ის ცოლად მოყვანის მიზნით, რაც იმავე დღეს, დაახლოებით 10 საათსა და 15 წუთზე, მოიყვანეს სისრულეში, კერძოდ, სოფელ ---ში მდებარე შესასვლელთან, სადაც მუშაობდა ე. დ-ლი, ეს უკანასკნელი ძალის გამოყენებით ჩასვეს დ. ღ-ის ძმის _ ა. ღ-ის კუთვნილ ავტომანქანა „ნივაში” და წაიყვანეს თბილისის მიმართულებით, რითაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. სოფელ ---ან, გზაზე, მათ შეხვდათ „ოპელ-ომეგა”-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ა. ღ-რი. დ. და ზ. ღ-ბმა და ე. ს-მა ე. დ-ლი ძალით გადასვეს ავტომანქანა „ოპელში” და გააგრძელეს გზა თბილისის მიმართულებით. ე. დ-ლი მიიყვანეს მუხიანის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, სადაც ჰყავდათ რამდენიმე საათის განმავლობაში. ამის შემდეგ ე. დ-ლი წაიყვანეს სოფელ ---ში. მეორე დღეს _ 2004 წლის 20 სექტემბერს, ე. დ-ლი მიიყვანეს მცხეთის რაიონის სოფელ ---ში, სადაც 23 სექტემბერს დ. ღ-მა ძალის გამოყენებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ე. დ-თან დაამყარა სქესობრივი კავშირი. მეორე დღეს ე. დ-ლი ჩაიყვანეს ყაზბეგის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრებ ხ. გ-ის სახლში, საიდანაც იგი წაიყვანეს ყაზბეგის რაიონის პოლიციის თანამშრომლებმა.
ყაზბეგის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის განაჩენით დ. ღ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში, სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ამავე განაჩენით დ. ღ-რი, ზ. ღ-რი და ე. ს-რი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და მიესაჯათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალათ პირობით, 3-3 წლის გამოსაცდელი ვადით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ე. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჩ-მა, მსჯავრდებულებმა _ დ. და ზ. ღ-მა და დუშეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა. ბ-ემ.
ადვოკატმა ა. ჩ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა ე. ს-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ასევე გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა ითხოვეს მსჯავრდებულებმა _ დ. და ზ. ღ-მა.
პროკურორმა ა. ბ-ემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა ყაზბეგის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, დ. ღ-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება; ასევე ზ. ღ-სა და ე. ს-ის სასჯელის ზომად 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენით არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულებისა და ადვოკატ ა. ჩ-ის სააპელაციო საჩივრები, ხოლო პროკურორ ა. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ყაზბეგის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 19 ივნისის განაჩენი შეიცვალა: დ. ღ-ის მიმართ სსკ-ის 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, სსსკ-ის 26-ე მუხლის შესაბამისად; დ. ღ-რი, ზ. ღ-რი და ე. ს-რი ცნობილ იქნენ დამნაშავეებად სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და მიესაჯათ 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყებათ დაკავების მომენტიდან; ე. ს-რს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლება წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2005 წლის 7 თებერვლიდან 2005 წლის 31 მარტამდე.
განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ. და ზ. ღ-ის ადვოკატმა რ. ა-მა, მსჯავრდებულ ე. ს-ის ადვოკატმა ა. ჩ-მა და დაზარალებულმა ე. დ-მა.
ადვოკატი რ. ა-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოების გამამტყუნებელ განაჩენებს საფუძვლად უდევს დ. ღ-ის მეუღლის _ ე. დ-ის წინასწარი გამოძიების ეტაპზე მიცემული პირველი ჩვენება, ასევე მოწმეთა პირველადი ჩვენებები. ე. დ-მა სასამართლო გამოძიებისას წერილობით განაცხადა უარი საქმეში დაზარალებულად მონაწილეობასა და ბრალდების მხარდაჭერაზე, მან ასევე განაცხადა, რომ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება იყო არასწორი და უარი თქვა მის გამოქვეყნებაზე, რის გამოც, სსსკ-ის 481-ე მუხლის თანახმად, წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის გამოქვეყნებაზე დაზარალებულმა უარი განაცხადა, მტკიცებულებად და გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად არ შეიძლებოდა გამხდარიყო. მსჯავრდებულებმა _ დ. და ზ. ღ-მა უარი განაცხადეს მათ მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენებების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებაზე და ამ ჩვენებების განაჩენში მტკიცებულებად მოყვანა, სსსკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებელი იყო. სასამართლომ უპასუხოდ დატოვა მსჯავრდებულ ე. ს-ის შუამდგომლობა იმ პირებთან დაპირისპირების თაობაზე, ვინც მას ამხელდა დანაშაულის ჩადენაში, რაც იმას ადასტურებს, რომ არც ერთი მტკიცებულება ე. ს-სა და სხვა მსჯავრდებულების მიმართ საქმეში არ არსებობდა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ არ დასტურდება მსჯავრდებულთა მიერ სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რაც სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა” ქვეპუნქტისა და 494-ე მუხლის შესაბამისად, გამამართლებელი განაჩენის საფუძველია.
ადვოკატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ გააუქმა მსჯავრდებულთათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი, რითაც დაარღვია სსკ-ის მე-3 მუხლის მოთხოვნა, რომლის დისპოზიციაში არ არის საუბარი მხოლოდ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის დამძიმება-შემსუბუქებაზე; გაუგებარია, რატომ არ მოქმედებს სსკ-ის 63-64-ე მუხლებთან მიმართებით კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი და „ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 47-ე მუხლი.
ადვოკატი რ. ა-ლი ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შეიცვალა ვითარება, კერძოდ, დ. ღ-მა და ე. დ-მა შექმნეს ოჯახი, ეწევიან თანაცხოვრებას და თავისუფლების აღკვეთის ფაქტი, როგორც ქმედება, ასეთ ვითარებაში აღარ არის საშიში, მან დაკარგა სოციალური მნიშვნელობა, როგორც დანაშაულმა და ამ ფონზე მსჯავრდებულთა დასჯა ვეღარ დააკმაყოფილებს სასჯელის მიზნებს, პირიქით, სასჯელი ამ შემთხვევაში ზიანის მომტანია და ეწინააღმდეგება ოჯახის კანონიერ ინტერესებს. ვითარების შეცვლა სასამართლომ მხოლოდ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია. საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს თუ ვითარების შეცვლის შედეგად ქმედება აღარ არის საშიში. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ვითარების შეცვლის შედეგად მსჯავრდებულთათვის პასუხისმგებლობის დაკისრება და დაპატიმრება არ არის მიზანშეწონილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულების _ დ. და ზ. ღ-ის ადვოკატი რ. ა-ლი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, ხოლო ამ მოთხოვნის უარყოფის შემთხვევაში _ მათ განთავისუფლებას პასუხისმგებლობისაგან.
მსჯავრდებულ ე. ს-ის ადვოკატი ა. ჩ-ლი ზემოჩამოთვლილი მოტივებით, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
დაზარალებული ე. დ-ლი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მისი მეუღლის _ დ. ღ-სა და ნათესავების პატიმრობა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მათი და ე. ს-ის ოჯახებს, რის გამოც თვითონ მართლაც დაზარალდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ე. დ-ლი ითხოვს არსებული ვითარების მხედველობაში მიღებას და საკასაციო პალატას სთხოვს, არ დაუშვას თავისი მეუღლისა და ნათესავების მიმართ პატიმრობის გამოყენება.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულების _ დ. და ზ. ღ-ის, ასევე _ ე. ს-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჩ-მა მხარი დაუჭირა საჩივრებს და მოითხოვა მათი დაკმაყოფილება იმ მოტივით, რომ არ დასტურდება მსჯავრდებულთა მიერ ე. დ-ის თავისუფლების აღკვეთის ფაქტი. ამასთან, სააპელაციო პალატამ უკანონოდ გააუქმა პირობითი მსჯავრი, რითაც დაარღვია სსკ-ის მე-3 მუხლის მოთხოვნა. გარდა ამისა, ადვოკატმა ა. ჩ-მა მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში შეიცვალა ვითარება _ დ. ღ-მა და ე. დ-მა შექმნეს ოჯახი, ეწევიან თანაცხოვრებას და თავისუფლების აღკვეთა, როგორც ქმედება, ასეთ ვითარებაში აღარ არის საშიში, მან დაკარგა სოციალური მნიშვნელობა, როგორც დანაშაულმა და ამ ფონზე მსჯავრდებულთა დასჯა ვეღარ დააკმაყოფილებს სასჯელის მიზნებს, პირიქით, სასჯელი ამ შემთხვევაში ზიანის მომტანია და ეწინააღმდეგება ოჯახის კანონიერ ინტერესებს. მიუხედავად ამისა, ვითარების შეცვლა სასამართლომ მხოლოდ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნია. საქართველოს სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს თუ ვითარების შეცვლის შედეგად ქმედება აღარ არის საშიში.
ადვოკატ ა. ჩ-ის მოთხოვნას მხარი დაუჭირა მსჯავრდებულმა ზ. ღ-მა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა ნ. ნ-ემ საჩივრებს მხარი არ დაუჭირა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ იგი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა, ასევე მხარეთა მოტივები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს საჩივრების მოტივს იმის შესახებ, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უდევს ე. დ-ის წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება და რომ არ დასტურდება მსჯავრდებულთა მიერ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი, კერძოდ, დაზარალებულმა ე. დ-მა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზეც განმარტა, რომ მისი ,,წაყვანა მოხდა მოტყუებით" და მიხვდა, რომ აღუკვეთეს თავისუფლება. ე. დ-მა ასევე მიუთითა, რომ წინასწარი გამოძიებისას განცხადების დაწერა განაპირობა მისმა მოტაცებამ და რომ მის მიმართ დანაშაული ჩაიდინეს (ს.ფ. 329-332).
ამავე სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, შსს ყაზბეგის რაიონული განყოფილების უფროსის მოადგილე ბ. მ-ემ განმარტა, რომ ე. დ-ის დედამ უთხრა ქალიშვილის გატაცების შესახებ. მივიდნენ ხ. გ-ის სახლში, სადაც დაზარალებულს ჰკითხა, თუ რას იზამდა, რაზეც ე. დ-მა მასაც და დედამისსაც უპასუხა, რომ იქ არ დარჩებოდა (ს.ფ. 242-243).
ე. დ-ვის თავისუფლების აღკვეთის ფაქტი უტყუარადაა დადასტურებული წინასწარი გამოძიებისას დაკითხული მოწმეების _ ნ. ჩ-ის, გ. ს-ის, ნ. ი. და დ. დ-ის, გ. კ-ის ჩვენებებითაც, რომლებიც გამოქვეყნდა სასამართლოს სხდომაზე (ს.ფ. 403).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დადგინდება, რომ ქმედებისათვის ამგვარი პასუხისმგებლობის დაკისრება მიზანშეუწონელია ვითარების შეცვლის გამო.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ცალკეულ შემთხვევაში ვითარების შეცვლის სუბიექტურ ფაქტორად შეიძლება განიხილებოდეს დამნაშავის დაზარალებულთან ქორწინება ან ბავშვის დაბადება. პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზანშეუწონლობა, სხვა გარემოებებთან ერთად, გულისხმობს შემთხვევას, როდესაც პირის დასჯა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს დაზარალებულს. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა ე. დ-ის მამის _ ვ. დ-ის განმარტება, კერძოდ, მან პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას მიუთითა, რომ თავის ქალიშვილს მეუღლე არ ჰყავს და, შესაბამისად, დ. ღ-რი მისი სიძე არ არის. ვ. დ-მა იქვე განაცხადა, რომ არ იცის, ერთად არიან თუ არა მისი ქალიშვილი და დ. ღ-რი. ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ე. დ-ლი, მიუხედავად არაერთი შეტყობინებისა, არ გამოცხადდა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოების სხდომებზე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერებითა და გაანალიზებით ვითარების იმგვარ შეცვლას, რაც საფუძვლად დაედება მსჯავრდებულთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, ადგილი არ აქვს. ამასთან, არასწორია და პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრების მოტივს იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულთა ქმედება ამ შემთხვევაში აღარ არის საშიში. აღნიშნული გარემოება მიეკუთვნება ვითარების შეცვლის ობიექტურ ფაქტორს და ეს ქმედება _ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, კვლავინდებურად საშიშია.
რაც შეეხება მსჯავრდებულთათვის დანიშნულ სასჯელს, იგი სამართლიანია და საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებსა და დასკვნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ დ. და ზ. ღ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ა-ის, მსჯავრდებულ ე. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჩ-სა და დაზარალებულ ე. დ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დ. ღ-ის, ზ. ღ-სა და ე. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.