Facebook Twitter

¹ბს-5-215-კ-03 10 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ბინის ორდერის გაუქმება და ბინიდან გამოსახლება (სასარჩელო მოთხოვნა); ბინის პრივატიზების ნებართვა (შეგებებული სარჩელის მოთხოვნა).

აღწერილობითი ნაწილი:

ქობულეთში, ...... მდებარე სამოთახიანი ბინა, ქობულეთის საკრებულოს გამგეობის 1993წ. 3 აგვისტოს ¹24 გადაწყვეტილების, ¹2464 სამხედრო ნაწილის საბინაო კომისიის 1993წ. 21 მაისის ¹25 საოქმო გადაწყვეტილებისა და ¹013812 ორდერის საფუძველზე, გაცემული იქნა კასატორ ზ. ც-ის სახელზე.

სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ აღნიშნული ორდერი მიიჩნია კანონის დარღვევით გაცემულად და იმ მოტივით, რომ ...... მდებარე ბინა ირიცხებოდა სასაზღვრო სამსახურის ბალანსზე, 2002წ. 15 ნოემბერს სარჩელი აღძრა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა ზ. ც-ის სახელზე გაცემული ორდერის გაუქმება, მისი ბინიდან გამოსახლება ოჯახის წევრებთან ერთად და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში აჭარის რეგიონალური სამმართველოსათვის ჩაბარება. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს სამართალმემკვიდრეობის სახით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ს/ნ ¹...... სახელზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების ბინები, მათ შორის ქობულეთში, ..... მდებარე ბინა, რომელიც სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაცემული იყო სამხედრო მოსამსახურე ბ. კ-ზე, რომელიც საზღვრის დაცვის დეპარტამენტში აღარ მსახურობს. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევდნენ დროებითი სარგებლობისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით. მოსარჩელის განმარტებით, ქობულეთის გამგეობას უფლება არ ჰქონდა გაეცა ზ. ც-ეზე ბინის ორდერი, ვინაიდან იგი არ ყოფილა სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო ნაწილს ზ. ც-ის ბინით დაკმაყოფილებაზე ნებართვა არ გაუცია, რის გამოც ორდერი გაუქმებული უნდა იქნეს. ...... მდებარე ბინა ირიცხება აჭარის რეგონალური სამმართველოს საბინაო ფონდში.

საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი არ ცნო ზ. ც-ემ და შეგებებული სარჩელით შემდეგი მოტივით მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე, 33-ე მუხლების შესაბამისად მოსარჩელის დავალდებულება ან სასამართლოს მიერ ბინის პრივატიზაციის თაობაზე აქტის გამოცემა:

შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ 1993 წელს ¹...... სამხედრო ნაწილში მუშაობის პერიოდში განცხადებით მიმართა სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას ბინით დაკმაყოფილების თაობაზე. 1993წ. პირველ მაისს სამხედრო ნაწილის საბინაო კომისიამ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ქობულეთში, ...... გამოეყო ბინა. 1993წ. 3 აგვისტოს ქობულეთის საკრებულოს ¹24 გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიწერა ბინის ორდერი ¹...... . ზ. ც-ის განმარტებით, მან ბინა მიიღო საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მიღებამდე და სკ-ს ¹155-ე, 159-ე, 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად ითვლება ბინის კეთილსინდისიერ მფლობელად.

სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს სარჩელი ასევე არ ცნო ქობულეთის გამგეობამ და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, უსაფუძვლობის გამო.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო, ზ. ც-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს დაევალა ზ. ც-ეზე გამოყოფილი და მის მიერ დაკავებული ქობულეთში, ...... მდებარე ბინის პრივატიზება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ და მოითხოვა ქობულეთის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში აჭარის რეგიონალური სამმართველოსათვის ჩაბარება.

საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ ცნო ქობულეთის გამგეობამ და ზ. ც-ემ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი შემდეგი მოტივით დაკმაყოფილდა:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთში, ..... მდებარე სახლი ირიცხებოდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო სასაზღვრო ნაწილ ¹......-ის ბალანსზე, რასაც არ უარყოფს ქობულეთის გამგეობა და მხარეები. რუსეთის სასაზღვრო ნაწილების საქართველოდან წასვლის შემდეგ, მათი მთლიანი ქონება სამართალმემკვიდრეობის წესით და საქართველო-რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულებით გადაეცა სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს და შესაბამისად, მის სტრუქტურულ ერთეულს – აჭარის რეგიონალურ სამმართველოს. ზ. ც-ე 1993 წელს იყო რუსეთის სამხედრო ნაწილ ¹......-ის ელექტრიკი, რის საფუძველზეც მან 1994წ. 28 მარტს მიიღო ორდერი სამხედრო საუწყებო სახლზე. სასაზღვრო ნაწილების საქართველოდან გასვლის შემდეგ, ზ. ც-ეს სამხედრო სამსახურში მუშაობა არ გაუგრძელებია. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-2 და მე-14 პუნქტების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევდნენ დროებითი სარგებლობისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით. ამდენად, რუსეთის სამხედრო ნაწილს უფლება ჰქონდა ზ. ც-ისათვის ბინა მიეცა დროებითი სარგებლობისათვის, მისი სამხედრო ნაწილში მსახურობის პერიოდში.

რაც შეეხება მოპასუხის შეგებებულ სარჩელს, სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა მის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ მინისტრთა კაბინეტის 1992წ. პირველი თებერვლის ¹107 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი დანიშნულების ბინები პრივატიზაციას არ ექვემდებარება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ც-ემ და ე. ს-ემ, მათ შემდეგი საფუძვლით მოითხოვეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მათი შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება:

კასატორმა განმარტა, რომ იგი 1993 წლიდან, ოჯახთან ერთად ცხოვრობს სადავო ბინაში, რომელიც მათ გამოუყო სამხედრო ნაწილის ¹...... საბინაო კომისიამ, ხოლო მათი განცხადების საფუძველზე, ქობულეთის საკრებულოს 1993წ. 3 აგვისტოს ¹24 გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცა ორდერი ¹013812. 1994 წლიდან ისინი ბინაში იქნენ ჩაწერილები. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და აღნიშნა, რომ ტექაღრიცხვის ცნობის თანახმად, ..... მდებარე სახლი ¹...... სამხედრო ნაწილის ბალანსზეა. გარდა ამისა, რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმის თანახმად მოსარჩელე ადასტურებს, რომ ბინა მის სახელზე არ ირიცხება. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ზ. ც-ე სამხედრო ნაწილში აღარ მუშაობს, კასატორის განმარტებით მას თვითნებურად არ დაუნებებია სამსახურისთვის თავი, არამედ მოხდა სამხედრო ნაწილის ლიკვიდაცია. სამხედრო ნაწილებს 1993 წლიდან 2002 წლამდე არ მოუთხოვიათ ზ. ც-ის ბინიდან გამოსახლება, ამჟამად კი გასულია როგორც ძველი, ასევე ახალი სკ-ით გათვალისწინებული გასაჩივრების 3-წლიანი და 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორი განმარტება მიეცა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. პირველი თებერვლის ¹107 დადგენილებას და არ იქნა გამოყენებული კანონი, რომელიც სასამართლოს უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, მითითებული დადგენილების შესაბამისად, საქმეში არსებული ბინების განაწილების სხდომის ოქმით დასტურდება, რომ ზ. ც-ის მიერ დაკავებული ..... მდებარე 9-სართულიან სახლში 44 ბინიდან მხოლოდ 7 მიეკუთვნებოდა სამხედრო დანიშნულების საუწყებო ბინას, მათი (ზ. ც-ის) ბინა კი, აღნიშნულს არ მიეკუთვნება. ამდენად, მინისტრთა კაბინეტის 1992წ. პირველი თებერვლისა და 1994წ. 5 აგვისტოს ¹107 და ¹520 დადგენილებებით მათ უფლება აქვთ მოახდინონ სადავო ბინის პრივატიზება. გარდა ამისა, კასატორთა აზრით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საბინაო კოდექსის 101-ე, 102-ე, 106-ე, 107-ე, 108-ე, 109-ე, 111-ე, 112-ე, 115-ე, 117-ე, 57-ე და 58-ე მუხლებით. მოსარჩელის მიერ არ იქნა დადასტურებული, რომ იგი სადავო ბინის მესაკუთრეა და მას არა აქვს საბუთი, რომელიც მოწმობს, რომ ბინა მის ბალანსზე ირიცხება, რადგან ბინები ამჟამადაც ¹...... და ¹...... სამხედრო ნაწილების ბალასზეა.

ზ. ც-ის საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა ქ. ქობულეთის გამგეობამ, ხოლო სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ც-ისა და ე. ს-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 მარტის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწინააღმდეგე მხარე – სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველო კასატორ ზ. ც-ის მიმართ აღძრული სარჩელით “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობის უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-2 და მე-14 პუნქტების საფუძველზე ითხოვდა ზ. ც-ის სახელზე გაცემული სადავო ბინის ორდერის გაუქმებას, ოჯახის წევრებთან ერთად მოპასუხის გამოსახლებას სასამსახურო ბინიდან და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარებას, რაც დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით და რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან:

ა) სააპელაციო სასამართლომ ზ. ც-ის სახელზე გაცემული ბინის ორდერის გაუქმების საკითხის განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ზემოაღნიშნული ¹603 დადგენილებით. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით კი უტყუარად დასტურდება, რომ კასატორ ზ. ც-ის სახელზე სადავო ბინის ორდერის გაცემის საკითხი, იმჟამად მოქმედი საბინაო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად გადაწყდა ¹603 დადგენილების მიღებამდე. კერძოდ, ¹....... სამხედრო ნაწილის საბინაო კომისიის 1993წ. 21 მაისის ¹25 გადაწყვეტილებისა და ქ. ქობულეთის საკრებულოს გამგეობის 1993წ. 3 აგვისტოს ¹24 გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა თავად საბინაო ორდერი ¹....... ზ. ც-ის სახელზე გაიცა მოგვიანებით, 1994წ. 28 მარტს;

ბ) საკასაციო პალატას საყურადღებოდ მიაჩნია ¹...... სამხედრო ნაწილის საბინაო კომისიის 1993წ. 21 მაისის საოქმო გადაწყვეტილება ¹25, რომლის მიხედვითაც ამავე სამხედრო ნაწილის ელექტრიკოს ზ. ც-ეს მიეცა ქ. ქობულეთში, ..... მდებარე სადავო ბინა ¹9. საოქმო გადაწყვეტილებით სადავო ბინა არის საუწყებო ბინა, ხოლო მოსარჩელე საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს განმარტებით, სადავო ბინა და მთლიანად საცხოვრებელი კორპუსი სამსახურებრივი სარგებლობის ბინას წარმოადგენს. საკასაციო პალატის აზრით, სადავო ბინის დანიშნულება, საუწყებოა თუ სამსახურებრივი, სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადოდ სრულყოფილად გამოკვლეული არ არის, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის გადაწყვეტისათვის, რადგან განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმით რეგულირდება ამგვარი ბინებიდან გამოსახლება და ბინის ორდერის ბათილად ცნობა. ამასთან, კასატორი ზ. ც-ე შეგებებული სარჩელით საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹107 და ¹520 დადგენილებების საფუძველზე ითხოვდა მისთვის გამოყოფილი სადავო ბინის პრივატიზებაზე ნებართვას. ¹107 დადგენილების მე-3 პუნქტის იმპერატიული მითითების მიხედვით სამსახურებრივი დანიშნულების ბინები პრივატიზებას არ ექვემდებარება, ხოლო საუწყებო ბინებზე ამგვარ აკრძალვას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს;

გ) მოსარჩელის – სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს 2002წ. 14 ნოემბრის ¹721 ცნობის მიხედვით, ქ. ქობულეთში, ...... მდებარე სადავო ბინა ¹9 ¹...... სამხედრო ნაწილის მიერ მას გადაეცა 1999წ. 10 სექტემბერს. ქ. ქობულეთის გამგეობის 2000წ. 12 დეკემბრის ¹6154 ცნობის თანახმად, ..... მდებარე 9-სართულიანი, 54-ბინიანი საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა ჯერ ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების ქობულეთის ¹...... ნაწილის ბალანსზე, შემდეგ ¹...... სამხედრო ნაწილის ბალანსზე. საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს – საზღვრის დაცვის რეგიონალურ სამმართველოს სასამართლოში არსებული სხვა საქმეებისაგან განსხვავებით, ამ საქმესთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია ¹....... სამხედრო ნაწილის საბინაო ფონდის ბალანსიდან სადავო ბინის საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება (გადაცემული ქონების ჩამონათვალი), რაც სხვა დავებზე წარმოდგენილი იყო სიის სახით. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ბინის მოსარჩელისათვის გადაცემის საკითხიც საჭიროებს დამატებით გამოკვლევა-დადგენას, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახალი განხილვისას.

საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან მათი ცნობის მიხედვით სადავო ბინა სამმართველოს გადაეცა 1999წ. 10 სექტემბერს, სარჩელი აღძრულია 2002წ. 14 სექტემბერს, ხოლო სკ-ს 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა ვინდიკაციურ სარჩელებზე (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა – სკ-ს 172-ე მუხლი) შეადგენს 10 წელს.

ამდენად, სარჩელის ხანდაზმულობაზე საკასაციო საჩივარს პალატა ვერ დაეთანხმება, მაგრამ არსებითად იზიარებს კასატორის მოთხოვნას აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებაზე, რადგან საჭიროა საქმის ფაქტობრივ გარემოებათა დამატებითი, ყოველმხრივი და სრული გამოკვლევა, ახალი მტკიცებულებების გამოთხოვა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სსკ-ს 412-ე მუხლის თანახმად, ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახლა განსახილველად საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. ც-ისა და ე. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 მარტის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.