Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ბს-56-253-კ-03 18 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: სარჩოს ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მოსარჩელე ვ. ღ-ე მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ .... რკინიგზის ვაგონების გადამბმელად. 1962წ. 21 ოქტომბერს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხარაგაულის რაიონის სოფ. ... კოლმეურნეობის ავტომანქანით მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, რის გამოც გახდა მეორე ჯგუფის ინვალიდი უვადოდ და 1978წ. 12 მარტის სასამართლო-სამედიცინო შემოწმების ¹33 აქტის თანახმად დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 30%-ით. ხარაგაულის რაიონის სასამართლოს 1977წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით სოფ. ქროლის კოლმეურნეობას ვ. ღ-ის სასარგებლოდ 1977წ. პირველი მარტიდან ყოველთვიურად სარჩოს სახით დაეკისრა 45,45 მანეთის გადახდა. აღნიშნულ თანხას ვ. ღ-ე იღებდა 1991 წლამდე. 1992 წლიდან კი სარჩო არ მიუღია, რის გამოც მან 2002წ. 25 ნოემბერს სარჩელი აღძრა ხარაგაულის რაიონის სასამართლოში და მოითხოვა კასატორი _ ბაზალეთის თემის საკრებულოსაგან, როგორც სოფ. .... კოლმეურნეობის უფლებამონაცვლისაგან, მის სასარგებლოდ მიუღებელი სარჩოს 7980 ლარის, ხოლო ყოველთვიურად 95 ლარის ანაზღაურება.

მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან სოფ. ქროლის კოლმეურნეობა აღარ არსებობს და მისი სამართალმემკვიდრეა ბაზალეთის საკრებულო, ამ უკანასკნელს უნდა დაეკისროს მისი ჯანმრთელობის დაზიანების გამო სარჩოს ანაზღაურება, რომლის გადაანგარიშება უნდა მოხდეს “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-11 მუხლით. საქართველოს რკინიგზა ქუთაისი II-ის 2002წ. 14 ნოემბრის ცნობის მიხედვით, სადგურ რიონის გადაბმელის შესაფერისი თანამდებობის თვიური ხელფასი შეადგენს 165 ლარს, ამიტომ მიუღებელი ყოველთვიური სარჩოს გადაანგარიშება, მოსარჩელის აზრით, უნდა მოხდეს სამი თვის ფაქტობრივად მიუღებელი ხელფასის 30%-ის ოდენობით, რაც შეადგენს _ 95 ლარს, მოსარჩელემ თავდაპირველად ასევე მოითხოვა 2002 წლამდე გაუცემელი სარჩოს თანხის 7980 ლარის ანაზღაურება. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი.

ხარაგაულის რაიონის სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხარაგაულის რაიონის სოფ. ბაზალეთის საკრებულოს ვ. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1278 ლარის მიუღებელი სარჩოს ერთდროულად, ხოლო ყოველთვიურად 35,50 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბაზალეთის საკრებულომ და მოითხოვა ხარაგაულის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ვ. ღ-ის სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხარაგაულის რაიონის სასამართლოს 2003წ. 17 იანვრის გადაწყვეტილება, ვ. ღ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სოფ. .... საკრებულოს ვ. ღ-ის სასარგებლოდ შემდეგი მოტივით დაეკისრა 1999წ. პირველი იანვრიდან ერთდროულად 1287 ლარის, ხოლო 2003წ. პირველი აპრილიდან ყოველთვიურად, მდგომარეობის შეცვლამდე 30 ლარის სარჩოს გადახდა:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სოფ. ..... საკრებულო არის სოფ. ქროლის კოლმეურნეობის სამართალმემკვიდრე. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ვ. ღ-ს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, იმ მოტივით, რომ ვ. ღ-ემ 1977 წელს მიმართა სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების 50-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულს ზიანი უნაზღაურდება იმ დღიდან, როდესაც მან სრულიად ან ნაწილობრივ დაკარგა შრომის უნარი. 59-ე მუხლით კი, თუ განცხადება ზიანის ანაზღაურების შესახებ დამქირავებელთან შეტანილია შრომის უნარის ხარისხის დაკარგვიდან 3 წლის შემდეგ, იგი ანაზღაურდება განცხადების შეტანის დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებულის მოთხოვნა, მითითებული წესის თანახმად ხანდაზმულობით არ იზღუდება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარეობს და მიუთითა, რომ სკ-ს 463-ე მუხლის თანახმად, ორგანიზაციები და მოქალაქენი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მომეტებულ საფრთხის წყაროსთან, მოვალენი არიან აანაზღაურონ მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებენ, რომ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან დაზარალებულის განზრახვით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან ორჯონიკიძის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სოფ. .... კოლმეურნეობას დაკისრებული ჰქონდა ვ. ღ-ისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელე ითხოვს უკვე დაკისრებული თანხის გადაანგარიშებას, რაც სამოქალაქო კოდექსით არ რეგულირდება, ურთიერთობა მოწესრიგებული უნდა იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების შესახებ” წესის მე-11 მუხლის მესამე აბზაცის მიხედვით. კერძოდ, ბაზალეთის საკრებულოს საშტატო განრიგის თანახმად, საკრებულოში მინიმალური ხელფასი შეადგენს 10 ლარს, შესაბამისად მისი ათმაგი ოდენობა 100 ლარს. ვინაიდან მოსარჩელე გადაანგარიშებას ითხოვს 1999წ. პირველი იანვრიდან, აღნიშნული პერიოდიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე 48 თვის გაანგარიშებით ვ. ღ-ეს ეკუთვნის 4800 ლარი, ხოლო რადგან მას შრომის უნარი 30%-ით აქვს დაკარგული – 1440 ლარი (4800-ის 30%). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს სოფ. .... კოლმეურნეობისათვის ვ. ღ-ის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ერთჯერადად 1278 ლარის გადახდა და აღნიშნული გასაჩივრებული არ ყოფილა ვ. ღ-ის მიერ, იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლო საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, პალატამ მიიჩნია, რომ იგი საჩივრის მოთხოვნებს ვერ გასცდება, რის გამოც ვ. ღ-ეს მიუღებელი სარჩოს სახით ერთჯერადად უნდა მიეცეს 1278 ლარი, ხოლო ყოველთვიურად გასაცემი თანხა უნდა გადაანგარიშდეს 100 ლარის 30%-დან, რაც შეადგენს 30 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბაზალეთის თემის საკრებულომ და ვ. ღ-ემ. ..... თემის საკრებულომ მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 აპრილის გადაწყვეტიების გაუქმება და ვ. ღ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო. კერძოდ:

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმებული უნდა იქნეს, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა მოქმედი კანონმდებლობა. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემული ურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტური ვალდებულებიდან და ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენა არა სამოქალაქო კოდექსი, არამედ პრეზიდენტის ბრძანებულება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორმა განმარტა, რომ სკ-ს მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ კანონის ნორმებს, ხოლო თუ ეს აქტები ეწინააღმდეგება კანონს, გამოიყენება კანონი. პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რის გამოც სკ-ს ნორმებს აქვს უპირატესი ძალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის აზრით, ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა პრეზიდენტის ბრძანებულება, არამედ სკ-ს 1008-ე, 128-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 142-ე, 144-ე მუხლები.

კასატორმა ასევე არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელემ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, სასამართლოს მიმართა 1997 წელს, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ ვ. ღ-ემ სარჩელი აღძრა 1977 წელს. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა დელიქტურ ვალდებულებებთან დაკავშირებით სკ-ს 463-ე მუხლზე, ვინაიდან აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სოლიდარულად ვალდებულებას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 აპრილის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ასევე ვ. ღ-ემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა .... საკრებულოსათვის 1384 ლარის ერთდროულად გადახდისა და ყოველთვიურად 35,50 ლარის სარჩოს ანაზღაურების ნაწილში იმ მოტივით, რომ, მართალია სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ბრძანებულება ¹48 “შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ”, მაგრამ არასწორად განსაზღვრა სარჩოს ოდენობა ბაზალეთის საკრებულოს მინიმალური ხელფასის ათმაგი ოდენობიდან. სასამართლოს მიერ სარჩო განსაზღვრული უნდა ყოფილიყო სადგურ რიონის გადამბმელის თანამდებობის შესაფერისი თვიური ხელფასიდან, რაც შეადგენს 165 ლარს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ხარაგაულის რაიონის სოფ. .... საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით, ხოლო ვ. ღ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელი ვ. ღ-ე მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სადგურ რიონში ვაგონების გადაბმელად. 1962წ. 21 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონის სოფ. .... კოლმეურნეობის ავტომანქანის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ვ. ღ-ემ მიიღო სხეულის დაზიანება. 1976წ. 12 მარტის სასამართლო-სამედიცინო შემოწმების ¹33 აქტის მიხედვით, ვ. ღ-ემ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, სამუდამოდ დაკარგა საერთო შრომის უნარი 15%-ით, ხოლო პროფესიული – 30%-ით. ორჯონიკიძის რაიონის სახალხო სასამართლოს 1977წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ღ-ის სარჩელი და სოფ. .... კოლმეურნეობას დაზარალებულის სასარგებლოდ 1977წ. 1 მარტიდან ყოველთვიურად დაეკისრა 45 მანეთისა და 45 კაპ გადახდა. ხარაგაულის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს 2002წ. 5 ნოემბრის ¹02/19 ცნობის, ხარაგაულის რაიონის სოფ. ბაზალეთის საკრებულოს 1998წ. 25 იანვრის მოსახლეობის საერთო კრების ¹1 ოქმის მიხედვით, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ კოლმეურნეობების ლიკვიდაციის შემდეგ საქართველოში შეიქმნა გლეხური მეურნეობები, რომელთა ლიკვიდაციის შედეგად მათი უძრავ-მოძრავი ქონება გადაეცა სოფლის საკრებულოებს და ამდენად, .... თემის საკრებულო არის სოფ. ქროლის კოლმეურნეობის უფლებმონაცვლე.

2. უსაფუძვლობის გამო, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას დავის გადაწყვეტისას საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების უმართებულოდ გამოყენების შესახებ. მართალია, სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობს დელექტური ვალდებულებიდან ანუ ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობაა, რაც რეგულირდებოდა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 457-484-ე მუხლებით, ხოლო ამჟამად გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდესის (1997წ.) 408-415-ე და 992-1008-ე მუხლებით, მაგრამ მათში ზოგადად არის განმარტებული დელიქტის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებანი და ზიანის ანაზღაურების მოვალეობა. კერძოდ, სკ-ს 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი ზოგადად მიუთითებს: ”თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზიანებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით”. ყოველთვიური სარჩოს ოდენობის განსაზღვრის, მისი დადგენის, ასევე სარჩოს თაობაზე იურიდიული პირისათვის მიმართვის წესი სამოქალაქო კოდექსში განმარტებული არ არის, არამედ დეტალურად რეგლამენტირებულია ”შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულებაში, რომელიც სამართლებრივად კანონქვემდებარე სპეციალური ნორმატიული აქტია, რომელიც ავსებს და განავრცობს კანონს. ამიტომ საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას ¹48 ბრძანებულების უმართებულოდ გამოყენების შესახებ და თვლის, რომ სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო პალატამ სარჩოს გადაანგარიშების საკითხის გადაწყვეტისას კანონთან _ სამოქალაქო კოდექსთან ერთად, მის შესავსებად სწორად გამოიყენა ზიანის ანაღაურების წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულება.

3. საკასაციო პალატა, უსწორობის გამო, ასევე ვერ გაიზიარებს სკ-ს 142-ე მუხლის I ნაწილიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებას ვ. ღ-ის მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. აღნიშნული ნორმის თანახმად: ”სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 10 წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება”. საკასაციო პალატის აზრით, კონკრეტული დავის განხილვისას აღნიშნული ნორმის მითითება უმართებულოა, რადგან იგი აწესებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნის ანუ გადაწყვეტილების აღსასრულებლად პირველადი მიქცევის ხანდაზმულობის 10-წლიან ვადას, რაც ასევე ასახულია ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” ამჟამად მოქმედი კანონის 34-ე მუხლის ”ე” ქვეპუნქტით. განსახილველ შემთხვევაში კი ორჯონიკიძის რაიონის სახალხო სასამართლოს 1977წ. 25 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას მოვალე სოფ. ქროლის კოლმეურნეობა წლების მანძილზე ახორციელებდა 1991წ. დეკემბრის ჩათვლით ანუ გადაწყვეტილების აღსრულება დაწყებული იყო, მაგრამ 1992წ. იანვრიდან, სოფ. .... კოლმეურნეობის ლიკვიდაციის შემდეგ გადაწყვეტილების აღსრულება შეწყდა და დაზარალებულმა 2002წ. 25 ნოემბერს მოვალე სოფ. ქროლის კოლმეურნეობის უფლებამონაცვლისაგან _ ბაზალეთის თემის საკრებულოსაგან მოითხოვა მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება, რაზეც კასატორის მიერ მითითებული ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადის შეზღუდვა არ მოქმედებს.

მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაცია, დაზარალებულ ვ. ღ-ის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების გამოტანისა და აღსრულების დაწყების დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იყო დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების საფუძველი. ამჟამად მოქმედი ”სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის 36-ე მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის გარდაცვალებისას ან მოვალე იურიდიული პირის ლიკვიდაციისას აღსრულება ჩერდება მოვალის უფლებამონაცვლის დადგენამდე, რადგან უფლებამონაცვლე არის როგორც უფლებების, ასევე მოვალეობების სამართალმემკვიდრე. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოვალე სოფ. ... კოლმეურნეობის ლიკვიდაციის გამო, 1992 წლიდან შეჩერდა ვ. ღ-ის სასარგებლოდ სარჩოს ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულება კოლმეურნეობის უფლებამონაცვლის დადგენამდე. ვინაიდან დადგენილია, რომ სოფ. .... კოლმეურნეობის უფლებამონაცვლეა .... თემის საკრებულო, კანონიერ ძალაში შესული ორჯონიკიძის რაიონის სახალხო სასამართლოს 1977წ. 25 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განახლდეს მოვალის უფლებამონაცვლე ხარაგაულის რაიონის ... თემის საკრებულოს მიერ.

4. ამდენად, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს ბაზალეთის თემის საკრებულოს საკასაციო საჩივარს ვ. ღ-ის მოთხოვნის ხანდაზმულობისა და საქართველოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულების უსწოროდ გამოყენების თაობაზე, მაგრამ მიაჩნია, რომ მიუღებელი სარჩოს ოდენობის გადაანგარიშების საკითხი სააპელაციო პალატამ არასწორად გადაწყვიტა და ამ ნაწილში დაზარალებულ ვ. ღ-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია. კერძოდ, ორჯონიკიძის რაიონის სახალხო სასამართლოს 1977წ. 25 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ღ-ეს ყოველთვიური სარჩო დაენიშნა 45 მან და 45 კაპ ოდენობით. სააპელაციო პალატამ საქართევლოს პრეზიდენტის ¹48 ბრძანებულებით დამტკიცებული ზემოაღიშნული წესის მე-11 მუხლის მე-3 აბზაცის თანახმად, რადგან .... თემის საკრებულოში, ბუნებრივია, არ არსებობდა ვაგონების გადაბმელის პროფესია, რაც დაზარალებულ ვ. ღ-ეს ეკავა ავტსაგზაო შემთხვევამდე, საკრებულოში მინიმალური ხელფასის – 10 ლარის ათმაგი ოდენობის გათვალისწინებით, ყოველთვიური სარჩოს ოდენობად განსაზღვრა 30 ლარი, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და ეთანხმება დაზარალებულის საკასაციო საჩივარს და დაზუსტებულ სარჩელს, რომლითაც კასატორი ითხოვს ყოველთვიური სარჩოს ოდენობის განსაზღვრას ვაგონის გადაბმელის ამჟამინდელი ხელფასიდან. სადგური ქუთაისი _ II მიერ 2002წ. 14 ნოემბერს გაცემული ცნობის მიხედვით, რკინიგზის სადგურ რიონში ვ. ღ-ის ყოფილი პროფესიის შესაფერისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 165 ლარს და კასატორი სწორედ ამ ხელფასის გათვალისწინებით, ხარაგაულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ითხოვს ყოველთვიური სარჩოს ანაზღაურებას 35,5 ლარის ოდენობით, ნაცვლად სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი 30 ლარისა, რაც საკასაციო პალატის აზრით, უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან 165 ლარის 30% არის 49,5 ლარი, რასაც რაიონულმა სასამართლომ გამოაკლო მოხუცებულობის გამო პენსია _ 14 ლარი. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული წესით მე-14 პუნქტის თანახმად, დაზარალებულს ყოველთვიური სარჩო მთლიანად ეძლევა, იმისდა მიუხედავად იღებს თუ არა იგი პენსიას ან ხელფასს. მაგრამ რადგან კასატორი დაზუსტებულ სარჩელსა და საკასაციო საჩივარში ითხოვს ყოველთვიური სარჩოს დანიშვნას 35,5 ლარის ოდენობით, სსკ-ს 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს გასცდეს სარჩელის ფარგლებს და მხარეს მიაკუთვნოს იმაზე მეტი, რასაც იგი ითხოვდა. ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, მოვალე – სოფ. ... კოლმეურნეობის უფლებამონაცვალე ბაზალეთის თემის საკრებულოს დაზარალებულ ვ. ღ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ყოველთვიური სარჩოს სახით 35,5 ლარის გადახდა.

კასატორი ასევე ითხოვდა 1999წ. პირველი იანვრიდან მიუღებელი სარჩოს ერთდროულ ანაზღაურებას სკ-ს 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, რაც დააკმაყოფილა სააპელაციო პალატამ და დაზარალებულ ვ. ღ-ეს ერთდროულად აუნაზღაურდა 1999წ. პირველი იანვრიდან მიუღებელი სარჩო, რასაც საკასაციო პალატა უსწორობის გამო ვერ გაიზიარებს. სკ-ს ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით: ”ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია”. ვინაიდან ვ. ღ-ემ მიუღებელი სარჩოს ანაზღაურების თაობაზე უფლებამონაცვლე .... თემის საკრებულოს მიმართ სარჩელი აღძრა 2002წ. 25 ნოემბერს, სკ-ს 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება უნდა მოხდეს არა 1999წ. იანვრიდან, არამედ 1999წ. ნოემბრიდან და საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის ერთდროულად ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 1668,5 ლარს (35,5 ლარი ყოველთვიური სარჩო X 47 თვეზე).

ამდენად, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს ხარაგაულის რაიონის .... თემის საკრებულოს საკასაციო საჩივარს ვ. ღ-ის მოთხოვნის ხანდაზმულობის, ასევე სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. ¹48 ბრძანებულების უსწოროდ გამოყენების თაობაზე, ამიტომ ბაზალეთის თემის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ ვ. ღ-ის საკასაციო საჩივარი საკასაციო პალატას საფუძვლიანად მიაჩნია და თვლის, რომ ყოველთვიური სარჩოს ოდენობის განსაზღვრისა და მიუღებელი სარჩოს ერთდროულად 1999წ. 1 იანვრიდან ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მცდარია, ვ. ღ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ხარაგაულის რაიონის .... თემის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დაკმაყოფილდეს ვ. ღ-ის საკასაციო საჩივარი;

3. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

4. ვ. ღ-ის დაზუსტებული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს; ხარაგაულის რაიონის ... თემის საკრებულოს ვ. ღ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1999წ. ნოემბრიდან მიუღებელი სარჩოს სახით ერთდროულად 1668,5 ლარის, ხოლო 2003წ. 1 ოქტომბრიდან – ყოველთვიურად 35,5 ლარის სარჩოს გადახდა;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.