¹1022აპ ქ. თბილისი
19 აპრილი, 2007 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ შ. ჭ-სა და გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 5 სექტემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის განაჩენით კ. გ-ლი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-17,117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 92-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით, 108-ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) იმაში, რომ ჩაიდინა გაუპატიურების მცდელობა, ე.ი. სქესობრივი კავშირის დაჭერის მცდელობა ფიზიკური ძალადობის გამოყენებით; მანვე ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი ქონების აშკარა დატაცება ბინაში შეღწევით; მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
არასრულწლოვანმა კ. გ-მა 2000 წლის 16 თებერვალს გადაწყვიტა თავისი თანასოფლელის, დუშეთის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრები ე. ჩ-ის გაუპატიურება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი იმავე საღამოს მივიდა ე. ჩ-ის საცხოვრებელ სახლთან, ფარულად შეაღწია იმ ოთახში, სადაც ის იმყოფებოდა და ფიზიკური ძალის გამოყენებით მოინდომა მისი გაუპატიურება, რა დროსაც მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის სხვადასხვა დაზიანება. კ. გ-მა ვერ შეძლო ე. ჩ-ის გაუპატიურება ამ უკანასკნელის მხრიდან აქტიური წინააღმდეგობის გაწევის გამო. აღნიშნულის შემდეგ მან განიზრახა მისი პირადი ქონების აშკარა გატაცება, საწოლის ლეიბის ქვემოდან გამოიღო საფულე და აშკარად გაიტაცა ე. ჩ-ის კუთვნილი ფული 22 ლარის ოდენობით.
2003 წლის 4 იანვარს, 22-დან 23 საათამდე დროის მონაკვეთში, ნასვამი კ. გ-ლი თავის თანასოფლელ გ. კ-თან ერთად სტუმრად იყო გ. ქ-თან ოჯახში სოფელ ---ში. დაახლოებით 23 საათზე ისინი ერთად გამოვიდნენ გ. ქ-ის სახლიდან და იქვე, ქუჩაში, შეკამათდნენ, რაც გადაიზარდა ჩხუბში. კ. გ-მა შურისძიების ნიადაგზე განიზრახა გ. კ-ის მკვლელობა, ჯიბიდან ამოიღო დანა და განზრახ მოკვლის მიზნით დაარტყა გ. კ-ლს კისრის არეში, რითიც მას მიაყენა ჭრილობა საძილე არტერიის დაზიანებით. აღნიშნულის შედეგად გ. კ-ლი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო კ. გ-ლი _ მიიმალა.
2005 წლის 29 ნოემბერს კ. გ-ლი იმყოფებოდა სენაკის რაიონის სოფელ ---ში მცხოვრები დეიდის _ შ. გ-ის საცხოვრებელ სახლში. მისთვის ცნობილი გახდა, რომ იმავე უბანში ცხოვრობდა ზ. ე-ია, რომელსაც ჰქონდა სავაჭრო ჯიხური. კ. გ-მა განიზრახა ამ უკანასკნელის სახლიდან ჯიხურში ნავაჭრი ფულისა და სხვადასხვა ნივთის ფარულად გატაცება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან 2005 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათზე, ძალის გამოყენებით, ფანჯრის გაღების გზით შეაღწია ზ. ე-ას საცხოვრებელ სახლში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ხელჩანთაში ჩააწყო დაზარალებულის კუთვნილი ნივთები, რითიც მას მიაყენა 223 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
აღნიშნული დანაშაულისათვის კ. გ-ლს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა _ 9 თვე და 23 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის, 2 თვისა და 4 დღის ვადით, ხოლო სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 30 ნოემბრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. გ-მა. მან ითხოვა განაჩენის შეცვლა, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის მე-17,117-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 92-ე მუხლის მე-3 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული მსჯავრის მოხსნა, განზრახ მკვლელობის გადაკვალიფიცირება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილ დანაშაულზე, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული აღიარა და ითხოვა ამ მუხლით შეფარდებული სასჯელის შემცირება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 5 სექტემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი შეიცვალა: კ. გ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 92-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენებით, კ. გ-ლს საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დუშეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორები _ მსჯავრდებულის ადვოკატები _ შ. ჭ-ძე და გ. ბ-ლი საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ: როცა კ. გ-ლს პირველად ბრალი დაედო, იყო 16 წლის, ანუ არასრულწლოვანი; იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, სსსკ-ის 644-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქმის წარმოებაში მონაწილეობა უნდა მიეღო არასრულწლოვანი ეჭვმიტანილის კანონიერ წარმომადგენელს, რაც არ შესრულებულა; მის დაკითხვებს ესწრებოდა კ. გ-სათვის უცხო და ტენდენციური პედაგოგი; კ. გ-მა წინასწარ გამოძიებაში ბრალდებულად დაკითხვისას აღიარა, რომ იგი ე. ჩ-ის ბინაში შევიდა გასაქურდად და არ ელოდა, თუ სახლში ვინმე დახვდებოდა, ამიტომ მოულოდნელად ხელი ჰკრა დაზარალებულს, რომელმაც შემდეგ ტყუილად დასდო ბრალი გაუპატიურების მცდელობაში, რაც საქმის მასალებითაც ვერ დასტურდება; ასეც რომ ყოფილიყო, როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, იგი უგონოდ დავარდა, კ. გ-ლი კი გავარდა სახლიდან, ე.ი. მას ნებაყოფლობით აუღია ხელი დანაშაულის ჩადენაზე; ექსპერტიზის დასკვნით, ე. ჩ-ლს მიყენებული აქვს მსუბუქი ხარისხის დაზიანება თავის არეში, ე.ი. კ. გ-სათვის ბრალი უნდა წარედგინათ სხეულის მსუბუქი დაზიანებით და არა სსკ-ის მე-17,117-ე მუხლით; ზემოაღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ გაუპატიურების მცდელობა არ ყოფილა ან კ. გ-მა ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის ჩადენაზე; აღსანიშნავია ისიც, რომ არც ერთ სასამართლო ინსტანციაში არ დაკითხულა ე. ჩ-ლი, რითიც დაირღვა განსასჯელის სსსკ-ის 447-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება; სასამართლომ სსკ-ის მე-17,117-ე მუხლით ბრალდების ნაწილში გადაწყვეტილება მიიღო დაზარალებულისა და ამ დანაშაულის მოწმეთა დაკითხვის გარეშე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ კ. გ-ის მიმართ განაჩენიდან საქართველოს სსკ-ის მე-17,117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრის ამორიცხვას, მტკიცებულებათა არარსებობის გამო, და სასჯელის შემსუბუქებას.
ადვოკატების საკასაციო საჩივარს ეთანხმება მსჯავრდებული კ. გ-ლი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის წინასწარი გამოძიებისას დაზარალებულმა ე. ჩ-მა, რომ 2000 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 20.30 საათზე იმყოფებოდა სახლში, დუშეთის რაიონის სოფელ ---ში. მოულოდნელად გაიღო სახლის კარი, შემოვიდა კ. გ-ლი და სახეში დაარტყა. კ. გ-ლს ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო. მან ე. ჩ-ლი დააგდო საწოლზე და ცდილობდა, გაეხადა საცვალი, მაგრამ ე. ჩ-ის წინააღმდეგობის გამო ეს ვერ შეძლო. კ. გ-ლი მიხვდა, რომ დაზარალებულს ვერ იმორჩილებდა და მას სახის არეში სცემდა, უკბინა ხელზე, შემდეგ თმებში სწვდა და სახეს არტყმევინებდა საწოლის რკინის სახელურზე. ე. ჩ-ლი ყვირილით უხმობდა მეზობლებს, ხოლო მსჯავრდებული მის გაჩუმებას ცდილობდა. ე. ჩ-მა მიუთითა: ,,ამდენ ცემას ვეღარ გავუძელი და დავეცი ძირს. დავინახე, რომ კ. გავარდა გარეთ". დაზარალებულმა განმარტა, რომ წამოდგა, დაკეტა კარი და ვინაიდან ჰქონდა თავის ძლიერი ტკივილი, წამოწვა ლოგინზე. მეორე დღეს ე. ჩ-მა შეამჩნია, რომ საწოლთან დადებული საფულე, რომელშიც იდო 22 ლარი, იქ აღარ იყო. ეს უკანასკნელი მივიდა ნათესავთან _ ნ. ჩ-თან, ასევე _ კ. გ-ის მშობლებთან და უამბო მომხდარის შესახებ (ტ. 1, ს.ფ. 190-191).
ე. ჩ-ის აღნიშნული ჩვენება გამოქვეყნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე. ჩ-ლი იმყოფებოდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ (ტ. 2, ს.ფ. 238; 262; 276).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ე. ჩ-ის ჩვენებიდან გამომდინარე, კ. გ-ლს ხელს აღარაფერი უშლიდა, განეხორციელებინა თავისი განზრახვა. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ დანაშაულის _ გაუპატიურების დამთავრებაზე მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-17,117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ამ ნაწილში კ. გ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, სსკ-ის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ო" ქვეპუნქტის შესაბამისად.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით და მიიჩნევს, რომ კ. გ-ის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობისა და განზრახ მკვლელობის ჩადენა უტყუარადაა დადასტურებული საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის _ დაზარალებულის უფლებამონაცვლე ი. კ-ის, მოწმეების _ მ. ბ-ის, გ. ქ-ის, ხ. კ-სა და სხვათა ჩვენებებით, დაკავების, პირადი ჩხრეკისა და საგნის ამოსაცნობად წარდგენის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
ამასთან, მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე, ვინაიდან 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი სასჯელად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 3-დან 12 წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 წლამდე ვადით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ახალი კანონი ამსუბუქებს სასჯელს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა.
პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კ. გ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის მე-17,117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულს უნდა შეუმსუბუქდეს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ო" ქვეპუნქტით, 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, 568-ე მუხლით და
დაადგინა:
მსჯავრდებულ კ. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატების _ შ. ჭ-სა და გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 5 სექტემბრის განაჩენი შეიცვალოს: კ. გ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის რედაქციის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტზე;
გასაჩივრებული განაჩენიდან ამოირიცხოს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციის მე-17,117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ეპიზოდში კ. გ-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
კ. გ-ლს დანიშნული სასჯელი _ 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 6 (ექვსი) თვით და საბოლოოდ განესაზღვროს 10 (ათი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.