გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-58-254-კ-02 2 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სესხისა და სესხით სარგებლობის პროცენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ფინანსთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე სს „ზუგდიდის ქაღალდის” მიმართ და მოითხოვა სესხისა და სესხით სარგებლობის პროცენტის დაკისრება.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის 1995წ. 26 აგვისტოს ¹611 განკარგულების საფუძველზე გაერთიანება ,,საქქაღალდმრეწვს” გამოეყო სესხი 300 მილიარდი კუპონის ოდენობით.
ფინანსთა სამინისტროსა და სს „ზუგდიდის ქაღალდს” შორის 1995წ. 20 სექტემბერს გაფორმდა საკრედიტო შეთანხმება, რომლის მიხედვით კრედიტორი სესხის სახით გასცემდა 300 მილიარდ კუპონს 6 თვის ვადით, წლიური 20%-ის სარგებლით. ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად მსესხებელი კისრულობდა ვალდებულებას დაებრუნებინა კრედიტორისათვის სესხი და სესხით სარგებლობისათვის განკუთვნილი წლიური 20 პროცენტი (ყოველთვიურად 1,7%) 1996წ. 26 მარტისათვის. ამავე ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად სესხის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში, მსესხებელს უნდა გადაეხადა საურავი, საკრედიტო თანხის 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად სს „ზუგდიდის ქაღალდი” არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, არღვევდა სკ-ს 361-ე მუხლის პირველ პუნქტს, რის გამოც ითხოვდა ძირითადი თანხის 300000 ლარის, მასზე დარიცხული პროცენტის 30000 ლარის და საურავის 3788400 ლარის მოპასუხისათვის დაკსრებას. ასევე მიუთითებდა, რომ მოპასუხის წერილებით ვალი აღიარებული იყო, რის გამოც სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლებოდა.
მოპასუხე სს „ზუგდიდის ქაღალდმა” სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ვინაიდან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოყენებული უნდა ყოფილიყო 1964წ. სამოქალაქო კოდექსი, რომლის თანახმად სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა ერთ წელს, ვალის აღიარებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და რომც ეღიარებინა, მისი ბოლო წერილი დათარიღებული იყო 1999წ. ივნისით, აღნიშნული დროიდანაც კი მოსარჩელეს კვლავ გაშვებული ჰქონდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. ასევე მიუთითა, რომ 1964წ. სკ-ს 83-ე მუხლის თანახმად, მხარის აღიარება გამოიყენებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ერთი ან ორივე მოდავე მხარე მოქალაქე იყო და თუ მხარის მიერ შესრულდებოდა ისეთი მოქმედება, რაც ვალის აღიარებას ადასტურებდა. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების ორივე მხარე სახელმწიფო ორგანიზაციებს წარმოადგენდა, ამიტომ მხარის მიერ აღიარების გამოყენება დაუშვებელი იყო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორი მიუთითებს, რომ 1964წ. სკ-ს 87-ე მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება სახელმწიფო ორგანიზაციების მოთხოვნებზე სახელმწიფო ქონების დაბრუნების შესახებ კოლმეურნეობათა და სხვა კოოპერატიულ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ან მოქალაქეთა უკანონო მფლობელობიდან. ამასთან ს/ს „ზუგდიდის ქაღალდის” მიერ ვალი არაერთხელ იქნა აღიარებული, რის გამოც ხანდაზმულობის ვადა შეწყდა და სასამართლომ სრულად დაუსაბუთებლად უთხრა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. არასწორად განმარტა კანონი.
ქუთაისის საოლქო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის უარსაყოფად, მიუთითა 1964წ. სკ-ს 75-ე მუხლით გათვალისწინებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაზე და მიიჩნია, რომ მოთხოვნა ხამდაზმული იყო, რასაც არ იზიარებს საკასაციო სასამართლო, ვინაიდან ამავე კოდექსის 87-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობა არ ვრცელდება სახელმწიფო ორგანიზაციების მოთხოვნაზე სახელმწიფო ქონების დაბრუნების შესახებ კოლმეურნეობათა და სხვა კოოპერატიული, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ან მოქალაქეთა უკანონო მფლობელობიდან. ის გარემოება, რომ გაერთიანება “საქქაღალდმრეწვს” ნამდვილად სახელმწიფო ქონება (ფულადი სახსრები) გადაეცა, დადასტურებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის 1995წ. 26 აგვისტოს ¹611 განკარგულებით. განკარგულების თანახმად, კრედიტით სარგებლობის ვადა შეადგენდა 6 თვეს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ გაერთიანება “საქქაღალდმრეწვი” უკანონოდ სარგებლობდა სახელმწიფო სახსრებით, რის გამოც, სასამართლოს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის მიმართ უნდა გამოეყენებინა 1964წ. სკ-ს 87-ე მუხლი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის მსჯელობა მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ 1964წ. სკ-ს მოქმედების პერიოდში უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული. ასევე, არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მსჯელობა ახალი სკ-ს ამოქმედების შემდეგ მოთხოვნის მიმართ სამწლიანი ხანდაზმულობის გამოყენების შესახებ. ვინაიდან სკ-ს 129-ე მუხლის თანახმად სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გამოიყენება სახელშეკრულებო ურთიერთობის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში გაერთიანება “საქქაღალდმრეწვს” სესხი გამოეყო საქართველოს პრემიერ მინისტრის ¹611 განკარგულების საფუძველზე, რომელიც მართალია ითვალისწინებდა სესხის გამოყოფას 300 მილიარდი კუპონის ოდენობით, მაგრამ იგი თავისი ფორმით არ შეიძლება განხილული იქნეს როგორც სესხის ხელშეკრულება, ვინაიდან სესხის ხელშეკრულება, როგორც 1964წ. სკ-ს 391-ე მუხლის, ასევე დღეს მოქმედი კოდექსის 523-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს ორმხრივ ხელშეკრულებას, რომელიც იდება გამსესხებელსა და მსესხებელს შორის, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს აზრით მოთხოვნის ხანდაზმულობის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სკ-ს 128-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა.
სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საჭირო არ არის მტკიცებულებათა გამოკვლევა, რადგან ქუთაისის საოლქო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს სარჩელის უარსაყოფად იმსჯელა მხოლოდ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და არ გაარკვია სასარჩელო თანხის ოდენობის საფუძვლიანობა, ამიტომ საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო განცხადება არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.