გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ ბს-59-255-კ-03 1 ოქტომბერი,2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: საიჯარო ქირის გადახდევინება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ბ-ემ 2002წ. 23 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე – უკრაინა-საქართველოს კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა მის მიერ იჯარით გაცემულ ერთ ოთახზე 13 თვის საიჯარო დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრება.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:
2001წ. ¹3 და 2002წ. ¹1 ხელშეკრულებების საფუძველზე მან, როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ, იჯარით გასცა საკუთარი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ერთი ოთახი თავისი ინვენტარით უკრაინა – კულტურულ-საგანმანათებლო საზოგადოებაზე. ხელშეკრულებების თანახმად, იჯარის ერთი თვის თანხა შეადგენდა 100 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში. 2001 წელს წარმოშობილი 6 თვის დავალიანება გადახდილი იქნა ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით. მოპასუხეს გადაუხდელი აქვს გასულიწ. 6 თვისა და მიმდინარეწ. 7 თვის, სულ 13 თვის ქირა, რაც ჯამში შეადგენს 1300 აშშ დოლარს. მასვე ემატება საჯარიმო სანქცია თანხის 2%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 260 აშშ დოლარს. ამდენად, მოპასუხეს გადასახდელი აქვს 1560 აშშ დოლარი.
მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე ვ. ბ-ემ იშუამდგომლა საქმეში თანამოპასუხედ ქ. ფოთის მერიის ჩაბმის შესახებ. იმ მოტივით, რომ მასსა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულებების თანახმად, ვალდებულბის შესრულება, ანუ თანხის გადახდა ეკისრებოდა ქ. ფოთის მერიას.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმული იქნა ქ. ფოთის მერია (შემდგომში ქ. ფოთის მთავრობა).
ქ. ფოთის მთავრობამ თავის შესაგებელში სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ იგი საქმეში წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს ვინაიდან, ხელშეკრულებები დადებული იყო ვ. ბ-ესა და უკრაინა – კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებას შორის. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ვალდებულება უნდა შესრულდეს არა ქ. ფოთის მერიის, არამედ უკრაინა – კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების მიერ.
რაც შეეხება ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებას იგი აღსრულებულია ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის შესაბამისად და მას კავშირი არა აქვს განსახილველ საქმესთან.
მოპასუხე უკრაინა – კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების თავმჯდომარემ ბ.გოლოვანენკომ განმარტა, რომ უკრაინის კონსულისა და ქ. ფოთის მერიის შეთანხმების საფუძველზე თანხის გადახდა ევალებოდა ქ. ფოთის მთავრობას.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ; მოპასუხე უკრაინა – კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებას ვ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1560 აშშ დოლარის გადახდა ლარებში, გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.
აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. ბ-ის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოში.
სააპელაციო საჩივრის ავტორი ითხოვდა სადავო თანხის გადახდა დაკისრებოდა ქ. ფოთის მთავრობას, რადგანაც მიაჩნდა, რომ უკრაინა – კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება გადახდისუუნარო იყო. აქვე აპელანტი მიუთითებდა, რომ უკრაინის ელჩსა და ქ. ფოთის ყოფილ მერს გ. დარჯანიას შორის შედგა შეთანხმება, რომლითაც ამ ორგანიზაციისათვის ბინის ქირის გადახდა მოხდებოდა ქალაქის ბიუჯეტიდან.
სასამართლო სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და 1560 აშშ ამერიკული დოლარის ნაცვლად მოითხოვა 1320 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში მოპასუხისათვის დაკისრება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 27 სექტემბრის გადაწყვეტილება.
ფოთის მთავრობას ვ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1360 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტის ლარებში გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქ. ფოთის მთავრობის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სსკ-ს 85-ე მუხლის თანახმად, ქ. ფოთის მთავრობა წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს. არც მოწინააღმდეგე მხარეს და არც უკრაინა – კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებას სასამართლოსათვის მტკიცებულება არ წარუდგენიათ იმის შესახებ, რომ ქ. ფოთის მთავრობა იღებდა ვალდებულებას მოწინააღმდეგე მხარისათვის 1560 აშშ დოლარის გადახდაზე. სკ-ს 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენებით (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში ქ. ფოთის მთავრობას არც სახელშეკრულებო და არც სხვა სახის ვალდებულება არ გააჩნია მოწინააღმდეგე მხარის მიმართ.
რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებაში საქართველოში უკრაინის ელჩის წერილზე ქ. ფოთის მერის ა. დარჯანიას რეზოლუციაზე მითითებას, აღნიშნულში საუბარი არ არის ბინის ქირის გადახდის ვალდებულებაზე. ამდენად, სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონი, კერძოდ – ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლი, რომლითაც პირის კანონიერი ნდობის საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდა.
სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სსკ-ს 106-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტი, რომლითაც: გარემოება, რომელიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, დადასტურებას არ საჭიროებს, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია ის გარემობა, რომ ქ. ფოთის მერიას ბ-ისათვის უნდა გადაეხადა ბინის ქირის თანხა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება მიღებულია ადმინისტრაციული წესით განხილულ საქმეზე და აღნიშნული საქმეც იხილებოდა ადმინისტრაციული წესით.
ამდენად, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ს 102-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებას და ვ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, შეისწავლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს, მიიჩნევს რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ქუთაისის საოლქო სასამართლო ქ. ფოთის მთავრობის მიმართ ვ. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს ქ. ფოთის უკრაინა – კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების თავმჯდომარესა და ვ. ბ-ეს შორის გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ორი ხელშემკვრელი მხარე თანხმდება, რომ ქირის გადახდა მოხდება მესამე პირის – ქ. ფოთის მერიის მიერ.
მითითებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქ. ფოთის მერია ხელშეკრულების მონაწილე მხარეს არ წარმოადგენს.
სკ-ს 317-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში იმთავითვე გამორიცხულია ბოლო სამი საფუძვლის არსებობა, ხოლო რაც შეეხება ვ. ბ-ესა და ქ. ფოთის მთავრობას შორის ვალდებულების არსებობას, აღნიშნულს საფუძვლად უნდა ედოს ხელშეკრულება, რაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება.
უფრო მეტიც, საქმეში არ მოიძებნება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ხელშემკვრელი რომელიმე მხარის მიმართ ქ. ფოთის მთავრობის ვალდებულებას.
რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ რეზოლუციას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს აღნიშნული მტკიცებულების არასწორ შეფასებას. კერძოდ, წამოდგენილ რეზოლუციებში საუბარია საქართველო-უკრაინის საზოგადოებისათვის ფართის მოძიებაზე, რომელიც თავის მხრივ ქ. ფოთის მთავრობას არ აკისრებს არა თუ იჯარის ქირის გადახდის, არამედ ფართის მოძიებისა თუ გამოყოფის ვალდებულებასაც კი. საკასაციო სასამართლო ქუთაისის საოლქო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს მისი მხრიდან სზაკ-ს მე-9 მუხლის განმარტების უზუსტობას და მიუთითებს, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის კანონიერი ნდობის საფუძველია ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) დაპირება რაიმე ქმედების შესასრულებლად.
არც მოწინააღმდეგე მხარის და არც საოლქო სასამართლოს მიერ მოძიებული და წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ქ. ფოთის მთავრობის დაპირებას იჯარის ქირის გადახდის თაობაზე. რაც იმთავითვე გამორიცხავს ზემოაღნიშნული მუხლის გამოყენების დასაშვებობას.
ასევე უსაფუძვლოა საოლქო სასამართლოს მითითება ფოთის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 14 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე.
სსკ-ს 106-ე მუხლის ”ბ” პუნქტის საფუძველზე, მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნა, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
როგორც მუხლის შინაარსი ცხადყოფს, აღნიშნულში საუბარია იმ ფაქტების დადასტურებაზე, რომელიც დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ქ. ფოთის მერიას ვ. ბ-ის მიმართ ვალდებულება ეკისრებოდა 2001წ. 1 იანვარს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე საიჯარო ქირის ანაზღაურებას ითხოვს 2002 წელსა და 2001წ. 31 აგვისტოს შემდეგ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. მხარეებს შორის ერთ-ერთი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების არსებობის სასამართლო წესით დადასტურება, თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შემდგომში დადებული ხელშეკრულება მხარისათვის წარმოშობს იმავე ან მსგავს ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, იმის გათვალისწინებით, რომ ქ. ფოთის მთავრობას მოწინააღმდეგე მხარის მიმართ ვალდებულება არ წარმოშობია, ეს უკანასკნელი მოკლებულია შესაძლებლობას კასატორისაგან მოითხოვოს რაიმე ქმედების შესრულება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მხრიდან ადგილი აქვს კანონის არასწორ გამოყენებას, რაც წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქ. ფოთის მთავრობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ვ. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ვ. ბ-ეს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 115 ლარის ოდენობით;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.