Facebook Twitter

1026აპ. 24 აპრილი, 2007 წელი

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

ლევან მურუსიძე, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივნის _ გ. ბუხრაშვილის

პროკურორ _ ნ. ნ-ის

ადვოკატ _ ზ. რ-ის

მსჯავრდებულ _ გ. ლ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ლ-ის დამცველი ადვოკატების _ ზ. რ-სა და კ. ც-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ლ-ლი, ქარელის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

განაჩენით გ. ლ-ლს მსჯავრი დაედო ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

მან 2005 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, ქალაქ ქარელში, ---ის ქ. ¹14-ში მცხოვრები გ. ბ-ის ბინაში უკანონოდ შეაღწია სხვა, ძიებით დაუდგენელ, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ ნიღბიან ბოროტმოქმედებთან ერთად. გ. ლ-მა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით დაზარალებულ გ. ბ-ის მეუღლეს რ. კ-ეს დანა დაადო ყელზე, “სკოჩით” შეუკრა ხელები, უბრძანა მას არ ეყვირა და გადაეცა მისთვის ფული და ოქროული, რის შემდეგაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს გ. ბ-ის ოჯახის კუთვნილი 380 ლარი და ოქროს სამკაულები, კერძოდ: 8-გრამიანი ბაჯაღლოს “კალიცო”, ღირებული 250 ლარად; ლალისთვლიანი ოქროს ბეჭედი, ღირებული 200 ლარად; თურქული ოქროს ბეჭედი, სამი უბრალო თვალით, ღირებული 50 ლარად; ორგრამიანი ოქროს ძეწკვი, თავისი კულონით, ღირებული 50 ლარად; მობილური ტელეფონის აპარატი _ “სიმენსი-35”, ღირებული 200 ლარად, ქალის სტაფილოს ფერი ზამშის ქურქი, ღირებული 100 ლარად; მამაკაცის ყავისფერი ტყავის ქურთუკი, ღირებული 100 ლარად და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ლ-მა და მისმა ადვოკატმა კ. ც-ემ, რომლებიც საჩივრით ითხოვდნენ განაჩენის გაუქმებასა და გ. ლ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია მისთვის შერაცხული ქმედება.

საჩივარი განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენით არ დააკმაყოფილა აპელანტების მოთხოვნა, ხოლო ქარელის რაიონული სასამართლოს მიერ გ. ლ-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი დატოვა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ გ. ლ-ის ადვოკატებმა _ ზ. რ-მა და კ. ც-ემ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ გ. ლ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას იმავე საფუძვლით, რაც მათ მითითებული ჰქონდათ ამავე საქმეზე შეტანილ სააპელაციო საჩივარში.

საკასაციო პალატის სხდომაზე განხილვისას მსჯავრდებულმა გ. ლ-მა და მისმა დამცველმა, ადვოკატმა ზ. რ-მა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს. კასატორმა საჩივარსა და თავის მოთხოვნას საფუძვლად დაუდო შემდეგი მოტივები: საქმეში არ მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა გ. ლ-ის მიერ დანაშაულის ჩადენა; სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა დაზარალებულების _ რ. კ-სა და გ. ბ-ის წინააღმდეგობრივი ჩვენებები; საქმეში არ არის წინასწარი გამოძიებისას გაკეთებული ფოტორობოტი, რომლის გამოყენებით იქნა დაკავებული გ. ლ-ლი; დარღვეულ იქნა საპროცესო კანონი დაზარალებულ რ. კ-ის მიერ გ. ლ-ის ამოცნობისას; სასამართლომ უსაფუძვლოდ უარყო მსჯავრდებულ გ. ლ-ის ალიბი და იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებდნენ ალიბის რეალობას.

აღნიშნული მოტივებიდან გამომდინარე, დაცვის მხარემ ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ გ. ლ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.

პროცესში მონაწილე პროკურორმა ნ. ნ-ემ მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს. მან აღნიშნა, რომ ვერ დაეთანხმება კასატორის მოთხოვნას, ვინაიდან საამისოდ არ არსებობს კანონიერი საფუძველი. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ გ. ლ-მა ნამდვილად ჩაიდინა ყაჩაღური თავდასხმა დაზარალებულთა მიმართ. მისი დანაშაულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო ნორმების დაცვით. დაზარალებულმა რ. კოპაძემ პირველივე დაკითხვისას აღწერა გ. ლ-ის გარეგნობა, როცა ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ არ იყო ეჭვმიტანილი. მისი აზრით, გასაჩივრებული განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული. საბოლოოდ პროკურორმა ნ. ნ-ემ პალატის წინაშე იშუამდგომლა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ლ-ლის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ გ. ლ-ის მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მოუსმინა მხარეებს, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არსებობს წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო გამოძიების სტადიაზე საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულმა გ. ლ-მა სხვა პირებთან ერთად ნამდვილად ჩაიდინა ყაჩაღური თავდასხმა დაზარალებულების _ გ. ბ-სა და რ. კ-ის ოჯახზე. აღნიშნული დადასტურებულია დაზარალებულთა ჩვენებებით, რომლებიც რეალურად ასახავენ მომხდარ შემთხვევასა და გ. ლ-ის მიერ ჩადენილ ქმედებას. დაზარალებულთა ჩვენებები გამყარებულია გ. ლ-ის ამოცნობის ოქმით, საქმეში არსებული სხვა მასალებით. საქმეზე სისხლისსამართალწარმოების განხორციელებისას არ მომხდარა ისეთი არსებითი დარღვევები, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა საქმის საბოლოო შედეგზე, რის გამოც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ გ. ლ-ის მსჯავრდება მოხდა არაკანონიერი, საპროცესო ნორმების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე. საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მოცემული დასკვნები საქმის ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე დასაბუთებულია, რომლებსაც მიცემული აქვს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო პალატის დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ასევე დასაბუთებულია სასჯელის ნაწილშიც, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი, მოცემულ შემთხვევაში, სავსებით შეესაბამება ჩადენილი ქმედების ხასიათსა და თვით გ. ლ-ის პიროვნებას, წარმოადგენს აუცილებელ ზომას სასჯელის მიზნების მისაღწევად და მსჯავრდებულის რესოციალიზაციისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ამავე დროს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იმ ცვლილებას, რომლის მიხედვით შემცირდა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ვადა, რის გამოც გ. ლ-ის მიერ ჩადენილი ქმედება იმ ნაწილში, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) “ა” ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე (2000 წლის 28 აპრილის რედაქცია), ვინაიდან, საქართველო სსსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა.

აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება მსჯავრდებულ გ. ლ-ის მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ლ-ის დამცველი ადვოკატების _ ზ. რ-სა და კ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 სექტემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ გ. ლ-ის ქმედება იმ ნაწილში, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ გ. ლ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.