გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-6-216-კ-03 8 ოქტომბერი, 2003წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: ბინიდან გამოსახლება, ორდერის გაუქმება.
შეგებებული სარჩელის საგანი: მოსარჩელის დავალდებულება მოპასუხისთვის ბინის პრივატიზების ნებართვის მიცემის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 15 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სარჩელი აღძრა ქობულეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: თ. ზ-ის, ლ. მ-ისა და ქ. ქობულეთის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს სამართალმემკვიდრეობის სახით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის ს/ნ 2016 სახელზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების ბინები, მათ შორის ქ. ქობულეთში, ... მდებარე ¹9 ბინა.
მოსარჩელის განმარტებით, ბინა სამსახურებრივი სარგებლობისთვის გადაცემული იყო სამხედრო მოსამსახურე ა. ი-ზე, რომელიც საზღვრის დაცვის დეპარტამენტში აღარ მსახურობდა. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-2 და მე-14 პუნქტების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევდნენ დროებითი სარგებლობისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო ბინა უკანონოდ დაიკავა თ. ზ-მა ოჯახთან ერთად. მას საზღვრის დაცვის დეპარტამენტთან რაიმე სამსახურებრივი ურთიერთობა არ გააჩნდა. თ. ზ-ის სახელზე ქ. ქობულეთის საკრებულოს გამგეობის 1993წ. 3 აგვისტოს ¹24 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ორდერი ¹013813 იყო უკანონო, ვინაიდან აღნიშნული ბინა ირიცხებოდა სასაზღვრო სამსახურის ბალანსზე. ქ. ქობულეთის გამგეობას არ შეეძლო გაეცა აღნიშნული ორდერი, რადგან ზ-ი არ ყოფილა სასაზღვრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე და სამხედრო ნაწილს ზ-ის ბინით დაკმაყოფილებაზე ნებართვა არ გაუცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა თ. ზ-ის სახელზე გაცემული ორდერის გაუქმება, მოპასუხეების ბინიდან იძულებით გამოსახლება და ბინის მოსარჩელისთვის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება.
მოსაპუხე თ. ზ-მა სარჩელი არ ცნო და ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა შეგებებული სარჩელი, რომელშიც აღნიშნა, რომ 1993 წელს ¹2464 სამხედრო ნაწილში მუშაობის პერიოდში მიმართა სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას მისი ოჯახის ბინით დაკმაყოფილების თაობაზე. 1993წ. 20 მაისს სამხედრო ნაწილის საბინაო კომისიამ (ოქმი¹31) დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ქ. ქობულეთში ... გამოუყო ბინა ¹6.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, 1993წ. 3 აგვისტოს ქ. ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს მისი ოჯახის ბინით დაკმაყოფილების საკითხი და ¹24 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ოქმი ¹31, ხოლო ბინაზე გამოიწერა ორდერი ¹013813.
შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ სადავო ბინა სამსახურებრივი არ იყო. ამდენად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 და 1994წ. 5 აგვისტოს ¹520 დადგენილების შესაბამისად, მას გააჩნდა ბინის პრივატიზების უფლება, რასაც მოსარჩელის გამო ვერ ახერხებდა. თ. ზ-მა, ასევე მიუთითა, რომ მას ბინა მიღებული ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების საფუძველზე ე.ი სკ-ს 155-ე, 159-ე მუხლების თანახმად, იგი წარმოადგენდა კეთილსინდისიერ მფლობელს და მოსარჩელის მოთხოვნა იყო უკანონო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ზ-მა ითხოვა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს დავალებოდა მისი ბინის პრივატიზაციისთვის თანხმობის მიცემა.
სარჩელი არ ცნო ასევე მოპასუხე ქ. ქობულეთის გამგეობამაც და მხარი დაუჭირა შეგებებულ სარჩელს.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხე თ. ზ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს დაევალა თ. ზ-ის ოჯახის 4 წევრთან ერთად ქ. ქობულეთში ... მდებარე ¹6 ბინის პრივატიზება თ. ზ-ის სახელზე.
ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ, რომელმაც ითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა სარჩელი, კერძოდ, თ. ზ-ის სახელზე გაცემული ორდერი გაუქმდებოდა და მოპასუხეები ბინიდან იძულებით იქნებოდნენ გამოსახლებულნი, ხოლო ბინა თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდებოდა აპელანტს. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 24 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თ. ზ-ზე 1994წ. 28 მარტს ქ. ქობულეთის გამგეობის მიერ გაცემული ¹013813 ორდერი და მოპასუხეები თ. ზ-ი და ლ. მ-ი ოჯახთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ქ. ქობულეთში ... მდებარე ¹6 ბინიდან, ხოლო თ. ზ-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 31 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ზ-მა და ლ. მ-მა, რომლებმაც მოგვიანებით უზენაეს სასამართლოში შეიტანეს დამატებითი საკასაციო საჩივარი. კასატორებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო ბინა მიიჩნია სამსახურებრივი დანიშნულების სადგომად, მაშინ, როდესაც ამის არანაირი მტკიცება საქმეში არ არსებობს.
კასატორთა განმარტებით, საბინაო კოდექსის 112-ე მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სადგომი, სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომთა რიცხვში შეიტანება სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო, ქალაქის რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსის თ. კონცელიძის 2002წ. 14 ნოემბერს გაცემული ცნობით სადავო ბინა მიჩნეულია სამსახურებრივი დანიშნულების ბინად, თუმცა ცნობაში მითითებული არ არის საფუძველი.
ქ. ქობულეთის გამგეობის ცნობით ირკვევა, რომ ... მდებარე ბინა არ ირიცხება გამგეობის ბალანსზე, მაშასადამე იგი არ არის მუნიციპალური ბინა, არამედ უწყებრივია.
საქმეში არსებობს საბინაო კომისიის გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, რომ საბინაო კომისია ავალებს ქ. ბათუმის მერიას და რაიონულ გამგეობებს არ დაუშვან სამხედრო უწყებათა ბინების პრივატიზაცია-გასხვისება ამ უწყების ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე. კასატორთა განმარტებით, აღნიშნულითაც დასტურდება, რომ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საბინაო ფონდში რიცხული ბინები არის უწყებრივი და არა სამსახურებრივი.
1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების თანახმად, პრივატიზაციას არ ექვემდებარება სამსახურებრივი დანიშნულების ბინა. საბინაო კომისია თავისი გადაწყვეტილებით ვერ დაუშვებდა ბინების პრივატიზაციას, ისინი სამსახურებრივი რომ ყოფილიყო.
კასატორთა მოსაზრებით, თვით სააპელაციო სასამართლო ვერ გაერკვა, სადავო ბინა სამსახურებრივი იყო თუ უწყებრივი, რადგან შესაბამისი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება. ხოლო თუკი სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ბინა სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომია, მით უფრო უკანონოა მისი გადაწყვეტილება, რადგან ასეთ შემთხვევაში საბინაო კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციის ანდა მუშაკთა რიცხვისა თუ შტატების შემცირების გამო დათხოვნილი პირები არ შეიძლება გამოსახლებული იქნენ სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომიდან სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად. თ. ზ-ი კი დათხოვნილ იქნა სამსახურიდან ¹2464 სამხედრო ნაწილის ლიკვიდაციის გამო. ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ თუკი სასამართლომ დაადგინა მისი ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლება, უნდა უზრუნველეყო ისინი სხვა საცხოვრებელი სადგომით.
კასატორის განმარტებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2002წ. 15 ნოემბერს. თუნდაც მოსარჩელე ჩაითვალოს რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სამართალმემკვიდრედ, მასაც და სასაზღვრო სამსახურსაც გაშვებული აქვთ საბინაო კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი ორდერის ბათილად ცნობის სამწლიანი ვადა, ვინაიდან აჭარის რეგიონალური სამმართველოს სასაზღვრო სამსახურს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების მიერ უძრავ-მოძრავი ქონება გადაეცა 1999წ. გაზაფხულზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებმა ითხოვეს, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2003წ. 31 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოსთვის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა, მესამე პირის ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის ¹2464 სამხედრო ნაწილის საბინაო კომისიის 1993წ. 20 მაისის ¹31 ოქმით თ. ზ-სა და მისი ოჯახის სამ წევრს გადაეცა ქ. ქობულეთში, ... მდებარე საუწყებო სახლში ¹6 ბინა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო ბინა ეკუთვნოდა რუსეთის ფედერაციის ¹2464 სამხედრო ნაწილის საბინაო ფონდს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამიერკავკასიაში რუსეთის ფედერაციის ჯგუფის სარდლის 1996წ. 11 იანვრის ¹5 ბრძანების პირველი პუნქტით საქართველოში რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის სახელზე რიცხული მთლიანი საბინაო ფონდი ჩაითვალა სამსახურებრივ თანრიგში. Aამავე ბრძანების თანდართული დებულების მე-4 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სადგომები, რომლებიც შედიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის კუთვნილ საბინაო ფონდში, წარმოადგენდნენ სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ბინა საუწყებოც რომ ყოფილიყო, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ამ შემთხვევაშიც იარსებებდა, რადგანაც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების მე-14 პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებები თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევდნენ მხოლოდ დროებითი სარგებლობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რაც რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარებმა დატოვეს საქართველოს ტერიტორია, თ. ზ-ს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დაპარტამენტთან რაიმე სამსახურებრივი ურთიერთობა არ ჰქონია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შესაბამისად, უსაფუძვლოა შეგებებული სარჩელის მოთხოვნაც, რადგანაც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, პრივატიზაციას არ ექვემდებარება სამსახურებრივი დანიშნულების ბინები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ზ-ისა და ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.