გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ ბს-65-260-კ-03 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: გამგეობის განკარგულების გაუქმება. სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. მ-ემ სარჩელით მიმართა ახალციხის სასამართლოს მოპასუხე ახალციხის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ახალციხის რაიონის გამგეობის 2002წ. 16 ივლისის ¹30/1 განკარგულების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 16 ივლისს ახალციხის რაიონის გამგეობამ გამოსცა განკარგულება ¹30/1, რომლითაც, მას, როგორც გამგეობის აპარატის უფროსს, საიჯარო მოსამსახურეს შეუწყვიტა უფლებამისილება. აღნიშნული განკარგულებით გამგეობა-როგორც რაიონის აღმასრულებელი ორგანო ჩათვალა უფლებამოსილება ვადაგასულად, ხოლო შემდგომ ტექსტიდან ამოიღო სიტყვები რაიონის გამგეობის “უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით”, რითაც გამგეობა აღადგინა თავის უფლებებში, ხოლო იგი ჩათვალა უფლებამოსილება შეწყვეტილად. გამგეობამ განკარგულებაში მიუთითა “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის 24-ე მუხლის III პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს მმართველობის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის საფუძვლებს, გამგეობის გადადგომის საფუძვლებს და არა საჯარო მოსამსახურის განთავისუფლებას.
ახალციხის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ დაარღვია შრომის დისციპლინა, არ შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, რის გამოც იგი იმსახურებდა სამსახურიდან განთავისუფლებას შეუფერებლობის მოტივით, ამიტომ გამგეობამ იგი არ გაითვალისწინა ახლად წარმოდგენილ გამგეობის შემადგენლობაში აპარატის უფროსის თანამდებობით და შეუწყდა უფლებამოსილება.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ეს სწორედ გასაჩივრებული განკარგულების საფუძველზე შეუწყდა უფლებამოსილება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება, რომ აპარატის უფროსის თანამდებობა არჩევითი იყო და მისი უფლებემოსილების ვადა გამგეობის უფლებემოსილების ვადით განისაზღვრებოდა და გამგეობის გადადგომა ავტომატურად იწვევდა მისი თანამდებობიდან გადადგომას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპარატის უფროსი ინიშნებოდა გამგეობის მიერ და მის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი. და მიუთითა, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის არც ერთი მუხლი არ ითვალისწინებდა აპარატის უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლებას უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო და უსაფუძვლო იყო რაიონული სასამართლოს მიერ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 94-ე მუხლზე მითითება, ვინაიდან, “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონისა და რაიონის გამგეობის დებულების შესაბამისად აპარატის უფროსის თანამდებობა არც არჩევით და არც გარკვეული ვადით დანიშვნით თანამდებობას არ წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონის გამგეობამ. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განკარგულებით მ. მ-ე არ იქნა გათვალისწინებული ახალ შემადგენლობაშირის გამოც შეწყდა უფლებამოსილება 2002წ. 16 ივლისიდან.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აპარატის უფროსის უფლებამოსილება არ განისაზღვრება გამგეობის უფლებამოსილების ვადით და გამგებლის გადადგომა ავტომატურად არ იწვევს აპარატის უფროსის თანამდებობიდან გადადგომას და აღნიშნავს, რომ ორგანული კანონის 47-ე მუხლის თანახმად გამგეობის Eშემადგენლობაში შედის აპარატის უფროსიც, რომელსაც ნიშნავს გამგებელი და 24-ე მუხლის თანახმად გამგებლის თანამდებობიდან გადადგომა ავტომატურად იწვევდა შესაბამისი გამგეობის გადადგომას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მ. მ-ის სარჩელი.
ახალციხის რაიონის გამგეობის 2002წ. 5 ივლისის ¹15/1 ბრძანებით, “ადგილობრივი თვითმმართველობისა დამმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ახალციხის რაიონის გამგეობის დებულების მე-14 მუხლის თანახმად, ახალციხის რაიონის გამგეობა გადადგა 2002წ. 5 ივლისიდან. აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, ახალციხის რიონის გამგეობის წევრის, გამგეობის აპარატის უფროსის, მ. მ-ის ახალციხის გამგეობის შემადგენლობიდან გადადგომის საკითხი გადაიდო 2002წ. 11 ივლისამდე, მისი შვებულებაში ყოფნის გამო.
2002წ. 12 ივლისის ¹28/1 ბრძანებით ახალციხის რაიონის გამგეობის აპარატის უფროსი მ. მ-ე გადაყენებულ იქნა ახალციხის რაიონის გამგეობის შემადგენლობიდან და თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულება დაეკისრა გამგეობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
მ. მ-ის მიერ გასაჩივრებული 2002წ. 16 ივლისის ¹30/1 განკარგულებით, რაიონის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, გამგეობის ახალ შემადგენლობაში აპარატის უფროსის თანამდებობით არ იქნა გათვალისწინებული მ. მ-ის კანდიდატურა და მას უფლება-მოვალეობა შეუწყდა 2002წ. 16 ივლისიდან.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ. მ-ე ახალციხის გამგეობის შემადგენლობიდან გადაყენებული იქნა ახალციხის გამგეობის 2002წ. 16 ივლისის გასაჩივრებული ¹30/1 განკარგულების საფუძველზე და არა მანამდე გამოცემული ბრძანებებით, რომლებიც მ-ეს არ გაუსაჩივრებია და გასაჩივრებული განკარგულების გაუქმებით იგი აღდგენილ იქნება დაკავებულ თანამდებობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატის აზრით, მ. მ-ე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებული იქნა ახალციხის რაიონის გამგეობის 2002წ. 12 ივლისის ¹28/1 ბრძანებით. ამავე ბრძანებით სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება დაეკისრა დროებით, გამგეობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე. აღნიშნულის შესახებ მითითებულია გასაჩივრებულ ¹30/1 განკარგულებაში. “აპარატის უფროსი მ. მ-ე რაიონის გამგებლის 2002წ. 12 ივლისის ¹28/1 განკარგულებით გადამდგარია გამგეობის შემადგენლობიდან”. ამდენად, მ-ეს არ გაუსაჩივრებია მისი გამგეობის შემადგენლობიდან გადადგომის და დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველი ¹28/1 ბრძანება, რომლის თანახმად მას დროებით, გამგეობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე ჰქონდა თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულება დავალებული.
“ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად რაიონის აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა, რომელიც იმავდროულად ასრულებს საკრებულოს აღმასრულებლის ორგანოს ფუნქციას. რაიონის გამგეობის შემადგენლობაში შედიან რაიონის გამგებელი, მისი მოადგილეები, ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელები და აპარატის უფროსი, რომელსაც საკრებულოსთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რაიონის გამგებელი. ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გამგებლის გადადგომა ან განთავისუფლება იწვევს შესაბამისი გამგეობის გადადგომას. გამგეობის წევრები თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ გამგეობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ახალციხის გამგეობა გადადგა 2002წ. 5 ივლისის ¹15/1 ბრძანებით. ხოლო მ. მ-ე 2002წ. 12 ივლისის ¹28/1 ბრძანებით და მას თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულება დაეკისრა გამგეობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე. უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული მ. მ-ის მოსაზრება იმის თაობაზე რომ აღნიშნული განკარგულებით იგი გადაყენებული იქნა მხოლოდ გამგეობის შემადგენლობიდან და აპარატის უფროსის თანამდებობიდან გამგეობას იგი არ გაუთავისუფლებია, როგორც საჯარო მოსამსახურე. გასაჩივრებული განკარგულებით ¹30/1 მ-ის კანდიდატურა არ იქნა გათვალისწინებული გამგეობის ახალ შემადგენლობაში და შეუწყდა ის უფლებამოსილება, რომელიც მას ¹28/1 ბრძანებით დროებით ჰქონდა დაკისრებული.
საკასაციო პალატის აზრით, მ-ე გამგეობის შემადგენლობიდან გადაყენებული და თანამდებობიდან განთავისუფლებული იქნა ¹28/1 ბრძანებით. ვინაიდან ორგანული კანონის თანახმად მ-ე გამგეობის შემადგენლობაში შედიოდა როგორც გამგეობის აპარატის უფროსი და გამგეობის წევრობა დამოუკიდებელ თანამდებობას არ წარმოადგენდა. გამგეობის შემადგენლობიდან გადადგომა კანონის თანახმად ავტომატურად იწვევდა მისი თანამდებობიდან გადადგომასაც და მას დროებით ეკისრებოდა თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულება.
ასეთ ვითარებაში, როდესაც მ. მ-ეს არ გაუსაჩივრებია ახალციხის გამგეობის ¹28/1 ბრძანება, რომლითაც იგი გადაყენებული იქნა გამგეობის შემადგენლობიდან და თანამდებობრივი უფლებამოსილება დაეკისრა დროებით, გამგეობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების და სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდება მ-ის სარჩელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ახალციხის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 13 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება