Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ ბს-67-261-კ-03 13 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ლოჯიების მიშენების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არსებული ფართის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

თ. ც-მა და თ. ზ-ემ 13.11.98წ. სასარჩელო განცხადებით მიმართ ნაძალადევის რაიონის სასამართლოს მოპასუხის ნ. ბ-ის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის მიერ ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე თვითნებურად დაკავებული მათი კუთვნილი სათავსოების გამოთავისუფლება, კორპუსის ეზოს მხრიდან სათავსოების ამოშენებული კარის ღიობების მოშლა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, მაღაზიიდან სათავსოებში გამავალი კარებების მოშლა და კედლის ამოშენება შემდეგი საფუძვლით:

ქ. თბილისის ლენინის რაისაბჭოს აღმასკომის 06.06.88წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების კორპუსის 10 ოჯახს უფლება მიეცათ ლოჯიების მიშენებაზე. ლიჯიების მიშენების შემდეგ მეზობლები შეთანხმდნენ, რომ ლიჯიების ქვეშ ოთხი სათავსოს აშენების საშუალებას გამოიყენებდა ოთხი ოჯახი. ორმა ოჯახმა ხელმოკლეობის გამო ვერ შეძლო მშენებლობის დამთავრება და ნება მისცეს მოპასუხეს, კორპუსის პირველ სართულზე მდებარე სურსათის მაღაზიის გამგეს გამოეყენებინა სათავსოები დროებით. მოპასუხემ ნაცვლად ფართის დაბრუნებისა კარის ღიობის ადგილას ამოაშენა კედელი, მაღაზიიდან გაჭრა სათავსოში გამავალი კარი და მიისაკუთრა სათვსოები.

მოსარჩელე თ. ც-მა 25.01.99წ. დამატებითი სარჩელით მიმართა რაიონის სასამართლოს, რომელშიც აღნიშნა, რომ .... ქ. ¹50 მდებარე ¹4 ბინა 1997 წ. შეიძინა დ. ნ-ისაგან 1992წ. ლოჯიების მიშენების დასრულების შემდეგ დ. ნ-ე ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. მოსკოვში, 18 კვ.მ ლიჯის ფართობი და მის ქვეშ მდებარე სათავსო დატოვა მოუწყობელი, რომელსაც დაეუფლა მაღაზიის გამგე ნ. ბ-ი. მოსარცელემ მოითხოვა მოპასუხის გასახლება ლოჯიიდან, სათავსოს გამოთავისუფლება. ნაძალადევის რაიონის სასამართლოს დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა აგრეთვე თ. ზ-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ საცხოვრებელ სახლზე ლიჯიების მიშენების შემდეგ, ლოჯიების ქვეშ დარჩა 4 მეტრის სიმაღლის სივრცე, რომელიც გაიყო ორსართულად და განაწილდა მობინადრეებს შორის, თვითოეულს მოუწია 18-18 კვ.მ ფართობი. ა. ზ-იმ, რომლისაგანაც 1994წ. მოსარჩელემ შეიძინა ბინა, განუმარტა მას, რომ სადავო ფართი კედლის ამოშენებით მიითვისა მაღაზიის გამგე ნ. ბ-მა, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა ლოჯიების აშენებაში და სათავსოების მოწყობაში. ბინის ყიდვის შემდეგ არაერთი მიმართვის მიუხედავად ნ. ბ-მა უარი განაცხადა სადავო ფართის გამონთავისუფლებაზე, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ. ზ-ემ მოითხოვა მოპასუხის ქონებიდან მისი სათავსოს გამოთავისუფლება, მასში მაღაზიიდან შემავალი კარების ამოქოლვა, მოპასუხის მიერ ეზოს მხრიდან სათავსოებზე ამოშენებული ყრუ კედლების მოშლა.

ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის 03.02.99წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 14.03.99წ. განჩინებით გაუქმდა 03.02.99წ. გადაწყვეტილება, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მოსარჩელეებმა დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართეს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვეს ადგილობრივი მმართველობითი ორგანოს 15.04.92 ¹401 გადაწყვეტილების, რომლითაც ... კორპუსზე ლიჯიების მიშენებისას დარჩენილ სივრცეში სურსათვაჭრობის ¹.... მაღაზიას მიეცა სათავსოების მოწყობის უფლება და ქ. თბილისის მთ. არქიტექტორის 30.11.95წ. ბრძანების გაუქმება, რომლითაც დამტკიცდა სათავსოს მოწყობის პროექტი.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 16.07.99წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა 17.12.99წ. განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს. გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 16.03.2000წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 29.01.01წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის თ. ც-ის და თ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.07.01წ. განჩინებით კასატორების: თ. ზ-ის და თ. ც-ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა სააპელაციო პალატის 29.01.01წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.05.02წ. გადაწყვეტილებით თ. ც-ის და თ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. მითითებული გადაწყვეტილება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.11.02წ. განჩინებით, რომლითაც საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.04.03წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თ. ც-ის და თ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 11.03.2000წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ც-ის და თ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის ნაძალადევის რაიონის 15.04. 92წ. ¹401 გადაწყვეტილება და მთავარი არქიტექტორის 30.11.95წ. ¹355 ბრძანება, ნ. ბ-ს დაევალა ეზოს მხრიდან სათავსოების ამოშენებული კარის ღიობების მოშლა, გასასვლელი კარებების მოშლა, კედლის ამოშენება და ფართის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა თავისი სახსრებით, ნ. ბ-ი გამოსახლებულ იქნა ქ. თბილისში ... 190 მ2 სადავო ფართიდან. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: ლენინის რაიონის აღმასკომის 07.02.88წ. ¹4.53.354 გადაწყვეტილებით ... მცხოვრებ მობინადრეებს ეზოს მხრიდან, სამსართულიანი სახლისათვის ლოჯიების მიშენების ნება დაერთოდ. ქალაქის მთ. არქიტექტორის 06.06.88წ. ¹330 ბრძანებით შეთანხმებულად ჩაითვალა ... მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლზე ეზოს მხრიდან ლოჯიების მიშენების პროექტი. ნაძალადევის რაიონის გამგეობის 15.07.92წ. ¹401 გადაწყვეტილებით ნაძალადევის რაიონის “კვებავაჭრობის” დირექციას ნება დაერთო ... მდებარე კორპუსის პირვალ სართულზე განთავსებული ¹.... მაღაზიის ზედა სართულზე წარმოებული ლოჯიების მშენებლობის ხარჯზე არსებული ფართის ამოშენებაზე. თბილისის მთ. არქიტექტორის 30.11.95წ. ¹355 ბრძანებით მითითებული ¹401 გადაწყვეტილების საფუძველზე დამტკიცებული იქნა დამხმარე სათავსოების მოწყობის პროექტი. თბილისის მერიის ტექბიუროს 25.03.02წ. ¹24/03 ცნობის თანახმად, ... მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე და მათ შორის ¹4 და ¹12 ბინაზე ლოჯიების მიშენება სამსახურის სააღრიცხვო მასალებში აღრიცხული არ არის. ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 25.03.02წ. ¹259 ცნობის მიხედვით ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიშენებული ლიჯიების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ინსპექციაში ინფორმაცია არ მოიპოვება. 30.08.96წ. სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემულ იქნა ¹23/876-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა სახ. საწარმო “მ.” (ყოფილი სურსათვაჭრობის ¹.... მაღაზიის) ამხანაგობაზე. სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ნაძალადევის რაიონის გამგეობის 15.07.92წ. ¹401 გადაწყვეტილებით ნ. ბ-ისათვის ... მდებარე კორპუსის პირველ სართულზე წარმოებული ლიჯიების მიშენების ხარჯზე არსებული ფართობის ამოშენებისათვის ნებართვის გაცემა, ვინაიდან სადავო ფართობი წარმოადგენდა კორპუსის მაცხოვრებელთა საერთო სარგებლობის სათავსოს. თ. ც-ის და თ. ზ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის იმჟამინდელ მესაკუთრეებს _ დ. ნ-ეს და ა. ზ-ის შესაბამისად ¹4 და ¹12 ბინა პრივატიზებული ჰქონდათ. მინისტრთა კაბინეტის 01.02.92წ. ¹107 დადგენილებისა და 05.08.94წ. ¹520 დადგენილების შესაბამისად დამქირავებლებზე და საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებზე მათ მიერ დაკავებული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებაში აღინიშნებოდა ბინის ზუსტი მისამართი, საერთო და საცხოვრებელი ფართობი, დამხმარე სამეურნეო ან სხვა დანიშნულებით გამოყენებული სათავსოების დასახელება და მათი ფართობი. სწორედ ასეთ სათავსოს წარმოადგენდა, სააპელაციო პალატის აზრით, ლიჯიების ქვეშ არსებული ფართი, რომელიც სსკ-ს 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მრავალსართულიან სახლში არასაცხოვრებელ ფართს წარმოადგენს და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებას შეადგენს, რომლის რაოდენობა განისაზღვრება ბინების რაოდენობის შესაბამისად. ამდენად, ... მცხოვრები დ. ნ-ე და ა. ზ-ი წარმოადგენდნენ მათი წილის შესაბამისად სადავო სათავსოს მფლობელებს, 1994წ. და 1997წ. ამ პირების მიერ საცხოვრებელი ბინები გასხვისებული იქნა მოსარჩელეებზე სადავო სათავსოებთან ერთად, ვინაიდან სსკ-ს 213-ე მუხლის თანახმად არ დაიშვება ინდივიდუალური საკუთრების გასხვისება, დაგირავება ან სხვაგვარი დატვირთვა საერთო საკუთრების შესაბამისი წილის გაუთვალისწინებლად.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა ს.ქ.მ. დეპარტამენტის მიერ გაცემული ¹23/876-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწმობა არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის საფუძველს იმდენად, რამდენადაც იგი უკვე 1992 წლიდან მობინადრეთა საკუთრებაში არსებულ ქონებაზე არის გაცემული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონსაწინააღმდეგოდ იქნა მიჩნეული აგრეთვე მთ. არქიტექტორის 30.11.95წ. ¹355 ბრძანება, პალატამ აღნიშნა, რომ ამავე ბრძანებით მშენებლობა დაწყებული უნდა ყოფილიყო მშენებლობის წარმოებაზე ნებართვის მიღების და არქიტექტურის და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციაში დამკვეთსა და პროექტის ავტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენის შემდეგ, რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გასაჩივრებული ბრძანებით შეილახა მოსარჩეთა, როგორც მესაკუთრეთა უფლებები, ბრძანება ეწინააღმდეგება სსკ-ს 173.2 მუხლს, რომლის თანახმად “საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეებთან შეთანხმების გარეშე არ შეიძლება დაგირავდეს ან უფლებრივად სხვაგვარად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი ინტერესებისათვის.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.04.03წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ბ-ის მიერ. კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “ბ”, “გ” და 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტების დარღვევით. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თ. ც-მა და თ. ზ-ემ 1999 წ. მაისის თვეში დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართეს გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც გაადიდეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს 15.04.92წ. ¹401 გადაწყვეტლებისა და მთ. არქიტექტორის 30.11.95წ. ¹355 ბრძანების გაუქმება. 1999 წ. მაისის თვეში მათ არ მიუმართავთ რაიონული სასამართლოსათვის, რასაც ადასტურებს გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 29.05.03წ. ¹832 ცნობა. დამატებითი სასარჩელო განცხადება, რომელზეც არ არის მითითებული შემოტანის თარიღი, კანცელარიის რეგისტრაციის შტამპი, მოგვიანებით არის ჩაკერებული საქმეში დაინტერესებული პირების მიერ, სადავო აქტების გაუქმების ზეპირსიტყვიერი მოთხოვნა 16.03.2000წ. დაისვა, სარჩელის გაზრდაზე მოპასუხის თანხმობა არავის უკითხავს. პალატამ სსკ-ს 377-ე, 248-ე მუხლების დარღვევით დააკმაყოფილა სსკ-ს 177-ე, 178-ე მუხლებით დადგენილი წესის დარღვევით შეტანილი სასარჩელო განცხადება. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტებს, რომელთა ბათილად გამოცხადება სზაკ-ს 218-ე მუხლის მიხედვით არ დაიშვება. სკ-ს 183-ე მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან. საქმის მასალებში არ მოიპოვება სადავო ფართის მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში ყოფნის დამადასტურებელი რაიმე წერილობითი მტკიცებულება. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სკ-ს 183-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა სკ-ს 173-ე, 213-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, რის შედეგადაც არასწორად განმარტა სკ-ს 208-ე მუხლი. გაუგებარია აგრეთვე თუ რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე დაევალა კასატორს გამავალი კარების მოშლა და კედლის აშენება მაშინ, როდესაც კორპუსის აშენების დღიდან სათავსოში გასასვლელი კარის გარდა მაღაზიას გააჩნია სამი სარკმელიც, რის გამო გაუგებარია თუ რა და როგორ უნდა იქნეს მოყვანილი პირვენდელ მდგომარეობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობის გამო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. თბილისის ლენინის რაისაბჭოს აღმასკომის 17.02.88წ, ¹4.53.354 გადაწყვეტკლებით ... მცხოვრებ მობინადრეებს ნება დაერთოთ თავიანთი ხარჯით ეზოს მხრიდან ამოეშენებინათ ლოჯიები. თ. ც-მა ბინა შეისყიდა 1997 წელს, ხოლო თ. ზ-ემ 1994 წელს. საქმეში არ მოიპოვება სადავო ფართის _ დ. ნ-ის და ა. ზ-ის, ხოლო ბინების შეძენის შემდგომ _ თ. ც-ის და თ. ზ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელი რაიმე საბუთი. ის გარემოება, რომ ბინის განკარგვა შეუძლებელია საერთო საკუთრებაში არსებული ფართის შესაბამისი წილის განკარგვის გარეშე, არ ადასტურებს ბინების ყოფილი მესაკუთრეების _ დ. ნ-ის და ა. ზ-ის მიერ სადავო ფართის განკარგვას, ვინაიდან ბინის ნასყიდობის ხეკშეკრულების დადებისას ლოჯიების ქვეშ მდებარე ფართი არ იმყოფებოდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეთა საერთო საკუთრებაში, ქალაქის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 25.03.02წ. ცნობის თანახმად ... მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე, მათ შორის მოსარჩელეთა კუთვნილ ¹4 და ¹12 ბინაზე, ლოჯიების მიშენება სამსახურის სააღრიცხვო მასალებში აღრიცხული არ არის, ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 25.03.02წ. ცნობის მიხედვით ... მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიშენებული ლოჯიების ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ინფორმაცია არქმშენინსპექციაში არ მოიპოვება, საქმეში არ მოიპოვება სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემის დროისათვის ფართის საერთო საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისად მაღაზიის მიმდებარე ფართის ამოშენების უფლების მინიჭება არ საჭიროებდა ბინის მესაკუთრეთა თანხმობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძველს მოკლებულია სააპელაციო პალატის მიერ სკ-ს 173-ე, 213-ე, 208-ე მუხლებზე მითითება. მოსარჩელეთა მოსაზრება იმის შესეხაბ, რომ სადავო ფართი ბინების ადრინდელ მეპატრონეთა, ხოლო ბინების შეძენის შედეგად მათ საკუთრებას წარმოადგენდა მოკლებულია რაიმე საფუძველს, ვინაიდან ქ. თბილისის რაისაბჭოს აღმასკომის 17.02.88წ. ¹4.53.354 გადაწყვეტილება, რომლითაც ... მცხოვრებ მობინადრეებს ნება დაერთოთ თავიანთი ხარჯებით ამოეშენებინათ ლოჯიები, არ ითვალისწინებდა ლოჯიების მიშენებას კორპუსის პირველ სართულზე, აღმასკომის გადაწყვეტულება არ ითვალისწინებდა აგრეთვე ლოჯიების ქვეშ არსებული სივრცის მობინადრეთა საერთო სარგებლობაში გადაცემას. კორპუსის მობინადრეების მიერ ლოჯიების ქვეშ არსებული სივრცის განაწილება, თავისუფალი სივრცის ორ სართულად გაყოფა და ამოშენება, ლოჯიების მიშენების მსგავსად, საჭიროებდა დადგენილი წესის დაცვით ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ნებართვის გაცემას, პროექტის დამტკიცებას, რასაც ადგილი არ ჰქონია.

სადავო ფართის ამოშენების უფლება ¹... მაღაზიას მიენიჭა ნაძალადევის რაიონის გამგეობის 15.04.92წ. ¹401 გადაწყვეტიებით ანუ იმ პერიოდში, როდესაც საცხოვრებელი სახლი ჯერ კიდევ განეკუთვნებოდა კომუნალურ ფონდს, მთავრობის 11.08.92წ. დადგენილებით “საქართველოს რესპუბლიკაში პრივატიზებული საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ჩატარების ორგანიზაციისა და გაწეული დანახარჯების დაფარვის შესახებ” დროებითი დებულების დამტკიცებამდე, რომლის მე-7 პუნქტის თანახმად სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის პროვატიზებულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქე (მესაკუთრეები) ითვლებიან ამ სახლების საინჟინრო მოწყობილობის და საერთო სარგებლობის ადგილების თანამესაკუთრეებად დაკავებული ფართობის პროპორციულად. საკუთრების უფლება სადავო ფართზე არ დასტურდება აგრეთვე სკ-ს 171-ე მუხლის შინაარსიდან, ¹.... მაღაზიას ჰქონდა ლოჯიების მიშენების შედეგად წარმოქმნილი, მაღაზიისადმი უშუალოდ მიმდებარე ფართით სარგებლობის, სხვა მობინადრეთა თანაბრად, ფართის მიშენების უფლება.

ლოჯიების მიშენების შედეგად კორპუსის პირველ სართულზე არსებული ფართობის მოსარჩელეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემას არ ითვალისწინებდა აგრეთვე აღმასკომის 17.02.88წ. ¹4.53.354 გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული ქალაქის მთავარი არქიტექტორის 06.06.88წ. ¹330 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა ... მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლზე მობინადრეებისათვის ეზოს მხრიდან ლოჯიების მიშენების პროექტი, დაშენების ფართობი, მოცულობა, ლოჯიების ფართი. ამდენად, სადავო ფართი არ წარმოადგენდა ბინის ადრინდელ მეპატრონეთა და შესაბამისად ბინის მყიდველთა ინდივიდუალურ საკუთრებას. კორპუსის პირველ სართულზე მდებარე მაღაზია “მ.” კორპუსის მობინადრეებთან თანაბრად სარგებლობდა კორპუსის პირველ სართულზე არსებული ფართობით, სადავო ფართი უშუალოდ ემიჯნებოდა მას. კერძოდ, კორპუსის ეზოს მხარეს მაღაზიას გააჩნდა კარები, საიდანაც მაღაზია იღებდა საქონელს. ის გარემოება, რომ მაღაზიას არ გამოუთქვამს პროტესტი ლოჯიების მიშენებასთან დაკავშირებით არ ადასტურებს სადავო ფართის მოსარჩელეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემას, ვინაიდან ლოჯიების ამოშენების უფლებააღმჭურველი აქტები არ ითვალისწინებდნენ ლოჯიების ამოშენების შედეგად წარმოქმნილი სივრცის ამოშენებას, შესაბამისად, ლოჯიების მიშენება არ უზღუდავდა მაღაზიას სადავო ფართით სარგებლობის უფლებას. მოპასუხის მიერ საინჟინრო კონსტრუქციის აგების, დაპროექტების ღირებულების გადაუხდელობა წარმოადგენდა არა სადავო ფართის მოსარჩელეთა ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემას, არამედ მათი ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს.

ვინაიდან ლიჯიების ქვეშ მდებარე სივრცე არ წარმოადგენდა მობინადრეთა საერთო საკუთრებას, ნაძალადევის რაიონის გამგეობა 15.04.92წ. ¹401 გადაწყვეტილებით, უფლებამოსილი იყო გაეცა ნებართვა ფართის ამოშენებაზე. შესაბამისად, მართლზომიერია აგრეთვე ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 30.11.95წ. ¹355 ბრძანება მშენებლობის პროექტის დამტკიცების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტების გამოცემა არ საჭიროებდა მობინადრეთა თანხმობას, ხსენებული აქტების გამოცემით არ დარღვეულა თ. ც-ის და თ. ზ-ის უფლება.

საკასაციო პალატა ყირადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები ითხოვდნენ ფართის სახელდობრ ინდივიდუალურ და არა საერთო საკუთრებაში გადაცემას. გასასვლელი კარების მოშლის, კედლის ამოშენების მოთხოვნა ნიშნავს ფართის არა პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანას, არამედ ფაქტობრივად ფართის თ. ზ-ის და თ. ც-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემას, ვინაიდან კორპუსის რეკონსტრუქციამდე (ლოჯიების მიშენებამდე) მაღაზიას ეზოს მხარეს გააჩნდა კარები და სამი ფანჯარა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითება ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ თავისთავად გამორიცხავდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოპასუხისათვის კარებების მოშლის, კედლის ამოშენების დავალებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობრივი, გადაწყვეტილება არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რის გამო მისი გაუქმებით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თ. ც-ს და თ. ზ-ეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საქმის არსებითად გადაწყვეტის გამო გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს მოსამართლის წერილის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სადავო ფართის მიმართ გამოყენებული ღონისძიებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.04.03წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

2. თ. ც-ს და თ. ზ-ეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

3. მოსარჩელეებს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.