Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-68-262-კ-03 19 სექტემბერი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართვეოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 09 იანვარს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ფიზიკური პირების: ჯ. ი-ის, დ. გ-ის, ზ. ს-ისა და ა. ნ-ის წარმომადგენელმა პ. კ-ემ, მოპასუხე იუსტიციის სამინისტროს მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა “სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირი”-ს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ იუსტიციის სამინისტროს 2002წ. 13 დეკემბრის ¹1034 ბრძანების ბათილად ცნობა, დასახელებული კავშირის პოლიტიკური პარტიის სტატუსით რეგისტრაცია და აღნიშნული აქტის გამოცემისათვის ვადის დადგენა.

2003წ. 10 იანვარს იმავე სასამართლოში წარდგენილი იქნა მოქალაქეთა პოლიტიკური ორგანიზაცია “სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირი”-ს წარმომადგენლის პ. კ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხე იუსტიციის სამინისტრის მიმართ იმავე სასარჩელო მოთხოვნით.

2003წ. 04 თებერვლის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სსკ-ს 183-ე მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული სარჩელები გაერთიანებული იქნა ერთ წარმოებდ, ხოლო 2003წ. 14 თებერვლის განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს.

2003წ. 01 აპრილს მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მოსარჩელე ჯ. ი-ის გარდაცვალების მოწმობა, რის საფუძველზეც, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 01 აპრილის განჩინებით, საქმის წარმოება, დაწყებული ჯ. ი-ის სარჩელის გამო იუსტიციის სამინისტროს მიმართ, შეწყდა.

მოსარჩელენი თავის სასარჩელო მოთხოვნას აფუძნებენ შემდეგ გარემოებებზე: იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიერ 2002წ. 13 დეკემბერს გამოცემულ ბრძანებაში ¹1034 “სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირი”-ს რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მითითებულია, რომ პარტიის წესდების 3.3 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და 86-ე მუხლის მე-3 პუნქტს, რადგან წესდების აღნიშნული პუნქტი ადგენს თავისუფალი წევრობის ინსტიტუტს იმ პირთა მიმართ, რომელთაც კონსტიტუციის თანახმად არ გააჩნიათ პარტიაში გაწევრიანების უფლება. თუმცა წერილობით აღიარებულია, რომ პირს რომელსაც იურიდიულად არ აქვს პარტიაში გაწევრიანიბის უფლება, მისი სურვილისამებრ შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ მხარდამჭერი პირის სტატუსი.

რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძვლად იუსტიციის სამინისტრომ ასევე მიუთითა ის გარემოება, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევა განეკუთვნებოდა პარტიის ყრილობის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას და წესდებით ამ უფლების მთავარი საბჭოსთვის მინიჭება ეწინააღმდეგება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტს. “სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირი”-ს წესდების შესაბამისად, პარტიის თავმჯდომარეს მართლაც ირჩევს მთავარი საბჭო, ხოლო ეს უკანასკნელი, როგორც პარტიის აღმასრულებელი ორგანო, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, აირჩევა სწორედ ყრილობის მიერ, რაც სრულ შესაბამისობაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.

უკანონოა იუსტიციის სამინისტროს განმარტება იმის შესახებ, რომ პარტიის მიერ შემოწირულობების მიღება შეიძლება მხოლოდ ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან და არა სახელმწიფო ორგანოს, ორგანიზაციისა და საზოგადოებრივი გაერთიანებებისაგან, როგორც ეს პარტიის წესდებაშია მითითებული, ვინაიდან ორგანული კანონის 25-ე მუხლში პარტიის ქონებად მითითებულია სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ იუსტიციის მინისტრის 2000წ. 26 ივნისის ¹127 ბრძანებით დამტკიცებული იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის დებულების მე-20 პუნქტის თანახმად, პარტიის რეგისტრაციის შესახებ ბრძანებას გამოსცემს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც იმავდროულად არის სარეგისტრაციო კომისიის თავმჯდომარე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მინისტრის მოადგილე არ იყო უფლებამოსილი გამოეცა აღნიშნული ბრძანება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხივდნენ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

მოპასუხე _ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და მიიჩნია, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 86-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროებისა თუ შინაგან საქმეთა ორგანოების პირად შემადგენლობაში ჩარიცხულ პირებს, მოსამართლედ ან პროკურორად გამწესებულ პირებს უფლება არა აქვთ იყვნენ პოლიტიკური პარტიის წევრები, მონაწილეობდნენ პოლიტიკურ საქმიანობაში. ამდენად, წესდების 3.3 პუნქტები წინააღმდეგობაში მიდის კონსტიტუციის მოცემულ დებულებებთან.

“სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირი”-ს წესდების 5.6 პუნქტის თანახმად, ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევა წარმოადგენს მთავარი საბჭოს კომპეტენციას, რაც წინააღმდეგობაში მოდის “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტთან, რომლითაც პარტიის აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების არჩევას განსაზღვრავს როგორც ყრილობის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას.

პოლიტიკური გაერთიანების წესდების 7.2 პუნქტის შესაბამისად პარტიის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი და კოოპერატიული, აგრეთვე ცალკეულ პირთა ნებაყოფლობითი შემოწირულობები. ორგანული კანონის 26-ე მუხლი კი კრძალავს ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღებას სახელმწიფო ორგანოს, ორგანიზაციის (გარდა სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესით გამოყოფილი თანხებისა) და საზოგადოებრივი გაერთიანებებისაგან.

ყოველივე ზემოაღნიშნულზე მითითებით მოპასუხე მოითხოვდა, სარჩელი არ ყოფილიყო დაკმაყოფილებული.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ იუსტიციის სამინისტროს 2002წ. 13 დეკემბრის ¹1034 “სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ” ბრძანების ბათილად ცნობაზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეთა წარმომადგენლის პაატა კ-ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორი საკასაციო საჩივარს ფაქტობრივად აფუძნებდა იმავე გარემოებებს, რასაც სასარჩელო განცხადებას.

საჩივარში მიუთითებდა, რომ სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად მათ მიერ მითითებული იყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს თუ იგი გამოცემულია არაუფლებამოსილი ორგანოს ან არაუფლებამოსილი პირის მიერ.

იუსტიციის მინისტრის 2000წ. 26 ივნისის ¹127 ბრძანებით დამტკიცებული იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის დებულების მე-20 პუნქტის თანახმად, პარტიის რეგისტრაციის შესახებ ბრძანებას გამოსცემს მინისტრის პირველი მოადგილე (სარეგისტრაციო კომისიის თავმჯდომარე).

სადავოდ ქცეული აქტი კი გამოცემულია მინისტრის მოადგილის ზ. ეზუგბაიას მიერ, რომელიც “სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირი”-ს რეგისტრაციაზე უარის თქმის პერიოდში, არ წარმოადგენდა მინისტრის პირველ მოადგილეს.

სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ იუსტიციის მინისტრის მიერ 2002წ. 08 დეკემბერს გამოცემული რწმუნება სადაოდ არ იყო ქცეული და აქედან გამომდინარე მინისტრის მოადგილე ზ. ე-ა უფლებამოსილი იყო გამოეცა აქტი, სამართლებრივად დაუსაბუთებელია.

სასამართლომ ვერ განასხვავა პოლიტიკური საქმიანობის არსი და პარტიის მხარდამჭერთა ბუნება. თუ ამ ლოგიკით ვიხელმძღვანელებთ, ნებისმიერი პირი, მათ შორის მოსამართლე, რომელიც საარჩევნო უფლებას ახორციელებს, ანუ ხმას აძლევს ამა თუ იმ პარტიას, ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას.

ბუნებრივია, როდესაც პირი არჩევნებში ხმას აძლევს მისთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას, იგი მხარს უჭერს მას. აქედან გამომდინარე, მოსამართლე, რომელიც ახორციელებს საარჩევნო უფლებას, წარმოადგენს იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერს, რომელსაც აძლევს ხმას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის განმარტებით, წესდების 3.3 და 3.4 პუნქტები არ ეწინააღმდეგება კანონს.

სასამართლომ ასევე სრულიად უკანონოდ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ კავშირის რეგისტრაციაზე უარის თქმის ის მოტივი, რომლის თანახმადაც, პარტიის ქონებას არ შეიძლება შეადგენდეს სახელმწიფო შემოწირულობები. საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის “გ” პუნქტი პარიტიის შესაძლო ქონებად პირდაპირ მოიაზრებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ თანხებს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სარეგისტრაციო კომისიის დებულების მე-19 პუნქტის თანახმად, კოლეგია წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლისა და 34-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა თანახმად იგი ვალდებული იყო მოეწვია სხდომა და საჯაროდ განეხილა “სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირი”-ს რეგისტრაციის საკითხი. სარეგისტრაციო კოლეგიამ თვით პარტიის წარმომადგენლებსაც კი არ მისცა სხდომაზე მონაწილეობის შესაძლებლობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები მოითხოვდნენ გაუქმებულიყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულიყო მათი სარჩელი.

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ სცნო იმავე საფუძვლებზე მითითებით რითაც საოლქო სასამართლოში და მოითხოვა საკასაციო საჩივარი არ ყოფილიყო დაკმაყოფილებული უსაფუძვლობის მოტივით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებებსა და გაანალიზა საქმეში წარმოდგენილი მასალები, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილებული უნდა იქნეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმეში წარმოადგენული სარჩელიდან და საკასაციო საჩივრიდან იკვეთება, მხარე იუსტიციის სამინისტროს 2002წ. 13 დეკემბრის ¹1034 ბრძანების (“სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირის” რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებს, რომ ბრძანების გამოცემისას დარღვეული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის “დ” პუნქტი.

მითითებული მუხლის I ნაწილის “დ” პუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის დებულებისა და კომისიის წევრთა შემადგენლობის დამტკიცების შესახებ იუსტიციის მინისტრის ¹127 ბრძანების I თავის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო კომისია არის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სათათბირო ორგანო, რომელიც იქმნება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები, გარდა ამ კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე დებულების მე-4 თავის მე-18 პუნქიტის შესაბამისად, სარეგისტრაციო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვას ესწრება იმ პოლიტიკური გაერთიანების (პარტიის), შემოქმედებითი კავშირისა თუ ფონდის წარმომომადგენელი, რომელის საკითხიც იხილება სხდომაზე. ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის I ნაწილის შესაბამისად კი ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებულ მხარეს, რომლის უფლება ან კანონიერი ინტერესი იზღუდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მიეცა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს სადავო აქტის მიღების წესის დარღვევას და თვლის, რომ საოლქო სასამართლოს მხრიდან გამოკვლეული და შეფასებული უნდა იქნეს არის თუ არა სახეზე გამოცემის ან მომზადების წესის არსებითი ხასიათის დარღვევა.

კერძოდ, საკასაციო სასამართლო, დავის გადაწყვეტისთვის, მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გამოკვლეული იქნეს ზემოაღნიშნული დარღვევის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა თუ არა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ასევე სადავო აქტზე ხელმომწერი პირის უფლებამოსილების საკითხის გამოკვლევას. კერძოდ, სასამართლო, მინისტრის მოადგილის ზ. ე-ას უფლებამოსილების საკითხის განსაზღვრისას ძირითად აქცენტს აკეთებს საქმეში წარმოადგენილ რწმუნებაზე და შეფასებას არ აძლევს ამავე საქმეში წარმოადგენილ იუსტიციის მინისტრის 06.12.02. ¹2 ბრძანებას ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე”.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს საქმე დამატებითი გამოკვლევის მიზნით დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. “სრულიად საქართველოს პატრიოტთა კავშირის”, დ. გ-ის, ზ. ს-ისა და ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.