გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-71-264-კ-03 1 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ომის ინვალიდისათვის ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღების უფლების მინიჭება და დანამატის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 12 ნოემბერს ს. სტურუამ სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამტრედიის რაიონული განყოფილების მიმართ სარჩელი აღძრა და ორი სახეობის პენსიის ერთდროულად მიღება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ არის 87 წლის, 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, მე-2 ჯგუფის ინვალიდი.
მოსარჩელის მითითებით, მას როგორც პენსიონერსა და მე-2 ჯგუფის ინვალიდს “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლის თანახმად, ორი სახეობის პენსიის ერთად მიღების უფლება აქვს _ ინვალიდობისა და მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის). Aამასთან, მას მოხუცებულობის პენსიაზე ორი მინიმალური პენსიის ოდენობით დანამატიც ეკუთვნის. Mმოსარჩელემ თავისი მოთხოვნა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-60 მუხლზე დააფუძნა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 იანვრის გადაწყვეტილებით ს. სტურუას სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ს. სტურუას მიერ იმავე საფუძვლებით სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინებით ს. სტურუას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 იანვრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტს ძალოვანი სტრუქტურების მიერ უწყებრივი პენსია დანიშნული არ ჰქონდა, სოცუზრუნველყოფის ფონდის მიერ კი ორი სახეობის პენსიის დანიშვნას კანონი არ ითვალისწინებდა.
აღნიშნული განჩინება ს. სტურუამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, ,,სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” 1996წ. 16 ოქტომბრის კანონის 60-ე მუხლი.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია საქმეში არსებულ იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის 2001წ. 30 აპრილის წერილს, რომელშიც მითითებულია, რომ ზემოაღნიშნული კანონის თანახმად, თუ პირს 75 წელი შეუსრულდა და/ან I და II ჯგუფის ინვალიდია, ორი სახეობის პენსიის დასანიშნად უფლება აქვს შესაბამის ორგანოს მიაკითხოს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინსიტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ს. სტურუას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და საპროცესო ნორმების დაცვით გამოიკვლია და შეაფასა მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სერგო სტურუა გათანაბრებულია ფაშიზმის წინააღმდეგ 1941-1945 წლების ომის მონაწილეებთან. სამხედრო კომისიარიატის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე მას, როგორც დიდი სამამულო ომის მონაწილეს დანიშნული აქვს პენსია 45 ლარის ოდენობით. ძალოვანი სტრუქტურების მიერ კი უწყებრივი პენსია დანიშნული არ ჰქონია.
სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ს. სტურუა არ არის “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტი, რადგან ამ კანონის “ა” ქვეპუნქტში ოფიცრებზეა საუბარი, ხოო “ბ” ქვეპუნქტი კი იმ სამხედრო მოსამსახურეებს ეხება, რომლებიც ოფიცრები არ არიან და უშუალოდ სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდნენ. კერძოდ, აღნიშნული ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ეკვემდებარებიან: სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი, საქართველოში მუდმივად მცხოვრები, საქართველოს მოქალაქეობის მქონე, სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ვადიანი სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები, თადარიგიდან სამხედრო ან სპეციალურ შეკრებებზე გაწვეული პირები (გარდა ოფიცრებისა) და მათი ოჯახის წევრები მარჩენალის დაკარგვის შემთხვევაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, ს. ს-ა ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა კატეგორიას არ განეკუთვნება, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაავრცელა მასზე ამავე კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული შეღავათი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” მე-60 მუხლით დადგენილი საპენსიო შეღავათის მოპოვებისათვის კანონის პირველი მუხლის “ა’ და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) უნდა იყოს 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე;
ბ) უნდა შეუსრულდეს 75 წელი;
გ)უნდა ჰქონდეს ოფიცრის წოდება და/ან უნდა იყოს სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I ან II ჯგუფის ინვალიდი.
მოსარჩელე ს. სტურუა, ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, კერძოდ იგი არ არის სამხედრო სამსახურის დროს დაინვალიდებული ომის I და II ჯგუფის ინვალიდი, რის გამოც მისი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს . უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 6 მაისის გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია და სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებული გამოყენებითა და განმარტებით, საქმის ფაქტობრივ გარემოებათა სწორი შეფასებით გამოიტანა კანონიერი განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. სტურუას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 6 მაისის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.