Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-72-265-კ-03 24 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 16 იანვარს ბ. ლ-მა სარჩელი აღძრა აბაშის რაიონულ სასამართლოში აბაშის რაიონის გამგეობის მიმართ, 32 თვის მიუღებელი კუთვნილი ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით და მიუთითა, რომ 1999-2000 წლებში მუშაობდა აბაშის რაიონის გამგებლად, მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 97 ლარს და მას 32 თვის განმავლობაში კუთვნილი ხელფასი არ მიუღია, რის გამოც სარჩელის შეტანის მომენტისათვის მისი სახელფასო დავალიანება შეადგენს 3997 ლარს. აღნიშნული თანხის ანაზღაურების მიზნით, მან მიმართა აბაშის რაიონის გამგებელს, მაგრამ მისი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.

აბაშის რაიონის გამგეობამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ აბაშის რაიონის საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების დავალიანება 2003წ. პირველი იანვრისათვის შეადგენს 1122,0 ლარს, რომლის დაფარვა რაიონის მწირი ბიუჯეტის გამო ვერ ხერხდება და სსკ-ს 263-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოითხოვა ბ. ლ-ის კუთვნილი აუღებელი ხელფასის განაწილვადება ყოველთვიურად ერთი თვის ხელფასის დაფარვით.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ბ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, აბაშის რაიონის გამგეობას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2975,41 ლარის ზიანის ანაზღაურება 12 თვეზე განაწილვადებით, ყოველთვიურად 250 ლარის გადახდით, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა აბაშის რაიონის გამგეობამ და მოითხოვა გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა, იმ მოტივით, რომ ზიანის დადგომაში თვით დაზარალებულის ბრალისა (თავად მოსარჩელე იყო ამ პერიოდში გამგებელი) და რაიონის საბიუჯეტო კრიზისის გათვალისწინებით ბ. ლ-ის სახელფასო დავალიანების გაწილვადება უნდა მოხდეს 29 თვეზე, თვეში 100 ლარის ოდენობით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 აპრილის განჩინებით აბაშის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შემდეგი საფუძვლით უცვლელად დარჩა აბაშის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილება:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. ლ-ი 1999-2000 წლებში მუშაობდა აბაშის რაიონის გამგებლად და მისი მიუღებელი სახელფასო დავალიანება შეადგენს 2975,41 ლარს. თანახმად “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტისა, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლებამდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. რის გამოც, ბ. ლ-ს უნდა აუნაზღაურდეს მიუღებელი ხელფასი, ხოლო რაც შეეხება აბაშის რაიონის გამგეობის მოთხოვნას ხელფასის 29 თვეზე განაწილვადების შესახებ, სასამართლომ მიუთითა რომ აღნიშნული დამოკიდებულია მოსარჩელის თანხმობაზე და მხოლოდ მოპასუხის თხოვნა საკმარისი არ არის. ამასთან სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის გაწილვადება ხდება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, თანახმად სსკ-ს 263-ე მუხლისა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აბაშის რაიონის გამგეობამ და შემდეგი მოტივით მოითხოვა აბაშის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა:

კასატორის მითითებით, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ აბაშის რაიონის საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშა-მოსამსახურეთა ხელფასის დავალიანება 2003წ. პირველი იანვრისათვის შეადგენდა 1120000 ლარს, რომლის დაფარვის საშუალებას ბიუჯეტი არ იძლევა. გარდა ამისა, ვერ ხერხდება საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშა-მოსამსახურეთა სახელფასო დავალიანებების დაფარვა. აღნიშნული დავალიანებების აბსოლიტური უმრავლესობა მოდის 1999-2000 წლებზე ანუ იმ პერიოდზე, როდესაც აბაშის რაიონის გამგებელი იყო ბ. ლ-ი და მის მოვალეობას წარმოადგენდა რაიონის ბიუჯეტის შესრულება.

კასატორის განმარტებით, მის მიერ რაიონულ და სააპელაციო სასამართლოში დაყენებული იქნა მოთხოვნა, რომ სკ-ს 415-ე მუხლის გათვალისწიონებით, სასამართლოს ემსჯელა თუ რომელი მხარის ბრალით იყო ზიანი გამოწვეული, ვინაიდან თვით დაზარალებულის მოქმედებამ ხელი შეუწყო ზიანის წარმოშობას, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორს მიაჩნია, რომ რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ დარღვეულია სსკ-ს 393-ე მუხლი.

აბაშის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ ცნო ბ. ლ-მა და მოითხოვა კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, აბაშის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 აპრილის განჩინების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიენობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აბაშის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორი _ აბაშის რაიონის გამგეობა ითხოვს აბაშის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანას, რაც პროცესუალურად დაუშვებელია, რადგან სსკ-ს 391-ე და 404-ე მუხლების პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია შეამოწმოს სააპელაციო სასამართლოს ანუ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება – განჩინებების კანონიერება და შესაბამისი ცვლილებებიც შეიტანოს მასში, ხოლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა და საკასაციო პალატის მიერ მისი კანონიერების შემოწმება პროცესიალურად დაუშვებელია.

2. აბაშის რაიონული სასამართლოს 2003წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის – ბ. ლ-ის სარჩელი და კასატორ _ აბაშის რაიონის გამგეობას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის 2975,41 ლარის ანაზღაურება, რომლის გადახდაც კასატორს გაუწილვადდა 12 თვეზე, ყოველთვიურად 250 ლარის ოდენობით. აბაშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა კასატორმა – აბაშის რაიონის გამგეობამ მიუღებელი ხელფასის გადახდის 12 თვეზე გაწილვადების ნაწილში და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლა მოითხოვა იმ პირობით, რომ 2975,41 ლარის ანაზღაურების გაწილვადება მომხდარიყო ნაცვლად 12 თვისა 29 თვეზე, თვეში 100 ლარის ოდენობით, რადგან აპელანტის აზრით, ზიანის დადგომას ხელი შეუწყო თავად მოსარჩელის მოქმედებამ, რის გამოც სასამართლოს უნდა ხელმძღვანელა სკ-ს 415-ე მუხლით, რომლის თანახმადაც: “თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული”.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დავის გადაწყვეტისას სასამართლომ სწორად არ გამოიყენა სკ-ს 415-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან დავის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელე ბ. ლ-ის 32-თვის მიუღებელი სახელფასო დავალიანება და არა ზიანის ანაზღაურება. “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამსახურში მიღების დღიდან გათავისუფლებამდე მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რაც საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილით საქართველოს ყველა მოქალაქისათვის გარანტირებული კონსტიტუციური უფლებაა. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა აბაშის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი მიუღებელი სახელფასო დავალიანების 2975,41 ლარის ანაზღაურების 29 თვეზე გაწილვადების შესახებ, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს, რადგან სახელფასო დავალიანების ანაზღაურების 12 თვეზე გაწილვადება საკასაციო პალატას სამართლიანად და რეალურად მიაჩნია.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, აბაშის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 აპრილის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აბაშის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 16 აპრილის განჩინება;

3. კასატორ აბაშის რაიონის გამგეობას საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 119 ლარის გადახდა;

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბილოოა და არ საჩივრდება.