Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-76-269-კ-03 3 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 14 მარტს ჯ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე _ აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის 2001წ. 11 ივლისის ¹45 ბრძანების გაუქმება მისი სამუშაოდან დათხოვის შესახებ.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ 2001წ. 11 ივლისს აჭარი ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით იგი გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან ისე, რომ არ ჩაბარებია ბრძანების ასლი. მის მიმართ მასალები გაგზავნილი იყო აჭარის ა/რ პროკურატურაში და მხოლოდ 8 თვის შემდეგ მიიღო შეტყობინება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ.

შემდგომში მოსარჩელე ჯ. კ-მა შეიტანა დამატებითი სასარჩელო განცხადება და მოითხოვა განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით ჯ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის 2001წ. 11 ივლისის ¹45 ბრძანება და იგი აღდგენილ იქნა ქობულეთის შს განყოფილებაში სისხლის სამართლის სამძებრო ინსპექტორის თანამდებობაზე. შ.ს. სამინისტროს დაეკისრა იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება 1535 ლარის ოდენობით.

გადაწყვეტილება, აჭარის შ.ს. სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა აჭარის უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ და 2002წ. 24 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ იქნა გაუქმებული რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

2003წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ ჯ. კ-ს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე ხანდაზმულობის მოტივით, რის გამოც მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით მიმართა აჭარის ა/რ უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ჯ. კ-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით, უცვლელად იქნა დატოვებული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება ჯ. კ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე:

სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ კასატორს გაშვებული ჰქონდა სასარჩელო ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადა, მაშინ როდესაც მას გათავისუფლების თაობაზე, ბრძანება არ ჩაბარებია.

სააპელაციო პალატის 2003წ. 29 აპრილის განჩინება არ გამომდინარეობს საქმის რეალობიდან. იგი ცალმხრივი, ტენდენციური და უკანონოა.

კასატორი მიუთითებდა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილი იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტით, მის ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის არარსებობის გამო.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეთა გამო აღძრულ სამოქალაქო სარჩელზე არ ვრცელდება სხვა დარგებში დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები. აღნიშნული საქმე კი მიეკუთვნება სისხლის სამართლის საქმეთა გამო აღძრულ სამოქალაქო სარჩელს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, შკკ-ს 204-ე მუხლში მითითებულია, რომ მუშებს, მოსამსახურეებს დათხოვნის საქმეთა გამო სასამართლოებს შეუძლიათ მიმართონ დათხოვნის ბრძანების ჩაბერებიდან ერთი თვის ვადაში.

ჯ. კ-მა სასამართლოს სარჩელით მიმართა 2002წ. 14 მარტს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ საბოლოოდ შეწყდა 2002წ. 12 ივნისს. ბრძანება მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ მას იმ დროისათვისაც კი არ ჰქონდა მიღებული.

რაც შეეხება აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა მინისტრის 2001წ. 11 ილისის ¹45 ბრძანების სამოტივაციო და დასკვნითი ნაწილებს, სადაც საუბარია კასატორის მხრიდან კომფლიქტური სიტუაციის შექმნასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაზე, რასაც შედეგად მოჰყვა შს ორგანოების მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ჩამოყალიბება ზერელე ჩანაწერია და არ არის კონკრეტულად გაშიფრული, თუ პოლიციელისათვის რა შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა ჯ. კ-მა.

აჭარის ა/რ პროკურატურაში ჩატარდა კვალიფიციური, ობიექტური გამოძიება და 2002წ. 12 ივნისს მიღებული იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, სსსკ-ს 28-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტით მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეწყდა მის ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. დადგენილებაში არ არის მითითება კასატორის მხრიდან პოლიციის მუშაკისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის თაობაზე ასეთი რამ გამოძიებით რომ დადგენილიყო, პროკურატურა აუცილებლად წარდგინებით შევიდოდა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროში დისციპლინური გადაცდენისათვის რეაგირების მოსახდენად. ხსენებული დადგენილება არ გასაჩივრებულა აჭარის ა/რ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასამართლოში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 აპრილის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. კ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ აჭარის ა/რ შს მინისტრის 2001წ. 11 ივლისის ¹45 ბრძანებით, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, პოლიციის თანამშრომლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის გამო, შს ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა ქობულეთის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ჯ. კ-ი. 2002წ. 14 მარტს ჯ. კ-მა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ნორმები და აღნიშნული კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტი იმპერატიულად მიუთითებს: ,,მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება”. კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა ჯ. კ-მა მისი სამსახურიდან დათხოვნის შესახებ აჭარის ა/რ შს მინისტრის 2001წ. 11 ივლისის ბრძანება ¹45 გაასაჩივრა 8 თვის შემდეგ, 2002წ. 14 მარტს. ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ხანდაზმულობის მოტივით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

აჭარის ა/რ შს მინისტრის სადავო ¹45 ბრძანება ჯ. კ-ის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გამოცემულია 2001წ. 11 ივლისს, ხოლო ქობულეთის შს რაიგანყოფილების ¹31 პ/შ ბრძანება გამოცემულია იმავე წლის 27 ივლისს. ქობულეთის რაიონის შს განყოფილების პირადი შემადგენლობის საერთო თათბირის 2001წ. 18 ივლისის ოქმი ¹3-ის მიხედვით ირკვევა, რომ რაიგანყოფილების პირადი შემადგენლობა გაეცნო აჭარის შს მინისტრის სადავო ¹45 ბრძანებას ჯ. კ-ის პოლიციიდან გათავისუფლების შესახებ, ხოლო იმავე წლის 1 აგვისტოს ოპერატიულ თათბირზე პირად შემადგენლობას გააცნეს ქობულეთის რაიგანყოფილების ¹31 პ/შ ბრძანება.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ჯ. კ-ის სარჩელი სამსახურიდან დათხოვნისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია, სასამართლოში აღძრულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევით, რადგან კასატორისათვის 2001წ. 1 ოქტომბრიდან მაინც ცნობილი იყო სამსახურიდან მისი დათხოვნის შესახებ, ხოლო სარჩელი შეტანილია 8 თვის გადაცილებით. ამიტომ ჯ. კ-ის საკასაციო საჩივარი, საკასაციო პალატის აზრით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 აპრილის განჩინება, რადგან სააპელაციო პალატამ საქმის გარემოებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით მიიღო კანონიერი განჩინება, ხანდაზმულობის მოტივით, ჯ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 აპრილის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.