Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-77-270-03 19 სექტემბერი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართვეოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

გ. ქაჯაია,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა. განაცდური ხელფასისა და პრემიის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

მ. ფ-ემ 2002წ. 3 დეკემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა შუახევის რაიონულ სასამართლოს შუახევის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასისა და პრემიის თანხების ანაზღაურება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1991 წლიდან მუშაობდა საგადასახადო ინსპექციაში ინსპექტორად. 1997 წლიდან ავადმყოფობის გამო იმყოფებოდა ბიულეტენზე სამი თვით. როცა დაბრუნდა სამუშაოზე, მას ინსპექციის უფროსმა ჯ. გ-ემ აცნობა, რომ განთავისუფლებული იყო სამსახურიდან, მაგრამ უმოკლეს ვადაში მიიღებდა სამსახურში. ეს დაპირება არ იქნა შესრულებული.

მოპასუხემ შუახევის საგადასახადო ინსპექციის უფროსმა ჯ. გ-ემ არ ცნო სარჩელი იმ მოტივით, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 1998წ. 29 ოქტომბრის ¹6 ბრძანებით, ხანგრძლივი ავადმყოფობისა და შრომისუუნარობის საფუძველზე. მოსარჩელეს მიღებული აქვს ბიულეტენზე გასვლამდე ხელფასი, ასევე ანაზღაურებული აქვს ბიულეტენის თანხა სრულად, შესაბამისად უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად.

შუახევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 მარტს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ. ფ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ 2003წ. 8 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და შუახევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 მარტის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე დატოვა უცვლელად.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არ შეიძლება გაზიარებულ იქნას აპელანტის საჩივარში აღნიშნული მოტივები, რომლებიც გამომდინარეობს შკკ-ს მოთხოვნებიდან, რადგან აპელანტი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს და ამიტომ მასზე სწორად იქნა გავრცელებული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ფ-ე 1997წ. 15 დეკემბრიდან 1998წ. აგვისტომდე იმყოფებოდა ბიულეტინზე ავადმყოფობის გამო. დაავადების მიზეზით იგი ცნობილ იქნა II ჯგუფის ინვალიდად და შრომისუუნარობის გამო, ღებულობს სახელმწიფო პენსიას. ზემოაღნიშნული მიზეზის საფუძველზე, შუახევის საგადასახადო ინსპექციის 1998წ. 29 ოქტომბრის ¹6 ბრძანებით განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან ხანგრძლივი ავადმყოფობისა და შრომი უუნარობის გამო. სააპელაციო პალატამ ასევე მიიჩნია, რომ აღნიშნული ბრძანება შეესაბამება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნებს და ჩათვალა, რომ მ. ფ-ე კანონიერად იქნა განთავისუფლებული სამსახურიდან.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოტივები იმის შესახებ, რომ იგი დადგენილი წესით არ იყო წინასწარ გაფრთხილებული სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, ამის თაობაზე გაიგო 2002წ. დეკემბერში, იმავე თვეში შეიტანა სარჩელი სასამართლოში და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა. აპელანტი გათავისუფლებული იქნა სამუშაოდან 1998წ. 29 ოქტომბერს, სარჩელი კი შეიტანა სასამართლოში 4წ. მეტი დროის გასვლის შემდეგ 2002წ. 3 დეკემბერს. ამ დროის განმავლობაში მან მიიღო II ჯგუფის ინვალიდობა, დაინიშნა პენსია, გაფორმებული იყო მოპასუხე ორგანიზაციაში დამლაგებლად და, რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში მან იცოდა, რომ გათავისუფლებული იყო სამუშაოდან, მაგრამ წლების განმავლობაში არ მიმართა სასამართლოს. მ. ფ-ის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის ხანდაზმულობის ერთვიანი ვადის, გაშვება პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად გაითვალისწინა და საფუძვლად დაუდო სარჩელზე უარის თქმას, რაც სააპელაციო პალატამ მიიჩნია სწორად.

იმის გათვალისწინებით, რომ ნ. ფ-ე დღესაც II ჯგუფის ინვალიდია, არ გამოჯანმრთელებულა და არის შრომისუუნარო, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მისი განთავისუფლება სამუშაოდან მართლზომიერია. ამავე დროს მას გაშვებული აქვს კანონით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა, რაც სააპელაციო პალატას არ აძლევს საშუალებას იქონიოს მსჯელობა გაშვებული ვადის აღდგენაზე. სააპელაციო პალატამ ჩათვლა, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

ასევე არ დაკმაყოფილდა აპელანტის ინტერესების დამცველის შუამდგომლობა მ. ფ-ის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ იმ საკითხის ნამდვილად დაავადებულია თუ არა და ნამდვილად დაკარგული აქვს თუ არა შრომისუუნარობა იმ მოტივით, რომ საქმეში არსებული ცნობით, ასევე შუახევის რაიონის სოცდაზღვევის სახელმწიფო ფონდიდან წარმოდგენილი ცნობით, დადგენილია, რომ იგი დაავადებულია შიზოფრენიით, არის II ჯგუფის ინვალიდი, პენსიონერი და დაავადების ნაწილში მისი მდგომარეობა დამატებით გარკვევას არ მოითხოვს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ შუახევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე სწორია და იგი დატოვებული იქნა უცვლელად.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კასატორმა მ. ფ-ემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორი მიუთითებს, რომ იგი იმყოფებოდა ბიულეტენზე არა 1997წ. დეკემბრიდან 1998წ. აგვისტომდე, როგორც ეს აღნიშნულია განჩინების აღწერილობით ნაწილში, არამედ მხოლოდ 1997წ. 15 დეკემბრიდან 1998წ. 5 იანვრამდე. დარჩენილი ბიულეტენი კი გაცემულია შუახევის ექიმის მიერ, რომელიც არაკომპეტენტურ პირს წარმოადგენს აღნიშნული ბიულეტენის გაცემისას.

კასატორი მიიჩნევს, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლება II ჯგუფის ინვალიდობის მოტივით არაკანონიერია, რადგანაც მუშაობაზე შეზღუდვა ეხებათ მხოლოდ I ჯგუფის ინვალიდებს.

კასატორი მოითხოვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნას მისი დაავადების საკითხის გადასაწყვეტად.

რაც შეეხება სასამართლოსათვის მიმართვის ერთ თვიან ვადას, მ. ფ-ე მიუთითებს, რომ იგი არ ყოფილა გაფრთხილებული გათავისუფლების შესახებ და არ ჩაბარებია ბრძანება. მან გათავისუფლების შესახებ გაიგო 2002წ. დეკემბერს, რის შემდგომ ერთი თვის ვადაში მიმართა სასამართლოს, შესაბამისად არ გაუშვია ერთ თვიანი ხანდაზმულობის ვადა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლო კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი ან დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული იყო საჩივრის საფუძვლიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ გარემოებებს, რომ კასატორი (მოსარჩელე) მ. ფ-ე 1991წ. 1 ივლისიდან მუშაობდა შუახევის რაიონის საგადასახადო ინსპექციის საწარმოების დაბეგვრის სექტორის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექტორად. შუახევის საგადასახადო ინსპექციის უფროსის 1998წ. 29 ოქტომბრის ¹6 ბრძანებით იგი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და შრომის უუნარობასთან დაკავშირებით განთავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. 1997წ. 1 დეკემბრიდან საქართველოში ამოქმედდა კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, რომლის მეოთხე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მ. ფ-ე უნდა ჩაითვალოს საჯარო მოსამსახურედ და შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ამ კანონის ნორმათა მოთხოვნები. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობის დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. სააპელაციო სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია რომ კასატორი მესამე წელია პენსიონერია ავადმყოფობის საფუძველზე და იღებს შესაბამის პენსიას.. ამავე დროს თავად მ. ფ-ე აღიარებს და განმარტავს, რომ ავადმყოფობის შემდეგ იგი ამავე დაწესებულებაში დამლაგებლად მუშაობდა და იღებდა დამლაგებლის ხელფასს 30 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ ხელმძღვანელობასთან უთანხმოების თავიდან ასაცილებლად იგი ასრულებდა ყველა მითითებას დამლაგებლის მოვალეობის შესრულების ჩათვლით და რომ მან საგადასახადო ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ შეიტყო მხოლოდ 2002წ. დეკემბერში და ერთვიან ვადაში მიმართა სარჩელით სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორისათვის მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ იმთავითვე ცნობილი იყო და სარჩელის შეტანის მომენტისთვის, 2002წ. 3 დეკემბრისთვის მას გაშვებული ჰქონდა კანონით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლა მართალია, არ უსპობს პირს სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, მაგრამ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს და შესაბამისად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 8 მაისის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.