Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-78-271-კ-03 15 ოქტომბერი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: იძულებითი განაცდურის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 17 იანვარს მ. თ-ამ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის შინაგან საქმეთა სამმართველოსა და ქ.თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს მიმართ სარჩელი აღძრა და იძულებითი განაცდურის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

1998წ. 12 მაისს ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს ¹19პ/შ ბრძანებით მ. თ-ა ამავე რაიონის პოლიციის მე-3 ქვეგანყოფილების საპასპორტო, სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის ჯგუფის რეგისტრატორის თანამდებობიდან საშტატო ერთეულის შემცირების მოტივით გათავისუფლდა. მ. თ-ას სარჩელის საფუძველზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით იგი სამუშაოზე იქნა აღდგენილი. აღნიშნული გადაწყვეტილება 1999წ. 14 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელთან ერთად ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს დაუყონებლივ აღსასრულებლად გადაეცა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ დღემდე არ აღსრულებულა. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 5 მაისის განჩინების საფუძველზე ამავე რაიონის შს სამმართველოს თანამშრომელთა მიმართ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ 2000წ. 20 აგვისტოს ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს უფროსის გ. ჭ-ის გარდაცვალების გამო შეწყდა.

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა შკკ-ს 208-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე დააფუძნა, რომლის თანახმადაც, თუ ადმინისტრაციამ დააყოვნა გადაწყვეტილების აღსრულება, მუშაკს დაყოვნების დროისათვის ეძლევა საშუალო ხელფასი ან ხელფასის სხვაობა გადაწყვეტილების ან დადგენილების გამოტანის დღიდან მისი აღსრულების დღემდე. Mმოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სკ-ს მე-18, 413-ე და 1005-ე მუხლებზეც მიუთითა, რომელთა შესაბამისად, იგი 1999წ. 24 ივნისის ¹171 გაზეთ «ა. თ.” მოპასუხის მიერ გამოქვეყნებული მისი პატივისა და ღირსების შემლახავი სტატიის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის 15000 ლარის ოდენობით ანაზღაურებას მოითხოვდა.

2002წ. 7 მარტის სასამართლო სხდომაზე მოპასუხე თბილისის შს მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მან აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა შკკ-ს 208-ე მუხლის საფუძველზე არაკანონიერი იყო. მოპასუხემ მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ 1999წ. 24 ივნისის საგაზეთო პუბლიკაციაში მხოლოდ საშტატო ცვლილებებთან დაკავშირებული ანალიზი იყო მოცემული და არა პიროვნების პატივისა და ღირსების შემლახველი გამონათქვამები, მითუმეტეს კონკრეტულად მ. თ-ას მიმართ.

მოპასუხე გლდანი-ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, რადგან ჩათვალა რომ მოსარჩელემ იძულებითი განაცდურის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება უსაფუძვლოდ მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელების რაიმე მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილებით მ. თ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით გაცდენილი დროის ხელფასისა და მატერიალური ზარალის 5000 ლარის, ასევე მორალური ზიანის 5000 ლარის, სულ 10000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. ხოლო თბილისის შს მთავარ სამმართველოს აღნიშნული თანხის გლდანი-ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოსათვის გადარიცხვა დაევალა

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 მარტის გადაწყვეტილება თბილისის შს მთავარმა სამმართველომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

აპელანტის მითითებით, სსკ-ს 102-ე მუხლის შესაბამისად, მ. თ-ა ვალდებული იყო სათანადო მტკიცებულების წარდგენის საფუძველზე და არა სიტყვიერი განცხადებით დაემტკიცებინა, რომ რიგითი პოლიციელის ხელფასი 85 ლარს შეადგენს. აპელანტის მიერ წარდგენილი ცნობითY კი მისი თანამდებობრივი სარგო 24 ლარი და 85 თეთრია.

აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, შკკ-ს 208-ე მუხლი. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ამავე კოდექსის 207-ე მუხლი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 23 აპრილის ახალი გადაწყვეტილებით მ. თ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის გლდანი-ნაძალადევის შინაგან საქმეთა სამმართველოს მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნების დროის ხელფასის 1339 ლარისა და 86 თეთრის გადახდა დაევალა. Dდანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 31 მარტის გადაწყვეტილება სკ-ს 142-ე მუხლისა და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე აღსრულებას ექვემდებარებოდა.

სასამართლომ გამოიყენა შკკ-ს 208-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც «შრომის დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან დადგენილება უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ დაუყონებლივ უნდა აღსრულდეს. თუ ადმინისტრაციამ დააყოვნა ასეთი გადაწყვეტილების ან დადგენილების აღსრულება, მუშაკს დაყოვნების დროისათვის ეძლევა საშუალო ხელფასი ან ხელფასის სხვაობა გადაწყვეტილების ან დადგენილების გამოტანის დღიდან მისი აღსრულების დღემდე”. რამდენადაც თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 31 მარტის გადაწყვეტილება არ აღსრულდა და დაყოვნების დრო 49 თვეს შეადგენდა, თბილისის გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს მერი თურმანოვას სასარგებლოდ დაყოვნების დროისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის გათვალისწინებით 1339 ლარისა და 86 თეთრის გადახდა დაეკისრა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მერი თურმანოვამ საკასაციო წესით გაასაჩივრა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მის მიერ წარდგენილ შსს-ს 2001წ. 18 მაისის ¹9/4-533 წერილს, სადაც აღნიშნულია, რომ ინსპექტორ-პოლიციელს 2-დან 3 წლის მუშაობის სტაჟით თვეში ხელფასი 28 ლარისა და 45 თეთრის ოდენობით, აგრეთვე დამატებით ყოველთვიურად სასურსათო ულუფის ნაცვლად ფულადი ანაზღაურება 59 ლარი ეძლევა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია საქმეში არსებული მასალები, ამასთან, საერთოდ არ იმსჯელა სარჩელის იმ ნაწილზე, რომელიც მორალური ზიანის ანაზღაურებას ეხებოდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მ. თურმანოვას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი, რომ თბილისის ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999წ. 31 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მ. თ-ა სამუშაოზე იქნა აღდგენილი და ნაძალადევის რაიონის შს სამმართველოს მის სასარგებლოდ 12 თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა, კანონიერ ძალაშია შესული და სკ-ს 142-ე მუხლისა და ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად აღსასრულებადია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებულ უნდა იქნეს შკკ-ს 208-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, შრომის დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან დადგენილება უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ დაუყონებლივ უნდა აღსრულდეს. თუ ადმინისტრაციამ დააყოვნა ასეთი გადაწყვეტილების ან დადგენილების აღსრულება, მუშაკს დაყოვნების დროისათვის ეძლევა საშუალო ხელფასი ან ხელფასის სხვაობა გადაწყვეტილების ან დადგენილების გამოტანის დღიდან მისი აღსრულების დღემდე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, დადგენილი არ არის იმ თანამდებობრივი სარგოს ოდენობა, რა თანამდებობაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ. თ-ას უნდა დაეკავებინა. საგულისხმოა ისიც, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ამ მხრივ წინააღმდეგობრივია. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მოიხმობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებს და განმარტავს, რომ ამ ნორმებით მინიჭებული უფლებამოსილების _ დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვის უფლება საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. იგი არ არის უფლებამოსილი თავად მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებები და შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული გარემოებები საჭიროებს დამატებით სრულყოფილად გამოკვლევასა და შეფასებას, რადგან სსკ-ს 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევასა და შეფასებას.

საკასაციო სასამართლო ასევე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ისე უთხრა უარი კასატორს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე, რომ აღნიშნულზე საერთოდ არ უმსჯელია. ამდენად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება საერთოდ დაუსაბუთებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ს 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. თ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 23 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.