გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ ბს-82-275-კ-03 24 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 13 ოქტომბერს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ა. დ-ემ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მორალური და მატერიალური ზარალის ანაზღაურება 11600 ლარის ოდენობით შემდეგი საფუძვლებით:
2000წ. 17 იანვარს, საღამოს 19.30 საათზე მოსარჩელე კუთვნილი ავტომანქანით «გაზ-31029”, მოძრაობდა ქ. ხაშურში თბილისის მიმართულებით 30-40 კმ/სთ სიჩქარით, რა დროსაც აღმაშენებლისა და ბორჯომის ქუჩის გადაკვეთასთან ჩავარდა ღერძულა ხაზიდან 50-60 სმ-ში მდებარე ორმოში, ავტომანქანა შებრუნდა მარცხნივ და დაეჯახა საპირისპირო მხრიდან მომავალ «მერსედესის” მარკის მიკროავტობუსს, რომელიც მოძრაობდა 60 კმ/სთ სიჩქარით. ავტომანქანის შემობრუნება მოხდა უეცრად, რის გამოც მიკროავტობუსის მძღოლმა შეჯახების ასაცილებლად რეაგირება ვერ მოასწრო. შეჯახების შედეგად მოსარჩელემ მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება, ჩაემტვრა ოთხი ნეკნი, მოიტეხა მარჯვენა ხელი მაჯაში, ხოლო მისმა მცირეწლოვანმა შვილმა, 13 წლის ნ. დ-ემ, რომელიც მანქანაში მძღოლის გვერდით იჯდა, დაზიანება მიიღო თავის არეში. რამდენადაც მოსარჩელის მანქანა ნაწილობრივ გადავიდა თავისი სავალი ნაწილიდან მიკროავტობუსის სავალ გზაზე, ა. დ-ემ გაიღო მიკროავტობუსის შესაკეთებელი თანხა _ 1100 ლარი. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია საავტომობილო გზის გაუმართაობამ. მის მიმართვას საავტომობილო გზების დეპარტამენტისადმი ზარალის ანაზღაურების თაობაზე რეაგირება არ მოჰყოლია. მოსარჩელემ მოითხოვა ჯანმრთელობის აღდგენისათვის 3000 ლარის, მიკროავტობუსის შეკეთებისათვის _ 1100 ლარისა და «გაზ-31029”-ს შეკეთებისათვის 2500 ლარის, ასევე მორალური ზიანის ანაზღაურებისათვის 5000 ლარის, სულ _ 11600 ლარის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის.
2002წ. 22 მარტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისაგან დამატებით მოითხოვა საურავის, ვადაგადაცილებულ თვეზე საშუალო საბანკო 3%-ის გადახდა სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების გამოტანის დღისათვის, რამაც შეადგინა 4000 ლარი, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა მიღებული, თანახმად სსკ-ს 83-ე მუხლისა.
სასამართლო მიერ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ შპს «ი.” და შპს «გ.-...” იმ მოტივით, რომ 2000წ. 22 ივნისს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტსა და შპს «ი.” (როგორც მოიჯარე) შორის დადებული ხელშეკრულების თანხმად, ¹5 საკონტრაქტო ზონაში შემავალი საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების ჩატარება ევალებოდა შპს «ი.”. 1999წ. 30 დეკემბერს კონტრაქტის მფლობელ შპს «ი.” და შპს «გ.-....”-ს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით კი აღნიშნული დროიდან გზების მოვლა-შენახვა ევალებოდა შპს «გ.-....”-ს.
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 1999წ. 22 ივნისიდან საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ ევალებოდა გზების მოვლა-შენახვა, ავტოსაგზაო შემთხვევა კი მოხდა 2000წ. 17 იანვარს. გარდა ამისა, საგზაო შემთხვევა მოხდა არა ორმოს არსებობის გამო, არამედ იმის გამო, რომ მძღოლების მოქმედება არ შეესაბამებოდა მოძრაობის წესების მოთხოვნებს.
მესამე პირის «გ.-....”-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ გამოძიების დროს მას მონაწილეობა არ მიუღია ადგილის დათვალიერებასა და ოქმის შედგენაში, რაც სავალდებულო იყო.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის გადაწყვეტილებით ა. დ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, მოპასუხეს დაეკისრა 2164 ლარისა და 230 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნას, 5000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ეთქვა უარი.
საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა.
აპელანტის მითითებით, ზარალის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა იმ საგზაო ორგანოს, რომელსაც ხელშეკრულებით ევალებოდა გზის მოვლა-შენახვა, ანუ შპს «გ.-....”-ს, რომელსაც არც აცნობეს საგზაო შემთხვევის შესახებ და არც შემთხვევის ადგილის დათვალიერებას დაასწრეს, რაც ეჭვს ბადებს იმ გარემოებასთან მიმართებაში, რომ გზის სავალ ნაწილზე ორმოს არსებობა საგზაო შემთხვევის ხელშემწყობი პირობა იყო. აპელანტი ასევე მიუთითებდა, რომ საქმეში არსებული გეგმა-ნახაზის მიხედვით ა. დ-ე ავტომანქანით მოძრაობდა არა მარჯვენა მხარეს, არამედ უკიდურესად მარცხენა მხარეს, პირდაპირ ღერძულა ხაზთან, რითაც დაარღვია მოძრაობის უსაფრთხოების ნორმების 28-ე მუხლის მე-4 «ა” პუნქტი.
ა. დ-ემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა შეგებებული სააპელაციო საჩივრით, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არ ცნო და მიუთითა «საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლზე, რომლის თანახმადაც საგზაო შემთხვევის შესახებ შესაბამისი ორგანოს საქმის კურსში ჩაყენება ევალება საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შსს სტრუქტურებს და არა რიგით მოქალაქეს. აპელანტის მითითებით, მისი ღერძულა ხაზთან ახლოს მოძრაობა გამოწვეული იყო განათების არარსებობის გამო, რაც ასევე მიუთითებდა საგზაო დეპარტამენტის უყურადღებობაზე. ა. დ-ემ ასევე მიუთითა «საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმადაც საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს ერთიან პოლიტიკას საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების დაპროექტების, მშენებლობის, მოდერნიზაციის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვის საკითხებში და «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებზე, რომელთა შესაბამისადაც გზის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის ხარისხზე პასუხისმგებელია დამკვეთი, ხოლო აშენებული, რეკონსტრუირებული და გარემონტებული გზის საექსპლოატაციოდ მიღების შემდეგ მის ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია ამ გზის მესაკუთრე, ანუ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. დ-ემ ითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების პირველი პუნქტის მეორე აბზაცის ძალაში დატოვება, მესამე აბზაცის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაეკისრებოდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 6600 ლარის ოდენობით, ასევე საურავი საავტომობილო გზების დეპარტამენტში საჩივრის შეტანიდან, ე.ი. 2000წ. 25 სექტემბრიდან გადახდის დღემდე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე, ძირითადი თანხის 6600 ლარის საშუალო საბანკო საკრედიტო სარგებლით 4% ოდენობით, სასამართლო საადვოკატო ხარჯების – 700 ლარის, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 90 ლარის და მორალური ზიანის _ 5000 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილებით საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ა. დ-ეს შეგებებული სააპელაციო საჩივარი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს ა. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 300 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება დაფუძნებულია შემდეგ გარემოებებზე: სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2002წ. 12 სექტემბრის სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების თანახმად, ა. დ-ეს ავტოავარიის შედეგად დამდგარ შედეგში ბრალი არ მიუძღვის. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტს 1997წ. 22 სექტემბრის ¹529 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის” დებულების მე-11 მუხლის «ა” პუნქტზე, რომლის თანახმად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების ქსელის მართვა, მისი სრულყოფა და განვითარება, ხოლო ამავე დებულების მე-4 მუხლის «ე” პუნქტის თანახმად დეპარტამენტს დაკისრებული აქვს საავტომობილო გზებზე უსაფრთხო და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფის ვალდებულება. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. დ-ისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საგზაო დეპატამენტის საჩივრის მოტივი პასუხისმგებლობის შპს «გ.-....”-სათვის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან საქმეში არსებული, 1992წ. 22 ივნისის საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტსა და შპს «ი-ას” შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ¹5 საკონტრაქტო ზონაში, სადაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, შპს-ის მხოლოდ გზის მოვლა-შენახვის სამუშაოების შესრულება ევალებოდა. 1999წ. 30 დეკემბერს შპს «ი.”, როგორც კონტრაქტის მფლობელმა, გზის მოვლა-შენახვის ხელშეკრულება გააფორმა შპს «გ.-...”-თან, როგორც ქვემოიჯარესთან. «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი გზის მშენებლობის რეკოსტრუქციისა და რემონტის ხარისხზე პასუხისმგებელია დამკვეთი, ე.ი საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. დ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ და გარდა რაიონული სასამართლოს მიერ განსაზღვრულისა, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ა. დ-ის მკურნალობისა და მედიკამენტის შეძენისათვის გაწეული ხარჯის _ 300 ლარის ანაზღაურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტმა და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ორმო, რომელმაც თითქოს გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, სინამდვილეში არ ყოფილა. ეს არის საკანალიზაციო კოლექტორის საკონტროლო ჭა, რომელიც ეკუთვნის შპს «ხ.”. კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვალდებულია, დააგოს ასფალტი, რა დროსაც გზაზე არსებული საკანალიზაციო კოლექტორის საკონტროლო ჭა დაბლა იწევს. მისი ამოწევა ასფალტის დონემდე გზის მშენებლს არ ევალება. ეს უნდა გაეკეთებინა ჭის მეპატრონეს, ე.ი. შპს «ხ.”, რომელმაც არ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა საქმეში მოპასუხეებად შპს «ხ.” და ხაშურის გამგეობის ჩაბმა და პასუხისმგებლობის მათზე დაკისრება.
საკასაციო სასამართლოს შეგებებული საკასაციო საჩივრით მიმართა ა. დ-ემაც და სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შეგებებულ სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლებით მოითხოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების 2 პუნქტის ძალაში დატოვება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაეკისრებოდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება სულ 9763 ლარის ოდენობით, მათ შორის, საურავი მის მიერ საავტომობილო გზების დეპარტემენტში საჩივრის შეტანიდან ე.ი. 2000წ. 25 სექტემბრიდან გადახდის დღემდე, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე, სკ-ს 403-ე მუხლის თანახმად დაკისრებული ძირითადი თანხის _ 2958 ლარის საშუალო საბანკო საკრედიტო სარგებლის 3%-ის ოდენობით, რაც 2003წ. 25 აგვისტოსათვის 35 თვეს და თანხობრივად _ 2958 X 105%=3105 ლარს შეადგენდა, სასამართლო საადვოკატო ხარჯების _ 700 ლარისა და მორალური ზიანის _ 3000 ლარის ოდენობით, სკ-ს 992-1008-413 მუხლების, ამავე კოდექსის მე-18 მუხლის და სხვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და შეგებებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი და ა. დ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლისა და 25 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზს წარმოადგენს არა გზაზე არსებული ე.წ. «ორმო”, არამედ საკანალიზაციო კოლექტორის საკონტროლო ჭა, რომელიც ეკუთვნის შპს «ხ.” და არა კასატორს და რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება ტენდენციურად მიმდინარეობდა, შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავეა შპს «ხ.” და მასაც უნდა გადაუნაწილდეს ზიანის ასანაზღაურებელი თანხა. თავად კასატორის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ 2002წ. 12 სექტემბრის დადგენილებით დასტურდება, რომ ა. დ-ის ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს წინა მარცხენა თვალით ჩავარდა გზის სავალი ნაწილის შუაში არსებული 1,5X1,5მ ზომისა და 10-12 სმ სიღრმის ორმოში, რის შედეგადაც დაკარგა მართვადობა, გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, სადაც მოხდა შეჯახება შემხვედრ მიკროავტობუსთან. ამდენად, აღნიშნული დადგენილება ავარიის მიზეზად მიიჩნევს არა საკანალიზაციო კოლექტორის საკონტროლო ჭას, არამედ გზაზე არსებულ ორმოს.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და თვლის, რომ ა. დიასამიძისათვის მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი. «საავტომობილო გზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საგზაო სახელმწიფო დეპარტამენტის მიზეზით გზების მოსარგებლისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება წარმოებს ადმინისტრაციული ან სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
«საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გზის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის ხარისხზე პასუხისმგებელია დამკვეთი, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, აშენებული, რეკონსტრუირებული და გარემონტებული გზის საექსპლოატაციოდ მიღების შემდეგ მის ტექნიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელია ამ გზის მესაკუთრე, ანუ საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დელიქტური ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა მოპასუხის მხრიდან მასზე კანონით დადგენილი მოვალეობის შეუსრულებლობის შედეგად. სკ-ს 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ ა. დ-ეს სახელმწიფო საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უნდა აუნაზღაუროს საქმეში წარმოდგენილი ცნობების შესაბამისად მკურნალობისათვის დახარჯული 230 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში და 300 ლარი, მიკროავტობუსის აღდგენაში დახარჯული 1000 ლარი და თავად მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის აღდგენისათვის გახარჯული 1164 ლარი, ანუ სულ 2464 ლარი და 230 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნას მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 3000 ლარის დაკისრების ნაწილში, რადგან მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნა, თუ რა მორალური ზიანი მიიღო და რაში გამოიხატა იგი და საადვოკატო ხარჯის, 700 ლარის, დაკისრების ნაწილში, რადგან არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ა. დ-ის მოთხოვნას მოპასუხისათვის საურავის, დაკისრებული თანხის საშუალო საბანკო საკრედიტო სარგებლობის 3%-ს, საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტში საჩივრის შეტანიდან, 2000წ. 25 სექტემბრიდან დღემდე, ე.ი. 35 თვის _ 3105 ლარის დაკისრების თაობაზე, რადგან მოსარჩელე სავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის კრედიტორი ამ უკანასკნელისთვის თანხის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ხდება.
ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს მოტივაციას, საჭიროდ მიიჩნევს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგი მოსაზრების გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად, ცხადია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 2164 ლარისა და 230 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში დატოვებულია უცვლელად, ხოლო საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს მითითებას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად შეცვლის თაობაზე, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით ნიშნავს იმას, რომ საოლქო სასამრთლოს მიერ საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თუმცა აღნიშნულში საუბარი არ არის სარჩელის ბედზე. სსკ-ს 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილებაზე ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, ხოლო სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააღსრულებო ფურცელში აღინიშნება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
აღნიშნულისა და იმის გათვალისწნებით, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილები წინააღმდეგობრივი ხასიათისაა და ეს გარემოებები ფაქტობრივად გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს ხდის, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ა. დ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს დაეკისროს ა. დ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 2464 ლარისა და 230 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა, ხოლო სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობის მოტივით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი და ა. დ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. ა. დიასამიძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტს ა. დ-ის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 2464 ლარისა და 230 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით;
5. ა. დ-ეს სარჩელის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი;
6. საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 156 ლარის ოდენობით;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.