გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-85-276-კ-03 22 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: ტექინვენტარიზაციის ჩანაწერების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 17 ივლისს მ. ა-მა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ქ. ბათუმის მერიის, ი. ჭ-ას, ლ. მ-ისა და ჯ. მ-ის მიმართ სარჩელი აღძრა და ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის ჩანაწერების გაუქმება მოითხოვა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი ქ. ბათუმში, ..., ხუთსართულიანი სახლის პირველ სართულზე ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა. ბინის ქვემოთ სარდაფი მდებარეობდა, რომელიც ქ. ბათუმის მერიის ტექინვენტარიზაციის მასალებით მერიის ბალანსზე ირიცხებოდა, რაც მისი მოსაზრებით, უკანონო იყო, რადგან სსკ-ს 208-ე მუხლის შესაბამისად, არასაცხოვრებელი ფართი ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებად გამოცხადდა და სარდაფი მერიის ბალანსზე აღარ უნდა დარჩენილიყო.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ აღნიშნული სარდაფი თანაბრად ეკუთვნოდა ამ ფართობის ზემოთ, ოროთახიანი საცხოვრებელი ბინის ყველა მესაკუთრეს ანუ სულ 5 ოჯახს, მაგრამ ი. ჭ-ამ, ლ. მ-მა და ჯ. მ-მა თვითნებურად გატეხეს კედელი, მოაწყვეს სარდაფები და მთელი ფართობი დაიკავეს, აგრეთვე, სარდაფს გაუკეთეს სახურავი, რომლითაც მას, როგორც პირველ სართულზე მცხოვრებს ხელი ეშლებოდა და სსკ-ს 218-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მის მონგრევას მოითხოვდა. ამასთან, სახურავის თავზე ფანჯარასთან ნაგავი გროვდებოდა და ანტისანიტარია იქმნებოდა, ანუ საერთო საკუთრების სარდაფს მოპასუხეები სხვაგვარად იყენებდნენ. აღნიშნულის გამო, მოსარჩელე სსკ-ს 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საერთო საკუთრებიდან რეალური წილის გამოყოფას მოითხოვდა.
2003წ. 27 იანვარს მ. ა-მა დამატებითი სასარჩელო განცხადება წარადგინა იმავე მოპასუხეების მიმართ და ძირითად სარჩელთან ერთად ქ. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებისა და ქ.ბათუმის ¹.... მიკრორაიონის გამგეობის მიერ ლ. მ-ზე, ი. ჭ-ასა და ჯ. მ-ზე სარდაფების იჯარით გაცემის ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა.
მოპასუხეებმა მოსარჩელის ძირითადი და დამატებითი სასარჩელო მოთხოვნები არ ცნეს და შემდეგ საფუძვლებზე მიუთითეს:
ქ.ბათუმში, ... მდებარე ხუთსართულიანი სახლი ტექაღრიცხვის 1963წ. საარქივო მასალებით ექსპლოატაციაში სარდაფების გარეშე შევიდა. საცხოვრებელი სახლის პირველი და მეოთხე სადარბაზოს ზოგიერთმა მცხოვრებმა მეზობლების თანხმობით ქ. ბათუმის მერიის ნებართვის საფუძველზე 90-იან წლებში აღნიშნული სადარბაზოების ქვეშ არსებული სანასოსე კომუნიკაციების ეზოში გატანით და სავენტილაციო არხის დაღრმავების შედეგად მათივე ხარჯებით სარდაფები მოაწყვეს. შენობის მეორე და მესამე სადარბაზოს პირველ სართულზე სავაჭრო ობიექტები იყო განლაგებული, რის გამოც იქ სარდაფების გაკეთება არ მომხდარა. ...-ში ამ გზით ნ. აბდულიშმა (მოსარჩელის მამამთილმა) 24 კვ.მ სარდაფი გაიკეთა. ამავე სადარბაზოში მცხოვრებმა მეტრეველმა, ჭილაიამ და გ-ემ საცხოვრებელი სახლის ქუჩის მხრიდან არსებული ფანჯრის ღიობის ჩაჭრით, სავენტილაციო არხის დაღრმავებით ქ. ბათუმის მერიის მთავარი არქიტექტორის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე 1991 წელს სარდაფები გააკეთეს, რომელთაც დამტკიცებული პროექტის და ტექნიკური ნორმების შესაბამისად, ქუჩის მხრიდან გადახურვა და ინდივიდიალური შესასვლელები გაუკეთეს, ამასთან ლ. მ-მა _ 11,6 კვ.მ. სარდაფი გაიკეთა, ს. ჭ-ამ _ 16 კვ.მ, ხოლო ჯ. მ-მა _ 11,2 კვ.მ.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ა-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტი მიუთითებდა, რომ სკ-ს 213-ე მუხლის შესაბამისად, ,,არ შეიძლება ინდივიდუალური საკუთრების გასხვისება, დაგირავება ან სხვაგვარად დატვირთვა საერთო საკუთრების შესაბამისი წილის გაუთვალისწინებლად.»
აპელანტის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,ბინის მესაკუთრე იმავდროულად არის საერთო საკუთრების მოწილეც.»
სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს საქმეში ქ.ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგეობა ჩააბა.
მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი არ ცნეს და მასზე უარის თქმა მოითხოვეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 30 აპრილის განჩინებით მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ 1996 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს ... არსებული სარდაფები ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე მესაკუთრეთა თანხმობით აღირიცხა, რაც საქმეში არსებული მათი განცხადებებითა და სააპელაციო პალატის მიერ ადგილზე დათვალიერების დროს ბინის მესაკუთრეებთან გასაუბრებით დადასტურდა. ბინის მესაკუთრეთა დიდ ნაწილს იმის გამო, რომ მათმა მეზობლებმა, კონკრეტულად კი მ-მა, ჭილაიამ და მხიტარიანმა პირველი სართულის ქვემოთ სარდაფები მოაწყვეს, უკმაყოფილება არ გამოუხატავთ.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალებიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ... მ. ა-ი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად 1996 წლიდან გადავიდა, მაშინ, როდესაც ბინის მესაკუთრეთა შორის სარდაფების მოწყობის და განაწილების საკითხი უკვე დამთავრებული იყო. სხვა მაცხოვრებლებთან ერთად იქ სარდაფი ნ. ა-საც (მის მამამთილს) ჰქონდა (24 კვ.მ). მეზობლების მითითებით მამა-შვილი აღნიშნულ სარდაფს ზიარად იყენებდნენ, მაგრამ შემდეგ იგი საწყობად გადააკეთეს, სადაც მოვაჭრეები სხვადასხვა ნივთებს ქირით ინახავდნენ.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტის მოთხოვნა რეალური წილის გამოყოფის შესახებ უსაფუძვლო იყო. საჭიროების შემთხვევაში მას შეეძლო სარდაფის გამოყოფა მამამთილის – ნ. ა-ის 24 კვ.მ სარდაფიდან მოეთხოვა.
სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა, რომ მისი თანხმობის გარეშე მოპასუხეებმა მის საკუთრებაში არსებულ კედელზე სახურავი აღმართეს, ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარდაფებს სახურავი 1991 წელს გაუკეთდა, ხოლო აპელანტი აღნიშნულ ბინაში საცხოვრებლად 1996 წელს გადავიდა.
აღნიშნული განჩინება მ. ა-მა იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 30 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი სახის ფაქტობრივი გარემოებები:
ქ.ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი 1963 წლიდან ქ.ბათუმის აღმასკომის ბალანსზე ირიცხებოდა და შესაბამისად საუწყებო ფონდის ბინას წარმოადგენდა, რომელსაც სარდაფები არ გააჩნდა. Mმოგვიანებით, აღნიშნული ბინის რამდენიმე მაცხოვრებელმა სხვა მაცხოვრებლების თანხმობით, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, საკუთარი სახსრებით სარდაფები მოიწყვეს. ქ.ბათუმის მერიის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ 1996 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს ქ.ბათუმში, ... არსებული სარდაფები ბინის მესაკუთრეთა თანხმობით ქ.ბათუმის მერიის ბალანსზე აღირიცხა. ის, რომ ბინის მესაკუთრეებმა აღნიშნულზე თანხმობა გამოხატეს, საქმეში არსებული მათი განცხადებებითა და სააპელაციო სასამართლოს მიერ ადგილზე დათვალიერების დროს ბინის მესაკუთრეებთან გასაუბრებით დასტურდება. საგულისხმოა ისიც, რომ ადგილზე დათვალიერებას მ. ა-ის მამამთილი ნ. ა-იც ესწრებოდა. საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ მ. ა-ი ოჯახთან ერთად აღნიშნულ სახლში საცხოვრებლად 1996 წლიდან გადავიდა, მაშინ როდესაც ბინის მესაკუთრეთა შორის სარდაფების მოწყობის და განაწილების საკითხი უკვე დამთავრებული იყო. კერძოდ, სხვა მაცხოვრებლებთან ერთად 24კვ.მ. სარდაფი ნ. ა-საც ჰქონდა მოწყობილი.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს ქ.ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინის მესაკუთრეთა შეთანხმება, რომ ზოგიერთ მათგანს შენობის პირველი სართულის ქვემოთ, თავიანთი ხარჯებით სარდაფები მოეწყოთ. 1996 წელს კი ტექბიუროს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს ბინის მესაკუთრეთა თანხმობით, სადავო არასაცხოვრებელი ფართი ქ.ბათუმის მერიის ბალანსზე აღირიცხა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სადავო სარდაფების რამდენიმე მაცხოვრებელზე გადაცემა საქართველოს ახალი სკ-ს ამოქმედებამდე მოხდა. ამ დროისათვის სარდაფები უკვე განაწილებული იყო აღნიშნული ბინის რამდენიმე მაცხოვრებელზე და მათ შორის მ. ა-ის მამამთილზეც, რომელიც მოპასუხეებთან შედარებით ორჯერ მეტი ოდენობის ფართის სარდაფს ფლობს.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.ბათუმის მერიას სრული უფლება ჰქონდა 1996 წელს მის ბალანსზე აეღო ქ.ბათუმში, ... არსებული 97 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი და ბინის მესაკუთრეებისათვის სარგებლობის უფლებით გადაეცა, რაზეც დღეისათვის თავად ბინის მესაკუთრეები არ დავობენ.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სარდაფების გადახურვა, რომელიც მ. ა-ის ფანჯრის გასწვრივ არის გაკეთებული, არ ქმნის ანტისანიტარიას და არც კასატორის საკუთრების უფლებას ლახავს. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ სადავო სარდაფები 1991 წელს მოეწყო და სახურავი 1991 წელსვე გაკეთდა, კასატორი კი აღნიშნულ ბინაში 1996 წელს გადავიდა საცხოვრებლად, რაც საფუძველმოკლებულს ხდის მითითებას, რომ მოპასუხეებმა მისი თანხმობის გარეშე მის საკუთრებაში არსებულ კედელზე სახურავი აღმართეს. საგულისხმოა ისიც, რომ მოსარჩელეს 1996 წლიდან 2002 წლამდე სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი და შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 30 აპრილის განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.