გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-86-277-კ-03 25 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართვეოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და ანდერძის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 2 ივლისს კასატორმა – ნ. თ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და შემდეგი საფუძვლით მოითხოვა 1998წ. 24 იანვარს ს. მ-ის სახელზე განხორციელებული, ქ. ბათუმში, ... მდებარე ოროთახიანი, 55,61 კვ.მ ფართის ბინის პრივატიზაციისა და ს. მ-ის მიერ 2000წ. 6 ივნისს მოპასუხე მ. მ-ის სახელზე დაწერილი ანდერძის ბათილად ცნობა:
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ბათუმში, ... 1947 წლამდე მდებარეობდა ღვინისა და ლიმონათის ჩამოსასხმელი საამქრო, რომელიც შემდგომ გადაკეთდა საცხოვრებელ ბინად და განაწილდა საწარმოს მუშა-მოსამსახურეებზე. კერძოდ, აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ ლ. შლიახტი, რომელმაც 1982 წელს მიიღო ბინა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, ს. მ-ი, მ. დ-ა. ეს უკანასკნელი 1981 წელს გარდაიცვალა და მას მემკვიდრე არ დარჩენია. ნ. თ-ემ გათავისუფლებული ოთახების ხარჯზე გაფართოვების მიზნით მიმართა ქ. ბათუმის ¹..... მიკრორაიონის გამგეობას, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ სახლში მცხოვრებ ს. მ-ს, რომლის ოჯახიც სულ ორი წევრისაგან შედგებოდა, 1998წ. იანვარში გარდაეცვალა ქალიშვილი. იმავე თვეში ს. მ-მა მოახდინა სახლის მთლიანი გამოთავისუფლებული ფართის პრივატიზაცია, რაც ნ. თ-ის მითითებით ყალბია და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ბინის პრივატიზების მასალებში არ მოიპოვება ს. მ-ის მიმართვა გამგეობისადმი ბინის პრივატიზების შესახებ და ამდენად, მ-ს არ გამოუხატავს ნება ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებით. ამასთან ს. მ-ი იყო წერა-კითხვის უცოდინარი და ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ყალბია.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ანდერძი, რომლითაც ს. მ-ის კუთვნილი ქონება გადაეცა მ. მ-ეს, ასევე არის ყალბი და შედგენილი იქნა ს. მ-ის გარდაცვალების შემდეგ, რადგან ს. მ-სა და მ. მ-ეს შორის არ არსებობდა ისეთი ურთიერთობა, რაც ქონების გადაცემის საფუძველი გახდებოდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 26 ოქტომბრის განჩინებით საქმეში თანამოპასუხედ იქნა ჩაბმული ნოტარიუსი ლ. ჭ-ა. ამავე სასამართლოს 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი უსაფუძვლობის მოტივით, არ დაკმაყოფილდა. საქმე არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 მაისის განჩინებით ნ. თ-ის სააპელაციო საჩივარი, უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა და შემდეგ გარემოებათა გამო უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილება:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. თ-ე ოჯახთან ერთად, როგორც დამქირავებელი, ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ... ერთსართულიან სახლში და ეკავა ოროთახიანი, 30,51 კვ.მ ფართის კომუნალური ბინა. აღნიშნული ბინის თავდაპირველი დამქირავებელი იყო მ. ვაიტოვიჩი, რომელთანაც შემდგომ ჩაეწერა ნ. თ-ე. ამ უკანასკნელმა 1995წ. 23 მაისს მოახდინა ბინის პრივატიზაცია. სააპელაციო პალატამ მ. მ-ისა და ქ. ბათუმის ¹2 მიკრორაიონის გამგეობის მიერ წარმოდგენილი, ... მდებარე ბინის ¹749 პირადი ბარათის ასლის საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ ს. მ-ი აღნიშნულ ბინაში საცხოვრებლად გადავიდა 1947წ. 15 ივნისს და იყო ბინის დამქირავებელი. შემდგომში ასევე ბინის დამქირავებლები გახდნენ შლიახტი, ვოვკი, დანილოვა და ს. მ-ის ქალიშვილი ბაშკატოვა, რომლებიც იყვნენ არა სხვადასხვა ბინის, არამედ 51,61 კვ.მ საერთო ფართის დამქირავებლები. აღნიშნული კომუნალური ფართი ქ. ბათუმის მერიაში აღრიცხული იყო როგორც ერთი ბინა, რომელსაც რამდენიმე დამქირავებელი ჰყავდა. შემდგომში, ა. ვოვკი და კ. დანილოვა გარდაიცვალნენ, ბინა მიიღო შლიახტმა და ა. ვოვკის ქალიშვილმა მ. ვოვკმა და ბინის ერთადერთი დამქირავებელი დარჩა ს. მ-ი, რომელმაც 1998წ. 30 იანვარს განახორციელა ბინის პრივატიზაცია. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს. მ-ი იყო ... მდებარე მთლიანი ბინის და არა მისი ნაწილის დამქირავებელი და მის მიერ ბინის პრივატიზაციის განხორციელება მოხდა კანონიერად, თანახმად ”საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1992წ. პირველი თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 მუხლისა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ს. მ-ს არ გამოუხატავს ბინის პრივატიზაციაზე ნება, რადგან ქ. ბათუმის ¹2 მიკრორაიონის გამგეობის განმარტების თანახმად, ს. მ-ის სურვილის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა პრივატიზაციის განხორციელება და ს. მ-მა ნება გამოხატა მასსა და გამგეობას შორის გაფორმებული ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით.
სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მას შემდეგ, როდესაც ს. მ-ი გახდა პრივატიზაციის შედეგად მიღებული მთლიანი საცხოვრებელი და დამხმარე ფართის მესაკუთრე, მას უფლება ჰქონდა თავისი შეხედულებისამებრ ეანდერძა იგი ნებისმიერი პირისათვის და საჭირო არ იყო მოანდერძესა და მეანდერძეს შორის რაიმე განსაკუთრებული ურთერთობის არსებობა, რადგან აღნიშნულს სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
გამგეობის მიერ წარმოდგენილი ”1986-2000 წლებში ძველი სახლებისა და მათში მცხოვრებ მოქალაქეთა კეთილმოწყობილ ბინებში შესახლების ღონისძიების შესახებ” საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1986წ. 3 ივლისის ¹450 დადგენილების შესაბამისად, აკრძალული იყო ძველი და ბარაკული ტიპის სახლების გამოთავისუფლების შემდეგ მოქალაქეთა კვლავ შესახლება. გამგეობის განმარტებით, ქ. ბათუმში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინა მიეკუთვნებოდა ძველ, ბარაკული ტიპის ბინებს და ნ. თ-ის მოთხოვნა გაფართოებისა და ს. მ-ის ბინაში შესახლების შესახებ ვერ დაკმაყოფილდებოდა. ამასთან ნ. თ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება მის მიერ 1998 წლამდე საბინაო პირობების გაუმჯობესებაზე ან გაფართოებაზე მოთხოვნის დაყენების შესახებ.
სააპელაციო პალატამ უმართებულოდ მიიჩნია მოცემული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად საბინაო კოდექსის გამოყენება, რადგან ს.მ-ის მიერ სადავო ბინა პრივატიზებული იქნა 1998წ. იანვარში. 1997წ. 25 ნოემბრიდან, სკ-ს ამოქმედების შემდეგ, ძალადაკარგულად ჩაითვალა საბინაო კოდექსი, რის გამოც ნ. თ-ის აღიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა. ამასთან, ნ. თ-ეს, როგორც კომუნალური ბინის დამქირავებელს საბინაო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, გაფართოების უფლება ჰქონდა მხოლოდ როგორც კომუნალური ბინის დამქირავებელს, მან კი 1995 წელს მოახდინა რა ბინის პრივატიზაცია, სასამართლოს აზრით, დაკარგა აღნიშნული უფლება. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნ. თ-ის მოთხოვნა, საბინაო პირობების გაუმჯობესების შესახებ იყო უსაფუძვლო, რადგან ნ. თ-ე არც ბათუმის მერიაში და არც ¹2 მიკრორაიონის გამგეობაში არ იმყოფებოდა საბინაო პირობების გასაუმჯობესებელთა სიაში. საბინაო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, გაფართოების უფლება გააჩნდათ იმ დამქირავებლებს, რომლებიც ერთ ბინაში ცხოვრობდნენ. ნ. თ-ე კი ცხოვრობდა სხვა ბინაში, რომელსაც პრივატიზაცია გაუკეთა 1995 წელს, ხოლო ს. მ-ი კი სხვა ბინაში. მიუხედავად იმისა, რომ ბინები მდებარეობდნენ ..., ფაქტობრივად ეს არის მეზობლად მდებარე ბინები და ორივე მათგანი ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგეობაში აღრიცხულია ცალ-ცალკე. ნ. თ-ის ბინაზე გაცემულია ¹750 პირადი ბარათი, ხოლო ს. მ-ის ბინაზე ¹749 ბარათი. ამასთან, მათი პრივატიზაცია განხორციელდა სხვადასხვა დროს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ნ. თ-ის მითითება, რომ გათვალისწინებული არ უნდა იქნეს საქმეში არსებული ექსპერტის დასკვნა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულებასა და ანდერძზე ს. მ-ის ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ. პალატამ აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლო სწორად დაეყრდნო ექსპერტიზის დასკვნას და მის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელმოწერები პრივატიზაციის ხელშეკრულებასა და ანდერძზე შესრულებულია ს. მ-ის მიერ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-ემ, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია ბინის პირადი ბარათის ¹749 საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება ... I სართულზე მდებარე სახლის ერთ საცხოვრებელ ფართად მიჩნევის შესახებ და აღნიშნა, რომ ბათუმის ¹... მიკრორაიონის გამგეობის მიერ წარმოდგენილი ნახაზი 1940 წლით არის დათარიღებული და ... მდებარე მთლიანი ფართი მოცემულია იმჟამად მოქმედი ლიმონათის საამქროს მოქმედების პერიოდში არსებული მონაცემებით. ბინაში კი მოსახლეობის შესახლება 1947 წლიდან დაიწყო, როდესაც ფართობი უკვე დაკანონებული და მონაცემები ასახული იყო ტექბიუროს მასალებში. კასატორის მითითებით, მცდარია პალატის მოსაზრება აღნიშნული ფართის ერთ ბინად მიჩნევის შესახებ და ამიტომ ს.მ-ს თავისუფალი ფართის შემოერთებაზე ესაჭიროებოდა მმართველობის ორგანოს თანხმობა.
კასატორის განმარტებით, სადავო პრივატიზაციის საკითხი რეგულირდება მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილებით, რომლის მე-2 პუნქტი იძლევა ავარიული, სარეკონსტრუქციო და სხვა ბინათა პრივატიზაციის შესაძლებლობას. აღნიშნულზე დაყრდნობით, კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1986წ. 16 დეკემბრის ¹524 და მინისტრთა საბჭოს 1986წ. 3 ივლისის ¹450 დადგენილებების საფუძველზე მისი მოთხოვნა გაფართოების შესახებ არ დაკმაყოფილდებოდა. კასატორის აზრით, სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა მოწმეთა ჩვენებებზე ს. მ-ის წერა-კითხვის უცოდინრობის შესახებ და ისე დაეყრდნო ექსპერტის დასკვნას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 1986წ. 16 დეკემბრის ¹524 დადგენილება, მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილება და საბინაო კოდექსის 50-56-ე მუხლები და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია მოწინააღმდეგე მხარემ მ. მ-ემ და შეპასუხებით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ბათუმის ¹2 მიკრორაიონის გამგეობა, მიუხედავად დადგენილი წესით მოწვევისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდა. ამიტომ საკასაციო საჩივარი მისი წარმომადგენლის დასწრების გარეშე იქნა განხილული, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილისა, ხოლო ნოტარიუსმა ლ. ჭ-ამ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, საკასაციო საჩივრის მისი დასწრების გარეშე განხილვის თაობაზე, თანახმად ამავე კოდექსის 27-ე მუხლისა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ საქმის მასალებზე, კერძოდ ქ. ბათუმის ¹... საბინაო საექსპლოატაციო უბნის მიერ 1994წ. 15 აგვისტოს გაცემულ ¹749 პირად ბარათზე დაყრდნობით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ბათუმში ... მდებარე სადავო 51,61 კვ.მ ფართში 1947 წლიდან მუდმივად საცხოვრებლად ჩაეწერა აწ გარდაცვლილი ს. მ-ი, რომელიც იყო ფართის დამქირავებელი. ¹749 პირადი ბარათის მიხედვით, აღნიშნული ფართის დამქირავებლებს 1947 წლიდან ასევე წარმოადგენდნენ ლ. შ-ი, ა. ვ-ი და მისი ქალიშვილი მ. ვ-ი, დამქირავებელი იყო ასევე კ. დ-ა და ს. მ-ის ქალიშვილი ნ. ბ-ა. დამქირავებლებიდან გარდაიცვალა ა. ვ-ი, კ. დ-ა და ნ. ბ-ა, ხოლო ლ. შ-ი და მ. ვ-ი ბინით დაკმაყოფილდნენ. ამდენად, 1998წ. იანვრისათვის, ს. მ-ის მიერ ბინის სადავო პრივატიზების განხორციელების მომენტისათვის, ¹749 პირადი ბარათის თანახმად, ... მდებარე 51,61 კვ.მ ფართის ერთადერთ დამქირავებელს ს. მ-ი წარმოადგენდა, რომელმაც ”საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, როგორც 51,61 კვ.მ ერთიანი საცხოვრებელი ფართის დამქირავებელმა, მოახდინა მასზე რიცხული ფართის პრივატიზება.
კასატორი, მართალია, სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას, მაგრამ სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააბათილებდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას და დაადასტურებდა, რომ ს. მ-ი არ იყო ... მდებარე 51,61 კვ.მ ფართის ერთადერთი დამქირავებელი, რომ აღნიშნული ფართი არ იყო ერთიანი, რომ ფართი ცალ-ცალკე ბინებად იყო აღრიცხული ტექბიუროს მონაცემებით, რომ ამ დამოუკიდებელ ფართებს თავიანთი დამქირავებლები ჰყავდათ და ს. მ-ი იყო მხოლოდ ერთი ოთახის დამქირავებელი. ამიტომ საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ ქ. ბათუმში ... მდებარე სადავო 51,61 კვ.მ საცხოვრებელი ფართი ტექბიუროში აღრიცხული იყო როგორც ერთი ბინა, რომელსაც, მართალია, თავის დროზე რამდენიმე დამქირავებელი ჰყავდა, მაგრამ 1998წ. იანვრისათვის, ერთიანი ფართის ერთადერთი დამქირავებელი იყო ს. მ-ი, რომელმაც მინისტრთა კაბინეტის 1992წ. ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის შესაბამისად, კანონიერად მოახდინა ერთიანი საცხოვრებელი ფართის პრივატიზება და ბინის პრივატიზების განხორციელებაზე დამქირავებელ ს. მ-ის ნება (თანხმობა) სწორედ ხელშეკრულებაზე ხელმოწერაში გამოიხატა.
2. სააპელაციო პალატის მიერ ¹750 პირადი ბარათის საფუძველზე ასევე დადგენილია, რომ კასატორი ნ. თ-ე თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ბათუმში, ... ს. მ-ის გვერდით მდებარე 30,51 კვ.მ ბინაში, რომლის დამქირავებელი 1952 წლიდან არის მ. ვ-ი და აღნიშნული ბინის პრივატიზება მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნული ¹107 დადგენილების საფუძველზე კასატორს მოუხდენია ს. მ-ის მიერ ბინის პრივატიზაციამდე, 1996წ. 23 მაისს. კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 1997წ. 25 ნოემბრამდე მოქმედი საბინაო კოდესის 50-56-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოებისადმი მის მიმართვას ბინის გაფართოების ან საბინაო პირობების გაუმჯობესების თაობაზე. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, რომ არც ქ. ბათუმის მერიაში და არც ¹... მიკრორაიონის გამგეობაში კასატორი ნ. თ-ე არ იმყოფებოდა საბინაო პირობების გასაუმჯობესებელ პირთა სიაში და ამდენად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დადგენილი წესით არ მოუთხოვია საბინაო პირობების გაუმჯობესება. ამიტომ საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პრეტენზია, თითქოს ს. მ-ის მიერ 51,61 კვ.მ ერთიანი საცხოვრებელი ფართობის პრივატიზებით შეილახა მისი კანონიერი უფლება გამოთავისუფლებული ფართობის ხარჯზე მისი ოჯახის გაფართოების შესახებ.
3. უსაფუძვლობის მოტივით, საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივარს სასამართლოს მიერ ექსპერტის დასკვნის უმართებულოდ გაზიარების შესახებ და ამ ნაწილშიც ეთანხმება სააპელაციო პალატის განჩინებას. კასატორი ბინის სადავო პრივატიზების ხელშეკრულებისა და მ. მ-ის სახელზე შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობას მოითხოვდა მისი სიყალბის მოტივით. კერძოდ, იმ საფუძვლით, თითქოს მათზე ს. მ-ის ხელმოწერა არ იყო ნამდვილი, რადგან ს. მ-მა არ იცოდა წერა-კითხვა, რასაც კასატორი ადასტურებდა მოწმეთა ჩვენებებით. სსკ-ს 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არანაირ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და სასამართლო მათ შინაგანი რწმენით აფასებს სხვა მტკიცებულებებისა და გარემოებების ყოველმხრივი, სრული განხილვის შედეგად. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის აჭარის ფილიალის ექსპერტის 2002წ. 12 აპრილის ¹12/01 დასკვნის მიხედვით, ბინის სადავო პრივატიზების შესახებ 1998წ. 24 იანვრის ხელშეკრულებასა და ამავეწ. 6 ივნისს შედგენილ ანდერძზე ხელმოწერა შესრულებულია ს. მ-ის მიერ. ქ. ბათუმის გამწვანების ტრესტის 1974წ. ხელფასის უწყისებში, იმ პირების გრაფაში, რომლებმაც არ იცოდნენ წერა-კითხვა, არის სპეციალური აღნიშვნა წერის უცოდინარობის შესახებ, ხოლო ს. მ-ის გვარის გასწვრივ ამგვარი აღნიშვნა არ არის და არის ხელფასის ამღები პირის ხელმოწერა. ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და დაუსაბუთებლობის გამო, მხოლოდ მოწმეთა ზეპირ ჩვენებებზე დაყრდნობით ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს ს. მ-ის წერა-კითხვის უცოდინრობის შესახებ და თვლის, რომ პალატა აღნიშნული საკითხის გარკვევისას, ხელფასების უწყისებთან ერთად, მართებულად დაეყრდნო ექსპერტის დასკვნას და წერის უცოდინრობის მოტივით, ბინის პრივატიზების ხელშეკრულებისა და ანდერძის სიყალბის შესახებ კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
ამდენად, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს ნ. თ-ის საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ კასატორი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ს 410-ე მუხლისა და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 მაისის განჩინება, რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და პალატამ საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მართებული გამოკვლევა-დადგენითა და კანონების სწორი გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება ნ. თ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 მაისის განჩინება;
3. ნ. თ-ეს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 40 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა არ საჩივრდება.