გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-87-278-კ-03 28 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: უკანონო მფლობელობიდან მიწის ნაკვეთის გამოთხოვა და ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 25 ივნისს ხონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მოსარჩელე ხონის ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლმა სადგურმა მოპასუხე .... თემის საკრებულოს მიმართ. მესამე პირად მითითებულ იქნა ბ. კ-ეზე.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეს სოფ. .... ვეტუბნის ტერიტორიაზე გააჩნდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,20 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელსაც უკანონოდ ფლობდა მესამე პირი ბ. კ-ე.
მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა ბ. კ-ის უკანონო მფლობელობიდან ხონის ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლი სადგურის კუთვნილი მიწის ნაკვეთის უკან დაბრუნება.
მოპასუხე .... თემის საკრებულომ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ბ. კ-ემ, როგორც პირველი კატეგორიის კომლმა, მოითხოვა მიწის ნაკვეთის შევსება 0,8 ჰა-მდე. იმის გამო, რომ ბ. კ-ე მათხოჯის ვეტუბნის გამგედ მუშაობის პერიოდში, 1978 წლიდან, ამუშავებდა სადავო მიწის ნაკვეთს და მოჰყავდა ერთწლიანი კულტურები, სოფ. მათხოჯის მიწის საპრივატიზებო კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა, კანონით დადგენილი ზღვრული ნორმა ბ. კ-ისათვის შეევსო აღნიშნული მიწის ნაკვეთით. 1997წ. 30 სექტემბერს კანონის სრული დაცვით გაფორმდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც 2000წ. 5 მაისს ბ. კ-ის სახელზე, კანონიერად გაიცა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა.
მესამე პირმა ბ. კ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1977 წლიდან 2000წ. 17 ივლისამდე მუშაობდა სოფ. .... ვეტუბნის გამგედ. მათხოჯის ვეტუბანს გააჩნდა 0,26 ჰა მიწის ნაკვეთი. აქედან _ 0,06 ჰა ვეტუბნის შემოსასვლელ და სამოძრაო ტერიტორიად ითვლებოდა, ხოლო 0,2 ჰა წარმოადგენდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელსაც ვეტუბნის გამგედ მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში ამუშავებდა ბ. კ-ე. მისი განმარტებით, 1997წ. 30 სექტემბერს მათხოჯის თემის საკრებულოს მიწათმომწყობმა კომისიამ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ბ. კ-ეს გადასცა ზემოთ აღნიშნული 0,21 ჰა მიწის ნაკვეთი რომლითაც როგორც პირველი კატეგორიის კომლს შეევსო მიწის ზღვრული ნორმა. 2000წ. 25 მაისს გაცემული მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, ბ. კ-ე გახდა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
ხონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ივლისის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა ხონის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ აღნიშნა, რომ სოფ. ..... ვეტუბანს 1992 წლიდან ბალანსზე ერიცხებოდა 0,26 ჰა მიწის ნაკვეთი, მაგრამ არ იყო მითითებული, თუ რა დანიშნულების იყო იგი. 1998 წელს სოფ. ..... ჩატარდა მიწის ინვენტარიზაცია და .... ვეტუბნის სახელზე რიცხული 450 კვ.მ ფართობის მიწა ჩაითვალა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად, დანარჩენი ფართობი კი უკვე გადაცემული ჰქონდა ბ. კ-ეს, თუმცა სოფ. ... საკრებულოს უნდა შეეტყობინებინა ვეტუბნისათვის აღნიშნულთან დაკავშირებით. ხონის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს განმარტებით, საპრივატიზებო კომისიამ დაუშვა შეცდომა, მაგრამ ამით ბ. კ-ე არ უნდა დაზარალებულიყო, რადგანაც მას კანონით ეკუთვნოდა მიწის ნაკვეთის შევსება ზღვრულ ნორმამდე.
ხონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხონის ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლმა სადგურმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 9 აპრილს განიხილა მოცემული საქმე და სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა. გაუქმდა ხონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება. ხონის ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლი სადგურის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა 1997 წ. 30 სექტემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი იმ ნაწილში, რომლითაც ბ. კ-ეს გამოეყო 0,21 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნული 0,21 ჰა მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა ხონის ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლ სადგურს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მესამე პირმა ბ. კ-ემ.
საკასაციო საჩივარში აღნიშნული იყო, რომ კასატორი არ უარყოფდა 1997 წ. 20 სექტემბრამდე სადავო მიწის ნაკვეთის ვეტუბნის ბალანსზე ყოფნის ფაქტს და საპრივატიზებო კომისიის მიერ დაშვებულ შეცდომას, თუმცა თვლიდა, რომ იგი წარმოადგენდა ამ ფართობის ერთადერთ კანონიერ მესაკუთრეს და საპრივატიზებო კომისიის შეცდომის გამო, იგი არ უნდა დაზარალებულიყო. კასატორის განმარტებით, იგი განეკუთვნებოდა მიწის მიმღებთა პირველ კატეგორიას და მისი მოთხოვნა, საკარმიდამო მიწის ზღვრულ ნორმამდე შევსების შესახებ, კანონიერი იყო.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთი სათანადო წესით დაკანონებული არა ჰქონდა. იგი მესაკუთრედ არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში და ამდენად, მისი მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, ხოლო მისთვის მიწის ფართობის ჩამორთმევა და მოსარჩელისათვის გადაცემა ეწინააღმდეგებოდა სკ-ს 158-ე მუხლით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002წ. 13 ნოემბრის განჩინებით ბ. კირთაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ნაწილობრივ გაუქმების შემდეგ ისე დაუბრუნა სადავო 0,21 ჰა მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს, რომ მის გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნაზე, კერძოდ, ბ. კ-ის სახელზე გაცემულ მიწის საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში ცვლილებების შეტანის შესახებ არ უმსჯელია.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 აპრილის განჩინებით ხონის ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლი სადგურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხონის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 4 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხონის ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლი სადგურის წარმომადგენელმა ზ. ჯ-მა.
კასატორის განმარტებით, უსაფუძვლოა სასამართლოს მტკიცება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ვინაიდან სოფ..... საკრებულომ და მიწის რეფორმის კომისიამ არ აცნობეს ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლ სადგურს ბ. კ-ისათვის სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ, აღნიშნული ფაქტი არ უცნობებია მიწის მართვის სამმართველოსაც, ხოლო, როდესაც ბ. კ-ემ 2001წ. გაზაფხულზე განაცხადა რეფორმის კომისიის მიერ მასზე მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ, ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლი სადგურის უფროსმა დაუყოვნებლივ მიმართა რაიონულ სასამართლოს სარჩელით.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ თავდაპირველად სარჩელი აღძრა არა ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების მითხოვნით, არამედ მოსარჩელე ითხოვდა ბ. კ-ის უკანონო მფლობელობიდან სადავო ნაკვეთის ჩამორთმევას და მათ მფლობელობაში გადაცემას, ხოლო მას შემდეგ რაც სასამართლო პროცესზე გაეცნო არსებულ აქტს, სააპელაციო სასამართლოში დამატებით ითხოვა აქტის გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც
ბ. კ-ეს გამოეყო 0,21 ჰა მიწის ნაკვეთი.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ მიუთითა, თუ რა შემთხვევაში ჰქონდა მიწის რეფორმის კომისიას უფლება, გაეცა ვეტუბნის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ბ. კ-ეზე.
კასატორმა აღნიშნა, რომ სოფელ მათხოჯის საპრივატიზაციო კომისიამ დაარღვია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 18 იანვრის ¹48 და 10 მარტის ¹290 დადგენილებათა მოთხოვნები, კერძოდ, მან ვერ წარმოადგინა სადავო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით გაფორმებული დოკუმენტური მასალა ნაკვეთის გამოყოფის შესახებ. კასატორის მტკიცებით, ასევე დაირღვა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 6 თებერვლის ¹128 დადგენილების მოთხოვნა, რომლის თანახმად, თუ მიწის რეფორმის კომისია მიზანშეწონილად ჩათვლიდა არასასოფლო დანიშნულების მიწებიდან ნაკვეთების გამოყოფას, საკითხი მისი გამოყოფის შესახებ გადასაწყვეტად უნდა დამდგარიყო ზემდგომ ორგანოში, რაც არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 4 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება სასარჩელო მოთხოვნა: ვეტუბნის ბალანსზე რიცხული 0,21 ჰა მიწის ნაკვეთი ჩამოერთმევა ბ. კ-ეს და დაუბრუნდება ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლ სადგურს; გაუქმდება მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი იმ ნაწილში, რომლითაც
ბ. კ-ეს გამოეყო 0,21 ჰა მიწის ნაკვეთი და საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში შეტანილ იქნება შესაბამისი ცვლილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ბ. კ-ის სახელზე 1997წ. 30 სექტემბერს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი არის ადმინისტრაციული გარიგება. ამდენად, არასწორია სააპელაციო პალატის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულად ჩათვლა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება.
საკასაციო სასამართლოს 2002წ. 13 ნოემბრის განჩინებაში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს თავის 2002წ. 3 აპრილის გადაწყვეტილებაში არ უმსჯელია აპელანტ ხონის ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლი სადგურის გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნებზე, კერძოდ, მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობაში ცვლილებების იმ ნაწილში შეტანის შესახებ, რომლითაც ბ. კ-ე გახდა სადავო 0,21 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
სააპელაციო პალატის 2003წ. 4 აპრილის გასაჩივრებული განჩინებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მოსარჩელის გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნებზე, მაგრამ ისე მიიღო განჩინება, რომ არ იმსჯელა მესამე პირის, ბორის კირთაძისა და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საქმეში სათანადო მოპასუხეებად ჩართვის თაობაზე, რადგანაც გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნების უშუალო მოპასუხეები სწორედ ეს პირები არიან.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად უნდა შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილი და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ს 85-ე, 86-ე მუხლები, რის გამოც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” და «ბ” პუნქტების თანახმად, გასაჩივრებული განჩინება მიიღო სამართლის ნორმების დარღვევით, გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივად არასწორად არის დასაბუთებული, რაც სსკ-ს 394-ე მუხლის «ე” პუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რადგანაც სააპელაციო პალატამ საქმის გარემოებები დაადგინა საპროცესო ნორმების დარღვევით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხონის ცხოველთა დაავადებებთან მებრძოლი სადგურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ.
4 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.