Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბ-279-კ-03 23 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ბ. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. მ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ლანჩხუთის პროკურორ – ვ. გ-ის მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1997 წელს ლანჩხუთის პროკურორ ვ. გ-ის მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე აგროფირმა «ა.» საგადასახადო ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ შემოწმების აქტში მოსარჩელის გვარი არ ფიგურირებდა, პროკურორმა პოლიციის მე-6 განყოფილებას წარუდგინა არასწორი ინფორმაცია კრიმინალურ ქრონიკაში გამოსაქვეყნებლად. მოსარჩელის მიერ მოძიებული მასალებით დადგენილი იქნა, რომ მის მიმართ არავითარი ბრალდება არ არსებობდა და “კრიმინალურ ქრონიკაში” გამოქვეყნებული ცნობა არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. აღნიშნავდა, რომ პრესაში გამოქვეყნებული არასწორი ინფორმაციის შედეგად განიცადა მორალური ზიანი და შეელახა საქმიანი რეპუტაცია, რის გამოც ითხოვდა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად პროკურორს დაკისრებოდა 5000 ლარის გადახდა.

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 იანვრის გადაწყვეტილებით დ. მორჩილაძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაკმაყოფილდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეტანილი სააპელაციო საჩივარი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1997წ. 20 მარტს, ლანჩხუთის პროკურატურაში აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე აგროფირმა “ა.” თანამდებობის პირთა მიმართ სახელმწიფო ქონების დატაცების ფაქტზე და აღნიშნული დადგენილებით დ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ს მე-18 მუხლი განსაზღვრავდა პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის წესს და მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტულ საფუძვლებს. კერძოდ, თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცნობების საიდუმლოების შემლახავი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს იმავე საშუალებებით; თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ მხარეს. ვინაიდან მოსარჩელე ვერ მიუთითებდა, იმ გაზეთის დასახელებას, გამოცემის თარიღს და ნომერს, რომლის ქსეროასლიც წარდგენილი იყო და რომელშიც დ. მ-ე დასახელებული იყო აგროფირმა “ა.” ქონების დამტაცებლად, ამიტომ აღნიშნული ფაქტის უარყოფა იმავე საშუალებით შეუძლებელი იყო, ხოლო გაზეთ “ლ. მ.” 2002წ. 4 ივლისის ნომერში გამოქვეყნებული იყო ცნობა იმის შესახებ რომ “კრიმინალურ ქრონიკაში” გამოქვეყნებული ინფორმაცია დ. მ-ის მიერ სახელმწიფო ქონების დატაცების შესახებ არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ინფორმაცია არ შეიცავდა მითითებას იმის შესახებ თუ ვის მიერ იქნა მიწოდებული იგი. ამასთან დ. მ-ე არ ედავებოდა გაზეთის რედაქციას, ვინც უშუალოდ გაავრცელა ინფორმაცია და უსაფუძვლოდ მიიჩნია პროკურორის მიმართ მოთხოვნა, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა რომ პროკურორმა მიაწოდა ინფორმაცია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-ემ, რომელიც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს.

კასატორი აღნიშნავს, რომ ლანჩხუთის რაიონის პროკურორის მიერ მის მიმართ აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე დანაშაულზე გათვალისწინებული იმ დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 94-ე მუხლით. პროკურორ გ-ის მიერ მიწოდებული. ინფორმაციის საფუძველზე «კრიმინალურ ქრონიკაში. გამოქვეყნდა სტატია, სადაც ბრალი ედებოდა სახელმწიფო ქონების დატაცებაში. აღნიშნული უკანონო ბრალდების საფუძველზე განიცადა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა და პროკურორის უკანონო ქმედებით მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვა 500 ლარის დაკისრება.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი იმ მიზეზით, თითქოს ლანჩხუთის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო არა მის მიმართ, არამედ ფაქტზე და დამადასტურებელი დოკუმენტის (სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილების) წარდგენა ვერ შეძლო. კასატორი მიუთითეთბს, რომ საქმის მასალებში არსებობს ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 1997წ. 1 დეკემბრის განჩინება სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ მის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე. სსკ-ს 106-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად კი მტკიცებას არ საჭიროებს ის ფაქტი, რომელიც დადგენილი იქნა ერთ სამოქალაქო საქმეზე. ამიტომ მიაჩნია, რომ დადასტურებულია ის გარემოება, რომ მის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და მის მიერ დამატებითი მტკიცებულების წარდგენა საჭირო არ იყო, თუმცა მისი მცდელობის მიუხედავად ვერ იქნა მოპოვებული მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილება.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ თითქოს მის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული თუ რომელ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია და მიუთითებს, რომ ის ფაქტი რომ სტატია ნამდვილად გამოქვეყნდა გაზეთ “კრიმინალურ ქრონიკაში” დადასტურებულია გურიის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის უფროსის გ-ის წერილით. თუ სასამართლო სადავოდ ხდიდა გაზეთ “კრიმინალურ ქრონიკაში” სტატიის გამოქვეყნებას, მაშინ საქმეში მესამე პირად უნდა ჩაერთო გაზეთი და დაედგინა ჭეშმარიტება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის განჩინება.

დ. მ-ე საკასაციო საჩივარში არ მიუთითებს სსკ-ს 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებზე, იგი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის შესახებაც წარმოადგინა საკასაციო პრეტენზია.

სსკ-ს 404-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

სასამართლო სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მოქმედი სკ-ს ნორმების გამოყენება იმით დაასაბუთა, რომ დ. მ-ის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფა მოხდა აღნიშნული კოდექსის მოქმედების პერიოდში – 2002წ. ივლისში. პალატის აზრით, ვინაიდან როგორც რაიონულმა, ისე სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადასაწყვეტად გამოიყენა მოქმედი სკ-ს ნორმები და ამას სადავოდ არ ხდის არც ერთი მხარე, ამიტომ საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 პუნქტის მესამე წინადადებით გათვალისწინებული მხარეთა შეთანხმება, ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მოქმედი სკ-ს ნორმების გამოყენების შესახებ.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მის მიმართ არ ყოფილა აღძრული სისხლის სამართლის საქმე და მიუთითებს, რომ მის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, რის დასადასტურებლადაც მიუთითებს ლანჩხუთის რაიონის სასამართლოს 1997წ. 1 დეკემბრის განჩინებაზე, რომლითაც შეჩერდა მისი სამუშაოზე აღდგენის საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, აგრეთვე, გურიის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ გაზეთებში ,,ჰ. და ა.” და ,,ლ. მ.” გამოქვეყნებულ წერილებზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მიერ მითითებული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მართლაც იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ არა დ. მ-ის მიმართ, არამედ სოფ.... აგროფირმაში გამოვლენილ ფაქტზე. საქმეში არსებული გურიის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის – რ-ის მიერ 1998წ. 10 ივნისს გაცემული ცნობის ¹8/321 თანახმად 1997წ. 28 მარტს დანჩხუთის რაიონის პროკურატურაში აღძრული იქნა სისხლის სამართლის საქმე აგროფირმა ,,ა.” თანამდებობის პირთა მიერ სახელმწიფო ქონების დატაცების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსსკ-ს 94-ე მუხლის III ნაწილით. ამავე ცნობის თანახმად, დ. მ-ე სახელმწიფო ქონების დატაცებაში არ იმხილება, არც მის მიმართ წინასწარ გამოძიებაში ბრალდების წარდგენის საფუძველი არ არსებობს.

აღნიშნულ მტკიცებულებებისაგან განსხვავებულ შინაარსს შეიცავს გურიის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ გაზეთ ,,ლ. მ.” გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომელიც უარყოფს 1997წ. აპრილის თვეში კრიმინალურ ქრონიკაში გამოქვეყნებულ ცნობას და მიუთითებს, რომ დ. მ-ის მიმართ საქმე ამჟამად წარმოებით არის შეწყვეტილი. კასატორის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილება, რაც სასამართლოს საფუძველს აძლევს დადგენილად მიიჩნიოს, რომ უშუალოდ დ. მ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ ყოფილა აღძრული, ვინაიდან სსკ-ს 102-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მოსაზრება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების უსწორობის შესახებ არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან არ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები.

სკ-ს მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესით პირის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპტაცია სასამართლოს მეშვეობით შესაბამის დაცვას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა პირის პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გავრცელება და გავრცელებული ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სკ-ს მე-18 მუხლით გათვალისწინებული წესით დაცვას არ ექვემდებარება ის ცნობები, რომლებსაც შეიცავენ სასამართლო გადაწყვეტილებები, საგამოძიებო ორგანოთა დადგენილებები, რადგან იმ დოკუმენტების განხილვა ექვემდებარება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ წესს. კერძოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად პირს აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედება და მოითხოვოს ამ ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც მოცემულ შემთხვევაში დ. მ-ეს არ განუხორციელებია.

სკ-ს მე-18 მუხლით გათვალისწინებულ მორალურ ზიანში მოიაზრება სამართლებრივად დაცული იმ არაქონებრივი ინტერესის ხელყოფა, რომელსაც ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს შეადგენს ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რაც თავისთავად თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულებას ითვალისწინებს. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ დ. მ-ის პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ცნობების უარყოფა განხორციელდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, გაზეთების ,,ჰ. და ა.” და ,,ლ. მ.” საშუალებით, ანუ იმ წესით რაც გათვალისწინებულია სკ-ს მე-18 მუხლის 3 პუნქტით. პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული მორალური ზიანის მოთხოვნის საფუძვლად კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები გავრცელდა რესპუბლიკური მნიშვნელობის პრესის საშუალებით, ხოლო მათი უარყოფა განხორციელდა მხოლოდ ადგილობრივი პრესის საშუალებებით. პალატის აზრით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაზიარებული უნდა იქნეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ დ. მორჩილაძის მიერ ვერ დასახელდა იმ გაზეთის სახელწოდება, რომელშიც გამოქვეყნდა ინფორმაცია, და არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის განცხადება იმის თაობაზე, რომ ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო გაზეთ ,,კრიმინალურ ქრონიკაში”, ვინაიდან ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი ვერ იქნა, ხოლო საქმეში არსებული გაზეთის ნაწილის ასლით დასტურდება, რომ ინფორმაცია გამოქვეყნდა რუბრიკაში კრიმინალური ქრონიკა და არა გაზეთ ,,კრიმინალურ ქრონიკაში”. ამასთან, წარმოდგენილი ქსეროასლით არ დგინდება თუ ვინ არის ინფორმაციის მიმწოდებელი, მოპასუხედ დასახელებული ლანჩხუთის პროკურორი გ-ე თუ სხვა პირი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დ. მორჩილაძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 14 მაისის განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.